გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
010210016001575284
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001575284

#2/3455-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ი“

წარმომადგენელი - მ-----------------ე

მოპასუხე - რ-------მ გ--–--ე

წარმომადგენელი - რ-----–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ-------მ გ--–--ისათვის 5122.03 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ.

 

1.2. მოპასუხე რ-------მ გ--–--ისათვის მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარის 3%-ის - 90 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 16.07.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე რ-------მ გ--–--ისათვის მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება სესხის ძირი თანხის - 3000 აშშ დოლარის 0.07 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 16.07.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხე რ-------მ გ--–--ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–ის #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) იძულებითი რეალიზაცია. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დავალიანების სრულად დაუფარავობის შემთხვევაში აღსრულების მიქცევა მოპასუხე რ-------მ გ--–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

1.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხება დავალიანება, რომლის დაფარვა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ არ უზრუნველყო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე რ-------მ გ--–--ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 500 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხე რ-------მ გ--–--ესა და მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #839, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა რ-------მ გ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, შ-----–--–---–ის #---ში მდებარე ბინა # 8 (ს/კ 0------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- იპოთეკის ხელშეკრულება #839 - ს. ფ. 21-25;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - 30-31;

 

3.2.2. 2012 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხე რ-------მ გ--–--ესა და მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ს“ შორის გაფორმდა #39329 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს მისო „ბ------–მა“ მოპასუხე რ-------მ გ--–--ეზე გასცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მიხედვით სესხის სარგებლობის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც სესხის ხელშეკრულების 2.7 პუნქტის თანახმად განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 0.07 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით - ქ. ბათუმში, შ-----–--–---–ის #---ში მდებარე ბინა # 8 (ს/კ 0------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #39329 სესხის ხელშეკრულება - ს. ფ. 26-28;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 29;

- იპოთეკის ხელშეკრულება #839 - ს. ფ. 21-25;

 

3.2.3. რ-------მ გ--–--ეს მიღებული სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით -

ა) სესხის ძირისა და პროცენტის დაფარვის გზით სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული კლებადი გრაფიკის შესაბამისად, თვეში 301.39 აშშ დოლარის შენატანებით,ბ) სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის ყოველთვიურად, ხოლო ძირი თანხის მსესხებლის შესაძლებლობის ფარგლებში გადახდის გზით, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში,გ) საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად, ხოლო ძირი თანხისა კი ერთიანად ნებისმიერ დროს გადახდის გზით, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათის და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #39329 სესხის ხელშეკრულება - ს. ფ. 26-28;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 29;

- ინფორმაცია გადახდილი/დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს შესახებ - ს. ფ. 32-33;

 

3.2.4. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის შესაბამისად (იხ. სესხის ხელშეკრულების 2.12.2. და 2.12.3 პუნქტები), აირჩია სესხზე დარიცხული სარგებლის ყოველთვიურად დაფარვის მეთოდი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 თვის მანძილზე ყოველთვიურად იხდიდა სესხზე დარიცხულ პროცენტს 90 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელის თანხმობით გააგრძელა სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ, რაც მოსარჩელის მხრიდან შეწყდა 2016 წლის 16 ივლისს. 2013 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივლისამდე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 3594 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ დაფარული იქნა 2465 აშშ დოლარი, 2015 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #39329 სესხის ხელშეკრულება - ს. ფ. 26-28;

- ინფორმაცია გადახდილი/დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს შესახებ - ს. ფ. 32-33;

 

3.2.5. 2013 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივლისის მდგომარეობით რ-------მ გ--–--ის მიერ გადახდილი იქნა: სესხის ძირი - 00 აშშ დოლარი, სარგებელი - 2465 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს 16.07.2016 წლის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 5122.03 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 3000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1129 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 993.03 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ინფორმაცია გადახდილი/დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს შესახებ - ს. ფ.32-33;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 16.07.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 5122.03 აშშ დოლარს. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 16.07.2016 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მისო ბ------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 623-625-ე, 268-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით. მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოპასუხემ საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს 2013 წლის 26 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირი თანხის - 3000 აშშ დოლარის დარიცხვის მართლზომიერება. მოპასუხე ასევე აღიარებს სარჩელის მოთხოვნას სარგებლის ნაწილში 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან და მასზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით 500 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ამასთან, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს 1129 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის დარიცხვის შესაბამისობას სახელშეკრულებო პირობებთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოთხოვნის ამ ნაწილის მართლზომიერების შესახებ.

