გადაწყვეტილება №26145/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26145/2/2025
24 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 7.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26145/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 335 470,65 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 195 446,9
დღგ - 180 338,66
საშემოსავლო გადასახადი - 15 108,24
ჯარიმა - 96 844,4
საურავი - 43 179,35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა წვრილმანი საქონლის რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს ქ. ---- მდებარე მაღაზიაში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.05.2009 წელს. დღგ-ის გადამხდელია 10.10.2022 წლიდან, ხოლო 1.07.2022 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 25.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა ჯამში შეადგენს 649 054 ლარს. მომჩივანთან 25.06.2025 წელს ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა. საქონელის თითქმის სრულად რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად დასაბეგრი შემოსავალი, კერძოდ, გაიზარდა როგორც 1%-იანი, ისე 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23354 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 89-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე3 ნაწილზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა წვრილმანი საქონლით. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებული იყო დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 58%. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა როგორც 1%-ით, ისე 3%-ანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა აღწერილი სმფების ფასნამატის დადგენა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული სმფ-ების შეძენილ საქონელთან იდენტიფიცირება. ამდენად, შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშდა აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და სმფ-ების ფაქტობრივსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 ოქტომბრიდან. შესაბამისად, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია, ვალდებულია აღრიცხოს რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შესაბამისად, სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის შესამოწმებელ პერიოდში აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად მიჩნევა მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში ი/მ---ს მიერ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ჯამში 29 220 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ფასნამატების გაანგარიშებისას დაკავშირებული დოკუმენტების ღირებულება შეადგენს 9 012 ლარს, რაც შემოწმებით რეალიზებული საქონლის 0,5% შეადგენს.
ამასთან, გაანგარიშების ცხრილი შეიცვას მნიშვნელოვან შეუსაბამობებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფასნამატის გაანგარიშებისას დოკუმენტები დაკავშირებულია შეცდომით, კერძოდ რეალიზაციის დოკუმენტის თარიღი უფრო ადრეა, ვიდრე შეძენის დოკუმენტების.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის პოზიცია ფასნამატებთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია და მისი გამოყენება მართებულია მცირე ბიზნესის სტატუსის ქონე პირების მიმართ. ისმევა კითხვა მაშინ რა მნიშვნელობა ქონდა ამ სტატუსის შემოღებას? მცირე ბიზნესისათვის გამარტივებული დაბეგვრის წესის შემოღების მიზანი იყო რამდენიმე ეკონომიკური და ადმინისტრაციული ამოცანის გადაჭრა. მთავრობამ ეს სისტემა იმისათვის შემოიღო, რომ ხელი შეეწყო მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის და ბიზნესი ლეგალურ გარემოში გადმოსულიყო.
- პირველი მიზანი გახლდათ: მცირე ბიზნესის წახალისება, მცირე ბიზნესი ეკონომიკის ერთ-ერთი საფუძველია, მაგრამ მათ ხშირად უჭირთ საგადასახადო და საბუღალტრო ვალდებულებების შესრულება (ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ა.შ.), ამიტომაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიჩნია, რომ გამარტივებული რეჟიმი ამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს და აძლევს სტარტაპებსა და მცირე მეწარმეებს საქმიანობის დაწყების სტიმულებს.
- მეორე მიზანი გახლდათ: „ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება“, რაც გამოიხატა შემდეგში: საერთო რეჟიმში მყოფი ბიზნესს უჭირს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; საშემოსავლო/მოგების გადასახადის, დღგ-ის, ქონების გადასახადების გამოთვლა და მისი დეკლარირება. ხოლო მცირე ბიზნესის შემთხვევაში ეს ყველაფერი გამარტივებულია, გადასახადი გამოითვლება მხოლოდ ბრუნვის პროცენტით, რაც მარტივია და გამჭირვალეა.
