გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2/5846-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2017წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი კობა ბალახაძე
მოსარჩელე გ--–-------------ი
წარმომადგენლები გ-------------ე
მოპასუხეები ტ---------–-----------ა, დ------–-----ა
წარმომადგენელი ი-----–-----------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ--–-------------ის მესაკუთრედ ცნობა 1990 წლის 23 მარტს გარდაცვლილი მამის - მ-----–---------ოს (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის #2610) სამკვიდრო ქონების, საჯარო რეესტრში დ------–-----ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, 1/6 ნაწილზე.
1.2. ე-----------------სა და ტ---------–-----------ას შორის, 2001 წლის 24 დეკემბერს უძრავ ქონებაზე მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, დადებული ჩუქების ხელშეკრულების, რეესტრში რეგისტრაციის #1-1--2, ბათილად ცნობა 1/6 ნაწილში;
1.3. ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას შორის 2013 წლის 01 ნოემბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/6 ნაწილში.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მამა, მ-----–---------ო გარდაიცვალა 1990 წლის 19 მარტს. გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებლის სახელზე, ირიცხებოდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8. მ-----–---------ოს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა სამი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ე-----------------, შვილები - გ--–-------------ი და ვ-–-------- (ვ--–------) ბ---------.
მოსარჩელისაგან ფარულად, სხვა მემკვიდრეთათვის შეუტყობინებლად, ე-----------------მ მიმართა ნოტარიუს ლ. ცხადაძეს და 2001 წლის 28 სექტემბერს მიიღო საკუთრების უფლების მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის #2-151) სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე, როგორც თანამესაკუთრე მეუღლემ, ხოლო სამკვიდრო მოწმობა, როგორც მ-----–---------ოს მემკვიდრემ, ქონების დარჩენილ ½ წილზე. უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ე----------------- აღირიცხა უძრავი ნივთის მდებარე - ქ. თბილისი, ა--–--------, #3--/8, ერთპიროვნულ მესაკუთრედ.
ე-----------------მ 2001 წლის 24 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცა შვილიშვილს, ვ-–-------- (ვ--–------) ბ---------ს შვილს, ტ---------–-----------ას, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ.მოსკოვში. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებით ე-----------------მ განკარგა მამის - მ-----–---------ოს სამკვიდროდან, რაც შეადგენს სადავო ქონების ½ ნაწილს, მოსარჩელის კუთვნილი 1/3 წილი, რის გამოც არსებობს ამ ხელშეკრულების ნაწილობრივ გაბათილების საფუძველი.
ე----------------- გარდაიცვალა 2006 წლის 08 მარტს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელე ოჯახის შექმნის შემდეგ, 1986 წლიდან ცხოვრობდა დედის მეზობლად, მეუღლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, იგი მუდმივად უვლიდა და პატრონობდა მშობელს, ცხოვრობდა მასთან ერთად, შესაბამისად, მოპოვებული აქვს მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრეობითი უფლებები.
გ--–-------------ასთან ქონებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით, 2013 წლის 01 ნოემბერს, ტ---------–-----------ამ დის შვილთან დ------–-----ასთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. უძრავი ნივთის მყიდველი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, ხელშეკრულების მიზანი კი გ--–-------------ას, როგორც მემკვიდრის, კუთვნილი წილის გარეშე დატოვებაა.
ვ-–-------- ბ--------- გარდაიცვალა 2014 წლის 17 მაისს. მოსარჩელისათვის სამემკვიდრეო უფლებების ხელყოფის შესახებ ცნობილი გახდა სრულიად შემთხვევით, რის შემდეგაც, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ როგორც მემკვიდრეს, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე. ამასთან, ვინაიდან სადავო ნივთი განიკარგა მისი, როგორც მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ხოლო დ------–-----ა არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, იურიდიული ინტერესის ფარგლებში არსებობს სადავო ნივთზე დადებული ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ, 1/6 ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. გ--–-------------ის წილი კი მამის სამკვიდროდან უძრავ ქონებაში მდებარე - ქ. თბილისი, ა--–--------, #3--/8 - შეადგენს ½ წილის 1/3 ნაწილს, მამის დანარჩენი ორი მემკვიდრის წილის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, გასულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე სამართლებრივი პრეტენზიის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან გარიგების შესახებ გ--–-------------ასათვის მისი დადებისთანავე იყო ცნობილი. ასევე, არსებობდა სასამართლო დავა აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისად მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო ფაქტის შესახებ მისთვის 2016 წელს გახდა ცნობილი არ არის გასაზიარებელი.
