გადაწყვეტილება №27888/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 27888/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27888/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27888/2/2026).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დარიცხული თანხა: 221 063.74 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 126 557

დღგ - 118 842

საშემოსავლო გადასახადი - 7 715

ჯარიმა - 63 022

საურავი - 31 484.74

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3292 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 11 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, მეწარმის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, ვერ მოხდა დაკავშირება გაწერილ ზედნადებების პროდუქციას და იმპორტირებულ პროდუქციას შორის, ასევე, სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს იმაზე მეტი პროდუქცია ჰქონდა რეალიზებული, ვიდრე დეკლარირებულ ბრუნვაში ასახავდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მომჩივნის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, გავრცელებულ იქნა ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი კატეგორიის შესაბამისად. გარდა ამისა, ჩასათვლელი თანხიდან ამოღებული იქნა 2022 წლის ჩასათვლელი დღგ (262 ლარი) და ჩათვლა გაეზარდა მიმდინარე პერიოდებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხით და ასევე, საბაჟო დეკლარაციის დღგ-ის თანხით საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანს მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2022 წლის 1 ივლისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო ორგანოს მიერ შედეგების დათვლისას დაკორექტირდა (გაიზარდა) მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა. აღსანიშნავია, რომ მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს.

აქედან გამომდინარე, პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 88-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №10681 ბრძანება და №056-27 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 221 063.74 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 2 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 ივლისის №15370 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, 88-ე, 90-ე, 93-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, გავრცელებულ იქნა ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი კატეგორიის შესაბამისად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით, ხოლო თუ დასაბეგრი პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ი/მ ---ის დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განესაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მეწარმე აღრიცხვას ახორციელებს ექსელში, ასევე, წარადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), რომელშიც მხოლოდ საქონელია აღრიცხული, არასწორი თვითღირებულებებით, ხოლო რეალიზაციები და ჩამოწერები არ არის აღრიცხული. ამასთან, ვერ მოხდა შეძენილი საქონლისა და რეალიზებული (სასაქონლო ზედნადებებით) საქონლის დაკავშირება, რადგან გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ერთი დასახელების სხვადასხვა ფასიანი საქონელი, სხვადასხვა სახეობები, ზედნადებებში კი განზოგადებულად იყო წარდგენილი (მაგ.: შარვალი, მაისური). საგადასახადო ორგანო დაუკავშირდა გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა მას თვითონ დაეკავშირებინა რეალიზაციები და შეძენები ერთმანეთთან ფასნამატის დასადგენად. წარდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმაც ვერ დააიდენტიფიცირა ზუსტად შეძენარეალიზაციები (ფასნამატი ზოგიერთზე -200% და +300% იყო). ასევე, ვერ დააიდენტიფიცირა ინვენტარიზაციის შედეგების თვითღირებულებები.

შესაბამისად, ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მიწოდებული ინფორმაციით ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს ოფიციალურად გადაეცათ სააღრიცხვო სისტემიდან ამონაწერები, შესაბამისი რეპორტები და ანალიტიკური უწყისები, აგრეთვე პირველადი სააღრიცხვო და საგადასახადო დოკუმენტაცია, მათ შორის: იმპორტის საბაჟო დეკლარაციები; ადგილობრივი შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტები; სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები; სალარო აპარატის ჩეკები; დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები; საბანკო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია; სხვა დამხმარე სააღრიცხვო ინფორმაცია. თავად საგადასახადო შემოწმების აქტში დადასტურებულია, რომ „საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია“ და რომ „გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან“.

შემოწმების შემდგომ მომჩივნის მიერ დამატებით განხორციელდა წარდგენილი დოკუმენტაციის სრულმასშტაბიანი ანალიტიკური დამუშავება: თითოეული დოკუმენტური რეალიზაცია დაუკავშირდა შესაბამის შეძენილ საქონელს, განისაზღვრა რეალიზაციისას ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულება და გამოთვლილ იქნა ფაქტობრივი კომერციული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა საშუალოდ 35%. კერძოდ, შესყიდვებში ყველაზე დიდი წილის მქონე საქონლის - შარვლის (51%) დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 33%-ს, ხოლო ქურთუკის (წილი - 11%) - 38%-ს. ანალიზი ეფუძნება რამდენიმე ასეულ დოკუმენტურად იდენტიფიცირებულ რეალიზაციას (მაგალითად, 29.09.2025 №A---, 18.10.2025 №A---, 14.11.2025 №A--- და 11.12.2025 №A--- დეკლარაციებთან დაკავშირებული ოპერაციები). აღნიშნული ანალიზი წარდგენილი იყო როგორც შემოწმების, ისე დავის განხილვის ეტაპზე.

მიუხედავად ამისა, საგადასახადო ორგანომ შემოწმების აქტში მიუთითა, რომ „რეალიზებულ პროდუქციაზე, შემმოწმებლების მიერ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, ვერ მოხდა დაკავშირება გაწერილ ზედნადებებსა და იმპორტირებულ პროდუქციასთან“ და რომ „საქონლის სახეობების ერთმანეთთან დაკავშირება ვერ ხერხდება“, რის საფუძველზეც გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და დამატებითი ბრუნვის განსაზღვრისას საფუძვლად დაუდო „აუდირებული ფასნამატი - საშუალოდ 54%“.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა არაპირდაპირი მეთოდით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი ეს წინაპირობა არ არსებობდა: წარდგენილი იყო სრული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტური ანალიზი, რომლითაც დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა პირდაპირი მეთოდით სრულად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

საგადასახადო ორგანომ უგულებელყო პირდაპირი მტკიცებულებები და გამოიყენა შეფასებითი ვარაუდი. საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები: რა საქონელი იქნა შეძენილი (იმპორტის დეკლარაციები), რა საქონელი იქნა რეალიზებული (ზედნადებები, სალარო აპარატის მონაცემები), რა თვითღირებულება ჩამოიწერა და რა იყო ფაქტობრივი ფასნამატი. ამის მიუხედავად, დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულ იქნა განზოგადებული „54%-იანი“ ფასნამატი, რომელიც წარმოადგენს შეფასებით დაშვებას და არა დოკუმენტურ შედეგს. სადაც არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება ჩაანაცვლოს იგი შეფასებითი მოდელით.

„აუდირებული ფასნამატი - საშუალოდ 54%“ დაუსაბუთებელია. არც შემოწმების აქტში და არც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული: რატომ 54%; რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა; რა ეკონომიკური მონაცემები და რა შედარებითი ანალიზი დაედო საფუძვლად; რომელი ანალოგიური გადამხდელების მონაცემები იქნა შესწავლილი და რა გაანგარიშებით. ასეთი მაჩვენებელი არის არაგამჭვირვალე, გადაუმოწმებადი და თვითნებური შეფასებითი ინდიკატორი, რომელიც ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის კანონიერი საფუძველი. თავად საგადასახადო ორგანოს ჩატარებული ინვენტარიზაცია ადასტურებს აღრიცხვის სანდოობას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ფაქტობრივი ნაშთი (210 845 ლარი საბაზრო ღირებულებით, 20.02.2026) წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სააღრიცხვო მონაცემებთან ერთად იძლეოდა საქონელბრუნვის დოკუმენტურად დადგენის სრულ შესაძლებლობას. წინააღმდეგობრივია საგადასახადო ორგანოს მიდგომა: ინვენტარიზაციის შედეგი დარიცხვის ამოსავალ წერტილად გამოყენებულია, ხოლო იმავე სააღრიცხვო სისტემიდან მომდინარე დოკუმენტური ფასნამატი - უარყოფილი, ისე რომ მისი მცდარობა არც ერთი კონკრეტული ოპერაციის მაგალითზე არ დასაბუთებულა. დარღვეულია შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“) მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ხდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატის კორექტირება, აღნიშნული მეთოდის მიმდევრობა პირველ რიგში ითვალისწინებს გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებას, შემდგომ - მიმდინარე კონტროლის ფასნამატს და მხოლოდ ამის შემდეგ - სხვა შემმოწმებლის ფასნამატს.

მოცემულ შემთხვევაში ეს თანმიმდევრობა დარღვეულია: გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი საერთოდ არ იქნა გამოყენებული და პირდაპირ იქნა შერჩეული შეფასებითი მაჩვენებელი. დარღვეულია ობიექტურობის, სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების პრინციპები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო 96-ე მუხლით - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის გადამხდელის სასარგებლო გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში ორგანომ მიიღო დოკუმენტაცია, სააღრიცხვო მონაცემები და ანალიტიკური ინფორმაცია, თუმცა მათ არსებითი შეფასება არ მისცა და გადაწყვეტილება დააფუძნა ვარაუდს. დარღვეულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქმე №ბს-99(კ-22)) დადასტურებულია, რომ როდესაც გადამხდელი წარადგენს განმარტებებსა და დოკუმენტურ ანალიზს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს მათ არსებითი შეფასება; მტკიცებულებათა უგულებელყოფა მხოლოდ ზოგადი მითითებით დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში ეს სტანდარტი დარღვეულია როგორც შემოწმების, ისე დავის განხილვის ეტაპზე. №15370 ბრძანების (08.07.2026) მოტივაცია უსაფუძვლოა. შემოსავლების სამსახური ორმაგ სტანდარტს იყენებს კატეგორიის დონის ანალიზის მიმართ.

ბრძანებაში მითითებულია, რომ შეძენებისა და რეალიზაციების დაკავშირება ვერ მოხდა, რადგან „გადამხდელს ჰქონდა ერთი დასახელების სხვადასხვა ფასიანი საქონელი“, ზედნადებებში კი საქონელი „განზოგადებულად იყო წარდგენილი (მაგ.: შარვალი, მაისური)“. ამავდროულად, თავად შემოწმებამ დარიცხვა განახორციელა „ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატით - კატეგორიის შესაბამისად“. გამოდის, რომ კატეგორიის დონეზე განზოგადება დასაშვებია, როდესაც იგი დარიცხვას ემსახურება (54%), და დაუშვებელია, როდესაც გადამხდელის დოკუმენტური მონაცემებით გამოთვლილ ფასნამატს ადასტურებს (შარვალი - 33%, ქურთუკი - 38%, საშუალოდ - 35%). ერთი და იმავე მეთოდოლოგიური მიდგომის მიმართ ასეთი შერჩევითი დამოკიდებულება თვითნებურია: თუ კატეგორიის დონის ანალიზი სანდოა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს გადამხდელის დოკუმენტებზე დაფუძნებულ მაჩვენებელს, ხოლო თუ სანდო არ არის - მაშინ არც 54%-იანი „აუდირებული ფასნამატის“ გავრცელებაა დასაშვები.

ცალკეული შედარების უკიდურესი გადახრები (-200%, +300%) ადასტურებს შედარების ხარვეზს და არა დოკუმენტაციის გამოუსადეგარობას. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ცალკეულ პოზიციებზე მიღებული ფასნამატი „-200% და +300%“ იყო. ფასნამატი მათემატიკურად ვერ იქნება -100%-ზე ნაკლები (ეს უარყოფით სარეალიზაციო ფასს ნიშნავს); ასეთი შედეგის მიღება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული შედარებისას ერთმანეთს დაუკავშირდა არასწორი პოზიციები (განსხვავებული სახეობა, ზომითი რიგი ან პარტია). სწორედ ამიტომ, ცალკეული პოზიციური გადახრების არსებობა ვერ აქარწყლებს მთლიან დოკუმენტურ ანალიზს, რომელიც აგებულია სრული პერიოდის ნაერთ მონაცემებზე და იძლევა შეწონილ საშუალო ფასნამატს 35%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ თავად შემოწმების მიერ გამოყენებული „54%“ ასევე საშუალო მაჩვენებელია - ე.ი. გასაშუალოება მეთოდოლოგიურად თავად საგადასახადო ორგანოსთვისაც მისაღებია. მტკიცება, თითქოს რეალიზაციები აღრიცხული არ იყო, ეწინააღმდეგება საქმის მასალებს. მომჩივნის აღრიცხვის ძირითადი სისტემა თავიდანვე იყო Excel (ეს დაფიქსირებულია 2026 წლის 26 თებერვლის ახსნა-განმარტებაში), სადაც სისტემურად და ქრონოლოგიურად აისახებოდა შეძენის, იმპორტის, ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული რეალიზაციის და სალარო ოპერაციები. სწორედ ამ მონაცემთა ბაზა, ამონაწერები და რეპორტები გადაეცა შემმოწმებლებს ოფიციალურად, რასაც თავად აქტიც ადასტურებს. შესაბამისად, ბრძანებაში ბუღალტრული პროგრამის (ორისის) არასრულყოფილებაზე მითითება საქმისთვის არსებით გარემოებას ვერ ქმნის - დაბეგვრის ობიექტის დადგენისთვის საკმარისი პირველადი დოკუმენტაცია და სააღრიცხვო მონაცემები სრულად იყო ხელმისაწვდომი. მტკიცება, თითქოს მომჩივანი „ვერ უთითებს“ კონკრეტულ გარემოებებზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. საჩივრებში ზუსტად იყო მითითებული: (ა) რომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები; (ბ) რომ 54%-იანი ფასნამატი დაუსაბუთებელია; (გ) წარდგენილი იყო დოკუმენტური ანალიზი კონკრეტული გაანგარიშებებით (მაგალითად, ინვენტარიზაციისას დაფიქსირებული შარვლის 7 919 ერთეული, ჯამური სარეალიზაციო ფასით 98 200 ლარი, რომელთა შეძენა იდენტიფიცირებულია კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციებთან). №15370 ბრძანებაში არც ერთი ამ გაანგარიშების მცდარობა კონკრეტულად არ არის ნაჩვენები - საბჭო შემოიფარგლა შემოწმების პოზიციის განმეორებით, რაც ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა არსებით შეფასებად. ბრძანებაში მითითებული ნორმები თავად გამორიცხავს დარიცხვის მართლზომიერებას. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დარიცხვის უფლებას მხოლოდ მაშინ, თუ პირი „არ წარადგენს“ საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას/ინფორმაციას.

მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა და გადამხდელის თანამშრომლობა თავად შემოწმების აქტშივეა დადასტურებული. შესაბამისად, ამ ნორმებზე მითითება მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში დარიცხვის კანონიერებას ვერ ასაბუთებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები; გაუქმდეს შემოწმების აქტით განსაზღვრული ყველა დამატებით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი სრულ მოცულობაში; საქმის განხილვისას არსებით მტკიცებულებად შეფასდეს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური რეალიზაციების ანალიზი, რომლითაც დადგენილია ფაქტობრივი საშუალო ფასნამატი - 35%.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2026 წლის №83219-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, რომ მეწარმე აღრიცხვას ახორციელებს ექსელში, ბუღალტრული პროგრამა (ორისი) წარადგინა და განმარტა, რომ არასრულყოფილი იყო და უმჯობესი იქნებოდა თუ ექსელით იხელმძღვანელებდნენ (მხოლოდ საქონელი ჰქონდა აღრიცხული, ისიც არასწორი თვითღირებულებებით, არანაირი რეალიზაციები და არანაირი ჩამოწერები არ ჰქონდა). ამასთან, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. საბოლოოდ, არც ინვოისები წარადგინა სრულად. წარდგენილი ინფორმაციის, ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავებისა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დგინდება, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული შემოსავალი. ანუ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით.

შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, ვერ მოხდა შეძენილი საქონლისა და რეალიზებული (ზედნადებებით) საქონლის დაკავშირება, რადგან მომჩივანს ჰქონდა ერთი დასახელების სხვადასხვა ფასიანი საქონელი სხვადასხვა სახეობები, ზედნადებებში კი განზოგადებულად იყო წარდგენილი (მაგ.: შარვალი, მაისური).

შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და აღნიშნულ საკითხში გარკვევა, ანუ, თვითონ დაეკავშირებინა რეალიზაციები და შეძენები ერთმანეთს ფასნამატის დასადგენად. წარდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმაც ვერ დააიდენტიფიცირა ზუსტად შეძენა-რეალიზაციები (ფასნამატი ზოგიერთზე -200% და +300% იყო). ასევე, ვერ დააიდენტიფიცირა ინვენტარიზაციის შედეგების თვითღირებულებები. შესაბამისად, ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მიწოდებული ინფორმაციით ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი.

შედეგად, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 42 589 ლარს (დღგ-ის ბრუნვა) და ამას დამატებული დისტრიბუციის ნაწილი, რომლიდანაც წარმომადგენელი ვერ მიჯნავს რეალურად რა ნაწილია რეალიზებული.

საგადასახადო ორგანოს მიერ კი დაითვალა დღგ-ის ბრუნვა და შეადგინა 1 155 716 ლარი. ვერც საგადასახადო ორგანოს და ვერც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ ვერ მოხდა შეძენების, რეალიზაციების და ინვენტარიზაციის შედეგების დაკავშირება თვითღირებულების დასადგენად.

საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მსგავს ადგილზე დაფიქსირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა შემოსავალს, ანუ სმფ-ის ნაშთი იმაზე ნაკლები აღმოაჩნდა ვიდრე მომჩივანმა განაცხადა. შესაბამისად, თავისი 35%-იანი ფასნამატი რეალურ რეალიზაციასთან მიმართებით არასწორია, სრულ რეალიზაციასთან მიმართებით 35%-ის ნაცვლად გაცილებით ნაკლები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 6%-ს, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ნაშთების აღრიცხვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, გავრცელებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის არსებული ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი კატეგორიის შესაბამისად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, ვინაიდან გადამხდელს აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, შემოწმების მიერ დაკორექტირდა მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%, ხოლო თუ დასაბეგრი პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე, პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განესაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 90 (1,2,3); 93 11.