გასაწყვეტილება №22941/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22941/2/2024
06 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22941/2/2024).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემიდან და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;
2. განკარგვადი თანხის პერიოდების მიხედვით საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა;
3. დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების დირექტორის ხელფასად განხილვა;
4. საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დაბეგვრა;
5. საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №24619 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა; 4. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 500 177 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 257 646
დღგ - 61 113
საშემოსავლო გადასახადი - 196 533
ჯარიმა - 115 260
საურავი - 127 271
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 27.12.2023 წლის №33357 ბრძანება და №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით:
1. საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;
2. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემიდან და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია და მას შემდეგ ითვლება მილევად რეჟიმში მოქმედ სასწავლებლად. აქტიურ საქმიანობას მას შემდეგ ვერ ახორციელებს, თუმცა პერიოდულად დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სწავლა, ასრულებენ კურსს და შესაბამისად იღებენ განათლების დამადასტურებელ დიპლომს. კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება (სასწავლო დაწესებულება), რომლის ნაწილიც იჯარით აქვს გაცემული. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი რეალიზებული აქვს 2020 წელს, ხოლო ნაწილი ჩამორთმეულია ------- ბანკის მიერ სესხის სანაცვლოდ. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის ნაწილი საწარმოს რეალიზებული აქვს 2020 წელს, ვინაიდან აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია (უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემით და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები) რომელიც არ არის გათავისუფლებული დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს განხორციელებული ქონების რეალიზაციით დაუდგინდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ქონების რეალიზაციის ოპერაციიდან და შემდგომ პერიოდის სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის 10 აპრილს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის 2 აპრილის N7145 ბრძანება საწარმოს 2024 წლის 29 იანვრის, 14 თებერვლის, 7 და 12 მარტის საჩივრების თაობაზე. 11 აპრილს კი ორგანიზაციის დირექტორს ------- ჩაბარდა ------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება სისხლის სამართლის საქმის (N -------) საფუძველზე მის სახელზე რიცხული ქონების დაყადაღების შესახებ.
უკვე ეს დამოკიდებულება 2022 წლის ზაფხულში დირექტორად დანიშნული ახალგაზრდა კაცის მიმართ, რომელსაც ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა 2020 წელს ქონების ე.წ. რეალიზაციასთან თუ სხვა ფინანსურ საკითხებთან, მიუთითებს პროცესის ობიექტურობაზე.
სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ, რომლის რეგიონული სამსახურებიც განთავსებული არიან მისგან წართმეულ ქონებაზე, საქართველოს პროკურატურის მიერ მიცემული დავალების მიუხედავად, 10 წლის განმავლობაში, არ გამოიძია არც ქონების წართმევის გარემოებები და არც ნაციონალური რეჟიმის მიერ მის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულები. გამოძიებამ დღემდე არ დააკისრა პასუხისმგებლობა იმ მოხელეებს რომლებმაც ასეულობით სტუდენტს არასწორი დიზაინით დაუბეჭდა დიპლომები. შესაბამისად, წარმოგვექმნა დიპლომების გამოცვლასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები. 200-მდე სტუდენტმა მიატოვა სწავლა. უმძიმესი ზიანი მიადგა ორგანიზაციის ხელმძღვანელის რეპუტაციას საზოგადოებაში. შესაბამისად მის მიმართ დარღვეულია სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან).
ფინანსთა სამინისტროს იგივე რეგიონულმა ქვედანაყოფმა რეაგირება არ მოახდინა ასევე 2006-8 წლებში გაყალბებული საბუთებით მის ქონებასთან მისასვლელი გზის ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებულ მასალებზე. უმძიმესადაა შელახული საკუთრების ფუნდამენტური უფლება.
მიყენებული არაერთი ზიანის უყურადღებოდ დატოვებით, ადგილობრივმა მოხელეებმა ჩააგდეს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში, 2020-21 წლებში, ბანკის ვალების გამო, აიძულეს დაეთმო ჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფი ქონება, შემდეგ კი წართმეული გაყიდულად ჩათვალეს, ისე რომ ჩაკეტილი საარქივო დოკუმენტაცია არც კი შეუსწავლიათ (მისი ქონების საკმაო ნაწილი დღესაც ჩაკეტილია და უმძიმეს ვითარებაში აჩერებს მცდელობებს, რომ ისაც დათმოს კაბალურ ფასად).
რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, კრიმინალური რეჟიმის ტრადიციის გაგრძელებით, დაშინების მიზნით, საბიუჯეტო დავალიანების გამო, ადგილობრივმა ჯალათებმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წაუყენეს სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ ხანგრძლივ პატიმრობას.
ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ის რომ, ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი მოხელეები, რომლებსაც თითქოს სამართალი უნდა აღედგინათ, სისხლის სამართლის 375 მუხლის დარღვევით, ნებით თუ იძულებით, იფარავენ ნაციონალური ხელისუფლების დროს მათ მიერ (ან მათი კოლეგების მიერ) დიდი ოდენობით უძრავი ქონების დატაცების ხელშეწყობის მიზნით სისხლის სამართლის 368 მუხლით (მტკიცებულებათა განადგურება) ჩადენილ დანაშულს, რაც გზების გადაკეტვის შემდეგ, დოკუმენტაციის შესწავლის დროს ბუნებრივად გაცხადდა.
ამგვარად, მიიღო საოცარი რეალობა, ფინანსთა სამინისტროს ის ადგილობრივი ქვედანაყოფი, რომელსაც ხელისუფლებამ მოყენებული ზარალის შესწავლა დაავალა, 10 წლის განმავლობაში დაკავებული იყო მისი ხელის შეშლით და ზიანის მიყენებით, რამაც უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა.
მოხელეები, რომელთაც სამართლიანობა უნდა აღედგინათ, ყალბი, დაუსაბუთებელი ჩანაწერების შემცველი დოკუმენტების მომზადების გზით, ავრცელებენ გადაუმოწმებელი, მცდარი ინფორმაციების შემცველ საბუთებს და აზიანებენ სამართლებრივ პროცესს, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს კანონს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ (მუხლები 133 და 134) ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 341-ე და 342-ე მუხლებს.
ბოლოს კი იქამდე მივიდნენ რომ, უდანაშაულო ახალგაზრდა კაცისათვის ბრალდების წაყენების მიზნით, უხეშად დაარღვიეს სსკ-ის 370-ე უხლი (ყალბი დასკვნა) და სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცრუ დასმენა „თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა“.