 

სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის შესაბამისად, აირჩია სესხზე დარიცხული სარგებლის ყოველთვიურად დაფარვა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 თვის მანძილზე ყოველთვიურად იხდიდა სესხზე დარიცხულ პროცენტს 90 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელის თანხმობით გააგრძელა სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე უზრუნველყოს სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის დაფარვა, რაც შეადგენს თვეში 90 აშშ დოლარს. ამასთან დადგენილია, რომ 2013 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივლისამდე დარიცხული სარგებელი შეადგენს 3594 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 2465 აშშ დოლარი, შესაბამისად გადაუხდელი სარგებელი შეადგენს 1129 აშშ დოლარს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26.02.2013 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კაპიტალისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამში - 4129 აშშ დოლარის (სესხის ძირი - 3000აშშ დოლარი, სარგებელი - 1129 აშშ დოლარის) ანაზღაურება.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურების დაკისრებას, რაც 26.02.2013 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს - 993.03 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 0.07%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არმოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.07%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.07% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველ მხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 26.02.2013 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 93.30 აშშ დოლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 93.30 აშშ დოლარის ნაწილში.

 

ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად კი, სასამართლო მიიჩნევს სესხის ძირი თანხის - 3000 აშშ დოლარის 0.007 %-ს, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.21 აშშ დოლარს.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3000 ლარის 3%-ის გადახდა ყოველთვიურად, თვეში 90 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დასახელებული ნორმით კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ რ-------მ გ--–--ემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სკ-ის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება და შემოიფარგლება ერთი გარემოებით, კერძოდ მოპასუხემ მიიღო სასყიდელიანი სესხი თუმცა სესხის დაფარვის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეს დაეკარგა შესაძლებლობა სესხის სახით გაცემული 3000 აშშ დოლარის კვლავ ბრუნვაში ჩაშვებით თანხით მიეღო სარგებელი. ამასთან, სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარის დაბრუნებამდე მოსარჩელე მოკლებული იქნება შესაძლებლობას მიიღოს ამგვარი სარგებელი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------მ გ--–--ე ვალდებულიასაქართველოს სკ-ის 394-ე, 400-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის მიუღებელი შემოსავალი, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. ამასთან, სკ-ის 115-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს სესხის ძირი თანხის 0.3 %-ის ოდენობით ყოველთვიურად (წლიური 3.6 %).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით იქნა დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება არ მოიცავდა გარიგებას იმის შესახებ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაუფარავობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვა მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ - მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 39.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 41.1-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ხოლო ამავე კოდექსის 40.2-ე მუხლის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული დანაწესის მიხედვით დავის საგნის ღირებულება შეადგენს 10 661.53 აშშ დოლარს (24955.40 ლარს). სსკ-ის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 748.66 ლარს. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1068.50 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 319.84 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კერძოდ, მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 245.76 ლარი, სს „ტერა ბანკის“ 2017 წლის 01 აგვისტოს #600 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1068.50 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150, (შესრულების თარიღი - 24.08.2016 წელი; ბანკში შესვლის თარიღი - 25.08.2016 წელი).

 

მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 90.04 ლარის ოდენობით. ხოლო 412.86 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეულია ხარჯი 250 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, სსკ-ის 53.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფისღონისძიებასთანდაკავშირებულისაკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

დადგენილია, რომ მხარეები სესხის ხელშეკრულების 4.3. მუხლის თანახმად, შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრება. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ მოთხოვნა, მოპასუხე რ-------მ გ--–--ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4228.30 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც 3000 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 1129 აშშ დოლარი - სარგებელი, 99.30 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო.

 

1.2. მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 16 ივლისიდან ყოველთვიურად დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 3000 აშშ დოლარის 0.3% -ის (9.00 აშშ დოლარის) ანაზღაურება, სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 16 ივლისიდან ყოველდღიურად დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 3000 აშშ დოლარის 0.007%-ის (0.21 აშშ დოლარის) ანაზღაურება, სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხე რ-------მ გ--–--ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს რ-------მ გ--–--ის (პ/ნ 61002008135) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ბათუმი, შ-----–--–---–ის #--, საკადასტრო კოდით - 0------------------.

 

3. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, 2016 წლის 01 აგვისტოს, სს „ტერა ბანკის“ #600 საგადახდო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1068.50 ლარის ნაწილი - 565.60 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.

 

4. მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 90.04 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხე რ-------მ გ--–--ეს მოსარჩელის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ ასევე, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 250 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი