გადაწყვეტილება №28178/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2026
№ დოკუმენტი 28178/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28178/2/2026

02 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28178/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2026 წლის №050-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.09.2026 წლის №19599 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 351 495,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 209 137,98

მიწა - არასასოფლო - 387,90

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 7,76

მოგების გადასახადი - 174 070,77

საშემოსავლო გადასახადი - 34 671,55

ჯარიმა - 104 569,22

საურავი - 37 788,35

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 23.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მათ შორის ბუღალტრული პროგრამის ანალიზისა და გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ 3220 ანგარიშზე ასახულია დამფუძნებლის მიერ კომპანიაში თანხის შეტანები და მისთვის თანხის დაბრუნებები. აღნიშნულ ანგარიშზე საბოლოოდ გატანილი თანხა აღემატება შეტანილს 1 127 849 ლარით. თანხის ზედმეტობით გატანა სულ მოხდა 4 ოპერაციის ფარგლებში და აქედან 2 ოპერაცია განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2025 წლის მაისში. გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 3 337 040 ლარს, გარდა ამისა საწარმოს აღებული აქვს რამოდენიმე სესხი საქართველოს ბანკში, რამაც შეადგინა ჯამურად 4 633 009 ლარი, აქედან საწარმოს თანხის ნაწილით შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები, ნაწილი გამოყენებული აქვს საქონლის შესაძენად, 1 127 849 ლარი კი გატანილია დამფუძნებლის მიერ. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ზედმეტად გატანილი თანხა არის ფულადი ვალდებულება დამფუძნებლის მხრიდან კომპანიისადმი და შემდგომში დამფუძნებელი აპირებს ამ თანხის დაბრუნებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით შემოწმების შედეგად სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სარგებელი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება). გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1 709 557 ლარის ოდენობით, რასაც გამოაკლდა დამფუძნებლის მიერ გატანილი და სესხად დაკვალიფიცირებული თანხა 1 127 849 ლარი და სხვაობამ შეადგინა 581 708 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (მეთოდური მითითება) მიხედვით განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი 581 708 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

კომპანიას საკუთრებაში უფიქსირდება ერთი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების და ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობს -------. (საკადასტრო კოდები: №------- №------- №-------). გადასახადის გადამხდელს წლების მიხედვით წარმოდგენილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შესაბამისად გაანგარიშდა ქონების (მიწის) გადასახადი შესაბამის ტერიტორიაზე არსებული განაკვეთის მიხედვით.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2025 წლის №050-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1466 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ: მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 243 604 ლარით, მათ შორის, გადასახადი 155 814 ლარი, ჯარიმა 87 790 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 22.06.2026 წლის №050- 13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 20.07.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.09.2026 წლის №19599 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 31 ივლისს ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 20 აგვისტოს 11:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საწარმოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმაც. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად შემოწმებამ გამიჯნა სხვა კომპანიისა და შპს „-------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილშიც დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში შემოწმების მიერ მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობასთან და არასათანადო გამოკვლევასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში ბუღალტრული პროგრამა წარდგენილ იქნა რამდენიმე ვერსიად, რომლის გავლაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან ერთად არაერთხელ, დეტალურად. შემოწმება მიუთითებს, რომ საბოლოო შედეგიც გავლილია გადამხდელთან და მას რაიმე სხვა დოკუმენტი/არგუმენტი გადაანგარიშების პროცესში არ წარუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

I. საჩივრის საგანი და ძირითადი თეზისები

1. შპს „-------“ (შემდგომში — „მომჩივანი“) საგადასახადო კოდექსის (შემდგომში — „სსკ“) XIV კარით დადგენილი წესით ასაჩივრებს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში — „სამსახური“) 2026 წლის 3 სექტემბრის №19599 ბრძანებას (შემდგომში — „გასაჩივრებული ბრძანება“), რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის 2026 წლის 10 ივლისის (რეგ. №118194/21) და 20 ივლისის (რეგ. №124626/21) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №13656 ბრძანებისა (შემდგომში — „№13656 ბრძანება“) და იმავე თარიღის №050-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის (შემდგომში — „კორექტირებული მოთხოვნა“) თაობაზე.

2. გასაჩივრებული ბრძანება ერთადერთ მატერიალურ საფუძველს ეყრდნობა — სსკ-ის 304-ე მუხლის 21 ნაწილს: სამსახურმა მიიჩნია, რომ კორექტირებული მოთხოვნა გამოცემულია მისივე 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანების (შემდგომში — „№1466 ბრძანება“) შესაბამისად და მაშასადამე, საჩივარი არსებით განხილვას არ ექვემდებარება. ეს დასკვნა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად მცდარია:

ა) №1466 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მე-2 (სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაცია) და მე-3 (მიწის გადასახადი) სადავო საკითხების „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ“ შესწავლა და, სათანადო საფუძვლის არსებობისას, ვალდებულებების „კორექტირება (შემცირება)“. ამ დავალების „შესრულების“ ამსახველი დასკვნა არ შეიცავს არც ერთ გაანგარიშებას და არ აფასებს მომჩივნის არც ერთ არგუმენტს — იგი მხოლოდ საბოლოო ციფრებს აცხადებს;

ბ) №13656 ბრძანების დანართით, „შემცირების“ ნაცვლად, მოგების გადასახადში — ანუ იმ საკითხში, რომელიც №1466 ბრძანებით აუდიტს საერთოდ არ დაბრუნებია — ორ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ახალი დარიცხვა ჯამში 106 483 ლარის ოდენობით. ეს №1466 ბრძანებით განსაზღვრული მანდატის ორმაგი გადაცილებაა — როგორც საგნობრივად, ისე მიმართულებით;

გ) სამსახურს კორექტირებული მოთხოვნის №1466 ბრძანებასთან შესაბამისობა არსებითად არ შეუმოწმებია: გასაჩივრებული ბრძანება ემყარება მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის — ანუ იმ სტრუქტურული ერთეულის, რომლის აქტიც საჩივრდებოდა — მიერ „მოწოდებულ ინფორმაციას“; საჩივრები განხილულია მომჩივნის დაუსწრებლად; ხოლო მომჩივნის არგუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს (მანდატის გადაცილება, დასკვნის იდენტიფიკაცია, საურავი, სანქციისგან გათავისუფლება) ბრძანება საერთოდ არ ეხება.

3. ამდენად, კორექტირებული მოთხოვნა სადავო ნაწილში №1466 ბრძანების „შესაბამისად“ გამოცემულ აქტად ვერ ჩაითვლება, სსკ-ის 304-ე მუხლის 21 ნაწილის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა და საჩივრები არსებითად უნდა განხილულიყო. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას, №13656 ბრძანებისა და კორექტირებული მოთხოვნის სადავო ნაწილში ბათილად ცნობას (ალტერნატიულად — საკითხის ხელახლა, მომჩივნის მონაწილეობით და დასაბუთებულად გამოკვლევის დავალებას) და სანქციისგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

II. საჩივრის დასაშვებობა

4. გასაჩივრებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში — „საბჭო“) სსკ-ის XIV კარით დადგენილი წესით, ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. გასაჩივრებული ბრძანება მომჩივანს ჩაჰბარდა 2026 წლის 9 სექტემბერს; შესაბამისად, წინამდებარე საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.

5. მომჩივანს საბჭოში წარმოადგენს ადვოკატი ზვიად გადელია შპს „-------“ დირექტორის, --------, მიერ გაცემული 2026 წლის 30 ივნისის №6/1 მინდობილობის საფუძველზე (მოქმედების ვადა — 2026 წლის 31 დეკემბრამდე). მინდობილობა პირდაპირ ითვალისწინებს წარმომადგენლობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, მათ შორის, საჩივრების წარდგენის უფლებამოსილებით. მინდობილობა თან ერთვის საჩივარს.

6. იმავე საგანზე მომჩივანს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

III. საქმის ფაქტობრივი გარემოებები

თავდაპირველი დარიცხვა

7. სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12988 და 4 ნოემბრის №24353 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება (შესამოწმებელი პერიოდი — 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე). შემოწმების აქტი შედგა 2025 წლის 10 ნოემბერს, ხოლო 2025 წლის 3 დეკემბრის №26587 ბრძანებითა და №050-19 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დამატებით დაეკისრა 597 437 ლარი (გადასახადი — 364 952, ჯარიმა — 192 358, საურავი — 40 127 ლარი).

8. №1466 ბრძანებაში ასახული აღწერის მიხედვით, დარიცხვა სამ ძირითად ელემენტს ეფუძნებოდა:

ა) დამფუძნებლის (დირექტორის) მიერ კომპანიიდან ზედმეტად გატანილი თანხა — 1 127 849 ლარი — დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და სსკ-ის 73-ე, 98², 101-ე და 154-ე მუხლებზე მითითებით დაიბეგრა მოგების, ხოლო სარგებლის ნაწილში — საშემოსავლო გადასახადით;

ბ) ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილ ნაშთს (1 709 557 ლარი) გამოაკლდა იგივე 1 127 849 ლარი, ხოლო სხვაობა — 581 708 ლარი — შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) საფუძველზე დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან;

გ) სამ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------; -------; -------) დაერიცხა მიწის გადასახადი.

თითოეულ ელემენტზე დაერიცხა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. №1466 ბრძანება — ხელახალი შესწავლის დავალება

9. მომჩივნის 2025 წლის 30 დეკემბრის საჩივარზე (№99742/1/2025) სამსახურმა №1466 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად: „მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);“

სესხად კვალიფიკაციის (პირველი საკითხი) და სანქციისგან გათავისუფლების (მეოთხე საკითხი) ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10. №1466 ბრძანებაშივე ჩაწერილია მომჩივნის ის კონკრეტული არგუმენტები, რომელთა „გათვალისწინებითაც“ უნდა ჩატარებულიყო ხელახალი შესწავლა. მე-2 საკითხზე: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს კონკრეტული თანხის ხელფასად გაცემის ნამდვილობა; მხოლოდ სალაროს მოძრაობის ანალიზი ვერ აკმაყოფილებს მტკიცების სავალდებულო სტანდარტს; დაანგარიშებისას დაშვებულია მეთოდოლოგიური და ტექნიკური ხასიათის შეცდომები; სალაროს რეალური ნაშთი 46 689 ლარს შეადგენდა; მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა გათვალისწინებული. მე-3 საკითხზე: ნაკვეთები თანასაკუთრებაშია სხვა კომპანიასთან და დარიცხვა წილის პროპორციულად უნდა მომხდარიყო; ერთ-ერთი არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი უკვე მოხვედრილია დარიცხვაში წინა პერიოდზე. ხელახალი შესწავლის შედეგი

11. №1466 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა „დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ“ (შედგენის თარიღი: 15/06/2026; შემდგომში — „დასკვნა“) და გამოსცა №13656 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს შეუმცირდა 243 604 ლარი (ძირითადი გადასახადი — 155 814, ჯარიმა — 87 790 ლარი). ბრძანების საფუძვლად მითითებულია №1466 ბრძანება და „აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N4 სამმართველოს 2026 წლის 10 ივნისის დასკვნა“.

12. კორექტირებული მოთხოვნით გადასახდელად დარჩა 351 495,55 ლარი: გადასახადი — 209 137,98 ლარი (მოგების გადასახადი — 174 070,77; საშემოსავლო გადასახადი — 34 671,55; არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი — 387,90; სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი — 7,76), ჯარიმა — 104 569,22 ლარი და საურავი — 37 788,35 ლარი.

13. №13656 ბრძანების დანართი („პირადი აღრიცხვის ბარათზე დასარიცხი/შესამცირებელი თანხები“) ოპერაციებს ასე ასახავს:

ა) მოგების გადასახადი: 17.06.2024 — „შემცირება“ −60 856; 15.07.2024 — „დარიცხვა“ 19 765; 17.03.2025 — „შემცირება“ −70 588; 16.06.2025 — „დარიცხვა“ 86 718; სულ −24 961 ლარი;

ბ) საშემოსავლო გადასახადი: 31.05.2024 — −472; 28.06.2024 — −7 560; 28.02.2025 — −7 716; 30.05.2025 — −114 332; სულ −130 080 ლარი;

გ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი: 2022–2025 წლების ოთხ თარიღზე თითო −193; სულ −773 ლარი;

დ) ჯარიმა (სსკ-ის 275-ე მუხლი): −87 790 ლარი.

დავა სამსახურში

14. მომჩივანმა 2026 წლის 10 ივლისის საჩივრით (რეგ. №118194/21) გაასაჩივრა №13656 ბრძანება და კორექტირებული მოთხოვნა, ხოლო 2026 წლის 20 ივლისის მიმართვით (რეგ. №124626/21) აღმოფხვრა სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზი, იშუამდგომლა საჩივრის ზეპირი განხილვის დანიშვნაზე, ითხოვა სხდომის შესახებ შეტყობინება წარმომადგენლის საკონტაქტო რეკვიზიტებზე, საქმის მასალებისა და მოპასუხე ორგანოს არგუმენტაციის ხელმისაწვდომობა და — ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის განზრახვის შემთხვევაში — ამ შუამდგომლობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება არსებით განხილვამდე.

15. გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, 2026 წლის 31 ივლისს ჩანიშნული განხილვა მომჩივნის თხოვნით გადაიდო, ხოლო 2026 წლის 20 აგვისტოს 11:00 საათზე ჩანიშნულ განხილვაზე მომჩივანი არ გამოცხადდა. სამსახურმა საჩივრები განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად (სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი) და გასაჩივრებული ბრძანებით არ დააკმაყოფილა (სსკ-ის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილი). IV. გასაჩივრებული ბრძანების მოტივაცია და მისი ძირითადი ნაკლოვანებები

16. გასაჩივრებული ბრძანების სამოტივაციო ნაწილი ოთხ თეზისზე დგას: (ა) დასკვნის ტექსტის გამეორება (კრედიტორული დავალიანების, უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისა და „სალაროს გონივრული ნაშთის“ კორექტირება, ნაკვეთების „გამიჯვნა“); (ბ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ „მოწოდებული ინფორმაცია“, რომლის თანახმად ბუღალტრული პროგრამა წარდგენილ იქნა „რამდენიმე ვერსიად, რომლის გავლაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან ერთად არაერთხელ, დეტალურად“, ხოლო „საბოლოო შედეგიც გავლილია გადამხდელთან და მას რაიმე სხვა დოკუმენტი/არგუმენტი გადაანგარიშების პროცესში არ წარუდგენია“; (გ) მტკიცება, რომ მომჩივანი „ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება“; (დ) მტკიცება, რომ მომჩივანს სადავოდ მითითებული აქვს გარემოებები, „რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“.

17. ოთხივე თეზისი უსაფუძვლოა (იხ. ნაწილი V). თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაც ბრძანებაში საერთოდ არ წერია. გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის არც ერთი სიტყვა: (i) მოგების გადასახადში ახალ დარიცხვებზე; (ii) დასკვნის ორ განსხვავებულ თარიღზე; (iii) საურავის გაანგარიშებაზე; (iv) სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნაზე — თუმცა ეს მოთხოვნა თავად ბრძანებაშივე სადავო საკითხად (მე-3 პუნქტი) არის ჩამოთვლილი; (v) მომჩივნის 2026 წლის 20 ივლისის შუამდგომლობების ბედზე.

V. სამართლებრივი დასაბუთება

ა) სსკ-ის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა

18. გასაჩივრებულ ბრძანებაში მოყვანილი რედაქციით, სსკ-ის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის თანახმად: „თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.“

19. ნორმის გრამატიკული განმარტებით, საჩივარზე უარის თქმის სავალდებულო წინაპირობაა, რომ აქტი დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების „შესაბამისად“ იყოს გამოცემული. „შესაბამისობა“ შინაარსობრივი და არა ფორმალური კატეგორიაა: იგი არ კმაყოფილდება იმით, რომ აქტის საფუძვლად დავის ორგანოს გადაწყვეტილებაა მითითებული. აუცილებელია, რომ აქტი ასახავდეს ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ყველა ქმედების რეალურ შესრულებას — იმ ფარგლებში, იმ წესით და იმ მიმართულებით, როგორც ეს დავის ორგანომ განსაზღვრა. ნორმის მეორე წინადადებაც შემთხვევითი არ არის: შესაბამისობის შემოწმება კანონმდებელმა სწორედ იმ ორგანოს დააკისრა, რომლის გადაწყვეტილებაც სრულდება, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი დავალების შინაარსის ავთენტური შეფასება. ეს კი შინაარსობრივ შემოწმებას გულისხმობს და არა აღმსრულებელი სტრუქტურული ერთეულის განცხადების გაზიარებას.

20. ნორმის სისტემური და ტელეოლოგიური განმარტება იმავე შედეგამდე მიდის. 304-ე მუხლის 2¹ ნაწილი გამონაკლისია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ზოგადი უფლებიდან და, როგორც ნებისმიერი გამონაკლისი, ვიწრო განმარტებას ექვემდებარება. მისი მიზანია, თავიდან აიცილოს დავის ორგანოს მიერ უკვე არსებითად გადაწყვეტილი საკითხის განმეორებითი გასაჩივრება. ამ შემთხვევაში კი მე-2 და მე-3 საკითხები №1466 ბრძანებით არსებითად არ გადაწყვეტილა — ისინი ღიად დარჩა და აუდიტს ხელახლა შესასწავლად დაუბრუნდა. შესაბამისად, ხელახალი შესწავლის შედეგები (ახალი დასაბეგრი ბაზა, ახალი ციფრები, ახალი დარიცხვები) ახალი ადმინისტრაციული განსაზღვრებაა, რომელიც არც ერთ დავის ორგანოს არსებითად არ შეუმოწმებია. 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის ფორმალური გამოყენება ამ ახალი განსაზღვრების მიმართ მომჩივანს სრულად წაართმევდა მათი არსებითი გადასინჯვის შესაძლებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან: „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“

21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ პროცესუალურ სიტუაციაში — როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანომ გამოსცა დასკვნა და ბრძანება — განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღსრულების ფარგლებში შეეძლო დაედგინა გაანგარიშების სისწორე და მოსარჩელის პრეტენზიების უსაფუძვლობა, „თუმცა აღნიშნული საჭიროებდა სათანადო დასაბუთებას, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მითითებების გათვალისწინებას, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.“ სასამართლომ გაიზიარა ასეთი დასკვნისა და ბრძანების ბათილად ცნობა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, „რადგან სადავო აქტების აბსტრაქტული ხასიათის გამო, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია მოსარჩელის პრეტენზიების მართლზომიერებისა და დასაბუთებულობის შეფასების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-113(2კ-კს-23)). 1 თუ ეს სტანდარტი მოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას, მით უფრო (a fortiori) უნდა მოქმედებდეს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომლის სისწორესაც, 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის ძალით, ისევ იმავე სისტემის ორგანო ამოწმებს.

22. ქვემოთ, №1466 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თითოეული ელემენტის მიხედვით, ნაჩვენებია, რომ კორექტირებული მოთხოვნა სადავო ნაწილში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად არ არის გამოცემული.

23. „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით“. დასკვნა მომჩივნის მონაწილეობას მხოლოდ დეკლარაციულად ახსენებს. მასში არ არის მითითებული არც ერთი შეხვედრის თარიღი, მონაწილე პირები, მომჩივნის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა და მათი შეფასება. არც გასაჩივრებული ბრძანება უთითებს რაიმე ოქმზე ან სხვა წერილობით მტკიცებულებაზე — მისი ერთადერთი წყაროა აუდიტის დეპარტამენტის „ინფორმაცია“, რომ ყველაფერი „არაერთხელ, დეტალურად“ იქნა გავლილი. მონაწილეობა, რომელიც არსად არის ასახული და რომლის შედეგიც დასკვნაში არ ჩანს, სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მონაწილეობად ვერ ჩაითვლება.

24. „მისი არგუმენტების გათვალისწინებით“. დასკვნის სტრუქტურა თავისთავად მეტყველებს: „გასაჩივრებული საკითხის“ ნაწილში მეორდება მომჩივნის არგუმენტები (მათ შორის, 46 689 ლარის რეალური ნაშთი, ორგანოს მტკიცების ვალდებულება, თანასაკუთრება და ორმაგი აღრიცხვა), ხოლო „აუდიტორის შეფასების“ ნაწილში არც ერთ მათგანზე არ არის არც ერთი შეფასებითი წინადადება — იქ მხოლოდ შედეგია დაფიქსირებული. დასკვნა არ პასუხობს კითხვებს: ეკისრებოდა თუ არა ორგანოს ხელფასის ფაქტობრივი გაცემის მტკიცება; რატომ არ იქნა გაზიარებული მომჩივნის სააღრიცხვო მონაცემი (46 689 ლარი); რომელი მეთოდოლოგიური და ტექნიკური შეცდომა გამოსწორდა და რომელი — არა, და რატომ; რა წილი ეკუთვნის მომჩივანს თითოეულ ნაკვეთზე და რატომ არ იქნა გამოყენებული წილის პროპორციული დაბეგვრა; დასტურდება თუ არა წინა პერიოდში უკვე დაბეგრილი ნაკვეთის ორმაგი აღრიცხვა. არგუმენტის „გათვალისწინება“, სულ მცირე, მის შეფასებას მოითხოვს — გაზიარებას ან დასაბუთებულ უარყოფას. დასკვნაში არ არის არც ერთი.

25. „ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს“. დასკვნა არ შეიცავს არც ერთ გაანგარიშებას. მასში არ არის: სალაროს ნაშთის თვეების მიხედვით დინამიკა; გონივრული ნაშთის გაანგარიშება; ხელფასის ნაწილში ახალი დასაბეგრი ბაზა; სესხად კვალიფიცირებული თანხის ახალი ოდენობა და მისი ოპერაციების მიხედვით გადანაწილება; მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშება (საკადასტრო კოდი, ფართობი, წილი, განაკვეთი, პერიოდი). ფრაზა „კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმა“ არ უთითებს, რა ოდენობიდან რა ოდენობამდე და რა საფუძვლით. დასკვნიდან შეუძლებელია იმის დადგენაც კი, თუ რა თანხა ჩაითვალა საბოლოოდ დირექტორის ხელფასად. „ყოველმხრივი შესწავლის“ ერთადერთი ხილული კვალი დასკვნაში საბოლოო ციფრების ცხრილია.

26. „განახორციელოს ... კორექტირება (შემცირება)“. №1466 ბრძანებამ აუდიტს უფლებამოსილება მიანიჭა მხოლოდ მე-2 და მე-3 საკითხებზე და მხოლოდ ვალდებულებების შემცირების მიმართულებით. №13656 ბრძანების დანართით კი განხორციელდა მოგების გადასახადის (პირველი საკითხი) „დარიცხვა“ 15.07.2024-ისა (19 765 ლარი) და 16.06.2025-ის (86 718 ლარი) თარიღებით — ჯამში 106 483 ლარი (დეტალურად იხ. ქვემოთ, V ნაწილის „ბ“ ქვეთავი).

27. ამდენად, №1466 ბრძანების დავალების ოთხივე ელემენტი ან საერთოდ არ შესრულებულა, ან შესრულდა მისი ფარგლების დარღვევით. ასეთ პირობებში კორექტირებული მოთხოვნა სადავო ნაწილში №1466 ბრძანების „შესაბამისად“ გამოცემულ აქტად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, სამსახურის მიერ სსკ-ის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის გამოყენება უკანონოა.

ბ) მანდატის გადაცილება: ახალი დარიცხვები მოგების გადასახადში.

28. №13656 ბრძანების დანართში მოგების გადასახადის ოთხი ოპერაციიდან ორი პირდაპირ არის მონიშნული, როგორც „დარიცხვა“: 15.07.2024 — 19 765 ლარი და 16.06.2025 — 86 718 ლარი. დასკვნაში ამ დარიცხვებზე არაფერია ნათქვამი: მისი ტექსტი მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირებას ახსენებს (ჯამში 47 324 ლარი), ხოლო №13656 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი მხოლოდ ნეტოშემცირებას („შეუმცირდეს სულ 243 604 ლარი“) აფიქსირებს. ამდენად, ახალი დარიცხვების არსებობა მომჩივანმა შეიტყო არა დასაბუთებული აქტიდან, არამედ ბარათზე ასასახი ოპერაციების ტექნიკური ცხრილიდან; მათი საფუძველი, გაანგარიშება და ლოგიკა არსად არ არის ახსნილი.

29. ეს დარიცხვები ორმაგად სცდება №1466 ბრძანების ფარგლებს. პირველ რიგში — საგნობრივად: სესხად კვალიფიკაციის (პირველი) საკითხი №1466 ბრძანებით აუდიტისთვის საერთოდ არ დაბრუნებულა. მეორე — მიმართულებით: №1466 ბრძანებამ პირდაპირ, ფრჩხილებში განსაზღვრა კორექტირების ერთადერთი დასაშვები მიმართულება — „(შემცირება)“. მომჩივნის საჩივრის საფუძველზე დაწყებული და მის სასარგებლოდ ნაწილობრივ გადაწყვეტილი დავის აღსრულების ფარგლებში მომჩივნისთვის ახალი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება სამართლებრივი დაცვის საშუალებას მომჩივნის საწინააღმდეგოდ აქცევს. ამ დარიცხვებს დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგიც აქვს: მათზე საურავი შესაბამისი გადახდის ვადებიდან (15.07.2024 და 16.06.2025) აითვლება, ხოლო ჯარიმის ოდენობა, რომელიც დანართში მხოლოდ ჯამური შემცირების სახით არის ასახული, მათი გათვალისწინებით ვერ მოწმდება.

30. ამასთან, №13656 ბრძანება საკუთარ საფუძვლად მხოლოდ №1466 ბრძანებასა და დასკვნას ასახელებს. ვინაიდან №1466 ბრძანება დარიცხვის უფლებამოსილებას არ ანიჭებს, ხოლო დასკვნა დარიცხვებს არც კი ახსენებს, ახალი დარიცხვები საყრდენს ვერ პოულობს თავად №13656 ბრძანების მიერ დასახელებულ საფუძვლებშიც კი.

31. გასაჩივრებული ბრძანება ამ საკითხს საერთოდ არ ეხება, თუმცა მომჩივანმა 2026 წლის 10 ივლისის საჩივარში პირდაპირ მიუთითა მანდატსა და შესრულებას შორის შეუსაბამობაზე (მოგების გადასახადის ცვლილება №1466 ბრძანებით დაბრუნებული საკითხების ფარგლებს გარეთ). სამაგიეროდ, სამსახური მომჩივანს საყვედურობს, რომ მას სადავო გარემოებად მითითებული აქვს „ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა“. ეს პოზიცია შინაგანად წინააღმდეგობრივია: აუდიტის დეპარტამენტი თავად გავიდა დავალების ფარგლებს გარეთ და ხელახლა განსაზღვრა სესხად კვალიფიცირებული თანხები — როგორც შემცირებით, ისე ახალი დარიცხვით, ხოლო სამსახური, რომელიც ამ ცვლილებებს უსიტყვოდ იზიარებს, მომჩივანს უარს ეუბნება მათ შედეგებზე დავაზე. ერთსა და იმავე წარმოებაში ორგანოსთვის ნებადართული ვერ იქნება ის, რაც მომჩივნისთვის აკრძალულად ცხადდება.