აღნიშნულის გამო, მ.წ. 17 აპრილს მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს და გენერალურ პროკურატურას (დანართი 1), ჩამოაშორონ საქმიანობის შესწავლიდან ადგილობრივი სამსახურები და საქმე მთლიანად გადაეცეს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს. იმავდროულად, მოითხოვა საოლქო პროკურატურიდან ინფორმაცია, როგორ განსაზღვრეს ორგანიზაციის ახლადდანიშნული დირექტორის (რომელსაც არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია) ფინანსური ვალდებულებები ისე, რომ არც კი შეუსწავლიათ სრულფასოვანი შემოწმების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
ამასთან ერთად, წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნულია რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა და შემოწმების პროცესში გამოვლენილი აშკარად არამეგობრული, შეცდომაში შემყვანი დამოკიდებულება, აღძრავს გონივრულ ეჭვს იმისა რომ, ეს დეპარტამენტი, ნებით თუ უნებლიედ, მონაწილე ხდება ხსენებული ადგილობრივი სამსახურის მიერ მის მიმართ, სსკ-ის 146 მუხლის დარღვევით ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულსა (უდანაშაულო პირის განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა), რაც საკმაოდ სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს და ამიტომ, კარგი იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო და მისი შემოსავლების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდებიან. კერძოდ, ამ თვალსაზრისით, ალბათ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს.
ა). რატომ იყო დანიშნული აუდიტორის ქმედებები არამეგობრული და შეცდომაში შემყვანი.
კერძოდ, აუდიტორთან პირველი კონტაქტის დროს მან მოთხოვა ამონაწერები თიბისი ბანკიდან. იმის გამო რომ დანიშვნის ბრძანება ყოფილმა ბუღალტერმა გარკვეული დაგვიანებით გადასცა, 5 დღიანი ვადის დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს, ბრძანებაში მითითებულ მისამართზე წითლანაძის 4, ფოსტით გააგზავნა ხელთ არსებული ყველა მასალა 70 გვერდზე. იმავდროულად, აცნობა აუდიტორს, რომ გეგმავდა სასამართლოში გასაჩივრებას. გაგზავნილი მასალა უკან ზუსტად 30 დღით დაყოვნების შემდეგ მობრუნდა!!! იხილეთ თანდართული კონვერტი (დანართი 4). წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურმე არსებობს მეორე მისამართიც - გულუას 4, თუმცა დანიშვნის ბრძანებაში მისამართად მითითებულია წითლანაძის 4. შესაბამისად, გასაჩივრებულ ბრძანებაში მოცემული დასკვნა იმის თაობაზე რომ არ წარადგინა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. 19 ოქტომბერს, გადაამოწმა ფოსტის საიტი და ნახა, რომ 16 ოქტომბერს გაგზავნილი მასალა არ იყო ჩაბარებული. შესაბამისად, აუდიტორს სასწრაფოდ აცნობა და კითხა, როგორ გაეგზავნა მასალა (დანართი 5), მან, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა მისამართი და მოეცა რჩევები, ვადის გასვლამდე ორიოდე საათით ადრე, დავალება გაართულა და უპასუხა რომ, უნდა წარედგინა ამონაწერები ყველა ბანკიდან (მხოლოდ თიბისის ამონაწერი მქონდა). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მასალის გაგზავნას ელექტრონულადაც ვერ მოასწრებდა (დანართი 6.). ამგვარად, საბუთების გაგზავნის ხელოვნური შეფერხებით, კანონდამრღვევად გამოაცხადეს და სასამართლოშიც დაიბარეს.
გასაჩივრებულ შემოსავლების სამსახურის 2 აპრილის N7145 ბრძანებაში აღნიშნულია რომ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია თვითონ შეირჩიოს ინფორმაციის მიღების მეთოდი. თუმცა, როდესაც ანგარიშვალდებული პირი სვამს შეკითხვას და მას, პასუხის ნაცვლად, ამოცანას ურთულებენ, ალბათ ცხადია, რომ დამოკიდებულება აშკარად არამეგობრულია.
სწორედ იმიტომ რომ 19 ოქტომბრის პასუხით ცხადი გახდა ასეთი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება, იმავე დღის ბოლოს, მოთხოვნილ ახსნა-განმარტებებთან ერთად, აუდიტორს აცნობა, რომ შეიტანდა საჩივარს სასამართლოში და გაუგზავნიდით საჩივარს rs.ge-ზეც (დანართი 7).
ბ). რატომ ჩატარდა სახელდახელო და მოუმზადებელი შემოწმება, როდესაც დადგენილ ვადაში, 26 ოქტომბერს, შეიტანა საჩივარი გადავადების მოთხოვნით.
აუდიტორთან ინტერნეტში დაფიქსირებული ხსენებული და სხვა წერილები დასტურია იმისა რომ შემოწმების პროცესში აუდიტორი თხოულობდა მიგვეწოდებინა შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციები ელექტრონულად და მას ინფორმაციები მიღებული აქვს მისამართზე l.kvirikashvili@rs.ge. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტზე ინფორმაციის მიწოდებისათვის გამოყენებული მისამართი, რომელიც ეკუთვნის შემოსავლების სამსახურის დახურულ დომენს „rs.ge„ სრულიად ლეგიტიმურია და მასზე გაგზავნილი ინფორმაციები ითვლება გაგზავნილად. მიუხედავად ამისა, როგორც მოგვიანებით შეიტყო, 24 ოქტომბერს მისთვის გამოუწერიათ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა რომ, 16 ოქტომბერს გააგზავნა ხელთ არსებული ყველა მასალა, 19 ოქტომბერს კი სამჯერ ჰქონდა კომუნიკაცია აუდიტორთან, როგორც მასალების გაგზავნის, ისე სასამართლოში საჩივრის შეტანის თაობაზე (დანართები 5,6,7).
26 ოქტომბერს, დადგენილ ვადაზე 16 დღით ადრე, შეიტანა საჩივარი ------- საქალაქო სასამართლოში (დანართი 8), 30 ოქტომბერს, მიწერა აუდიტორს, რომ შეიტანა საჩივარი, გაუგზავნა საჩივრის ტექსტი ვორდის ფაილით, დაურთო მტკიცებულება იმისა, რომ საჩივარი 26 ოქტომბერს შევიდა სასამართლოში (დანართი 8) და აცნობა, რომ შემოსავლების სამსახური მიიღებდა საჩივარს სასამართლოდან ფოსტითაც (დანართი 9). მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებული საფოსტო და ინტერნეტ მანიპულაციების შემდეგ, ყველაფერზე თვალი დახუჭეს, მონათლეს კანონის დამრღვევებად და, ინფორმაციის ძალით ამოღების მიზნით, ღირსების შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესიც კი დანიშნეს!!
გასაჩივრებულ ბრძანებაში კი, შემოსავლების სამსახური საჩივრის შეტანის თარიღებად ასახელებს 2024 წლის 29 იანვარს, 14 თებერვალს, 7 და 12 მარტს. რატომღაც, საერთოდ არაა ნახსენები ------- საქალაქო სასამართლოში შეტანილი საჩივარი და არაა გათვალისწინებული რომ, კანონის მიხედვით, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლოში (ეს უფლება გარკვევითაა დაფიქსირებული შემოწმების დანიშვნის შესახებ N24619 ბრძანებაშიც). შესაბამისად, ბრძანებაში მოცემული ინფორმაცია, რომ საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.
ჩატარებული არასრულფასოვანი შემოწმების შედეგები არალეგიტიმურია იმიტომაც, რომ შემოწმება წარიმართა ისე, რომ არ გაითვალისწინეს ------- საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარე პროცესი.
გ). რატომ, რა მოსაზრებითაა ჩათვლილი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნაში, ვითომ რეალიზებული (სინამდვილეში წართმეული) ქონება ორგანიზაციის დირექტორების, განსაკუთრებით კი ------- ხელფასად, რის საფუძველზეც ქუთაისელმა მოხელეებმა დირექტორად ახლადდანიშნული ახალგაზრდა კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეთითხნეს.
დ). რატომ აწვდიან დაუზუსტებელ, შეცდომაში შემყვან და ეკონომიკური ზეწოლის მანიშნებელ ინფორმაციებს დავალიანების შესახებ. გასული წლის 30 დეკემბერს, ელექტრონული შეტყობინების სახით, აცნობეს რომ, აუღიარებელი საგადასახადო ვალდებულების სახით დაერიცხა 500177 ლარი. თუმცა 2024 წლის 15 იანვარს, გადმოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის N2164 აქტით და 27 დეკემბრის N33357 ბრძანებით (დანართი 10) ------- წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა 384 935 ლარზე. ამიტომ, ჩათვალა, რომ ინტერნეტით მოსული შეტყობინება არის ავტომატური ელექტრონული სისტემის შეცდომა. შესაბამისად, 2024 წლის 29 იანვარს გაასაჩივრა დარიცხული 384 935 ლარი. თუმცა, შემოსავლების სამსახურის 2 აპრილის N7145 ბრძანებაში, კვლავ მითითებულია 500177 ლარი. თუკი კარგად გადახედავს 021-123 საგადასახადო მოთხოვნას (დანართი 11), იქ გარკვევით წერია, რომ საგადასახადო მოთხოვნას საფუძვლად უდევს აუდიტის დეპარტამენტის 27 დეკემბრის N33357 ბრძანება, რომელშიც მსგავსი თანხა არსად არ წერია. გაუგებარია, რომელი აქტი გახდა საფუძველი მოთხოვნაში დამატებული თანხისა. შესაბამისად, რა არის ეს ყოველივე: მექანიკური შეცდომა თუ, ადგილობრივი კრიმინალი მოხელეების შეკვეთით, უკანონო სატელეფონო შეტყობინებებით ფსიქოლოგიური ზემოქმედების და დაშინების მიზნით განზრახული ქმედება?
იმედია რომ, ფინანსთა სამინისტრო გაარკვევს ამ საკითხებს და დაადგენს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მოხელეებს კავშირი არა აქვთ ადგილობრივი მოხელეების უკანონო ქმედებებთან, რომელთა საქმეც შესასწავლად გადაეცა გენერალურ პროკურატურას.
აღიარებს, ვერ წარმოედგინა თუ სახელმწიფოში თუკი ბიზნესმენი გარისკავს, დამარცხდება და ბანკში ქონებას დაკარგავს, მოხელეები ბანკს კი არ დაბეგრავენ, რომელმაც ქონება კაპიკებში ჩაიგდო, არამედ წაქცეულს დაახლიან საკონტროლო გასროლას. 2006 წლის 13 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის N384 ბრძანების გაუქმება იმის თაობაზე რომ იპოთეკით დატვირთული ქონება არ უნდა დაბეგრილიყო დასტურია იმისა რომ, უამრავ ადამიანს, რომლებსაც ბანკებში ჩადებული ქონება გადააფორმებინეს, რეჟიმის რეკეტიორებმა ბიუჯეტშიც შეატანინეს თანხები. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, არ მეგონა თუ სისხლიანი რეჟიმის დროინდელი ნორმები დღემდე მოქმედებდა. ეს რეალობა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო და საკონსტიტუციო სარჩელის პროექტიც შეიტანა ძველი ნორმის აღსადგენად.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ის წინადადება რომლებშიც ნახმარია ტერმინი ქონების რეალიზაცია. დოკუმენტების გაყალბების გზით შესასვლელის გადაკეტვით, საერთო სარგებლობის ქონების დატაცებით (რაშიც სერიოზული წვლილი მიუძღვით ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივ მოხელეებს), ასევე ქონების ფიზიკური დაზიანებით (ზემოთ განლაგებული, ------- ბანკის მოუვლელი ქონებიდან წყლების სისტემატურად ჩამოშვებით და დაზიანებით) იძულებული გახადეს, ბანკის ვალების დასაფარად, კაბალურ ფასად დაეთმო ჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფი ქონება, რომელიც იმ პირთა საკუთრება გახდა, ვინც გადაგვიკეტა შესასვლელი. ანუ, სინამდვილეში, ქონება წაართვეს ისევე, როგორც 2009 წელს წაართვეს ქონება -------.
სიმბოლურია რომ ფინანსთა სამინისტროს ხსენებული დანაყოფი, რომელიც მისგან წართმეულ ტერიტორიაზეა განთავსებული, ჩადენილი დანაშაულის დაფარვით, აწარმოებს უფლებების უპრეცედენტო შელახვას.
როგორც ------- დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, რომლის მუშაობის პერიოდსაც განეკუთვნება წამოყენებული ფინანსური პრეტენზიები, ვაცხადებ რომ, არასოდეს არ ყოფილა კანონდამრღვევი, არასოდეს აურიდებია და არც აპირებს, თავი აარიდოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და დასაბუთებულ ფინანსურ პრეტენზიებს მიმართ.
ამასთან ერთად, წამოყენებული ფინანსური ვალდებულებები ყოვლად დაუსაბუთებელია, თუნდაც იმიტომ რომ, ეს ვალდებულებები დაიანგარიშეს ისე, რომ არ შეუსწავლიათ არქივში არსებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც ჩაკეტილია თითქმის სამი წლის განმავლობაში და დალუქული იყო შპს „-------“ მიერ, (ფაქტი დაფიქსირებულია შესაბამისი ფოტომასალით, ასევე გამოძახებული 112-ის მასალებით) ფინანსური პრეტენზია მით უფრო აბსურდულია ------- მიმართ, რომელიც დირექტორად დაინიშნა 2022 წლის ზაფხულში, მონაწილეობს მხოლოდ სამეცნიერო და სამეურნეო საქმიანობაში და არც ფაქტიური და არც ფორმალური შეხება არ ჰქონია ფინანსურ საკითხებთან, მით უფრო 2020 წლამდე პერიოდში.
