ბრძანება N 4815
📄 სრული ტექსტი
N 4815
02 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 28 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 28 იანვრის №100429/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №007-420 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების შეფასებას შინაარსობრივ ნაწილში, თუმცა განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მიერ განსაზღვრულისგან. კერძოდ, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების დაბეგვრისთვის მისადაგებულ გაცვლით კურსს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად ხელახლა გაიაროს საკითხი და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ შემოწმებას ნაშთი უნდა განესაზღვრა მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების სახელშეკრულებო და საბაზრო ფასებს შორის განსხვავებით გამოწვეული სხვაობით, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენს 253 117 ლარს და არა შემოწმების მიერ განსაზღვრულ 409 183 ლარს. ამასთან, მიუთითებს, რომ პარტნიორების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ნაშთი უნდა იყოს გაცილებით მეტი ვიდრე შემოწმების მიერ არის განსაზღვრული. მიუთითებს, რომ შემოწმებამ მხოლოდ გაითვალისწინა 199 379 ლარი, მაშინ როცა კომპანიაში დამატებით შეტანილია 1 677 309 ლარის ღირებულების აქტივი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ექსელის ფაილი. აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო სალაროს დასაბეგრი ნაშთის გაანგარიშება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს მოცემულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმებას. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კონკრეტულად რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიუთითებს შემოწმება. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხი გავლა განხორციელდეს შემმოწმებელთან ერთად კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებისა და დაბეგვრასთან/ჩათვლასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის იდენტიფიცირებით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შესაძლოა ტექნიკურად არ იყო დაცული დაწყვილების პროცედურა, თუმცა ჩასათვლელი თანხა იყო სათანადოდ კორექტირებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს მოცემულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწვავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიიჩნევს. განმარტავს, რომ კომპანიამ წარადგინა იჯარის ხელშეკრულებები სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება კომპანიის ადმინისტრაციული და საწარმოო მიზნებისთვის. კერძოდ, მიმდინარე და სამომავლო პროექტების ზედამხედველობის, მომარაგების, პერსონალის ტრანსპორტირებისა და სხვა მიზნებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს იჯარის ხელშეკრულებები. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №24640 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28844 ბრძანება და ამავე თარიღის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 251 203 ლარი, მათ შორის გადასახადი 714 126 ლარი, ჯარიმა 369 976 ლარი, საურავი 167 101 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------“ აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი ------- (ს/კ -------), ასევე მიმდინარეობს მეორე კორპუსის მშენებლობა ------- (ს/კ -------). ------- კორპუსიდან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 49 ბინა და 2 კომერციული ფართი. 2024 წელს აშენებული აქვს ავტოფარეხი და 2025 წლის აპრილიდან მიმდინარეობს კერძო სახლის მშენებლობა ------- (ს/კ -------), რომელიც დასრულდება 2026 წელს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და დადგინდა რომ შპს „-------“ არ აქვს სრულად დაბეგრილი ფართების რეალიზაციით მიღებული თანხები. ასევე, კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი და 1 ბინა, რომელზეც ხელშეკრულებით აფიქსირებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ სარეალიზაციო ფასებს, კერძოდ, ბინაზე 1 კვ.მ. 448 აშშ დოლარი, კომერციულ ფართებზე 1 კვ.მ. 382 და 450 აშშ დოლარი. შპს „-------“ მიერ წარმოდგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 ბინის და ორივე კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც რეალიზებული ბინის ღირებულებაა 1 კვ.მ 567 აშშ დოლარი და კომერციული ფართების 1 კვ.მ 834 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებების და საბუღალტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციის თანხები სრულად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა საბაზრო ფასით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელმა წერილობით მოითხოვა, რომ სხვაობა საბაზრო ფასებს და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასებს შორის განხილული ყოფილიყო როგორც მიღებული თანხა და განხორციელებულიყო კაპიტალში შენატანის გამოქვითვა. 2024 წლის 5 მარტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შემოტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს.კ. -------, მდებარე -------, -------). დამფუძნებელი ფიზიკური პირები ფლობდნენ საწარმოს 50-50%-იან წილებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეძენილია დამფუძნებლების მიერ აუქციონზე 2010 და 2021 წლებში. ასევე მიწის ნაკვეთის (და მასზე მდგომი შენობანაგებობის) კაპიტალში შემოტანამდე და შემოტანის შემდეგაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, კერძოდ ფართი იჯარითაა გაცემული შპს „-------“. საწესდებო კაპიტალში შეტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მიწაზე არსებული შენობანაგებობის დემონტაჟი და აღნიშნულ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უძრავი ქონების კაპიტალში შემოტანის ოპერაცია, წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს არ აქვთ საქონლის მიწოდებად განხილული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის გათვალისწინებით, არაფულადი შენატანის (მიწის) სახით საწესდებო კაპიტალის ოდენობად შემოწმებით განისაზღვრა დამფუძნებლების მიერ უძრავი ქონების თავდაპირველი შეძენის ღირებულება. შპს „-------“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმების მიერ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და და ხარჯში დამატებით გამოქვითულია კაპიტალში შენატანი (ფულადი 85 374 ლარი და არაფულადი 199 379 ლარი) და სალაროს გონივრული ნაშთი 17 444 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის აგვისტოში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შპს „-------“ სრულად არ აქვს განაშთული მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გაორმაგებულად ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის და ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, სრულად არ აქვს ასახული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები. შემოწმებით საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩათვლილი თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. შპს „-------“ შეძენილი აქვს 100 162 ლარის საწვავი, კერძოდ, ბენზინი პრემიუმი. ამასთან, კომპანიას ბალანსზე არ უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალება. კომპანიის მიერ არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ აღნიშნული დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, ასევე შეუმცირდა აღნიშნულ საქონელზე მიღებული ჩათვლები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ და „რ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ, ასევე საჩივრის ზეპირ განხილვაზე გაცხადებულ პოზიციასთან მიმართებით, რომლითაც ეთანხმება შემოწმების შეფასებას შინაარსობრივ ნაწილში, თუმცა არ ეთანხმება შემოწმების გაანგარიშებას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების დაბეგვრისთვის მისადაგებულ გაცვლით კურსს და ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლის შესაძლებლობა, რომლის შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი ინფორმაცია, სადაც შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ბინისა და კომერციული ფართების ღირებულება დოლარში ემთხვევა შემოწმებით გათვალისწინებულ ექსპერტიზით დადგენილ საბაზრო ფასებს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციით დასაბეგრი ბაზის სხვაობა გამოწვეულია ბინების რეალიზაციაზე არასწორი დოლარის კურსის მისადაგებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ კალკულაციაში გამოყენებული აქვს ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის კურსი, ხოლო შემოწმებით გამოყენებულია ნასყიდობის ხელშეკრულების (ბინის და კომერციული ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემის მომენტი) თარიღების დროს არსებული კურსი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული კურსის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები დაუსაბუთებელია, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილის თანახმად:
1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.
7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მოითხოვა საწარმოს კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის გათვალისწინება კაპიტალის ღირებულებაში და აღნიშნულის გათვალისწინებით ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობანაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირების საკითხის გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლის შესაძლებლობა, რომლის შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი ინფორმაცია, სადაც შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ საკითხის გავლისას გადასახადის გადამხდელი დარწმუნდა, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხები სწორად არის გაანგარიშებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ გააჩნია და დავის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულება ოთხ სატრანსპორტო საშუალებაზე. შემოწმებამ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა რომ აღნიშნული ავტომობილების გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის არ დასტურდება შემდეგი მიზეზების გამო: მსუბუქი ავტომობილების იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებულია ფიზიკურ პირებთან, იჯარის ღირებულება თვეში შეადგენს 500 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აღებული ავტომობილებით განხორციელებული საქონლის ტრანსპორტირება ფიქსირდება მხოლოდ 12 სასაქონლო ზედნადებებში, ამასთან, პირის მიერ არ იქნა წარდგენილი საწვავის ჩამოწერის აქტები. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საჩივრის დანართად წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებები ცნობილი იყო შემოწმებისთვის, წარდგენილ იყო შემოწმების პროცესშიც, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტები გავლენას ვერ მოახდენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებაზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების დაბეგვრისთვის მისადაგებული გაცვლითი კურსი.
2. არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება.
4. საწვავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის და კერძო სახლის მშენებლობა. შემოწმების მიერ დადგინდა რომ მომჩივანს არ აქვს სრულად დაბეგრილი ფართების რეალიზაციით მიღებული თანხები. კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი და 1 ბინა, რომელზეც ხელშეკრულებით აფიქსირებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ სარეალიზაციო ფასებს. მომჩივანის მიერ აღნიშნულზე წარმოდგენილია საბაზრო ღირებულების ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც რეალიზებული ბინის ღირებულება აღემატება ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ღირებულებას. სხვაობა ნასყიდობის ხელშეკრულებების და საბუღალტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციის თანხებს შორის სრულად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა საბაზრო ფასით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შემოტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთის (და მასზე მდგომი შენობანაგებობის) კაპიტალში შემოტანამდე და შემოტანის შემდეგაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, კერძოდ ფართი იჯარითაა გაცემული. უძრავი ქონების კაპიტალში შემოტანის ოპერაცია, წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს არ აქვთ საქონლის მიწოდებად განხილული. შემოწმებით განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და და ხარჯში დამატებით გამოქვითულია კაპიტალში შენატანი და სალაროს გონივრული ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3. მომჩივანს სრულად არ აქვს განაშთული მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გაორმაგებულად ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის და ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, სრულად არ აქვს ასახული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები. შემოწმებით საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩათვლილი თანხა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
4. მომჩივანს შეძენილი აქვს საწვავი, კერძოდ, ბენზინი პრემიუმი. ამასთან, კომპანიას ბალანსზე არ უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალება. კომპანიის მიერ არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, ასევე შეუმცირდა აღნიშნულ საქონელზე მიღებული ჩათვლები. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 982(1) 101; 154; 159; 163; 164; 175; 176; 179