გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210015001103476
№ 2/3381-2015
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელეები - ზ-----ბ ვ-----------ა, ჯ-----რ ვ-----------ა, ი----ა დ------------ე
წარმომადგენლები - ჯ-----რ ქ--------–-–---–ი, მ----------------–-–---–ი, ი-----–ი ვ-----------ა
მოპასუხე - ნ--ო მ-------ე
წარმომადგენელი - რ------------------ე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე
დავის საგანი - განქორწინება, არასრულწლოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის დადგენა, ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა
მოსარჩელე (გაერთიანებული სარჩელით) - ნ--ო მ-------ე
წარმომადგენელი რ------------------ე
მოპასუხე (გაერთიანებული სარჩელით) - ზ-----ბ ვ-----------ა
წარმომადგენლები - ჯ-----რ ქ--------–-–---–ი, მ----------------–-–---–ი, ი-----–ი ვ-----------ა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სასარჩელო მოთხოვნები თავდაპირველი სარჩელით
1.1. ზ-----ბ ვ-----------ასა და ნ--ო მ-------ეს შორის 2010 წლის 8 აპრილს #77201030436 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.
1.2. ზ-----ბ ვ-----------ასათვის უფლების მინიჭება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებულ მ-----მ ვ-----------ასთან და 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------ე ვ-----------ასთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით.
1.3. ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ისათვის უფლების მინიჭება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებულ მ-----მ ვ-----------ასთან და 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------ე ვ-----------ასთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით.
1.4. ნ--ო მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, დ. თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა #---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, ½ წილის უფლებით ზ-----ბ ვ-----------ას აღიარება და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, ½ წილზე უფლებით, ზ-----ბ ვ-----------ას აღრიცხვა.
სასარჩელო მოთხოვნები გაერთიანებული სარჩელით:
1.5. ზ-----ბ ვ-----------ასათვის ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ-----მ ვ-----------ას რჩენის მიზნით, 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 7 ოქტომბრიდან მ-----მ ვ-----------ას სრულწლოვანებამდე.
1.6. ზ-----ბ ვ-----------ასათვის ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 31 მარტს დაბადებული ბ-------ე ვ-----------ასთან რჩენის მიზნით, 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 7 ოქტომბრიდან ბ-------ე ვ-----------ას სრულწლოვანებამდე.
1.7. ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, დ. თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა #---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, ½ წილის უფლებით ნ--ო მ-------ის აღიარება და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, ½ წილზე უფლებით, ნ--ო მ-------ის აღრიცხვა.
მოსარჩელეებმა (თავდაპირველი სარჩელით) მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
ზ-----ბ ვ-----------ა და ნ--ო მ-------ე დაქორწინდნენ 2010 წლის 8 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ-----მ ვ-----------ა და 2015 წლის 31 მარტს დაბადებული ბ-------ე ვ-----------ა.
მეუღლეები, ურთიერთშორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ერთად აღარ ცხოვრობენ, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებიან დედასთან ნ--ო მ-------ესთან, რომელიც ბავშვების მამას ზ-----ბ ვ-----------სა და ბებია-ბაბუას - ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ეს არ აძლევს ბავშვების ნახვისა და მათთან ურთიერთობის უფლებას.
ზ-----ბ ვ-----------ამ და ნ--ო მ-------ემ ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართული, ბინა 24 (ს/კ 0------------------), რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ ნ--ო მ-------ის სახელზე, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება შეძენილი იქნა მთლიანად ზ-----ბ ვ-----------ას სახსრებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში, ის წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
მოსარჩელემ (გაერთიანებული სარჩელით) მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ბ-------ე და მ-----მ ვ-----------ები ცხოვრობენ დედასთან ნ--ო მ-------ესთან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე. მამა ზ-----ბ ვ-----------ა, მიუხედავად იმისა, რომ არის მეზღვაური, აქვს მაღალი ანაზღაურება და სოლიდური შემოსავლები, თავს არიდებს ბავშვების რჩენისა და აღზრდის მოვალეობის სათანადოდ შესრულებას, რის გამოც აუცილებელია შვილების სარჩოდ ალიმენტის განსაზღვრა. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა კი არის იმ შემოსავლების ადეკვატური, რასაც მოპასუხე იღებს შრომის ანაზღაურების სახით.
ზ-----ბ ვ-----------ამ და ნ--ო მ-------ემ ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, დ-------ე თ------------–ის ქ. #--, მე-6 სართული, ბინა #25 (ს/კ 0------------------), რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში, ის წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
2. მოპასუხისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან და მამის მშობლებთან, ბებიასთან და ბაბუასთან. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მოსარჩელეთა ოჯახში შექმნილია ბავშვის განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო გარემო. არასრუწლოვან ბავშვებთან მიმართებით მამისა და მისი მშობლების ქცევა არის ადეკვატური, ბავშვების სურვილებისა და მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შერჩეული. მოდავე მხარეთა მხრიდან აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, იზრდებოდნენ თბილ და მათ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში.
2.2. მოპასუხის (თავდაპირველი სარჩელით) პოზიცია
მოპასუხე ნ--ო მ-------ემ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში არ სცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია.
მამასთან და ბებია-ბაბუასთან არასრულწლოვანი ბავშვების ურთიერთობის ფორმის განსაზღვრის ნაწილში მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, შემდეგი სახით - მამას ზ-----ბ ვ-----------ას მიეცეს უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე რამდენიმე საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესში. ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ეს მიეცეთ უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე 1 საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესში.
მოპასუხემ განმარტა, რომ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის ფორმის სხვაგვარად განსაზღვრა ბავშვების ასაკიდან და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანთა ინტერესებზე.
მოპასუხემ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, მოითხოვა ზ-----ბ ვ-----------ას წილის განსაზღვრა თანაბრობის პრინციპის დარღვევით - უძრავი ქონების 1/3 ნაწილით.
2.3. მოპასუხის (გაერთიანებული სარჩელით) პოზიცია:
მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ამ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 100 -100 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზ-----ბ ვ-----------ა, მართალია, პროფესიით არის მეზღვაური, მაგრამ დიდი ხანია ამ პროფესიით დასაქმებული აღარ არის. სტაბილური სამსახური და შემოსავლები არ გააჩნია. ის პერიოდულად გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, სადაც დასაქმებულია მუშად, დღიური ანაზღაურებით, რაც იმდენად მცირეა, რომ ალიმენტის სახით, ჯამში, 200 ლარზე მეტი თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია.
მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ამ სრულად სცნო სარჩელის მოთხოვნა ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა 25-ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ ნ--ო მ-------ის აღიარების ნაწილში, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრების უფლებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 8 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ #77201030436 სააქტო ჩანაწერით განხორციელდა ზ-----ბ ვ-----------ას და ნ--ო მ-------ის ქორწინების რეგისტრაცია. მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ქორწინების მოწმობა - ტომი 1; ს. ფ. 30-31;
3.1.2. ზ-----ბ ვ-----------ას და ნ--ო მ-------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ-----მ ვ-----------ა და 2015 წლის 31 მარტს დაბადებული ბ-------ე ვ-----------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დაბადების მოწმობები - ტომი 1; ს. ფ. 17-18;
3.1.3. ზ-----ბ ვ-----------ამ და ნ--ო მ-------ემ ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 6 აპრილსა და 2012 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შეიძინეს უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე, 84.37 კვმ. ბინა #-- (ს/კ 0------------------), რომელიც აღირიცხა ნ--ო მ-------ის სახელზე და უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე, 53.50 კვმ. ბინა #-- (ს/კ 0------------------), რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე. საცხოვრებელი ბინები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით და დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 0------------------) - ტომი 1; ს. ფ. 19;
- ნასყიდობის ხელშეკრულება - ტომი 1; ს. ფ. 20-23;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 0------------------) - ტომი 2; ს. ფ. 29;
- ნასყიდობის ხელშეკრულება - ტომი 2; ს. ფ. 30-33;
- საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
3.1.3. კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ზ-----ბ ვ-----------ა და ნ--ო მ-------ე 2015 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ნ--ო მ-------ე არასრულწლოვან შვილებთან მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ებთან ერთად ცხოვრობს ზ-----ბ ვ-----------ასა და მის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინებში, მდებარე - ქ. ბათუმი, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართული, ბინა #---ში (ს/კ 0------------------) და ბინა #---ში (ს/კ 0------------------). ზ-----ბ ვ-----------ა ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლებთან ჯ-----რ ვ-----------ასთან და ი----ა დ------------ესთან, ქ. ბათუმში, ჭიჭინაძის ქუჩა #1-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