პროკურატურაში და ------- საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელებში წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე (იხ. დანართი2) გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოწმების პროცესში ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების ადგილობრივი სამმართველოები განთავსებული არიან იმ შენობაში, რომლიდანაც გამოაძევეს და იმ ტერიტორიაზე, რომელიც წაართვა წინა ხელისუფლებამ. ამიტომ, საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ დაადასტუროს, რომ იგი იცავს კანონიერებას და არა უწყებრივ ინტერესებს.
2. ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი მოხელეები არიან არაობიექტურები. ისინი, პოლიტიკური შეხედულების თუ სხვა მიზეზთა გამო, იცავენ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ მრავლობით დანაშაულს. (სსკ-ის 375 მუხლი) მათ არ დაუყადაღებიათ კრიმინალური რეჟიმის არც ერთი მოხელის ქონება, როცა ამხილა ისინი და 2014 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N------- (დანართი 12). სამაგიეროდ, ნაციონალური რეჟიმის ხელწერით, დაშინების მიზნით, ბრალი წაუყენეს და სურთ ქონება დაუყადაღონ სრულიად უდანაშაულო მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრს, რომელიც შემოსავლების არმქონე ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა 2022 წელს და არანაირი კავშირი არა აქვს წლების წინ წარმოშობილ სადავო საკითხებთან.
3. ფინანსთა სამინისტროს მოხელეები არიან არამარტო არაობიექტურნი, არამედ მტრულად განწყობილნიც, ვინაიდან ამხილა საკმაოდ მძიმე სამოხელეო დანაშაულში.
პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს გადასცა მტკიცებულებები ისეთი დანაშაულებისა, როგორიცაა სს „-------“ დიდი ოდენობით ქონების დატაცება და რეგისტრაცია თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, საჯარო რეესტრის ------- სარეგისტრაციო სამსახურში საბუთების გაყალბების შემდეგ, დოკუმენტების აღურიცხავად გატანა (თითქოს „შესასწავლად“) და მტკიცებულებათა განადგურება და სხვა (სსკ-ის 368 მუხლი).
აღნიშნული სამმართველოს მოქმედი მოხელეები, რომელთაც სამართლიანობა უნდა აღედგინათ, ავრცელებენ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციებს, ქმნიან სრულიად დაუსაბუთებელი, ყალბი ჩანაწერების შემცველ დოკუმენტებს, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს კანონს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ (მუხლები 133 და 134) ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს.
4. ბრალდება საბიუჯეტო თანხების მითვისების თაობაზე უსამართლოა და მოითხოვს დასაბუთებას.
საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივი ქვედანაყოფის მიერ ინიცირებული სასამართლოს განჩინებით მოთხოვნილია დაყადაღდეს ქონებები, რომლებიც არის (ციტირებს): „შპს ------- იჯარით გაცემით და ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებითა და ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით (დანაშაულებრივი გზით) შეძენილი (მოპოვებული)“.
------- სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მასალები, რომლებითაც დადასტურებულია რომ, ყველა დაყადაღებული ქონება შეძენილია 2009-2014 წლებში. ოჯახის წევრთა ყველა ქონება ასევე შეძენილია მრავალი წლის წინ და ისინი ვერანაირ კავშირი ვერ იქნებიან 2020-21 წლებში ორგანიზაციის ვითომ რეალიზებული, სინამდვილეში წართმეული ქონებით მიღებულ შემოსავლებთან. შესაბამისად, რჩება ერთადერთი და უმძიმესი ბრალდება - მრავალი წლის წინ შეძენილი ქონება მოპოვებული ყოფილა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების მითვისებით.
აღნიშნული ბრალდება არის უკანონო, უპასუხისმგებლო, ყალბი და შეურაცხმყოფელი. იგი შეიცავს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ უმძიმეს, დაუსაბუთებელ, საფრთხის შემცველ ბრალდებას.
ის გარემოება რომ შემოწმება არ იყო სრულფასოვანი, დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაშიც, რის გამოც ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია დამატებითი მტკიცებულებების შესწავლა.
შესაბამისად, ორგანიზაციის ყოფილი დირექტორის საქმიანობის სრულფასოვანი შემოწმების გარეშე შექმნილი დოკუმენტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა წარმოადგენს სსკ-ის 146 მუხლით დასჯად ქმედებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პასუხი გაეცეს ამ ბინძურ ცილისწამებას, დააყენა პროკურატურის წინაშე საკითხი, გამოითხოვოს და მიეწოდოს გამოძიების მასალები და დასაბუთდეს, როგორ დაადგინეს საბიუჯეტო დავალიანება საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე. ამასთან ერთად, სპეციალური კომპლექსური კომისიის მიერ უნდა მოხდეს ორგანიზაციის დოკუმენტების დეტალური აღწერა და დალუქვა ან ჩაბარება აუდიტის დეპარტამენტისათვის, იმისათვის რომ გაქარწყლდეს რაიმე ეჭვები.
შემოწმებას არ გაურბის პირიქით თხოულობს საფუძვლიან და ყოვლისმომცველ შემოწმებას, დაწყებული მინიმუმ 2008 წლიდან, რათა დადგინდეს სრულფასოვანი მიმართება სახელმწიფოს მიმართ.
ამასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნას რომ, 2022 წლის 24 ნოემბრამდე არქივის კარი დალუქული იყო შპს „-------“ ბეჭდით. 2024 წლის 24 ნოემბერს, როდესაც ------- ბანკის წარმომადგენლის თხოვნით, საჭირო გახდა კარის გაღება, გამოძახებული იქნა 112, რომლის მოსვლასაც მეზობლები პროტესტით შეხვდნენ. ამ დღეს, იმის გამო, რომ ხელმისაწვდომი ქონების ძირითადი ნაწილი გაქირავებული აქვს ფიზკულტურის სახელმწიფო კოლეჯზე და განიცდის ფართის სივიწროვეს, საბუღალტრო დოკუმენტების გარკვეული ნაწილი გადავიტანეთ არქივში. ამის შემდეგ არქივი ისევ ჩაიკეტა, საკეტი გამოცვალა ბანკმა. მის შემდეგ არქივში არ შესულა და არც, საბუღალტრო მასალასთან წვდომა არ ქონია.
იმავდროულად, აღწერილი და დალუქული უნდა იქნას საკანცელარიო წიგნები და გამავალი კორესპონდენცია იმ მიზნით რომ, მონახული იქნას თვალთვალის და მუქარის გამო 2009 წლის გაზაფხულზე გუბერნატორ ------- გაგზავნილი პროტესტის წერილი, როგორც ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება ადგილობრივ მოხელეთა ძალადობისა.
გათვალისწინებული უნდა იქნას რომ, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა მესაკუთრეებმა გავახმაურეთ საკმაოდ დიდი სამოხელეო დანაშაული, ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივმა მოხელეებმა, რომლებსაც ზიანი უნდა შეესწავლათ, დაიწყეს მის წინააღმდეგ ღია, უსამართლო ბრძოლა. 2022 წელს დაიწყეს ფორსირებული გამოძიება საქმიანობის კანონიერების შესასწავლად, თუმცა ვერაფერს მიაგნეს. ამიტომ, 2023 წელს, მძიმე საბანკო ვალების გამო, იძულებით ვითარებაში დათმობილი ქონება, რომელიც მათივე დამსახურებითაა ჩაკეტილი, (შესაბამისად, დღესაც ვერ ვყიდით !!) გაყიდულად ჩათვალეს და კოლოსალური ვალი დაადეს.
ამგვარად, ადგილობრივი მოხელეები რაც წაართვეს იმას არ აბრუნებენ, რაც დარჩა, იმას არ აყიდინებენ, რითაც არსებობს იმას აყადაღებენ. საინტერესოა, რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ!
5. მიყენებული ზიანის შესწავლის გარეშე შემოწმების ჩატარება რაიმე დარღვევების გამოვლენის თუ შეთითხნის მიზნით და დაზარალებული ორგანიზაციის დაბეგვრა არის უსამართლობა.
ნაციონალური რეჟიმის მიერ რეპრესირებული ათასობით ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაიმედებული შეხვდა ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლას და სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივის გაჩენას. მაგრამ, გარედან მოხვეულმა კოჰაბიტაციის პოლიტიკამ და ლოიალობამ დამნაშავეთა მიმართ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პროცესი.
არაერთხელ მიმართა ხელისუფლების ორგანოებს ამის თაობაზე. მივმართეთ სახალხო დამცველსაც (დანართი 12). მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დღემდე გრძელდება ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივმა გამომძიებლებმა კი:
არ დაუყადაღეს ქონება -------, რომელმაც ქუთაისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი პრორექტორობის დროს გახსნილი ყველაზე ძლიერი, საინჟინრო პროფილის კერძო უნივერსიტეტის განადგურების მიზნით, ჯერ აკრედიტაციის უმაღლესი ქულები გადააკეთა, სამ თვეში კი, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა, ქონებით სარგებლობის უფლება საკუთარი სასამართლოთი გააუქმა და უკანონო გადაწყვეტილება პოსტფაქტუმ ამ გზით დაასაბუთა. რა თქმა უნდა აკრედიტაციის აღდგენა აზრადაც აღარ მოსდის.
არ დაუყადაღეს ქონება იმერეთის ყოფილ გუბერნატორ ------- და ადგილობრივ მოხელეებს, რომლებმაც ძალადობით და მუქარით დაათმობინეს ქონება.
არ დაუყადაღეს ქონება ალექსანდრე ლომაიას და ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომლებმაც მრავალი ასეული დიპლომი მცდარი დიზაინით დაბეჭდეს, დიპლომების გამოცვლის პრობლემა შექმნეს და ხალხში სახელი ამ გზით გაუტეხეს.
არ დაუყადაღეს ქონება საჯარო რეესტრის და ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივ მოხელეებს, რომელთა დახმარებითაც, 2006-2008 წლებში, ქონების წართმევის შემდეგ შეძენილი ახალი ქონების შესასვლელის მითვისების მიზნით, საბუთები გააყალბეს. 3 წლის წინ კი, როცა სასტუმროს მშენებელი ინვესტორი იშოვეს, საკუთარ ფართებთან მისასვლელი გზა გადაუკეტეს, შეუქმნეს საქმიანობის პრობლემა და გვაიძულეს კაბალურ ფასად დაეთმო ბანკში, ჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფი ქონება. ამასთან, არავინ უთხრა რომ, ბიუჯეტშიც უნდა შეეტანა თანხები.
სამაგიეროდ, ელვის უსწრაფესად დაუყადაღეს ქონება აბსოლუტურად უდანაშაულო ახალგაზრდას.
6. შემოწმების ჩატარება უძრავი ქონების რეალიზაციის ბრალდებით არის უკანონობა - ორგანიზაციას ქონება წაართვეს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც ორგანიზაციის დირექტორი ახდენს საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვას, საჭიროა ორგანიზაციის დამფუძნებლის თანხმობა, ასახული პარტნიორთა კრების ოქმით (მაშინაც კი, როდესაც დირექტორი წარმოადგენს დამფუძნებელს). როგორც -------, ისე ------- ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი ------- ფიგურირებს როგორც ორგანიზაციის დირექტორი და მათ არ ახლავთ დამფუძნებელთა კრების ოქმი. არც ერთ დოკუმენტში არსად არ ფიგურირებს ორგანიზაციის დამფუძნებელი. უფრო მეტიც, ბანკთან დადებული ხელშეკრულებების სანოტარო აქტით ------- მოხსენიებულია როგორც ფიზიკური პირი (იხ. დანართები 13, 14) შესაბამისად, დირექტორის მიერ ხსენებული ფართების გასხვისება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც გამოწვეულია პირველ რიგში იმით რომ, ენდობოდა იმ პირების (ბანკის, ნოტარიუსის და საჯარო რეესტრის მოხელეების) კვალიფიკაციას, რომლებმაც შეადგინეს გასხვისებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. სწორედ ეს გახდა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ შეიტანა საჩივარი ხელშეკრულებათა გაუქმების მოთხოვნით.
ამგვარად, იმის გამო რომ ორგანიზაციის დამფუძნებელს არ მიუცია ნებართვა ქონების გასხვისებაზე, ხოლო გასხვისებული ქონება მოხმარდა ------- პირადი სესხის დაფარვას, სამართლებრივი თვალსაზრისით, მას წარმოეშვა ვალი ორგანიზაციის წინაშე. ამიტომ, თანახმა ვართ დავუბრუნოთ ორგანიზაციას გატანილი ქონება (ან ოჯახის კუთვნილი იგივე ღირებულების ქონება), როგორც კი მას მოეხსნება უკანონოდ წაყენებული ფინანსური პრეტენზიები და აღკვეთილი იქნება მისი ქონების უკანონოდ დაუფლების არსებული საფრთხე. შესაბამისად მე, როგორც ფიზიკურმა პირმა, რომელმაც, პირადი სესხის აღების შედეგად, დაკარგა ქონება, ოფიციალურად დავაფიქსირე საკუთარი ვალდებულება ორგანიზაციის ამჟამინდელი დირექტორის წინაშე (დანართი 15).
ამასთან ერთად, -------, როგორც დირექტორს (ან ფიზიკურ პირს) არ გაუყიდია ორგანიზაციის ქონება. 2009 წელს ქონება დაათმობინეს მუქარით და ძალადობით, 2020-2021 წლებში კი დაათმობინეს ყალბი საბუთებით მისასვლელი გზების გადაკეტვით დაბლოკილი ფართები, რომლის გაყიდვაც შეეძლო მხოლოდ ერთ პირზე, მისთვის მიუღებელ კაბალურ ფასად. დღესაც ფართების გაყიდვა არ შეუძლია და იძულებულს ხდიან დათმოს ფართები მაქსიმალურად იაფად. შესაბამისად, კამერალური შემოწმების დანიშვნა ქონების რეალიზაციის მოტივით აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
მიმდინარე სამართლებრივი დავის პროცესში პროკურატურაში წარდგენილი მასალებით დასაბუთებული აქვს რომ ეს იყო უკანონო მეთოდების გამოყენებით ქონების იძულებითი დათმობა (ფაქტიურად, წართმევა). შესაბამისად, უნდა მოხდეს აღიარება იმისა რომ, არასწორია ტერმინი - ქონების რეალიზაცია, სწორია ტერმინი - ქონების იძულებითი დათმობა ან წართმევა.
7. 2020 - 21 წლებში ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონების შემცირება გამოწვეულია იმით რომ, ფუნქციონირების ხელის შეშლის გზით, საბანკო დავალიანებების პირობებში, ვიმყოფებით ქონების წართმევის მუდმივი საფრთხის წინაშე, რის გამოც მიმდინარეობს სამართლებრივი დავა.
ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია რომ დაზარალებულ რამდენიმე მესაკუთრესთან ერთად, დაწყებულია სასამართლო დავა (საქმე3/364-22), შეტანილია ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მომზადებული სარჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საჯარო რეესტრის ადგილობრივი ერთეულების, ------- ბანკის და სამი მეზობლის წინააღმდეგ. სარჩელი აღძრულია: მოპასუხეთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პარიზის ოქმის N1 მუხლით (საკუთრების დაცვა), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1950 წლის 4 ნოემბრის რომის კონვენციის მე-6 მუხლით (გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 1967 წლის 17 ივლისის სტოკჰოლმის დამფუძნებელი კონვენციის 2[VIII] მუხლით დაცულ უფლებათა დარღვევის გამო. მოთხოვნილია: მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და წართმეული ქონების დაბრუნება. მოთხოვნილია ასევე: თერმოდინამიკის და ტურბულენტობის მათემატიკური თეორიის სფეროში ------- სამეცნიერო ნაშრომების აქტუალობის ფართო სამეცნიერო ექსპერტიზის გზით, დადგენა იმ ზიანისა, რომელიც მან წინა ხელისუფლების მიერ მისი ხელის შეშლის და ახალი ლაბორატორიის გაუქმების შედეგად მიიღო (დანართი 2).
8. დაწყებულია სამართლებრივი დავა ქონების გასხვისების შესახებ ------- ბანკთან და ------- იძულებით ვითარებაში გაფორმებული, მოტყუებით დადებული, არსებითი შეცდომის შემცველი, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული, სამოხელეო დანაშაულის ხელშემწყობი, მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიზნით.
2020 წლის 30 აგვისტოს და 2021 წლის 31 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი მოხელეების წყალობით, უკანონოდ ჩაკეტილი უძრავი ქონების იძულებით დათმობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ ქონების თანამესაკუთრეები (მეზობლები): შპს „-------“ და სს ------- ბანკი, რომელიც ყველაზე დიდი მესაკუთრეა. იმის გამო რომ ქონების აუქციონზე გატანის შემთხვევაში, ძლიერ დაზიანდებოდა, ქონების გასხვისებამდე მე ბანკს წარუდგინა ოფიციალური წერილი, რომელშიც მითითებული იყო ის მინიმალური ფასი, რომლის გარეშეც ბანკი არ მოხსნიდა იპოთეკას. ამასთან, წამოჭრილი იყო მთელი რიგი პირობებისა, მ.შ. დამატებითი გზის მოწყობა, სამართლებრივი ბრძოლა მიტაცებული შესასვლელის დასაბრუნებლად, საერთო სარგებლობის ქონების მოვლა და აღკვეთა ბანკის მოუვლელი ქონებიდან ქონების სისტემატური დაზიანებისა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაცაა დადასტურებული. სასამართლოში წარდგენილი გვაქვს ბანკზე გაგზავნილი წერილი და ბანკის წერილები შესაბამისი გარანტიებით (მტკიცებულებები თან ერთვის წარმოდგენილ სარჩელს). იმედი ჰქონდა რომ ბანკი, რომლის ქონებაც ასევე ჩაკეტილია, რეალურად შეასრულებდა ამ პირობებს, მაგრამ, დოკუმენტებში დაფიქსირებული პირობები, ქონების გადაფორმების შემდეგ, აღარ შესრულდა. მოვლენათა მსვლელობამ დაადასტურა რომ, ბანკი არამც თუ არ ზრუნავდა შესასვლელის გახსნაზე, არამედ თანახმა იყო მიეღო საკუთრებაში ჩაკეტილი ფართები, რომლებსაც ვერავინ იყიდიდა გარდა იმისა, ვინც ჩაკეტა-ფიქრობს, დასკვნა ზედმეტია.
ამასთან ერთად, კამერალური შემოწმების შემდეგ, ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის გზით, მოიპოვა და პროკურატურაში წარდგენილია დოკუმენტური მტკიცებულება იმისა რომ, ფართი სინამდვილეში შეიძინა და თვალის ასახვევად სხვა პირზე გააფორმა ქონებით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოხელემ, რომელიც არ უშვებს კორპუსში. ამგვარად, დადგენილია რომ, 2020 წლის 30 აგვისტოს და 2021 წლის 31 სექტემბერს იძულებით გარემოებებში დადებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მოტყუებით დადებულ, არსებითი შეცდომის შემცველ და სამოხელეო დანაშულის ხელშემწყობ მოჩვენებით, თვალთმაქცურ გარიგებებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 73-ე, 81-ე, 83-ე და 84-ე მუხლების საფუძველზე, მის მიერ მოთხოვნილია გასხვისების ხელშეკრულებების გაუქმება. მტკიცებულებები აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი გვაქვს 14 თებერვლის, 7 და 12 მარტის საჩივრებთან ერთად. სამართლებრივი დავა ამ საკითხზე გრძელდება.
ამგვარად, მომავალში შემოწმების სამართლიანობის და კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს რომ:
1. შემოწმება მიმდინარეობდა შემოწმების გადავადების შესახებ ------- საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 26 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის განხილვის პროცესის პარალელურად, ანუ არ დაელოდნენ განხილვის პროცესის ბოლომდე ამოწურვას.
2. საქმიანობის, ზიანის და სახელმწიფოსთან ფინანსური მიმართების ძირეულად შესწავლის საკითხი, რეაგირების მიზნით, მთავრობიდან გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ანუ, უნდა დაელოდოს რეაგირების შედეგებს.
3. უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების და სამართლებრივი გზით შესასვლელის გახსნის გარეშე ორგანიზაციის დაჩქარებული შემოწმება არის არამარტო სამართლებრივად გაუმართლებელი, არამედ შეუძლებელი ქმედებაც, ვინაიდან, არსებულ მდგომარეობაში, შეუძლებელია ქონების რეალური ფასის განსაზღვრა. დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისათვის ე. წ. არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება კი, არარელევანტურია, ვინაიდან, ამ მეთოდის გამოყენების დროს, უნდა არსებობდეს შესაბამის შემთხვევათა საკმაო რაოდენობა. ქონების დაკარგვის შემთხვევას კი, იმედია, ანალოგი არ მოეძებნება.
4. მძიმედ დაზიანებული ორგანიზაციის უსამართლოდ დაბეგვრა გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს და დარჩენილი ქონების სრულად დაკარგვას, რის შემდეგაც ამ ქონებას ვერავინ შეისყიდის, გარდა იმ პირებისა, ვინც დაიტაცა შესასვლელი. ამიტომ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წამოყენებული საგადასახადო მოთხოვნის უცვლელად დატოვება, ნებით თუ უნებლიედ, ემსახურება ქონებით დაინტერესებულ პირთა კრიმინალურ ინტერესებს!
მიუხედავად იმისა რომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურების რეგიონული ქვედანაყოფები, რომლებიც განთავსებულია წინა რეჟიმის მიერ მისგან წართმეულ ტერიტორიაზე (რის გამოც ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს), იმედს ვიტოვებთ რომ, სამინისტროს ხელმძღვანელობა კანონიერებას დააყენებს უწყებრივ ინტერესებზე უფრო მაღლა და არ დაუშვებს რომ კვლავაც გაგრძელდეს სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადგილობრივი მოხელეების ძალადობა და დაშინების მცდელობა, რაც სისხლის სამართლის 146-ე მუხლის უმძიმეს დანაშაულში გადაიზარდა. შესაბამისად, ითხოვს:
დაკმაყოფილდეს 2023 წლის 26 ოქტომბერს ------- საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში დაფიქსირებული თხოვნა, წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებამდე და ფართებთან მისასვლელი გზების გახსნამდე, კამერალური შემოწმების გადავადების შესახებ, გასაჩივრებული ბრძანების, ასევე საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებით.
გენერალურ პროკურატურაში დაწყებული პროცესის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, კომპლექსური კომისიის მიერ, მოხდეს ჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფი ------- საბუღალტრო მასალების აღწერა და დალუქვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის შეტანილი სარჩელით დაწყებული სამართლებრივი დავის (დანართი 2) სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაასრულოს 2014 წელს დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N-------, მ. შ. 2009 წელს ქონების წართმევის ფაქტზე, ასევე, ასეულობით დიპლომის მცდარი დიზაინით ბეჭდვის და დიპლომების აღიარების პრობლემის წარმოშობის ფაქტზე, რის შედეგადაც 200- მდე სტუდენტმა მიატოვა სწავლა და, ფინანსურ ზიანთან ერთად, უმძიმესი ზიანი მიიღო საზოგადოებაში ორგანიზაციის დამფუძნებლის რეპუტაციამ, შეფერხდა მისი ძალზედ აქტუალური სამეცნიერო კვლევები თერმოდინამიკის და ტურბულენტობის მათემატიკური თეორიის სფეროში.
ორგანიზაციის ბლოკირებულ ქონებასთან მისასვლელი გზებისათვის მიმდინარე დავის დროულად და სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, დაკმაყოფილდეს არაერთჯერადი თხოვნა - შესწავლილი იქნას კანონიერება ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი მოხელეების მიერ ------- არსებული ქონების პირველი სართულის აუქციონზე გატანის გზით გაცემული სერტიფიკატებისა, რის საფუძველზეც -------, ------- და -------, თანხის გადახდის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, გაყალბებული საბუთებით, საკუთრებაში დაურეგისტრირდეს მთელი სართული, საერთო სარგებლობის ფოიეს, კორიდორების, ლიფტებთან და კიბის უჯრედებთან მისასვლელი გზების ჩათვლით, რაც, წლების შემდეგ, სასტუმროს მშენებელი ინვესტორის მონახვასთან ერთად, გახდა საფუძველი დანარჩენ მესაკუთრეთათვის გზების გადაკეტვისა და უმძიმესი ზიანისა. გადაეცეს ამ ფართების სრულად შესყიდვის დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტები.
გადაეცეს, მესაკუთრეებთან შეუთანხმებლად, ეზოში არსებული დიდი ოდენობით დამხმარე ნაგებობების აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებული ანალოგიური მასალები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭალეჩხუმის სამმართველომ, გენერალურ პროკურატურაში დაწყებული პროცესის ობიექტურად წარმართვის მიზნით, გადაცეს წინა რეჟიმის დანაშაულთა დროში გავრცობილი გამოძიების მასალები, ასევე ის მასალები, რის საფუძველზეც, 2021 წლამდე შესრულებულ ქმედებებზე, დაშინების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალი წაუყენეს 2022 წლის ზაფხულში დირექტორად დანიშნულ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც არანაირ საბუთზე ხელი არ მოუწერია და არც არანაირად არ ჩარეულა ამ პროცესში.
დავის გაგრძელების შემთხვევაში, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე - 5 ნაწილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია დასაბეგრი ობიექტის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი (შედარება სხვა რეალიზებული ქონების ფასებთან), უფლებების სრულფასოვნად დაცვის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა, შემოწმების მასალებთან ერთად, წარმოადგინოს საბაზრო ფასები, შედარებისათვის რელევანტური, ჩაკეტილ მდგომარეობაში გასხვისებული ისეთი ფართებისა, რომელთა მფლობელებსაც, ანალოგიით, დაუზიანეს ქონების სარეალიზაციო ღირებულება, შეუქმნეს ფუნქციონირების პრობლემა და იძულებული გახადეს დაეთმო ისეთ კაბალურ ფასად, რაც საკმარისია მხოლოდ ბანკის ვალის დასაფარად.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ------- დაფიქსირდეს როგორც ------- დავალიანებაში მყოფი ფიზიკური პირი (დებიტორი), ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე.
2024 წლის 26 აპრილის ------- სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება, რომელმაც სრულად გაამართლა უდანაშაულოდ პასუხისგებაში მიცემული ჩემი ვაჟი, უფლებას გვაძლევს დავამატოთ საჩივარს ახალი მოთხოვნა არამარტო შემოწმების შედეგების გაუქმების, არამედ თვით შემოწმების საფუძვლის (აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების) გაუქმების შესახებ.
აღნიშნულ მოთხოვნას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზეზი:
1. დაგეგმილი შემოწმება იყო და არის შეუძლებელი იმის გამო რომ, არქივი ჩაკეტილია.
2. დაგეგმილი ნაჩქარევი შემოწმება იყო უსამართლო, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო წლების განმავლობაში არ იძიებს მის მიმართ ჩადენილ არც ერთ დანაშაულს.