გ--–-------------ს ოჯახის შექმნის შემდეგ, ერთი დღეც არ უცხოვრია მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებაში, არ მიუღია მონაწილეობა მათ მოვლა-პატრონობაში. მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ, ე-----------------ს თავდაპირველად უვლიდნენ შვილი, ვ--–------ (ვ-–--------) ბ--------- და რძალი, გ---–-----------–-–---–ი, ხოლო ამ უკანასკნელის ავადმყოფობის შემდეგ, შვილიშვილი, ტ---------–-----------ა.
რუსეთის ფედერაციაში, ქ.მოსკოვში მუდმივად მცხოვრები მოპასუხე, ბებიის თხოვნით, ოჯახის მოვლის მიზნით, მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, რისთვისაც გაყიდა საკუთრებაში არსებული ქონება. იგი გარდაცვალებამდე უვლიდა ე-----------------ს, რისთვისაც მადლიერების ნიშნად, ჩუქების გზით მიიღო სადავო ნივთი. მანვე გაიღო დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების ყველა ხარჯი, რაშიც გ--–-------------ს მონაწილეობა არ მიუღია. ფინანსური პრობლემების გამო, იგი იძულებული გახდა მიეღო ნაჩუქარი ქონების გასხვისების გადაწყვეტილება.
დ------–-----ამ, რომელიც ბავშვობიდან ხშირად იმყოფებოდა და იზრდებოდა უძრავ ქონებაში, წინაპრების სამკვიდროს შენარჩუნების მიზნით, ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, თავად შეიძინა სახლი, კანონის სრული დაცვით აღირიცხა მესაკუთრედ და წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. მისთვის ცნობილი იყო მემკვიდრეებს შორის სადავო ქონებაზე დავის არსებობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების შესყიდვის თაობაზე, რაც მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
შესაბამისად, მოსარჩელეს მამის სამკვიდრო ქონება არ აქვს მიღებული კანონით დადგენილ ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით, რაც გამორიცხავს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით გ--–-------------ის მესაკუთრედ ცნობას სადავო უძრავ ნივთზე და შემდგომ დადებული ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ--–-------------ი 1986 წლის 08 აპრილიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნიკოლოზ აივაზოვთან. მოსარჩელე, ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა სადავო ქონებიდან და დღემდე ცხოვრობს მეუღლის ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი ).
3.1.2. მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში, გ--–-------------ს მამის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. დ------–-----ა წარმოადგენს, მოპასუხე ტ---------–-----------ას დის, ე-------–-----ას - შვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-----–---------ოსა და ე-----------------ს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 1930 წლის 20 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.135).
3.2.2. მ-----–---------ოს სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–-- ქ.#3---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა, გეგემა (ს.ფ. 16, 291).
3.2.3. მ-----–---------ო გარდაიცვალა 1990 წლის 23 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 69).
3.2.4. მ-----–---------ოს პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - ე-----------------, შვილები - გ--–--- ბ--------- (დაბადებული 08.08.1937წ; ქორწინების შემდგომი გვარი - ა---------) და ვ-–-------- ბ--------- (დაბადებული 17.01.1948წ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.69);
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.135);
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 13);
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);
- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2.5. უძრავ ქონების ½ ნაწილზე - მდებარე ქალაქი თბილისი, ა--–-- ქ. #3---, ე-----------------ს, როგორც მ-----–---------ოსთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე, ნოტარიუს ლ.ცხადაძის მიერ, 2001 წლის 28 სექტემბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-151, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლების მიმღები პირი აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ.17);
-ცნობა-დახასიათება (ს.ფ.288).