32. გარდა ამისა, №1466 ბრძანებამ თავად დაადასტურა, რომ სესხი და ხელფასი ერთი და იმავე ფულადი მასის ორი ნაწილია: სამსახურის განმარტებით, 1 709 557 ლარის ნაშთიდან „კომპანიიდან გატანილი 1 127 849 ლარი დაკვალიფიცირდა სესხად, დარჩენილი ნაწილი სხვაობა კი ხელფასად“. მაშასადამე, სალაროს ნაშთის (მე-2 საკითხი) ნებისმიერი ხელახალი გაანგარიშება თავისთავად ცვლის სესხისა და ხელფასის ურთიერთმიმართებასაც. სწორედ ეს მოხდა: აუდიტმა ერთდროულად შეცვალა როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადი. ასეთ ვითარებაში სამსახურის მტკიცება, თითქოს მომჩივნის პრეტენზიები მე-2 და მე-3 საკითხების ფარგლებს სცდება, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

33. შესაბამისად, კორექტირებული მოთხოვნა, სულ მცირე, მოგების გადასახადის „დარიცხვის“ ნაწილში (19 765 და 86 718 ლარი, მათთან დაკავშირებული ჯარიმითა და საურავით) №1466 ბრძანების შესაბამისად არ არის გამოცემული, ამ ნაწილზე სსკ-ის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილი ვერ გავრცელდება და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

გ) სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაცია — ხელახალი შესწავლის არსებითი ხარვეზები

34. სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად დაბეგვრა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლაა, რასაც №1466 ბრძანება თავადვე უკავშირებს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს. ამ ნორმის (№1466 ბრძანებაში მოყვანილი რედაქციით) თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია, „თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“. მაშასადამე, რეკვალიფიკაციის წინაპირობა ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის დადგენაა, ხოლო დასადგენი „შინაარსი“ ამ შემთხვევაში დირექტორისთვის ხელფასის ფაქტობრივი გადახდაა. სალაროში ნაღდი ფულის არსებობა (ფორმა) თავისთავად არ ადასტურებს, რომ ეს თანხა დირექტორს გადაეცა (შინაარსი) — ეს ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

35. მტკიცების ტვირთი ამ საკითხში სრულად საგადასახადო ორგანოს ეკისრება. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „საგადასახადო ორგანო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი დასკვნების საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი“ (№ბს-113(2კ-კს-23)).

36. ამავე დასკვნამდე მიდის თავად სამსახურის მიერ №1466 ბრძანებაში მოყვანილი სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: „გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები“. საგადასახადო აგენტის ვალდებულება კანონით ფაქტობრივად გადახდილ ანაზღაურებას უკავშირდება. დასკვნა არ ადგენს — და არც ცდილობს დაადგინოს — დირექტორისთვის რაიმე თანხის ფაქტობრივ გადახდას: იგი ეყრდნობა მხოლოდ მეთოდურ დაშვებას, რომ „არაგონივრული“ ნაშთი ხელფასია. №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისთვის; იგი ვერ შეცვლის კანონით დადგენილ დაბეგვრის წინაპირობას — ანაზღაურების ფაქტობრივ გადახდას.

37. თუნდაც მეთოდური მითითების გამოყენება დასაშვებად ჩაითვალოს, იგი სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოყენებულიყო. №22708 ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეთოდური მითითებები სავალდებულოა, მათ შორის, „საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში“. დანართი №9 ადგენს ეტაპობრივ და გადამოწმებად ალგორითმს: (i) „ნაღდი ფულის ნაშთი“ არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით სალაროში არსებული ან ასეთად მიჩნეული თანხა (მე-3 მუხლი); (ii) თვის „გონივრული ნაშთი“ ამავე თვის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლის 10%-ის ტოლია (მე-5–მე-7 მუხლები); (iii) დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვის „არაგონივრული ნაშთი“ (მე-10 მუხლი); (iv) ცალკე წესები მოქმედებს „უძრავ“ და „ფიქტიურ“ ნაშთზე, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით (მე-11 და მე-12 მუხლები); (v) თავად მეთოდური მითითების გამოყენება სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომლის შემთხვევაშიც ამავე მითითების შესაბამისად გამოთვლილი დასაბეგრი ბაზა გადამხდელის კატეგორიისთვის დადგენილ მინიმუმს აღწევს (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). დასკვნაში ამ ალგორითმის არც ერთი საფეხური არ ჩანს: არც თვიური ნაშთები, არც საკასო შემოსავალი და ხარჯი, არც გონივრული ნაშთის ოდენობა, არც ბოლო თვის არაგონივრული ნაშთი, არც მისგან გამოყვანილი დასაბეგრი ბაზა. შედეგად, ვერ მოწმდება ვერც ციფრი და ვერც თავად მეთოდური მითითების გამოყენების წინაპირობა — ვერც მომჩივნის, ვერც დავის განმხილველი ორგანოს მიერ.

38. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დანართი №9-ის მე-3 მუხლით „ნაღდი ფულის ნაშთის“ განსაზღვრის პირველადი წყარო გადამხდელის „სააღრიცხვო დოკუმენტაციაა“. მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციით სალაროს რეალური ნაშთი 46 689 ლარს შეადგენდა. თუ შემოწმება ამ მონაცემს არ იზიარებს და ნაშთად სხვა წყაროებით „ასეთად მიჩნეულ“ ოდენობას იღებს, მას ევალება, ცალსახად მიუთითოს, რატომ არის სააღრიცხვო მონაცემი არასანდო და როგორ — რა მონაცემებით და რა მეთოდით — იქნა გამოანგარიშებული მის მიერ მიღებული ოდენობა. დასკვნა ამ საკითხზე დუმს. გასაჩივრებული ბრძანების მითითება, რომ ბუღალტრული პროგრამა „რამდენიმე ვერსიად“ იქნა წარდგენილი, არაფერს ხსნის: არ არის მითითებული, რომელ ვერსიას დაეყრდნო შემოწმება, რით განსხვავდებოდა ვერსიები ერთმანეთისგან და რატომ იქნა უარყოფილი მომჩივნის მიერ დასახელებული ნაშთი.

39. ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა (პ. 32), №1466 ბრძანების ლოგიკით ნაშთი სესხისა და ხელფასის ნაწილებად იყოფა. აუდიტმა შეცვალა როგორც სესხად კვალიფიცირებული თანხა, ისე ხელფასის ნაწილი, თუმცა დასკვნაში არ არის მითითებული არც ნაშთის ახალი ოდენობა, არც სესხის ახალი ოდენობა, არც ხელფასის ახალი ბაზა. ამ სამი სიდიდის შეჯერების გარეშე შეუძლებელია იმის შემოწმება, ხომ არ იბეგრება ერთი და იგივე თანხა ერთდროულად როგორც სესხი და როგორც ხელფასი. ეს უშუალოდ არღვევს თავად სამსახურის მიერ №1466 ბრძანებაში მოყვანილ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში — „სზაკ“) 96-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“.

40. ამდენად, მე-2 საკითხზე ხელახალი შესწავლის შედეგი აბსტრაქტულია ზუსტად იმ გაგებით, რასაც უზენაესი სასამართლო საქმეზე №ბს-113(2კ-კს-23) აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნევს: დასაბუთების მოთხოვნიდან (სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) გამომდინარე, აქტი უნდა შეიცავდეს „კონკრეტულ და დეტალიზებულ აღწერას, რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინო გახდება, როგორც შესაბამისი გამოკვლევის ჩატარების ფაქტი, ასევე გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების სისწორე“. დასკვნა ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

დ) მიწის გადასახადი — მომჩივნის არგუმენტები უპასუხოდ დარჩა

41. მე-3 საკითხზე დასკვნა მხოლოდ იმას აფიქსირებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებით „გამიჯნა“ სხვა კომპანიისა და მომჩივნის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები და ქონების გადასახადი 1 159 ლარით (მათ შორის ძირი — 773, ჯარიმა — 386 ლარი) შეამცირა. მომჩივნის ორი ძირითადი არგუმენტი — (i) თანასაკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე გადასახადის წილის პროპორციულად განსაზღვრა და (ii) წინა პერიოდში უკვე დაბეგრილი ნაკვეთის ორმაგი აღრიცხვა — დასკვნაში შეფასებული არ არის.

42. №1466 ბრძანებაში მოყვანილი სსკ-ის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით „მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე“. თანასაკუთრების პირობებში მომჩივნის „საკუთრებაში არსებული“ მიწა მისი წილით განისაზღვრება; შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტი უნდა გამიჯნულიყო როგორც ნაკვეთების, ისე წილების მიხედვით. დასკვნა არ უთითებს, რომელი ნაკვეთი რჩება დაბეგვრის ობიექტად, რა წილით, რა ფართობზე, რა განაკვეთითა და ტერიტორიული კოეფიციენტით (სსკ-ის 204-ე მუხლი) და რომელ წლებზე. დარჩენილი თანხა (387,90 და 7,76 ლარი, ჯარიმით) შეიძლება მცირე იყოს, თუმცა სწორედ ეს ეპიზოდი ცხადყოფს ხელახალი შესწავლის ფორმალურ ხასიათს: საჯარო რეესტრის მონაცემებით მარტივად გადამოწმებადი საკითხიც კი ბოლომდე არ იქნა გამოკვლეული.

ე) დოკუმენტური იდენტიფიკაციის ხარვეზი

43. №13656 ბრძანების საფუძვლად მითითებულია „აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N4 სამმართველოს 2026 წლის 10 ივნისის დასკვნა“. მომჩივნისთვის გადაცემულ დასკვნაზე შედგენის თარიღად მითითებულია 15/06/2026, ხოლო გასაჩივრებული ბრძანება ადგენს, რომ „აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 15 ივნისს გამოსცა დასკვნა“. ამასთან, №13656 ბრძანების დანართში შემმოწმებლებად მითითებულნი არიან „საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველოს აუდიტორი“ და „საგადასახადო შემოწმების №9 სამმართველოს აუდიტორი“, ხოლო დასკვნაში იგივე პირები №4 სამმართველოს აუდიტორად და უფროს აუდიტორად არიან წარმოდგენილნი.

44. აქედან ორიდან ერთი: ან არსებობს 2026 წლის 10 ივნისის განსხვავებული დასკვნა, რომელსაც №13656 ბრძანება ეყრდნობა და რომელიც მომჩივანს არ ჩაბარებია — მაშინ აქტი მომჩივნისთვის უცნობ დოკუმენტს ეფუძნება; ან №13656 ბრძანება არასწორად ასახელებს საკუთარ საფუძველს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია აქტის დასაბუთებულობის მოთხოვნა. მომჩივანმა ეს შეუსაბამობა 2026 წლის 10 ივლისის საჩივარში მიუთითა; გასაჩივრებული ბრძანება მას არ ეხება.

ვ) საურავი

45. კორექტირებული მოთხოვნა საურავს (37 788,35 ლარი) მხოლოდ ჯამური თანხით ასახავს — გაანგარიშების ბაზის, პერიოდების, განაკვეთისა და იმ თარიღის მითითების გარეშე, რომლის მდგომარეობითაც იგი გამოითვალა. სამსახურის მიერ №1466 ბრძანებაში მოყვანილი სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის“; მაშასადამე, მისი ოდენობა და კანონიერება პირდაპირ არის დამოკიდებული ძირითადი გადასახადის ოდენობასა და გადახდის ვადებზე — მათ შორის, ზემოაღნიშნული „დარიცხვების“ თარიღებზე (15.07.2024 და 16.06.2025). მომჩივანმა საურავის ბაზის, პერიოდისა და მეთოდის ახსნა მოითხოვა 2026 წლის 10 ივლისის საჩივრით და ეს საკითხი 20 ივლისის მიმართვაშიც დააყენა; გასაჩივრებულ ბრძანებაში იგი საერთოდ არ არის ნახსენები. ზ) პროცედურული დარღვევები გასაჩივრებული ბრძანების მიღებისას

46. დაუსწრებელი განხილვა. გასაჩივრებულ ბრძანებაში მოყვანილი სგკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს „უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები“. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლით განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვით საჩივარი განიხილება მომჩივანის მონაწილეობით (მე-5 ნაწ.)“, ხოლო დაუსწრებელი განხილვა „დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები (მე-6 ნაწ.)“; როდესაც გამოკვლევას საჭიროებს დავისთვის არსებითი ფაქტები, „სადავო საკითხების გამოკვლევა და შეფასება უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის ... ჩართულობით“ (№ბს-113(2კ-კს-23)).

47. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანების ტექსტი თავადვე ადასტურებს, რომ ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა: სამსახური ეყრდნობა არა დოკუმენტებს (გაანგარიშებებს, ოქმებს), არამედ აუდიტის დეპარტამენტის „ინფორმაციას“ — ანუ იმ სტრუქტურული ერთეულის განცხადებას, რომლის აქტიც საჩივრდებოდა — იმის თაობაზე, თუ რა და როგორ იქნა „გავლილი“ გადამხდელთან. ფაქტი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის განცხადებით „დგინდება“, საქმის მასალებიდან „სრულად“ დადგენილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაშვებული გამონაკლისის წინაპირობა არ არსებობდა.

48. ამასთან, გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის მითითებული, როდის, რა ფორმით და ვის — მომჩივანს თუ მის უფლებამოსილ წარმომადგენელს — ეცნობა 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომის შესახებ, მაშინ როდესაც მომჩივანმა 2026 წლის 20 ივლისს წერილობით ითხოვა შეტყობინება წარმომადგენლის რეკვიზიტებზე. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის (შემდგომში — „რეგლამენტი“)2 მე-19 მუხლის თანახმად, „საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების არანაკლებ წინა დღეს ეცნობება მომჩივანს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით“, ხოლო 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილებაში აისახება „საჩივართან დაკავშირებული პროცედურული გარემოებები“. მომჩივნის ჯეროვანი ინფორმირება, რომელიც დაუსწრებელი განხილვის კანონიერების წინაპირობაა, სწორედ ასეთ გარემოებას წარმოადგენს და ბრძანებაში ასახული უნდა ყოფილიყო.

49. უპასუხოდ დატოვებული შუამდგომლობები. მომჩივნის 2026 წლის 20 ივლისის მიმართვა, ზეპირი განხილვის მოთხოვნასთან ერთად, შეიცავდა შუამდგომლობებს: (ა) საქმის მასალებისა და მოპასუხე ორგანოს არგუმენტაციის ხელმისაწვდომობის შესახებ (რეგლამენტის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი: „ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დავის განმხილველი ორგანოდან“); (ბ) ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის განზრახვის შემთხვევაში — არსებით განხილვამდე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ; (გ) ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის შესახებ. გასაჩივრებულ ბრძანებაში ამ შუამდგომლობების ბედი არ ჩანს: მასში მხოლოდ სხდომების ჩანიშვნა და გადადებაა ნახსენები. სამაგიეროდ, გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის „ინფორმაციას“ ეფუძნება, თუმცა ბრძანებიდან არ ჩანს, რომ ეს ინფორმაცია მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი გახდა ან მასზე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცა. ეს არღვევს როგორც რეგლამენტის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ისე კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას.

50. შეუფასებელი არგუმენტები. გასაჩივრებულ ბრძანებას არ ახლავს შეფასება მომჩივნის შემდეგ არგუმენტებზე: მოგების გადასახადში მანდატის გადაცილება; დასკვნის ორი თარიღი; საურავის გაანგარიშება; სანქციისგან გათავისუფლება (სგკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი) — ეს უკანასკნელი ბრძანებაში სადავო საკითხად არის ჩამოთვლილი, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში არც ერთხელ არ არის ნახსენები. რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში „უნდა იყოს მითითებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები“. თავად სამსახურმა №1466 ბრძანებაში განმარტა: „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი“. გასაჩივრებული ბრძანება სამსახურის მიერვე დადგენილ ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

51. „მომჩივანი ვერ უთითებს...“. სამსახურის მტკიცება, თითქოს მომჩივანი ვერ უთითებს, რა ნაწილში არ აღსრულდა №1466 ბრძანება, არ შეესაბამება საქმის მასალებს. 2026 წლის 10 ივლისის საჩივარი კონკრეტულად ასახელებს: სალაროს ნაშთის ნაწილში — მომჩივნის მტკიცებულებების შეუფასებლობასა და რეკვალიფიკაციის დაუსაბუთებლობას; მიწის გადასახადის ნაწილში — წილობრივი დაბეგვრისა და ორმაგი აღრიცხვის შეუსწავლელობას; მოგების გადასახადის ცვლილებას №1466 ბრძანებით დაბრუნებული საკითხების ფარგლებს გარეთ; დასკვნის თარიღების შეუსაბამობას; საურავის ცვლილების აუხსნელობას. მეტიც, უზენაესი სასამართლოს მითითებით, გადამხდელის მიერ არამართლზომიერად განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციებსა და გაანგარიშებაზე მითითება, „მასალის კომპლექსურობისა და სპეციალური ცოდნის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლოა გადასახადის გადამხდელმა დამოუკიდებლად ვერც შეძლოს“ (№ბს-113(2კ-კს-23)) — სწორედ ამიტომ მოითხოვება მისი ჩართულობით გამოკვლევა. მით უფრო ვერ მოეთხოვება მომჩივანს კონკრეტული შეცდომების მითითება იმ გაანგარიშებაში, რომელიც მას არასოდეს ჩაბარებია, რადგან დასკვნა გაანგარიშებას საერთოდ არ შეიცავს.

თ) სანქციისგან გათავისუფლება — სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი

52. №1466 ბრძანებაში მოყვანილი რედაქციით, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“. იმავე ბრძანებაში მოყვანილი სსკ-ის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება, მათ შორის, საურავისა და ფულადი ჯარიმის სახით. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია, მომჩივანი გაათავისუფლოს როგორც ჯარიმისგან (104 569,22 ლარი), ისე საურავისგან (37 788,35 ლარი).

53. ამ მოთხოვნის განხილვას №1466 ბრძანება არ აბრკოლებს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის ძირითადი გადასახადის დარიცხვის კანონიერებას და მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, არ არსებობს დარიცხული ჯარიმისა და საურავის მიმართ გადამხდელის კეთილსინდისიერების მოტივით გათავისუფლებაზე მსჯელობის წინაპირობები“; „მხოლოდ შესაბამისი დარიცხვების კანონიერების გამორკვევის შემდეგ“ შეიძლება იმსჯელოს უფლებამოსილმა ორგანომ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს1107(2კ-22)).3 №1466 ბრძანების მიღებისას მე-2 და მე-3 საკითხებზე ძირითადი ვალდებულება სწორედ გაურკვეველი იყო — ისინი ხელახლა შესასწავლად დაბრუნდა. შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებული სანქციების მიმართ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მსჯელობის ჯეროვანი მომენტი მხოლოდ ხელახალი შესწავლის შემდეგ დადგა. გარდა ამისა, კორექტირებული მოთხოვნით სანქციები ახალი ოდენობით არის განსაზღვრული, ხოლო მოგების გადასახადში ახალი „დარიცხვები“ ახალ სანქციურ შედეგებს წარმოშობს.

54. გასაჩივრებულმა ბრძანებამ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საკითხი, მისი სადავო საკითხად ჩამოთვლის მიუხედავად, საერთოდ არ შეაფასა. უზენაესი სასამართლოს მითითებით კი „აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებლად შეფასდეს, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების შემოწმებისას ყურადსაღებია მისი საგადასახადო ისტორია, გადახდილი გადასახადების სისწორე და დროულობა, იყო თუ არა იმავე სამართალდარღვევაზე დაჯარიმებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1267(2კ-22)). 4 ასეთი შეფასება გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არსებობს.

55. მომჩივნის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები:

ა) ხელახალი შესწავლის პროცესში მომჩივანმა აქტიურად ითანამშრომლა — წარადგინა, მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან, ბუღალტრული პროგრამა და ახსნა-განმარტებები. სწორედ ამან განაპირობა თავდაპირველი დარიცხვის 243 604 ლარით — ანუ 40%- ზე მეტით — შემცირება. მაშასადამე, თავდაპირველი დარიცხვის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ორგანოს შეფასებითაც უსაფუძვლო აღმოჩნდა;

ბ) დარჩენილი ვალდებულებები არ უკავშირდება შემოსავლის დამალვას ან ფიქტიურ ოპერაციებს. ისინი სამართლებრივი კვალიფიკაციის (სსკ-ის 73-ე მუხლი) და მეთოდური დაშვების (სალაროს „არაგონივრული“ ნაშთი — ხელფასი) შედეგია. №1466 ბრძანებაშივე დაფიქსირებულია დირექტორის ახსნა-განმარტება, რომ მან კომპანიიდან თანხები დროებით გაიტანა და მათ დაბრუნებას აპირებდა. მომჩივანი ჯეროვნად მიიჩნევდა, რომ თანხის დროებითი გატანა და სალაროში ნაშთის არსებობა დასაბეგრ მოვლენას არ წარმოშობდა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელსაც თავად სამსახური №1466 ბრძანებაში ასე ახასიათებს: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს“;

გ) სანქციური კომპონენტი (ჯარიმა და საურავი ჯამში — 142 357,57 ლარი) სადავო თანხის 40%-ს აღემატება, რაც, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, არაპროპორციულად მძიმე ტვირთია.

VI. შუამდგომლობები

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი შუამდგომლობს:

ა) საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, მომჩივნის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით (რეგლამენტის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი); სხდომის თარიღისა და დროის შესახებ შეტყობინება გაეგზავნოს წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე (zviad.gadelia@gmail.com) და ტელეფონზე (599 65 69 83) (რეგლამენტის მე-19 მუხლი). მომჩივანი თანახმაა სხდომის დისტანციურ ფორმატზეც;

ბ) საბჭომ სამსახურიდან გამოითხოვოს და მომჩივანს ელექტრონული ფორმით გააცნოს (რეგლამენტის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი): (i) ხელახალი შესწავლის სრული მასალები, მათ შორის მომჩივნის მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრების ოქმები ან სხვა ჩანაწერები და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა; (ii) ყველა გაანგარიშება, რომელსაც ეფუძნება დასკვნა — სალაროს თვიური ნაშთები, საკასო შემოსავალი და ხარჯი, გონივრული და არაგონივრული ნაშთი, ხელფასის საბოლოო ბაზა, სესხად კვალიფიცირებული თანხების ოპერაციების მიხედვით ახალი განაწილება, მიწის გადასახადის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშება; (iii) ბუღალტრული პროგრამის ის ვერსია, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება; (iv) №13656 ბრძანებაში მითითებული 2026 წლის 10 ივნისის დასკვნა (თუ იგი 15 ივნისის დასკვნისგან განსხვავებული დოკუმენტია); (v) საურავის თარიღობრივად გაშლილი გაანგარიშება; (vi) სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისისა (ოქმი №69) და 20 აგვისტოს (ოქმი №75) სხდომების ოქმები და 20 აგვისტოს სხდომის შესახებ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მასალა; (vii) აუდიტის დეპარტამენტის ის „ინფორმაცია“, რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული ბრძანება;

გ) საჩივრის არსებითი განხილვა არ დაიწყოს ზემოაღნიშნული მასალების მიღებამდე და მომჩივნისთვის მათზე პოზიციის წარდგენის გონივრული ვადის მიცემამდე; ხოლო თუ საბჭო ამ შუამდგომლობების (სრულად ან ნაწილობრივ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განიხილავს, ეს გადაწყვეტილება დასაბუთებულად ეცნობოს მომჩივანს არსებით განხილვამდე.

VII. მოთხოვნა

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს:

1) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №19599 ბრძანება;

3) ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №13656 ბრძანება და №050-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შემდეგ ნაწილებში:

ა) საშემოსავლო გადასახადი — 34 671,55 ლარი, მასზე დარიცხული ჯარიმითა და საურავით;

ბ) მოგების გადასახადი იმ ნაწილში, რომელიც №13656 ბრძანების დანართში „დარიცხვის“ სახით არის ასახული (19 765 ლარი — 15.07.2024; 86 718 ლარი — 16.06.2025), მასზე დარიცხული ჯარიმითა და საურავით;

გ) მიწის გადასახადი — 395,66 ლარი (387,90 + 7,76), მასზე დარიცხული ჯარიმითა და საურავით;

დ) საურავი — 37 788,35 ლარი, როგორც გადამოწმებადი გაანგარიშების გარეშე განსაზღვრული, მისი დასაბუთებული გადაანგარიშების დავალებით;

4) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდეს №050-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან — ჯარიმისგან (104 569,22 ლარი) და საურავისგან (37 788,35 ლარი), ხოლო ალტერნატიულად — სადავო ნაწილთან დაკავშირებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1466 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა კრედიტორული დავალიანების ოდენობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელ მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად შემოწმებით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 195 121 ლარით, მათ შორის ძირი 130 080 ლარი და ჯარიმა 65 040 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ახსნა-განმარტების ანალიზის შედეგად კორექტირება განიცადა, ასევე კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულმა სესხად დაკვალიფიცირებულმა თანხებმა. აღნიშნულმა გამოიწვია აქტით დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება ჯამში 47 324 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 961 ლარი და ჯარიმა 22 363 ლარი.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერებით შემოწმების მიერ მოხდა გამიჯვნა სხვა კომპანიის და შპს ------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების. შესაბამისად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ქონების გადასახადის ნაწილში სულ 1 159 ლარით. აქედან გადასახადი 773 ლარი და ჯარიმა 386 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 243 604 ლარით, მათ შორის, გადასახადი 155 814 ლარი, ჯარიმა 87 790 ლარი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2026 წლის №93930-21-14 წერილი, საიდაც მითითებულია შემდეგი:

ნაღდი ფულის მოძრაობა - გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით (უფლებამოსილი წარმომადგენელი, ბუღალტერი -------) და მის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა კრედიტორული დავალიანების ოდენობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელ მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს ნაშთის ოდენობამ (გათვალისწინებული იქნა გონივრული ნაშთი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად შემოწმებით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 195 121 ლარით, მათ შორის გადასახადი 130 080 ლარი და ჯარიმა 65 040 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ახსნა-განმარტების ანალიზის შედეგად კორექტირება განიცადა ასევე კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულმა სესხად დაკვალიფიცირებულმა თანხებმა. აღნიშნულმა გამოიწვია აქტით დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება ჯამში 47 324 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 961 ლარი და ჯარიმა 22 363 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამა გადაანგარიშების პროცესში წარდგენილ იქნა რამოდენიმე ვერსიად. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა გავლა დეტალურად (არაერთხელ იყო ადგილზეც მოსული). საბოლოო შედეგიც გავლილია გადასახადის გადამხდელთან და მას რაიმე სხვა დოკუმენტი/არგუმენტი გადაანგარიშების პროცესში არ წარმოუდგენია. ქონების/მიწის გადასახადი - გადასახადის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერებით შემოწმების მიერ მოხდა გამიჯვნა სხვა კომპანიის და შპს ------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების. შესაბამისად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202- ე, 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ქონების გადასახადის ნაწილში სულ 1 159 ლარით. აქედან ძირი 773 ლარი და ჯარიმა 386 ლარი.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1466 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1466 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა კრედიტორული დავალიანების ოდენობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელ მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ახსნა-განმარტების ანალიზის შედეგად კორექტირება განიცადა, ასევე კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულმა სესხად დაკვალიფიცირებულმა თანხებმა. აღნიშნულმა გამოიწვია აქტით დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერებით შემოწმების მიერ მოხდა გამიჯვნა სხვა კომპანიის და მომჩივანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ქონების გადასახადის ნაწილში.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1466 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154; 203; 204; 269(7);