ბრძანება N 1818

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2024
№ დოკუმენტი 1818
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1818

02 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 იანვრის №86728/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №006-591 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ბანკების ამონაწერების და საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით, შემოსული თანხები შეადგენს 118 780 ლარს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 120 675 ლარისა. აცხადებს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯები, კერძოდ, იჯარის, ხელფასის და სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად გაწეული ხარჯები, რომლის გათვალისწინების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ნაცვლად 23 447 ლარისა შეადგენს 18 785 ლარს. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5423 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 ივნისიდან 2023 წლის 17 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29436 ბრძანება და ამავე თარიღის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 594 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 637 ლარი, ჯარიმა 12 609 ლარი, საურავი 10 348 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ზაფხულის სეზონზე, თბილისის ---------- ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული ფ/პ ----------. ტერიტორიაზე განთავსებულია იახტკლუბი, ნავები, აუზები, ბარები, ე.წ შეზლონგები და მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ აღნიშნული ინფრასტრუქტურით. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების და მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების მიხედვით და საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმების მიერ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფომაციო სისტემაში არსებული ინფორმაციების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება) ანალიზი და დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 120 675 ლარის შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ხელფასები, ზედნადებით შეძენილი პროდუქტი, გადასახადები). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. ასევე, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, პირველ საკითხში აღწერილი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს ბრუნვამ 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტთან, ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაღიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. ხოლო, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე მიღებულ დასადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და შეძენილ საქონელთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, საწარმოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლოს მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი და გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის, ხელფასის ხარჯის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიღებული აქვს 120 675 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაცია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს ბრუნვამ 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტთან, ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაღიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. ხოლო, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე მიღებულ დასადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და შეძენილ საქონელთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, საწარმოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.

2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი და გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის, ხელფასის ხარჯის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიღებული აქვს 120 675 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაცია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 165; 175(1„ა,ბ“); 282.