3.2.6. მ-----–---------ოს სამკვიდრო ქონებაზე, ½ წილზე - მდებარე ქალაქი თბილისი, ა--–-- ქ. #3---, ე-----------------ს სახელზე, ნოტარიუს ლ.ცხადაძის მიერ, 2001 წლის 28 სექტემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-152, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობის მიმღები პირი აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 16);
- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 288).
3.2.7. გულქან ბ---------მ, ვ--–------ ბ---------მ და ე-----------------მ, 2000 წლის 20 აგვისტოს გასცეს წერილობითი თანხმობები, ტ---------–-----------ასა და მისი შვილის, ნ-----–----–-----------ას საქართველოში ჩამოსვლასა და ბინადრობის უფლებით მისამართზე მდებარე - ქ.თბილისი, ა--–-- ქ.#3--- ჩაწერის თაობაზე. წერილობითი თანხმობები დადასტურებულია ნოტარიუს მ.ოძელაშვილის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წერილობითი თანხმობები (ს.ფ.157-168).
3.2.8. ე-----------------სა და ტ---------–-----------ას შორის, 2001 წლის 24 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, დამოწმებული ნოტარიუს ლ.ცხადაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის #1-1--2, ტ---------–-----------ამ საჩუქრის სახით მიიღო საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, ა--–-- ქ.#3---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.16.0--0---001. უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.32-38);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.28).
3.2.9. ე----------------- გარდაიცვალა 2006 წლის 08 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.21).
3.2.10. ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას შორის, 2013 წლის 01 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, ა--–-- ქ. #3--/8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:01.16.0--0---001, გადაეცა დ------–-----ას. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 80 000 აშშ დოლარით. მყიდველი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.39-40);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.30).
3.2.11. ვ-–-------- (ვ--–------ე) ბ--------- გარდაიცვალა 2014 წლის 17 მაისს. მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები, ტ---------–-----------ა და ე-------–-----ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.20);
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 237).
3.2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე #2/5802-13, ნანი ბ---------სა და გ--–-------------ის სარჩელი ტ---------–-----------ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება (ს.ფ.172-173).
3.2.13. დ------–-----ა არის მოპასუხე ტ---------–-----------ას დისშვილი. იგი ბავშვობიდან იზრდებოდა და ხშირად იმყოფებოდა უძრავ ქონებაში - მდებარე თბილისი, აბაშიძის ქ. 3--/8, იცნობდა მხარეებს, წარმოადგენდა ტ---------–-----------ას წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ დავაში, მათ შორის, ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დავა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, დარჩა განუხილველი და მხარეებს შეეძლოთ სარჩელის ხელახლა წარდგენა მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება (ს.ფ.172-173).
3.2.14. გ--–-------------ს ოჯახის შექმნის შემდეგ, 1986 წლიდან სადავო უძრავ ქონებაში - მდებარე თბილისი, ა--–-------- 3--/8, არ უცხოვრია. საქმის მასალებით არ დასტურდება მის მიერ არც სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის ფაქტი.
სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----–---------ოს გარდაცვალების - 1990 წლის 30 მარტის შემდეგ, 6 თვის ვადაში, მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი ცხოვრობდა და ხშირად იმყოფებოდა დედასთან, უვლიდა და პატრონობდა მას.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ--–-------------ი 1986 წლის 08 აპრილიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნიკოლოზ აივაზოვთან. მოსარჩელისავე განმარტებით, იგი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, რომელიც მდებარეობს სადავო სამკვიდრო ქონების მეზობლად. 1990 წლის 19 მარტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვიან პერიოდში კი, სადავო სახლთმფლობელობაში მოსარჩელის ცხოვრების, ქონების მოვლა-პატრონობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულება, საქმეში არ არის წარმოდგენილი. გ--–-------------ს სათანადო და უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ თავისად მიიჩნევდა მშობლებისეულ უძრავ ნივთს, რის გამოც იღებდა მონაწილეობას მის გაუმჯობესებაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ჰქონდა დამოუკიდებელი ოთახი, პატრონობდა ან მართავდა მას, არ წარმოუდგენია. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოწმეები არ წარმოადგენენ გ--–-------------ის მიერ გაცხადებული ფაქტის - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, დედის, ე-----------------ს მოვლა-პატრონობის მიზნით მოსარჩელის სადავო სამკვიდრო სახლში ცხოვრების უშუალო თვითმხილველებს.
მოწმე ი----------–ი, რომელიც წარმოადგენს გ--–-------------ის მეზობელს, კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე მიუთითებს 3-5 თვიან პერიოდს, რა დროსაც მოსარჩლე უვლიდა მშობელს, ე-----------------ს ავადმყოფობის დროს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ფაქტის უშუალოდ თვითმხილველს, ჩვენებას იძლევა მხოლოდ სხვის მიერ გადმოცემული მონათხრობის მიხედვით, მნიშვნელოვანი თარიღების დასახელების გარეშე. ზოგადი ინფორმაციის შემცველია გ--–-------------ის მეზობლების ე------------–---–ისა და მ------------–---–ის მიერ მიცემული განმარტებები, სადაც ისინი საუბრობენ გ--–-------------ის მხრიდან დედის მიმართ გაწეული მატერიალური დახმარების, დედა-შვილს შორის ურთიერთობის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ე------------–---–ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გ--–-------------ი ცხოვრობდა მეუღლის სახლში, რაც მოპასუხეთა განმარტებებთან თანხვედრაშია.
შესაბამისად, მოწმეთა ზოგადი ინფორმაციის შემცველი ჩვენებები, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებას.
მოპასუხე მხარემ, გ--–-------------ას მიერ დასახელებული ფაქტები სადავოდ გახადა. კერძოდ, მათი მითითებით გ--–-------------ს მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო სახლში არასდროს უცხოვრია, არ გამოუჩენია მზრუნველობა მშობლისადმი. როგორც ე-----------------ს, ასევე, სამკვიდრო სახლს უვლიდა და პატრონობდა ტ---------–-----------ა, რაც გახდა შემდგომში, მადლიერების ნიშნად, ბებიის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების ჩუქების ხელშეკრულების გზით შვილიშვილზე გაფორმების საფუძველი. მოსარჩელის მიერ განმარტებულ, სრულიად საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომელთა უშუალო და პირდაპირი დაინტერესება დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი, საქმის მასალებით არ იკვეთება.
მოწმეები ე-------–-----ა, ნ-----–----–-----------ა და ნ-----–-----–---–ი განმარტავენ, რომ ე-----------------ს უვლიდა ტ---------–-----------ა, რომელიც ამ მიზნით, ბებიის თხოვნით დაბრუნდა საქართველოში, გ--–-------------ს კი დედის მოვლა-პატრანობაში მონაწილეობა არასდროს მიუღია და სადავო სახლში არ უცხოვრია. ე-----------------ს გარდაცვალებამდე მასთან ერთად მცხოვრებ პირებზე მოპასუხეთა განმარტების იდენტური ინფორმაციის შემცველია მოწმეთა ზ----------–---–ისა და კ------------------ის ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენენ დ------–-----ას მეგობრებს. ისინი ხშირად იმყოფებოდნენ სადავო სახლში და უშუალოდ აქვთ მონაწილეობა მიღებული ე-----------------ს დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებში. მათი ჩვენებით მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნივთში მუდმივად ცხოვრობდნენ ე-----------------, ვ--–------ ბ---------, გ---–----------–-–---–ი, შემდეგ ტ---------–-----------ა არასრულწლოვან შვილთან ერთად, ხოლო გ--–-------------ი იქ არ უნახავთ. მოსარჩელე სადავო სახლში იმყოფებოდა მხოლოდ დედისა და ძმის გარდაცვალების დროს. მოწმეთა ჩვენების გაქარწყლება და მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება, მოსარჩელემ ვერ შეძლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებით მოსარჩელის პოზიცია არ დასტურდება, სხვა მტკიცებულება კი გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, გ--–-------------ს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ სამკვიდრო უძრავი ქონების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში მიღების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს მამის სამკვიდრო, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, გ--–-------------ის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 316-ე, 1507-ე, 1504-ე მუხლები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე, 539-ე, 546-ე, 544-ე, 556-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 524-ე, 477-ე, 170-ე, 959-ე, 59-ე, 102-ე, 976-ე მუხლები. .
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა 2001 წლის 24 დეკემბერს ე-----------------სა და ტ---------–-----------ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მნიშვნელოვანია დადგინდეს არის თუ არა ხანდაზმული გ--–-------------ის მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა სახის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა
სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით, კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა, ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას; ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი) მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; სამოქალაქო კოდექსის 131–ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წამოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როდესაც კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება; ამავე კოდექსის 128–ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის საერთო ვადას, რომელიც შეადგენს 10 წელს.
ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დამატებით მიუთითოს, რომ ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნებზე, რომელიც შესაძლოა მოქმედების შესრულების ან მისგან თავის შეკავებაში მდგომარეობდეს. ის თუ რა არის სახელშეკრულებო მოთხოვნა, მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც საბაზისო ნორმაა და ზოგადია ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებისათვის. შესაბამისად, გარიგების ტიპის მიუხედავად, მოვალე ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ასეთის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების, რაც ხელშეკრულებით არის ნაკისრი მოვალის მიერ შესრულება. სწორედ ამგვარი შესრულების მოთხოვნაზე ვრცელდება უძრავ ნივთებზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ექვსწლიანი ვადა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, ბათილობა არის სამართლებრივი შედეგი, რაც იმ შემთხვევაში დგება, თუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგალითად, დადებულია ქმედუუნარო პირის მიერ, ფორმადაუცველად, მოჩვენებითად, კანონსაწინააღმდეგოდ. ასეთ დროს, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს რაც დამახასიათებელია კონკრეტული ხელშეკრულებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობა ყველა შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნა სახელშეკრულებო მოთხოვნად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე და მასზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, ხანდაზმულობის ვადის დაწყების ობიექტურ საფუძველზე მსჯელობისას ირკვევა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ერთის მხრივ, მჩუქებელს, ე-----------------სა და მეორეს მხრივ, დასაჩუქრებულს, ტ---------–-----------ას შორის, 2001 წლის 24 დეკემბერს. გარიგების ბათილობას კი ითხოვს პირი, გ--–-------------ი, რომელიც არ არის აღნიშნული გარიგების მხარე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ალბათობას, რომ ასეთმა პირმა შეიძლება არაფერი იცოდეს სადავო გარიგების არსებობის თაობაზე და შესაბამისად, ვერც მისი ბათილობა მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში, რის გამოც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად გარიგების დადების დროის მიჩნევა უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება პირს განუსაზღვრელად გააჩნდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული. საბოლოო ჯამში, დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას – უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ ურთიერთობებში, მსგავსი სარჩელებიდან მომდინარე დანაკარგის შიშის გარეშე. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება.
ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ათ წელს და ამ მოთხოვნაზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა (მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო გარიგებების მხარეს და შესაბამისად, მისთვის უძრავ ნივთზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, დასახელებული ნორმით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება);
რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების სუბიექტურ ფაქტორს ანუ უფლების დარღვევის შეტყობის მომენტს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 21 ოქტომბერს მიღებული განჩინებით ირკვევა, რომ ნანი ბ---------სა და გ--–-------------ას მიერ ტ---------–-----------ას მიმართ წარდგენილი სარჩელი, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი. განჩინებაში არ არის მითითებული ჩუქების ხელშეკრულების კონკრეტული მახასიათებლები, ასევე, მისი ბათილად ცნობის კონკრეტული საფუძვლები და სარჩელის აღძვრის თარიღი. იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოსარჩელემ სადავო ქონების გასხვისების თაობაზე შეიტყო არა 2013 წელს, არამედ უფრო ადრე, მოპასუხეს აკისრია, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დავა სასამართლოს არც 129-ე მუხლის საფუძვლების გამოყენებით მიაჩნია ხანდაზმულად, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა, რის ფარგლებშიც გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, არ არის ხანდაზმული და სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს გ--–-------------ის მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად, 1990 წლის 19 მარტს გარდაცვლილი მ-----–---------ოს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია).