3. დაგეგმილი შემოწმება იყო უკანონო, ვინაიდან უკანონოა თვით შემოწმების დანიშვნის საფუძვლად დასახელებული მიზეზი (ქონების რეალიზაცია) – ქონების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ქონების დათმობა იძულებით ვითარებაში, ვინაიდან, ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა დამსახურებით, ფართები ჩაკეტილია და არ არსებობდა ჩაკეტილი ქონების თავისუფალი რეალიზაციის საშუალება. შესაბამისად, ------- მიმართ ქონების თანამესაკუთრეების მიერ (------- ბანკი, -------, -------), ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა ხელშეწყობით, ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 150 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (იძულება).
სწორედ აღნიშნული იძულების გამო, მე, როგორც ------- დირექტორი იძულებული გამხადეს, პირადი საბანკო ვალის ჩაფარვის მიზნით, დამეთმო ორგანიზაციის კუთვნილი ქონება.
ზუსტად იგივე მიზეზის გამო, 2024 წლის 23 აპრილის საჩივრით, აცნობა ფინანსთა სამინისტროს იმის თაობაზე რომ, აღიარებს იძულებით ვითარებაში წარმოშობილ ვალს ორგანიზაციის წინაშე (იხილეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება) და დაუბრუნებს კოლექტივს იმ ქონებას, რომელიც ძალადობით წაართვეს. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენისთანავე, აღსდგება ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონება და არ არსებობს საფუძველი რაიმე საბიუჯეტო დავალიანებისათვის.
4. დაგეგმილი შემოწმება იყო უკანონო, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს რეგიონული ქვედანაყოფები განთავსებული არიან მისგან წართმეულ ქონებაზე.
იმავდროულად ფინანსთა სამინისტროს მოხელეებს მიუძღვით ძირითადი წვლილი როგორც მისი, ისე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დატაცებაში. ამიტომ ის, ვინც დააზარალა, ვერ იქნება ობიექტური შემფასებელი. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა მიერ დაგეგმილი შემოწმება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“.
მართლაც, ე.წ. კამერალური შემოწმების შედეგებმა ცხადი გახადეს ამ უკანონობის შედეგები.
როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურას გადაეცა მტკიცებულებები იმისა რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მოხელეები, რომლებსაც წინა რეჟიმის დროს ორგანიზაციაზე მიყენებული ზიანის შესწავლა დაავალეს, სინამდვილეში იფარავენ ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს, მ.შ. საბუთების გაყალბების და მტკიცებულებათა განადგურების გზით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტებს. შესაბამისად, ------- შეშინების და გაჩერების მიზნით, აღნიშნულმა სამმართველომ, აუდიტის დეპარტამენტთან ერთად, დაგეგმა ------- საქმიანობის კანონიერების შესწავლა, უკანონო, თაღლითური მეთოდებით ჩაატარა არასრულფასოვანი შემოწმება და აღძრა სისხლის სამართლის საქმე სრულიად უდანაშაულო, დირექტორად ახლადდანიშნულ მის ვაჟზე, რითაც სისხლის სამართლის 146-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა განიზრახეს, თუმცა, არ გამოუვიდათ.
შესაბამისად, სახელმწიფოსთან ფინანსური მიმართების დაბალანსების მიზნით, მოითხოვს ორგანიზაციის კომპლექსური შემოწმება მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოს მიერ.
ფინანსთა სამინისტროს მოხელეებმა ე. წ. გამოძიებით დაადასტურეს რომ, ------- ქონება კი არ წაართვეს, არამედ თურმე, მერიისათვის უჩუქნია. მეორეს მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის შესაბამისად (გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა), უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ------- უფლება აქვს გამოითხოვოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ფინანსთა სამინისტრო ამაღლდება საკუთარ ინტერესებზე და მხარს დაუჭერს სასარჩელო მოთხოვნას.
იმავდროულად, მერიის და ფინანსთა სამინისტროს დამოკიდებულება მჩუქებლის მიმართ არის სხვა არაფერი, თუ არა უმადურობა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციას შეუძლია გამოითხოვოს ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის ძალითაც (ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო).
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უკანონოდ იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების საფუძველი გახდებოდა.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს და მოთხოვნას, გარდა, დავების განხილვის საბჭოში არსებული სადავო საკითხებისა, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით, დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში მსჯელობს საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერებაზე. შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, გარდა ზემოთ დასახელებული დავის საგნებისა, იმსჯელოს მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებულ სხვა დანარჩენ არგუმენტებზე/საკითხებზე, ვინაიდან სცილდება საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემიდან და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განკარგვადი თანხის პერიოდების მიხედვით საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია-საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები. გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან ირკვევა, რომ კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვა. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების - ------- და ------- მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „------- ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს „-------“ საკუთრება (-------, -------), უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო 2021 წლის 30 სექტემბერს ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. როგორც ერთიანი ელექტრონული ბაზებითა და გადამხდელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი განმარტებით დგინდება, აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული. არ ჩანს კომპანიაში ფულის შემოსვლა და დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე კაპიტალური ხარჯის გაწევა, წარდგენილი ანგარიშგებით კი დგინდება, რომ საწესდებო კაპიტალი პერიოდების მიხედვით შეადგენს 4800 ლარს. წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს დებიტორული დავალიანების ზრდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ირკვევა, რომ ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის ოპერაციის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს აღრიცხული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ) მიჩნეულია დირექტორის ------- სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 202-ე მუხლის 41 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, რომელზეც პირს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირის მიმართ შემოწმებით უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. ხოლო, მე-7 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო კონკრეტული არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
5. საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებით დაინიშნა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელი სადავო ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 12 ოქტომბერს.
ასევე საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №21-14/78593 წერილით გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსი 70-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა წარმოედგინა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია 5 სამუშაო დღის ვადაში. 2023 წლის 24 ოქტომბერს, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, პირის მიმართ შედგენილ იქნა №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 15 ნოემბერს.
ამასთან, პირის მიერ საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2024 წლის 29 იანვარს, 14 თებერვალს, 7 და 12 მარტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ პირი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებას, ხოლო 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო შესაბამისად 2023 წლის 12 ოქტომბერს და 15 ნოემბერს, საჩივრები კი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სათანადო მტკიცებულებები/არგუმენტები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები რომლიც დაადასტურებდა გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევას, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასა და 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებას და 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო შესაბამისად, 12.10.2023 წელს და 15.11.2023 წელს, საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 29 იანვარს, 14 თებერვალს, 7 და 12 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, საჩივრების ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემიდან და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა; განკარგვადი თანხის პერიოდების მიხედვით საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა; დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების დირექტორის ხელფასად განხილვა; საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დაბეგვრა; საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება მიჩნეულია დირექტორის სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება, განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 282; 201; 202; 279(1); 301(ე);