გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
080210016001230788
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/131-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ჯულიეტა კ-------ე

წარმომადგენელი - ხათუნა უ---ე

მოპასუხე - შპს „ა---------------------“

წარმომადგენელი - ნ------- ნე---–------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „ა----------------------ზე“ მოსარჩელე ჯ---–----ა კ-------ის სასარგებლოდ - აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 3000 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს „ა----------------------სა“ და მოსარჩელის რწმუნებულ მირიან ჯ------ას შორის 2014 წლის 07 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ტ----ს“ 2012, 2013, 2014 წლების მოგების გაანგარიშების სისწორე, ფულადი თანხების მოძრაობა, საზოგადოების ქონების შეძენისა და გასხვისების კანონიერება, პარტნიორებზე დივიდენდის განაწილება. აღნიშნული ესაჭიროებოდა მოსარჩელეს, რადგან დაედგინა იმ ვალდებულებების მოცულობა, რომელიც შპს „ტ----ს“ გააჩნდა მოსარჩელის, როგორც ამ საზოგადოების 6%-იანი წილის მფლობელის წინაშე. აუდიტორული დასკვნით უნდა დადგენილიყო რამდენად კანონიერად განხორციელდა და რამდენად სწორად გაიცა დივიდენდი პარტნიორებზე. ხელშეკრულების შესაბამისად შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 15 აპრილი. 2015 წლის 15 აპრილს ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა სამუშაოს სრულად დასრულებამდე. მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 3000 ლარი, რომელიც ჩაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე 2014 წლის 30 დეკემბერს.

აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 20 მაისს. დასკვნის მიხედვით პასუხი არ არის გაცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არც ერთ საკითხზე. ექვს გვერდიანი დასკვნის პირველ სამ გვერდზე მოცემულია შპს-ს პარტნიორთა სახელები დაბადების თარიღები მისამართები და წილის რაოდენობა ანუ ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. მე-4-5 გვერდებზე მოცემულია თითოეულ პარტნიორზე გაცემული ხელფასის და დივიდენდის რაოდენობა და მოგების გადასახადის დეკლარაციის გაშიფვრა. დასკვნაში მითითებული ციფრები აღებულია შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან რს.გე და წარმოადგენს იქ არსებული ციფრობრივი მონაცემების გამეორებას. მე-6 გვერდზე მოცემულია შპს-ს მიერ იჯარით გაცემული ქონების შესახებ ინფორმაცია. არ არის გაკეთებული ფინანსური აქტივების მოძრაობისა და საგადასახადო ანგარიშვალდებულების კანონიერების ანალიზი, არ არის შესწავლილი საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების კანონიერება მოგების გადასახადის სიზუსტის დადგენის მიზნით. ასევე არ დადგენილია გაცემული დივიდენდის კანონიერება. უკვე არსებული ციფრების გადმოსაწერად აუდიტორს დაჭირდა 5 თვე.

 

მოპასუხის წარმომადგენელს ა-----ნ ჯ-----ეს მოსარჩელემ აცნობა ზემოაღნიშნულის შესახებ და განუმარტა, რომ შესასრულებელი სამუშაო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საშუალო ხარისხისაც არ იყო და მოითხოვა ნაკლის გამოსწორება ან მიღებული ანაზღაურების დაბრუნება. რაზედაც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელემ უარი მიიღო. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა ხელშეკრულება გაეფორმებინა სხვა აუდიტორულ კომპანიასთან.

 

2015 წლის 08 ოქტომბერს შპს „ე-–------------“-ს მეშვეობით კვლავ შესწავლილი იქნა საწარმოს (შპს ტ----) საგადახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის სისწორე 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად დადასტურდა ეჭვი იმის შესახებ, რომ კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგება ხდებოდა საზოგადოებისა და დამფუძნებელი პარტნიორების ინტერესების საზიანოდ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა გაიზიარა შპს „ტ----მ“, რომელმაც აღნიშნულის საფუძველზე განახორციელა შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო დეკლარაციების დაკორექტირება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ შპს „ა---------------------“ დირექტორმა ა-----ნ ჯ-----ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ აუდიტი ჩატარებულია სრულყოფილად, დასკვნა გაცემულია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და ასევე მიღებულია შესაბამისი ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მას თავის დასკვნაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე აქვს გაცემული პასუხი და შპს „ე-–-----------სა“ და მის დასკვნას შორის განსხვავება მხოლოდ ის არის რომ მას საგადასახადო შემოწმება არ ჩაუტარებია რადგან ეს ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული და არც გადასახადო კანონმდებლობა აძლევდა ამის საშუალებას და დასძენს, რომ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად საგადასახადო შემოწმებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო და სხვა მაკონტროლებელ თუ სამართალდამცავ ორგანოს ეკრძალება პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება. მოპასუხე განმარტავს, რომ დასკვნაში ნაჩვენები დივიდენდების გაცემის შესახებ არ აქვს ინფორმაცია, რადგან აღნიშნულის კორექტირება გაკეთებულია მის მიერ აუდიტორული დასკვნის გაცემის შემდგომ პერიოდში. მოპასუხეს მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და ამასთან აღნიშნავს იმასაც, რომ ახალი აუდიტის დანიშვნის შესახებ მისთვის ცნობილი იყო და აღნიშნული მოხდა მასთან შეთანხმებით, მოსარჩელეს კი იმ დროისათვის მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 07 დეკემბერს მოსარჩელის მარწმუნებელ მ-----ნ ჯ------ას და მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ, კერძოდ, შპს „ტ-----ს“ 2012, 2013, 2014 წლების მოგების გაანგარიშების სისწორის, ფულადი თანხების მოძრაობის, საზოგადოების ქონების შეძენისა და გასხვისების კანონიერების, პარტნიორებზე დივიდენდების განაწილების შესახებ. ანგარიშფაქტურის შესაბამისად.

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 14).

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 აპრილის შპს „ა---------------------“ დირექციის გზავნილით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აუდიტორული შემოწმების დამთავრება ვერ ესწრება, რაზედაც შპს „ა---------------------“ მხარეს ხელმოსაწერად უგზავნის დამატებას ხელშეკრულებაზე.

მტკიცებულება:

- წერილი (ტ.1. ს.ფ. 15).

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებაზე დამატებით, ხელშეკრულების მხარეები: ერთის მხრივ შპს „ა---------------------“-ის დირექტორი ამირან ჯ-----ე (შემდგომში) შემსრულებელი და მეორეს მხრივ ფიზიკური პირი მ-----ნ ჯ------ა პირადი ნომერი 39101047139 (შემდგომში) დამკვეთი თანხმდებიან 2014 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების გაგრძელებაზე სამუშაოს დასრულებამდე.

მტკიცებულება:

- დამატება ხელშეკრულებაზე (ტ.1. ს.ფ. 16).

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მაისს შპს „აუდიტექსპერტი 96“-ის დირექტორის ა-----ნ ჯ-----ის მიერ გაიცა აუდიტის დასკვნა №20, რომელიც გაცემულია 2015 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ტ-----ს“ 2012, 2013, 2014 წლების მოგების გაანგარიშების სისწორის, ფულადი თანხების მოძრაობის, საზოგადოების ქონების შეძენისა და გასხვისების კანონიერების, პარტნიორებზე დივიდენდების განაწილების შესახებ.

მტკიცებულება:

- აუდიტის დასკვნა №20 (ტ.1. ს.ფ. 17-22).

 

3.2.6. დადგენილია, რომ შპს „აუდიტექსპერტი 96“-მა მ-----ნ ჯ------ასაგან მიიღო მომსახურების საფასური 3000 (სამი ათასი) ლარი.

მტკიცებულება:

სალაროს შემოსავლის ორდერი. №20 (ტ.1. ს.ფ. 23).

 

3.2.7.დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მაისს ერთის მხრივ შპს „ე-–------------ს“ დირექტორ თამაზ კ-------ესა და მეორეს მხრივ შპს „ტ-----ს“ 6.6%-იანი წილის მფლობელ ჯ---–----ა კ-------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება პროფესიული მომსახურების გაწევის თაობაზე.

მტკიცებულება:

-ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 24-34).

 

3.2.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 08 ოქტომბერს შპს „ე-–------------ს“ მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს საგადასახადო და ფინანსური სისწორე 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში და გაიცა დასკვნა, რეკომენდაციები.

მტკიცებულება:

- აუდიტის დასკვნა.

 

3.2.9. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია მიღებული გასამრჯელოს დაბრუნება, რაც გამომდინარეობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან, სწორედ მენარდის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ ხელშეკრულების საფუძველზე, და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იყო თუ არა სამუშაო ჯეროვნად შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „ა---------------------“-მა მოსარჩელსთან დადებული ხელშეკრულების პირობები შეასრულა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 352-ე, 405-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

6.3. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხ შპს „ა---------------------ის“ მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე გადახდილი მომსახურების თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის დაბრუნებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

6.5.ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

6... დადგენილია, რომ 2014 წლის 07 დეკემბერს მოსარჩელის მარწმუნებელ მ-----ნ ჯ------ას და მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ, კერძოდ, შპს „ტ-----ს“ 2012, 2013, 2014 წლების მოგების გაანგარიშების სისწორის, ფულადი თანხების მოძრაობის, საზოგადოების ქონების შეძენისა და გასხვისების კანონიერების, პარტნიორებზე დივიდენდების განაწილების შესახებ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელზე დართული შპს ,,ა------------------“-ს მიერ მომზადებული დასკვნა შინაარსობრივად პასუხობს მხარეთა შორის 2014 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების პირველ პუნქტში დასმულ საკითხებს. ამასთან იგივე ხელშეკრულება არ შეიცავს განსაკუთრებულ შეთანხმებას კვლევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

-სასამართლოს ამ მიზნით არასაკმარისად მიაჩნია მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, რომ შესრულებული სამუშაო დამკვეთისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო და მის „მოლოდინს არ შეესაბამება“, რადგან განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება არ შეიცავს კონკრეტულ პირობებს, თუ რას წარმოადგენს დამკვეთის ე. წ. ,,მოლოდინი“ და რასთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „დამკვეთის მოლოდინის“ დაკმაყოფილებაზე მითითება, შესრულების კონკრეტულ ხარისხზე მითითების გარეშე, წარმოადგენს ისეთ პირობას, რომელიც არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპს და ის მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

 

6.7. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების მე-13 მუხლით (ს.ფ.14) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება წერილობითი შეტყობინებით. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 15 აპრილის შეთანხმებით 2014 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა სამუშაოს სრულ შესრულებამდე. 2015 წლის 20 მაისის აუდიტორული დასკვნა მოსარჩელემ მიიღო, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2016 წლის 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც ჩაიბარა 2015 წლის 08 ოქტომბერის შპს „ე-–------------“-ს დასკვნა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო შემკვეთისათვის მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების მართებულობა.

 

იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია დამკვეთის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში შესრულების მიღება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განმარტება შესრულებული სამუშაოს არადამაკმაყოფილებლობის შესახებ (არ შეესაბამება დამკვეთის „მოლოდინს“), ვერ იქნება გამართლებული, რადგან მოსარჩელეს შეეძლო ხელშეკრულებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.

 

6.8. სასამართლო მოსარჩელეს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; ას-901-851-2015,5 თებერვალი, 2016 წელი; ას-981-926-2015,11 მარტი, 2016 წელი; №ას-399-383-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

 

6.9. განსახილველ დავაში სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ 2014 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე ასრულებდა სამუშაოებს, დადგენილია ასევე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამკვეთმა (მოსარჩელემ) ხელშეკრულების შესრულებისათვის გაუგრძელა ვადა, ამასთან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა პრეტენზია შესრულებული სამუშაოს უხარისხობის თაობაზე.

 

-შემკვეთი სარჩელში უთითებს მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან, უხარისხო შესრულებაზე. სასამართლო, განსახილველი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ რაიმე განსაკუთრებულ დათქმას.

სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

 

6.10. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შეთანხმებულ ხარისხს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოსარჩელის ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ შემკვეთს არ გამოუყენებია ასეთ შემთხვევაში მისთვის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით მინიჭებული საშუალებები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება, (საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 15 აპრილის წერილი არის შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და არა მოთხოვნა დამატებით შესრულებაზე) არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო. შემკვეთმა მენარდეს წერილობით არ აცნობა, რომ სამუშაოთა არადამაკმაყოფილებლად შესრულების გამო, ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას და საბოლოოდ მიიღო შესრულება.

 

შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშვა ვალდებულება, მენარდისათვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

6.11.სასამართლო აქვე სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი). იმ სახელშეკრულებო პირობებით, რაც უკავშირდება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზსა და მისი გამოსწორების შესაძლებლობას, შემკვეთს არ უსარგებლია, ანუ მან არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, მოეთხოვა მოსარჩელისათვის ხარვეზის აღმოფხვრა. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილი წესით შემკვეთმა არ შეატყობინა მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, პირიქით, გაუგრძელა ხელშეკრულების შესრულების ვადა და მიიღო შესრულება (დასკვნა). ამდენად ამავე კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს ეკისრება მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-450-432-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).

 

6.12.სასამართლოს მიაჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს (დასკვნის მიღებით) მოსარჩელემ, დამკვეთმა, გამოხატა ნება, რომლითაც დაადასტურა (მოიწონა) გარიგება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-2016), განმარტა - „ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესიეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში“.

 

6.13. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს ნაკლის მქონე ნივთის დამზადებიდან.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლის ნორმების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (დამკვეთის) მიერ გამოხატული ნება (მისი განმარტებით, ზეპირად აცნობეს მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შესახებ), ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, ვერ ჩაითვლება ნების გამოვლენის იმგვარად ვარგისად, რომ მას შედეგად მოჰყვეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რადგან მის მიერ მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ნება გამოხატული არ არის სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილი წესით, (არ შეიძლება გარიგების მხარემ ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მას აწყობს). ანუ არ არსებობს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მეორე მხარისადმი, რაც სამოქალაქო კოდექსის 355-ე და იმავე კოდექსის 405-ე მუხლების თანახმად, აუცილებელი პირობაა ხელშეკრულებიდან გასვლისას ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის, რადგან სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ვინაიდან არ გვაქვს ნამდვილი ნების გამოვლენა (ოფერტი) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების მეორე მხარემ მიიღო, სახეზეა შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.15. კერძოდ - როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ა---------------------“-მა გასცა დასკვნა, რომელიც მიიღო მოსარჩელემ და შედავება დასკვნის ხარვეზიანობის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ გამოუვლენია. განსახილველ შემთხვევაში, მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა, ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოსარჩელის კუთვნილი მტკიცების საგანი, რაც მან ვერ დაასაბუთა. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ჯ---–----ა კ-------ის სარჩელი შპს „ა----------------------ის“ მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე