ბრძანება N 10878

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 15.05.2026
№ დოკუმენტი 10878
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10878

15 მაისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2026 წლის 27 იანვრის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმი №29 და №34) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 27 იანვრის №100371/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასა და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-603 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ „---------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28736 ბრძანება და ამავე თარიღის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 839 514 ლარი, მათ შორის, გადასახადი 488 914 ლარი, ჯარიმა 237 361 ლარი, საურავი 113 239 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროა ექსკლუზიური სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა ონლაინ მაღაზიისა და აგენტების ქსელის (რეგიონალური ცენტრები) გამოყენებით. კომპანია დამოუკიდებლად ყიდულობს საქონელს ძირითადად თიზ-ში რეგისტრირებული პირისგან.საქონელი ბუღალტრულ პროგრამაში აღირიცხება ბალანსზე (1610 ანგარიშებზე). საქონლის სარეალიზაციოდ კომპანია იყენებს ელექტრონულ პლატფორმას (ონლაინ მაღაზიის საშუალებით) და რეგიონალურ ცენტრებს, კერძოდ, აგენტების ქსელს. აგენტების მიერ საქონლის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. საქონელი გადამხდელის ბალანსზე რჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება. ანგარიშსწორებისთვის კი გამოიყენება გადამხდელის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატები, პოს ტერმინალები და საბანკო გადარიცხვები. აგენტების მომსახურება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს მყიდველების მართვასა და მოძიებაზე მიმართული საქმიანობის ფართო სპექტრს, კერძოდ, პრეზენტაციების მოწყობას პოტენციური მყიდველებისთვის და სხვა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში გადამხდელი მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასებისა და სხვა საშუალებებით. პირების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ფასდება საწარმოს კუთვნილი შიდა აღრიცხვის პროგრამით (IVS), რომლის საშუალებით ხორციელდება გადასახდელი თანხების გენერირება. ჯამში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურება შეადგენს 1 869 953 ლარს, ხოლო გადახდილია 1 808 459 ლარი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად რეგისტრირების, საქმიანობის განახლების, გადამხდელის მიერ მომსახურების სანაცვლოდ ჩარიცხული თანხებისა და ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების პერიოდები, ასევე, აღნიშნული პირების მიერ მიღებული შემოსავლების დეკლარირების საკითხი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ/მცირე მეწარმედ რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს. ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ გადამხდელისგან მიღებულ თანხებს. აღნიშნული პირები ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ფიქსირდებიან გადამხდელის დაქირავებულ პირებად და კომპანიის აგენტი საწარმოების დირექტორებად (რეგიონალური ცენტრების მიხედვით). საგადასახადო შემოწმების პროცესში, შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ ფ/პ „-------“ და ფ/პ „-------“ 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან გადამხდელის აგენტი საწარმოების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და გადამხდელის მიერ ჩათვლილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. ვინაიდან, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-603 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივარის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „--------“ (ს/ნ „---------“) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 14 მაისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 27 იანვარს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „--------“ (ს/ნ „---------“) საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი საქონლის სარეალიზაციოდ იყენებს ელექტრონულ პლატფორმას (ონლაინ მაღაზიის საშუალებით) და რეგიონალურ ცენტრებს, კერძოდ, აგენტების ქსელს. აგენტების მიერ საქონლის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. საქონელი გადამხდელის ბალანსზე რჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება. ანგარიშსწორებისთვის კი გამოიყენება გადამხდელის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატები, პოს ტერმინალები და საბანკო გადარიცხვები. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში გადამხდელი მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასებისა და სხვა საშუალებებით. პირების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ფასდება საწარმოს კუთვნილი შიდა აღრიცხვის პროგრამით (IVS), რომლის საშუალებით ხორციელდება გადასახდელი თანხების გენერირება. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს. ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ გადამხდელისგან მიღებულ თანხებს. აღნიშნული პირები ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ფიქსირდებიან გადამხდელის დაქირავებულ პირებად და გადამხდელის აგენტი საწარმოების დირექტორებად (რეგიონალური ცენტრების მიხედვით). ასევე, შემოწმებისას შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. შედეგად, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი მიუთითებს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან დადებული მარკეტინგული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები არ მიეკუთვნება შრომით ხელშეკრულებას, რადგან ხელშეკრულების საგანი მოიცავს კონკრეტულ დავალებას იმ საქმიანობის შესახებ, რომლის შესრულებასაც კონტრაქტორი იღებს კლიენტის (შპს „-------“) მოთხოვნით და მიზნად ისახავს კლიენტის პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვების ტერიტორიის სტიმულირებას, შენარჩუნებასა და გაფართოებას, ასევე, კლიენტის პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდას. ხელშეკრულების მხარეებს აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი უფლებები/ვალდებულებები და დამოუკიდებლად მოქმედებენ მათ შესასრულებლად. განმარტავს, რომ გადამხდელი არ აკონტროლებს კონტრაქტორების მიერ მომსახურების გაწევაზე დახარჯულ დროს, ხოლო კონტრაქტორები არ ექვემდებრებიან კომპანიის სამუშაო რეგულაციებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ არის ფიქსირებული ხელფასი და დამოკიდებულია მხოლოდ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. ამასთან, გადამხდელი აწარმოებს მყიდველების, პარტნიორ ჯგუფებში შემავალი მხარეების და ყველა მყიდველის მიერ კომპანიის საქონლის შესყიდვის ჩანაწერებს. მყიდველების აღრიცხვა, ყველა მყიდველის მიერ შესყიდვების ჯამური რაოდენობა და კონტრაქტორის მომსახურების შეფასება ხორციელდება ავტომატურად, შიდა საინფორმაციო სისტემის გამოყენებით. აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის თანხის გადახდა არ ხდება წინასწარ, რაც განასხვავებს აღნიშნულ ურთიერთობას შრომითი ურთიერთობისგან. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს 2022 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდებზე გაწეული მომსახურების შემაჯამებელი ცხრილი, სადაც ასახულია ის პერიოდები, როდესაც კონტრაქტორებისთვის არ განხორციელებულა თანხის გადახდა (იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაქტორები არ აწვდიდნენ მომსახურებას), ასევე, სხვადასხვა კონტრაქტორებისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობა ერთი იგივე პერიოდზე. გადამხდელი დამატებით მიუთითებს, რომ კონტარქტორებზე არ ვრცელდება სამუშაო საათები და დასვენების დღეები, ასევე, ხელშეკრულება არ მოიცავს რაიმე დებულებას მომსახურების შეუსრულებლობისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. განმარტავს, რომ შემოწმებით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების 1%-ით დასაბეგრი შემოსავალი კვლავ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. აღნიშნულით ერთი და იგივე ოპერაციაზე ორმაგად განხორციელდა გადასახადების დარიცხვა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, თავდაპირველად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდნენ დაქირავებულ პირებს და ასევე, აგენტი კომპანიების დირექტორებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, შპს „------- -ს“ აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, ფ/პ „-------“-სა და ფ/პ „-------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ჩათვლების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასე განაცემად. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „---------“) საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „--------“ (ს/ნ „---------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-603 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, შპს „-------“ აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროა ექსკლუზიური სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა ონლაინ მაღაზიისა და აგენტების ქსელის გამოყენებით. კომპანია დამოუკიდებლად ყიდულობს საქონელს ძირითადად თიზ-ში რეგისტრირებული პირისგან.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში გადამხდელი მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან.

ჯამში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურება შეადგენს 1 869 953 ლარს, ხოლო გადახდილია 1 808 459 ლარი. დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ/მცირე მეწარმედ რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს. ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ გადამხდელისგან მიღებულ თანხებს. აღნიშნული პირები ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ფიქსირდებიან გადამხდელის დაქირავებულ პირებად და კომპანიის აგენტი საწარმოების დირექტორებად. გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.ფიზიკური პირები 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან გადამხდელის აგენტი საწარმოების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და გადამხდელის მიერ ჩათვლილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. ვინაიდან, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა, სსკ-ის 174-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

2.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები,გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,174,175,180,301(ე).