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. 546-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–---------ოს გარდაცვალებით, 1990 წლის 19 მარტს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბილისი, ა--–-- ქ. #3---– 1/2 ნაწილი. მ-----–---------ოს პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - ე-----------------, შვილები - გ--–--- ბ--------- (დაბადებული 08.08.1937წ; ქორწინების შემდგომი გვარი - ა---------) და ვ-–-------- ( ვ--–------ე) ბ---------.
დადგენილია ასევე, რომ მ-----–---------ოს სამკვიდრო ქონებაზე, ½ წილზე - მდებარე ქალაქი თბილისი, ა--–-- ქ. #3---, ე-----------------ს სახელზე, ნოტარიუს ლ.ცხადაძის მიერ, 2001 წლის 28 სექტემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-152, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობის მიმღები პირი აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.
რაც შეეხება გ--–-------------სა და ვ--–------ ბ---------ს, რომლებიც ასევე წარმოადგენენ კანონისმიერ მემკვიდრეებს, უდავოა, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მათ, სამკვიდრო მიღების შესახებ განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელების ფაქტი, რაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებად იქნება მიჩნეული. დადგენილია, რომ გ--–-------------ი დაქორწინების შემდეგ, 1986 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ოჯახში. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი მამის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში დედასთან ერთად ცხოვრობდა სადავო მისამართზე და ფლობდა მას როგორც საკუთარს. სათანადო და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ გ--–-------------ი მამის გარდაცვალების შემდეგ თავისად მიიჩნევდა სადავო უძრავ ნივთს, რის გამოც იღებდა მონაწილეობას მის გაუმჯობესებაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ჰქონდა დამოუკიდებელი ოთახი ან მართავდა მას, არ წარმოუდგენია. 1990 წლის 19 მარტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვიან პერიოდში, სადავო სახლთმფლობელობაში ცხოვრების, მისი მოვლა-პატრონობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულება, საქმეს არ ერთვის. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც, რომლებიც არ წარმოადგენენ გ--–-------------ის მიერ გაცხადებული ფაქტის - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, დედის, ე-----------------ს მოვლა-პატრონობის მიზნით მოსარჩელის სადავო სამკვიდრო სახლში ცხოვრების უშუალო თვითმხილველებს. მათ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია არც დაზუსტებული დროის მითითებით. ამასთან, მოწმე ე------------–---–ი ადასტურებს, რომ გ--–-------------ი ცხოვრობდა მეუღლის სახლში.
მოპასუხე მხარემ აღნიშნული ფაქტი სადავო გახადა და მოწმეთა ზოგადი ჩვენებები, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგეს სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებას. გ--–-------------ის მიერ წარმოდგენილი განმარტების საპირისპირო ინფორმაციის შემცველია მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენება, კერძოდ, მათი მითითებით მოსარჩელეს მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო სახლში არასდროს უცხოვრია, არ გამოუჩენია მზრუნველობა მშობლისადმი, ე-----------------ს, ასევე, სამკვიდრო სახლს უვლიდა და პატრონობდა მხოლოდ ტ---------–-----------ა, რომელიც ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, რაც გახდა შემდგომში, მადლიერების ნიშნად, სადავო უძრავი ქონების მისთვის ჩუქების საფუძველი.
მოწმეები ე-------–-----ა, ნ-----–----–-----------ა და ნ-----–-----–---–ი განმარტავენ, რომ ე-----------------ს უვლიდა ტ---------–-----------ა, რომელიც ამ მიზნით, ბებიის თხოვნით დაბრუნდა საქართველოში, გ--–-------------ს კი დედის მოვლა-პატრანობაში მონაწილეობა არასდროს მიუღია და სადავო სახლში არ უცხოვრია.
მოწმეთა ჩვენებით მ-----–---------ოს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნივთში მუდმივად ცხოვრობდნენ ე-----------------, ვ--–------ ბ---------, გ---–----------–-–---–ი, შემდეგ ტ---------–-----------ა არასრულწლოვან შვილთან ერთად, ხოლო გ--–-------------ი იქ არ უნახავთ. მოსარჩელე სადავო სახლში იმყოფებოდა მხოლოდ დედისა და ძმის გარდაცვალების დროს. მოწმეთა ჩვენების გაქარწყლება და მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება, მოსარჩელემ ვერ შეძლო.
შესაბამისად, გ--–-------------ის მიერ დედის, ე-----------------ს მოვლისა და მზრუნველობის ფაქტი, მყარი არგუმენტაციით ვერ დასაბუთდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტის დასატურების შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითითებული მოქმედებები დედის მიმართ, ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარემოებად. ამ თვალსაზრისით სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები, როგორიცაა სამკვიდროს მიღება – დაუფლებისაკენ მიმართული ნებელობითი მოქმედება და ამგვარი მოქმედების განხორციელება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა.
რაც შეხება მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა ე-----------------ს მხრიდან ნოტარიუსთან სხვა მემკვიდრის განუცხადებლობას, კანონის ზემოაღნიშნული განმარტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ იცოდა მისი გარდაცვალების დროს, შესაბამისად, მას თავად შეეძლო და უნდა უზრუნველყო თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზება. კანონმდებელი მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეთა ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობას, ასევე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად გონივრული ზომების მიღებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის (სამოქალაქო კოდექსის 1478-ე მუხლი), ასევე, მემკვიდრემ არ იცის მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამკვიდროს მიღების წესის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება (ასეთის არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - მხარეს აღნიშნულის თაობაზე არ მიუთითებია) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება იყოს გ--–-------------ის მხრიდან კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და ამ ტვირთის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების, მართვის ფაქტი და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებანი, გ--–-------------ს მამის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, შესაბამისად არ არსებობს მისი ამ საფუძვლით მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მეწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება ერთობლივად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია კანონით
ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვით საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--–-------------ს კანონით დადგენილი წესით არ მიუღია მამის სამკვიდრო, რის გამოც სადავო ქონებაზე საკუთრების მიღების უფლება არ წარმოშობია და იგი არ წარმოადგენს სადავო ნივთის თანამესაკურეს. შესაბამისად ზემოაღნიშნული ნორმებისა, გარიგების მხარეს, როგორც ქონების მესაკუთრეს უფლება ჰქონდა განეკარგა მისი საკუთრება, რისთვისაც მოსარჩელე მხარის თანხმობას არ საჭიროებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არსებობს სადავო ქონებაზე გ--–-------------ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლიდან გამომდინარე, არ წარმოშობია უძრავ ნივთზე - მდებარე, თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, საკუთრების უფლება, სასარჩელო მოთხოვნები - ე-----------------სა და ტ---------–-----------ას შორის 2001 წლის 24 დეკემბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, დადებული ჩუქების ხელშეკრულების, რეესტრში რეგისტრაციის #1-1--2, 1/6 ნაწილში ბათილად ცნობის, ასევე, ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას შორის 2013 წლის 01 ნოემბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ა--–--------, #3--/8, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:133.92 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:91.72 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.16.0--0---001, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/6 ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო (სსსკ-ის 180-ე მუხლი), სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის, გ--–-------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეებს, ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას არ დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–-------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გ--–-------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მოპასუხეებს, ტ---------–-----------ასა და დ------–-----ას, არ დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დალი აბჟანდაძე