- მესამე მიზანი გახლდა „ეკონომიკური ფორმალიზაცია“ - ბევრი მცირე მეწარმე ვერ რეგისტრირდებოდა ოფიციალურად რადგანაც თავიდან აეცილებინა ზედმეტი ბიუროკრატია და რთული გადასახადები, აღრიცხვის წესები, ხოლო გამარტივებულ რეჟიმში კი იხდის დაბალ გადასახადს (1% ან 3% და 100 000 ბრუნვის ზემოთ 18%-იანი განაკვეთით დღგ-ს). აღნიშნული შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესი გამოვიდეს ჩრდილოვანი არეალიდან და დაიწყოს კანონიერად ფუნქციონირება.
- მეოთხე მიზანი გახლდათ: დასაქმებულთა ზრდა;
- მეხუთე მიზანი გახლდათ საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება სახელმწიფოსათვის. რომ შევაჯამოთ მცირე ბიზნესი არ აწარმოებს სრულ ბუღალტერიას. აღრიცხვის წარმოება ხდება გამარტივებულად და შეუძლია იგი აწარმოოს ელექტრონულად ექსელის ფორმატში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით).
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ საგადასახადო კანონმდებლობა გამარტივებული წესით არეგულირებს შემდეგ საკითხებს, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად დადგენილია მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლის წესები:
1. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა; ბ) დათვალიერება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა; დ) ქრონომეტრაჟი; ე) ინვენტარიზაცია.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანებით დამტკიცებულია ინსტრუქცია „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“, სადაც მე-16 მუხლის თანახმად დადგენილია შემდეგი:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. ისმევა კითხვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელს, როდიდან წარმოექმნება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა, რაზედაც პასუხი მოცემულია №999 ინსტრუქციის მე-17 მუხლში, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
მუხლი 17. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას სასაქონლო მარაგების აღრიცხვა: „მცირე ბიზნესს სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უფლება აქვს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, იგი უფლებამოსილია სტატუსის გაუქმების მომენტისთვის არსებულ სასაქონლო მარაგების ნაშთებზე გაწეული ხარჯი, რომელზედაც გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან“.
ე.ი საქართველოს საგადასახადო კოდექსით აღრიცხვა მცირე მეწარმეს ევალება, როდესაც, მას გაუუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი, შესაბამისად გაუქმებამდე აღრიცხვა უნდა აწარმოოს გამარტივებული წესით, კერძოდ: ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგი: „მცირე ბიზნესის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია“
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად და დადგენილ ადაში.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი, რომელზეც უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ დადგენილი წესის შესაბამისად, თუ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. ინსტრუქციის დანართი №3-ის პირველი მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგი:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე 5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.
2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის. 3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა. 4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.
6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.
7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. დანართი №3-ის მე-2 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგი:
1. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ყდაზე ინსტრუქციის დანართის პირველ გვერდზე მოცემული წესით მიეთითება:
ა) კალენდარული წელი, რომელ წელსაც მოხდა ჟურნალის გახსნა; ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი; გ) საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) მცირე ბიზნესის სერტიფიკატის ნომერი; ე) განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე; ვ) საქმიანობის ადგილის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის პირველ სვეტში მიეთითება ოპერაციის რიგითი ნომერი.
3. ჟურნალის მე-2 სვეტში მიეთითება შეძენილი საქონლის დასახელება ან/და მიღებული მომსახურების სახე.
4. ჟურნალის მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული. ეს სვეტი მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება. 5. ჟურნალის მე-4 სვეტში მიეთითება შესყიდული საქონლის ოდენობა. ეს სვეტი მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება.
6. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მე-5 სვეტში მიეთითება ხარჯის გაწევის თარიღი.
7. ჟურნალის მე-6 სვეტში აისახება გაწეული ხარჯი თანხობრივ გამოსახულებაში.
8. ჟურნალის მე-7 სვეტის შევსება სავალდებულო არაა. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში იგი მიუთითებს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დასახელებას (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა), ნომერს და თარიღს.
9. ჟურნალის მე-8 სვეტში (შენიშვნა) მითითება კეთდება შეცდომის დაშვების შემთხვევაში ან გადამხდელის გადაწყვეტილებით რაიმე მინიშნების გაკეთების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მე-16 მუხლით დადგენილია აღრიცხვის გამარტივებული წესით წარმოება, ხოლო მე-17 მუხლით კი განსაზღვრულია, რომ სასაქონლომატერიალური მარაგების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელს უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი.
სამწუხაროდ ამ საკითხებზე მსჯელობას თავი აარიდა შემოსავლების სამსახურმა თავის ბრძანებაში. ალბათ არ ჰქონდათ შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები. ი/მ--- აღრიცხვას აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით ჟურნალს უვადო წესით. შესაბამისად ნათელია, რომ არ დაურღვევია აღრიცხვის წესები, რის გამოც ამ კუთხით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ვალდებულება არ არსებობდა. თუ დავუშვებთ, რომ შემოწმებას გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი მას უნდა გაეთვალისწინებინა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 აპრილის №5568 ბრძანების მოთხოვნები - „საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
14.3 მუხლი - 3. აუდიტორის უფლება, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს მას თვითნებური შეფასებების უფლებამოსილება გააჩნდეს. აუდიტორის გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. თუ გადამხდელს ეფექტური სააღრიცხვო სისტემა გააჩნია, თანმხლები დოკუმენტაციით, თუმცა დოკუმენტები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ეს არ უნდა იყოს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების საფუძველი. აგრეთვე, გადამხდელის მიერ ბუღალტრულ ჩანაწერებში ცალკეული ოპერაციებისა გამოტოვება, რომელიც გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით, არ შეიძლება უპირობოდ სააღრიცხვო სისტემის არასანდოობაზე დასკვნის საფუძველი გახდეს, შესაბამისად, ამ ფაქტორის გამო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც არ იქნება გამართლებული. თუმცა, ამგვარი შეცდომები მინიშნებაა იმაზე, რომ გადასახადის გადამხდელის კონტროლის სისტემები სუსტია, და რომ აუდიტორს მეტი ყურადღება მოეთხოვება.
4. შესაძლებელია გადამხდელს გააჩნდეს უზადოდ შესრულებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა იგი არავითარ კავშირში არ იყოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, რა შემთხვევაშიც არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება იქნება საჭირო. ამიტომ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების წინ, აუცილებელია აუდიტორი კარგად გაეცნოს გადამხდელის საქმიანობას.
5. აუდიტორმა არაპირდაპირი მეთოდების ამოყენებით მიღებული შედეგები და გამოყენებული მეთოდები დეტალურად უნდა აღწეროს შემოწმების აქტში და დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი გზით განსაზღვრა, რა იყო მისი საფუძველი და აგრეთვე, თუ რატომ იქნა რომელიმე კონკრეტული მეთოდი გამოყენებული. შემოწმების აქტში აუდიტორმა უნდა მიუთითოს: შემოწმების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები; ყველა ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები რომლებსაც დაეყრდნო აუდიტორი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას; გადამხდელის ახსნა-განმარტებები; რა მეთოდები იქნა გამოყენებული; რატომ იქნა კონკრეტული არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული; შემოწმების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგები; აქამდე გამოყენებული პროცედურები და აუდიტის მეთოდები; ზედამხედველის კომენტარები (საჭიროების შემთხვევაში); გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია; დარგობრივი სპეციფიკის სახელმძღვანელოები; დასკვნები.
6. აუდიტორის პოზიცია გაძლიერდება, თუ იგი შეძლებს სავარაუდო დამალული შემოსავლები დაუკავშიროს რაიმე წყაროს, ან იმ სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობას, რომლიდანაც იგი წარმოიშვა, მაგალითად, შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს დასაბეგრი შემოსავლის შესაძლო წყაროები. აუცილებელი არაა კონკრეტულ წყაროზე ხაზის გასმა, საკმარისია დასახელდეს დასაბეგრი შემოსავლის შესაძლო წყაროები. რაც უფრო გამოაშკარავდება ეს შესაძლო წყაროები, მით უფრო სანდო იქნება არაპირდაპირი მეთოდის შედეგები. შესაძლო წყაროები შესაძლებელია გამოვლინდეს: ბუღალტრულ ჩანაწერებში კონკრეტული გამოტოვებებით; იმის მტკიცებით, რომ გადასახადის გადამხდელს არსებული რესურსებით უნდა გამოემუშავებინა უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე მას ჰქონდა დეკლარაციაში მითითებული; დროის მიხედვით შედარებებით.
7. საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენების დასაბუთება უნდა მომზადდეს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად. აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელოს 14.4 მუხლის შესაბამისად:
1. არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს აუდიტორი. არაპირდაპირი მეთოდი, რომელსაც აუდიტორი გამოიყენებს, უნდა შეესაბამებოდეს გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკას და უნდა იყოს დეტალურად განმარტებული როგორც შემოწმების აქტში, აგრეთვე შემოწმების პროგრამაში, თუ რატომ ხდება რომელიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენება.
2. მხოლოდ ერთი არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების ჩატარება ნაკლებად სანდოა. გარდა ძირითადი არაპირდაპირი მეთოდისა, აუდიტორმა შეიძლება გამოიყენოს სხვა არაპირდაპირი მეთოდები, რომელიც უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული და გადამხდელის კონკრეტული საქმიანობის შესატყვისი. გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდების შედეგების გასამყარებლად აუდიტორმა შესაძლებელია მოითხოვოს და ჩაატაროს გადამხდელის საქმიანობის ქრონომეტრაჟი.
3. არაპირდაპირი მეთოდის შერჩევისას აუდიტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: დარგი, ან ბაზრის სეგმენტი, რომელშიც გადასახადის გადამხდელი საქმიანობს; არის თუ არა სასაქონლო– მატერიალური მარაგები შემოსავლის მიღების ძირითადი წყარო; შესაძლებელია თუ არა მომწოდებლების დადგენა ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება თუ არა შეზღუდული რაოდენობის მომწოდებლებისგან; საქონლის ან/და მომსახურების ფასწარმოქმნა, წარმოების მოცულობა და პროდუქციის მრავალფეროვნება; გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ჩანაწერების არსებობა და სისრულე; გადასახადის გადამხდელის ურთიერთობა ბანკებთან; გადასახადის გადამხდელის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები; ფულის მიმოქცევის, შიგა კონტროლის შედეგების და დეკლარირებული ოპერაციების შესაბამისობა; აჭარბებს თუ არა გადამხდელის ხარჯები ერთობლივ შემოსავალს; აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება საანგარიშო პერიოდების მიხედვით; წმინდა კაპიტალის ცვლილება საანგარიშო პერიოდების მიხედვით; გადასახადისგან თავის არიდების შესაძლო ვარიანტები; გადამხდელის თავდაცვის საშუალებები.
აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელოს 14.7 მუხლის შესაბამისად: ფასნამატის მეთოდით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა ხდება შესამოწმებელი ბიზნესისთვის ტიპური კოეფიციენტების ან პროცენტების გამოყენებით, რის შედეგადაც დგინდება საგადასახადო ვალდებულების ფაქტობრივი ოდენობა. მეთოდი გულისხმობს გაყიდვების მთლიანი მოცულობის და/ან გაყიდვების ღირებულების ანალიზს და ფასნამატის გარკვეული პროცენტის მისადაგებას. გაყიდვების მთლიანი მოცულობის, გაყიდვების ღირებულების, მთლიანი და წმინდა მოგების შედარება ხდება იმავე დარგში ფუნქციონირებადი სხვა ბიზნესების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. აღნიშნული მონაცემების ბაზას წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საინფორმაციო
ბაზა. შემოწმების აქტით არ დასტურდება, რომ დაცულია აუდიტის სახელმძღვანელოთ დადგენილი წესები, ამ მიზეზითაც არაპირდაპირი მეთოდით განხორციელებული დარიცხვა სრულად არის გასაუქმებელი. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%. სხვა კომპანიების აუდირებული ფასნამატის გამოყენება არ უნდა განხორციელებულიყო, რადგანაც შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი იყო მყიდველებისათვის სასაქონლო ზედნადებები, რის შედეგადაც 30 ლარზე მეტი ღირებულების სასაქონლო ზედნადებებია გამოწერილი 710 პოზიციით (დანართი) შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა მეწარმის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით, რაც საქონლის კატეგორიების მიხედვით საშუალოდ დაახლოებით 20%-ს შეადგენს ნაცვლად 58%-სა.
აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ფასნამატის გაანგარიშებას ახდენენ კონკრეტული გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე, რაც ამ შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული. მტკიცებულების სახით წარმოადგენს რამდენიმე საქონლის ფასნამატის გაანგარიშებას (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე), რის შედეგადაც ნათელია, რომ გაანგარიშებული ფასნამატი 2,5-ჯერ მეტია შემოწმებით დადგენილთან შედარებით. შემმოწმებელთა მიერ გაგზავნილ იქნა ექსელის ფაილი „სამუშაო“ ფაილი (დანართი), რომელიც არასრულია, რადგანაც მასში მოცემულია მხოლოდ ის ინფორმაცია თუ როგორ იქნა შემოწმებით გადასახადი დაანგარიშებული და არ აქვთ მოცემული ინფორმაცია ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციიდან გამომდინარე შემოწმებით საქონელი 11 ჯგუფად აქვთ დაყოფილი, საიდანაც ერთი ჯგუფი აქვთ „სხვა“, რომელშიც ასახული აქვთ სავარაუდოთ ისეთი შეძენილი საქონელი, რომელიც ტანსაცმლის კატეგორიაში არ აქვთ გათვალისწინებული, დანართის სახით წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ შეძენილი აქვს სარემონტო მასალები, ძირითადი საშუალებები, მიღებული მომსახურეობა, რაც სასაქონლო ზედნადებებში იყო მოცემული, ასევე საქონლის შესაფუთი მასალები შემოწმებით რეალიზებულად არის ჩათვლილი, რაც არასწორია. ობიექტზე საგადასახდო ორგანოს არ აქვს გამოვლენილი საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე სამართალდარღვევა, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაციის შემცირების ფაქტს. ქრონომეტრაჟი არ განახორციელეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში შესაძლოა გაჩენილიყო ეჭვი, რომ არ ახდენდა რეალიზაციის თანხის სრულად დეკლარირებას. აქ ეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რაც შესაძლოა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არგუმენტად გამოყენებულიყო.
გარდა ზემოაღნიშნულისა მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის 25 ივნისს ჩაუტარდა ი/მ ----ს სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, შესაბამისად შემოწმებას უნდა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით საქონლის ზედმეტობა ან/და დანაკლისი და ამ კუთხით უნდა შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი და არ უნდა ჩაეტარებინათ კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას შეეძლო ფასნამატის გაანგარიშება განეხორციელებინა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, რადგანაც დადგენილიყო საქონლის სრული ნაშთი სარეალიზაციო ღირებულებით, ამ მონაცემებისათვის უნდა მიესადაგებინათ შეძენის ღირებულება და გამოიყვანდნენ რეალურ ფასნამატს, რომლის გავრცელებასაც განახორციელებდნენ, რაც არ გააკეთეს და გამოიყენეს სხვა კომპანიის დაუსაბუთებელი ფასნამატი.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა აღწერილი სმფ-ების ფასნამატის დადგენა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული სმფ-ების შეძენილ საქონელთან იდენტიფიცირება, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იდენტიფიცირება თავისუფლად იყო შესაძლებელი, მაგრამ აღნიშნული არ გააკეთეს შრომატევადი გახლდათ და მარტივი გზა გამოიყენეს და სხვა კომპანიის დაუსაბუთებელი ფასნამატი გამოიყენეს. შემოწმებით ფასნამატი გავრცელებული უნდა ყოფილიყო რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით, საწყის ნაშთს სმფ + შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შეძენილი საქონლის ღირებულება და გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა რეალურთან დაახლოებულ სურათი. ასეთი სახით გაანგარიშების შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაახლოებით სწორად განისაზღვრებოდა საგადასახადო ვალდებულებები. აუდიტის დეპარტამენტიდან წერილობით გამოითხოვა საგადასახადო შემოწმების მასალები, მათ შორის იმ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლის ფასნამატი იქნა გავრცელებული, რომ განესაზღვრა რამდენად ადეკვატურია მეწარმის საქმიანობასთან. მიღებული პასუხის მიხედვით, იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო, რასაც არ ეთანხმება, რადგანაც საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს, რომ გადასცენ საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, კერძოდ იმ კომპანიის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლის ფასნამატი იქნა გავრცელებული, რითაც მიეცემა საშუალება შეაფასოს რამდენად შეესაბამება იმ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა მეწარმის საქმიანობას, არის თუ არა შესადარისი აღნიშნული კომპანიის მეწარმესთან შედარება, როგორ იყო მათთან დაანგარიშებული ფასნამატი და ამ ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები, მათ შორის ფასნამატები საქონლის ჯგუფების სახეობების მიხედვით.
მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ ექნება შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია ფასნამატის მოცულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების მიხედვით დადგენილია: წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ნათელია, რომ არაპირდაპირი მეთოდით არ უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დღგ-ის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულად არის გასაუქმებელი. საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას არ ეთანხმებით დღგ-ის ნაწილში მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარე. არ უნდა გაზრდილიყო მცირე ბიზნესის სტატუსით დასაბეგრი შემოსავალი შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად. ამავდროულად არ უნდა განხორციელებულიყო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი ბრუნვის 1%-ის განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში (მცირე ბიზნესი) განხორციელებული დარიცხვა სრულად არის გასაუქმებელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან 10 პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2025 წლიდან მოქმედი რედაქციით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.
3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა. 7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი.
აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ-კ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეკლარაციის III ნაწილის შესაბამის სტრიქონებში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
გ) მე-17 სტრიქონში – მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის მიხედვით. ამ სტრიქონში ასახული თანხა ტოლია 18-21 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს საკასო მეთოდით და 18−22 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული 23– 24 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამი, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით;
დ) მე-18 სტრიქონში – ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი (საკონტროლოსალარო აპარატის ბრუნვა);
ე) მე-19 სტრიქონში − პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი;
ვ) მე-20 სტრიქონში − უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი (პოს-ტერმინალებით მიღებული შემოსავლის გარდა);
ზ) 21-ე სტრიქონში − სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი (მათ შორის, გაწეული მომსახურების ღირებულება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან), რომელიც არ არის ასახული 18-20 სტრიქონებში (ბარტერული ოპერაციით მიღებული შემოსავალი, ჩგდ-ით მიღებული შემოსავალი და სხვა);
თ) 22-ე სტრიქონში − საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საკომპენსაციო თანხა არ არის ანაზღაურებული მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით);
ი) 23-ე სტრიქონში − საანგარიშო პერიოდში შესამცირებელი დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაბეგრილია საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებამდე (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით);
კ) 24-ე სტრიქონში − მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსი (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.10.2022 წლიდან, ხოლო 1.07.2022 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა ჯამში შეადგენს 649 054 ლარს. მომჩივანთან 25.06.2025 წელს ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%.
გადასახადის გადამხდელს გაეზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად როგორც 1%-იანი, ისე 3%- იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი (შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად).
მომჩივანი მიუთითებს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ აწარმოებს სრულ ბუღალტრულ აღრიცხვას. აღრიცხვის წარმოება ხდება გამარტივებულად და შეუძლია იგი აწარმოოს ელექტრონულად ექსელის ფორმატში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით). საგადასახადო კოდექსით აღრიცხვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე მეწარმეს ევალება, როდესაც, მას გაუუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმე აღრიცხვას აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ელექტრონული ფორმით ჟურნალს უვადო წესით. არ დაურღვევია აღრიცხვის წესები, რის გამოც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ვალდებულება არ არსებობდა.
თუ დავუშვებთ, რომ შემოწმებას გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი მას უნდა გაეთვალისწინებინა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 აპრილის №5568 ბრძანების მოთხოვნები - „საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადებები, რის შედეგადაც 30 ლარზე მეტი ღირებულების სასაქონლო ზედნადებებია გამოწერილი 710 პოზიციით, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით, რაც საქონლის კატეგორიების მიხედვით საშუალოდ დაახლოებით 20%-ს შეადგენს ნაცვლად 58%-სა. არ აქვთ მოცემული ინფორმაცია ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.
შემოწმებით საქონელი 11 ჯგუფად აქვთ დაყოფილი, საიდანაც ერთი ჯგუფი აქვთ „სხვა“, რომელშიც ასახული აქვთ სავარაუდოთ ისეთი შეძენილი საქონელი, რომელიც ტანსაცმლის კატეგორიაში არ აქვთ გათვალისწინებული. წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებს, საიდანაც ჩანს, რომ შეძენილი აქვს სარემონტო მასალები, ძირითადი საშუალებები, მიღებული მომსახურება, რაც სასაქონლო ზედნადებებში იყო მოცემული, ასევე საქონლის შესაფუთი მასალები შემოწმებით რეალიზებულად არის ჩათვლილი, რაც არასწორია. საგადასახდო ორგანოს არ აქვს გამოვლენილი საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე სამართალდარღვევა, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაციის შემცირების ფაქტი. ქრონომეტრაჟი არ განახორციელეს. საგადასახადო ორგანოს უნდა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით საქონლის ზედმეტობა ან/და დანაკლისი და ამ კუთხით უნდა შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი და არ უნდა ჩაეტარებინათ კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას შეეძლო ფასნამატის გაანგარიშება განეხორციელებინა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით. წერილობით მოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომლის ფასნამატი იქნა გავრცელებული, რაც არ მიეწოდა კონფიდენციალურობის გამო. მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ ექნება შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია ფასნამატის მოცულობასთან დაკავშირებით. არ უნდა გაზრდილიყო მცირე ბიზნესის სტატუსით დასაბეგრი შემოსავალი შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად და არ უნდა განხორციელებულიყო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი ბრუნვის 1%-ის განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა.
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის №104530-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანთან 25.06.2025 წელს ჩატარდა სმფ-ები ფაქტობრივი აღრიცხვა. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა აღწერილი სმფ-ების ფასნამატის დადგენა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული სმფ-ის შეძენილ და იმპორტირებულთან იდენტიფიცირება. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქონელი არის მაგალითად ბევრი დასახელების ფეხსაცმელი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული კოდები, ჟურნალში აღრიცხულია და საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებს ბეჭდავს, თუმცა დაკავშირება არ ხდება, ფიზიკური ფორმით ჟურნალი არ წარმოუდგენია, წარმოადგინა ცხრილის სახით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის 994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საგადასახადო შემოწმება და არ ჩატარებულა ინვენტარიზაციის პროცედურა შესაბამისი შედეგების გამოყვანით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის დაკისრებაზე მომჩივნის მითითება უსაფუძვლოა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მომჩივნის მიერ მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოება. ამასთან, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას, რომ მეწარმე როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია, ვალდებულია აღრიცხოს რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. ვინაიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.10.2022 წლიდან, ხოლო 1.07.2022 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა ჯამში შეადგენს 649 054 ლარს. მომჩივანთან 25.06.2025 წელს ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%.
გადასახადის გადამხდელს გაეზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად როგორც 1%-იანი, ისე 3%- იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი (შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად).
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 90.