3.1.4. მხარეთა არასრუწლოვანი შვილები მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ები იმყოფებიან დედის ნ--ო მ-------ის კმაყოფაზე. ნ--ო მ-------ე არის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ბავშვების მამა ზ-----ბ ვ-----------ა, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრუწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
3.1.5. ჯ-----რ ვ-----------ა და ი----ა დ------------ე არიან ზ-----ბ ვ-----------ას მშობლები. მათ, როგორც მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ების ბებია-ბაბუას, არ ეძლევათ შვილიშვილებთან ურთიერთობის საშუალება ბავშვების დედასთან - ნ--ო მ-------ესთან და მისი ოჯახის წევრებთან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო. არასრუწლოვან შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება არ ეძლევა ზ-----ბ ვ-----------ასაც, მასსა და ნ--ო ვ-----------ას შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
- ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი;
- ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებები;
3.1.6. მოდავე მხარეების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, ბავშვების ირგვლივ შექნილი ფსიქოსოციალური გარემო, შესწავლილი იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, ფსიქოლოგის მონაწილეობით. შეფასების აქტით ირკვევა და ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეები, რომ როგორც ნ--ო მ-------ეს (ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ი ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინებში) ისე ზ-----ბ ვ-----------ას, ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ეს (ქ. ბათუმში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში) შექმნილი აქვთ არასრუწლოვანი ბავშვების ცხოვრებისათვის უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები მათი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან საჭირო საკვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
3.1.7. მშობლებისა და არასრუწლოვანი ბავშვების ურთიერთობის საკითხის შესწავლის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა მშობლები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და ადგილი არ ქონდეს პირად ანგარიშსწორებებს. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, ისინი არ უნდა განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას. მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ქონდეთ როგორც დედასთან და მამასთან, ასევე მშობლების ნათესავებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის განმარტება;
- შეფასების დასკვნა - ტომი 1; ს.ფ. 92-94;
3.1.8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სასამართლოს დავალების შესაბამისად ფსიქოლოგის მონაწილეობით შეისწავლა ბავშვებისა და მამის ურთიერთობის საკითხი, გამოარკვია, რომ ბ-------ემ გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მიიტანა სკამი მასთან ახლოს, შეეცადა მამისთვის გაეზიარებინა სათქმელი, გამოხატა მასთან ერთად თამაშის სურვილი, უღიმოდა მამას. მ-----მი კი ტიროდა ურთიერთობის დასაწყისიდანვე, სხეულებრივად გამოხატავდა ჭირვეულობას, ბრაზს, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მამა - შვილის შეხვედრის უზრუნველყოფა. მამა ადეკვატურად რეაგირებდა ბავშვის ქცევაზე, ერიდებოდა ბავშვის გაღიზიანებას. ის გამოხატავს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს, სურს განახორციელოს ზრუნვა, განიცდის ასეთი ფორმით ურთიერთობას. ამბობს, რომ ბავშვი მასთან ძალიან კარგად ყო, მოჰყავს მაგალითები, გამოხატავს შვილების მიმართ სითბოსა და სიყვარულს. ნ--ო მ-------ეს მიეცა რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ხელი შეუწყოს მამა-შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არ გამოიყენოს დამაშორებელი ქცევები, არ ისაუბროს ბავშვის თანდასწრებით მამაზე ნეგატიურად, მამასთან ურთიერთობა დაეხმარება ბავშვს გათავისუფლდეს შფოთვისაგან, ირაციონალური შიშისაგან, ბავშვებს მამასთან უნდა ქონდეთ დადებითი ემოციებით მიმდინარე საჭირო ურთიერთობა, რაც შემდგომში აყალიბებს სანდო ემოციურ კავშირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 27.09.2017 წლის განჩინება;
- ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი;
3.2.4. 2017 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დროებითი განკარგულება არასრულწლოვან შვილებთან ზ-----ბ ვ-----------ას ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვით, ზ-----ბ ვ-----------ას შვილებთან შეხვედრისა და ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას, 14:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით. ნ--ო მ-------ის მხრიდან დაფიქსირდა დროებითი განკარგულების აღსრულებაში ხელშეშლა, რაც გამოიხატა მასში, რომ ნ--ო მ-------ემ ბავშვების სანახავად მისულ მამას დაუწყო ჩხუბი, ნივთების სროლა, რაზეაც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი და აღსრულება ვერ შედგა. ნ--ო მ-------ემ არ მისცა ზ-----ბ ვ-----------ას ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ნ--ო მ-------ემ არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 28.07.2017 წლის დადგენილებით ნ--ო მ-------ეს ასკ-ის 173 13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 07.06.2017 წლის განჩინება;
- სააღსრულებო მოქმედების ოქმი;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000138;
- დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ--ო მ-------ისა და ზ-----ბ ვ-----------ა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება რომ მეუღლეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია 2015 წლიდან. მწვავე კონფლიქტური დამოკიდებულებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარეთა მცდელობას შეენარჩუნებინათ ოჯახი, შედეგი არ მოჰყოლია.
მართალია, მოპასუხე ნ--ო ვ-----------ა უარს აცხადებს განქორწინებაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შესაძლებელია, და მათი ოჯახის დანგრევა გამოწვეულია მესამე პირების (ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ის) ზეგავლენით, რამაც განაპირობა ზ-----ბ ვ-----------ას მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელემ, შერიგების თაობაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მან კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მწვავე დაპირისპირებისა და კონფლიქტური დამოკიდებულების, ასევე, განქორწინების თაობაზე მოსარჩელე მხარის კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია მხარეთა შემდგომი შერიგება და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
3.2.2. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ა, როგორც მეზღვაური, პროფესიით დასაქმებული არ არის. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ზ-----ბ ვ-----------ას, როგორც მეზღვაურს, გააჩნია სოლიდური ანაზღაურება დადასტურებული არ არის. შემოსავალი იმ ოდენობით, რაც ზ-----ბ ვ-----------ას თითოეული შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის გადახდის საშუალებას მისცემდა, არ გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება მოპასუხის შემოსავლების თაობაზე. ამგვარი მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა სასამართლოს მიერაც, სხვადასხვა ორგანოდან ზ-----ბ ვ-----------ას დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ არაერთი ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად. შესაბამისად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია სოლიდური შემოსავალი ხელფასის სახით, რაც მას მისცემდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1500-1500 აშშ დოლარის გადახდის საშუალებას. მხარეთა განმარტებებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ა პროფესიით მეზღვაურია, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით მისთვის ალიმენტის დასაკისრებლად, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა მოპასუხე მხარის მტკიცებით ის პროფესიით დასაქმებული აღარ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ ზ-----ბ ვ-----------ა დასაქმებული იყო 2009 წლიდან 2013 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით კომპანიაში - "ZODIAC MARITIME AGENCIES" - ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე, ასევე, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ზ-----ბ ვ-----------ამ 16.10.2015 წელს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და საქართველოში დაბრუნდა 03.05.2016 წელს, 07.10.2016 წელს კვლავ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და საქართველოში დაბრუნდა 20.05.2017 წელს, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ-----ბ ვ-----------ა არის დასაქმებული მაღალანაზღაურებად სამსახურში და გააჩნია სტაბილური და სოლიდური ანაზღაურება. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ინფორმაციით ზ-----ბ ვ-----------ას საბანკო ანგარიშები გახსნილი არ აქვს და მისი მხრიდან საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე რაიმე გადმორიცხვები ფიქსირებული არ არის.
მოპასუხე მხარე კატეგორიულად არ ადასტურებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას ზ-----ბ ვ-----------ას დასაქმებისა და მისი შემოსავლების შესახებ და განმარტავს, რომ ზ-----ბ ვ-----------ა დასაქმებულია თურქეთის რესპუბლიკაში დღიურ სამუშაოზე და აქვს არასტაბილური ანაზღაურება, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 500 აშშ დოლარს. საქმის განხილვის პროცესში ზ-----ბ ვ-----------ას მეზღვაურად დასაქმების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არცერთი პირი.
ამდენად, რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა, წარმოდგენილი/მოპოვებული ვერ იქნა. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას კი, სასამართლო საკმარისად ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ითვალისწინებს სარჩენი პირის ხატია ხაბაზის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებს, ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ შესაძლებლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 250 ლარის ოდენობით ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელის მოთხოვნა -
ა) განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;
ბ) არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის ფორმის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გ) უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უძრავი ნივთი შეძენილია ქორწინების პერიოდში, მოპასუხის სასარგებლოდ წილთა თანაბრობის დარღვევის აუცილებლობა კი გამოკვეთილი არ არის;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გაერთიანებული სარჩელის მოთხოვნა -
ა) არასრულწლოვანი ბავშვების სარჩოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბ) უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უძრავი ნივთი შეძენილია ქორწინების პერიოდში;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”; "საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” ; “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
დადგენილია, რომ ნ--ო მ-------ე და ზ-----ბ ვ-----------ა, დაქორწინდნენ 2010 წლის 8 აპრილს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2015 წელს მხარეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და უკვე მესამე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. საქმის განხილვის პროცესში უდავოდ დადასტურდა, რომ მხარეებს და მათი ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აქვთ მწვავე კონფლიქტური დამოკიდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა და ამის თაობაზე ვერ მიუთითებს მოპასუხე მხარეც, მიუხედავად იმისა რომ ის წინააღმდეგია განქორწინებისა. დადგენილია, რომ მხარეები დაახლოებით 3 წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და მეუღლეებს კომუნიკაცია ერთმანეთთან ფაქტობრივად არ გააჩნიათ. კომუნიკაციის ნებისმიერი მცდელობა სრულდება კონფლიქტით. მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ას მიერ სარჩელი განქორწინების თაობაზე აღიძრა 25.09.2015 წელს და 2018 წლის მდგომარეობით მისი პოზიცია ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მოსარჩელე გამორიცხავს ოჯახის შენარჩუნებისა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ზ-----ბ ვ-----------ასა და ნ--ო მ-------ის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ზ-----ბ ვ-----------ა, ჯ-----რ ვ-----------ა და ი----ა დ------------ე ითხოვენ მიენიჭოთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილებთან/შვილიშვილებთან - მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ებთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ არასრუწლოვანთა მშობლები ზ-----ბ ვ-----------ა და ნ--ო მ-------ე იმყოფებიან ქორწინებაში, თუმცა კონფლიქტური დამოკიდებულებისა გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრუწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან და მამას არ ეძლევა შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა შვილების მხრიდან მამის მიმართ გაუცხოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს ბავშვებს. ბავშვები არიან მოვლილი, იცვამენ სუფთად, იკვებებიან ასაკის შესაბამისად. მ-----მ ვ-----------ა დადის ბაღში და არის ყოველთვის მოწესრიგებული, ბ-------ე ვ-----------ა დაიბადა გულის სარქველთან დაკავშირებული პრობლემით, რის გამოც გამო დედას კონტროლის მიზნით პერიოდულად დაჰყავს ის სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვები აღრიცხვაზე არიან სამედიცინო დაწესებულებაში და საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა დედის მეთვალყურეობით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან კეთილსაიმედო, დაცულ, უსაფრთხო გარემოში. მათ დედასთან აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა და ეს უკანასკნელიც შესაბამისად რეაგირებს ბავშვების საჭიროებებზე. ბავშვებს ასევე პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ ნ--ო მ-------ის ოჯახის წევრებისადმი - ნ--ო მ-------ის მშობლებისა და ძმისადმი. თუმცა ბავშვების ასეთივე პოზიტიური დამოკიდებულება არ იკვეთება მამისადმი და მამის მშობლებისადმი, რაც განპირობებულია ურთიერთობის დეფიციტით, ეს კი გამოწვეულია მოსარჩელეებსა და ნ--ო მ-------ეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით.
დადგენილია, რომ სოციალური სამსახურის მიერ სასამართლო დავალების შესაბამისად, შესწავლილი იქნა მოსარჩელე მხარის საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობებიც დამაკმაყოფილებელია და ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის შექმნილია ყველა პირობა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ას, რომელიც ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იყო მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი მამა, აღარ ეძლევა შვილებთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ სურს შვილებთან ურთიერთობა და შვილებზე მზრუნველობა. დადგენილია, რომ შვილებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო, მასსა და ბავშვებს შორის აღარ არის მიჯაჭვულობა, თუმცა ზ-----ბ ვ-----------ას ქცევა შვილებთან არის ყოველთვის ადეკვატური და ბავშვების ემოციების შესაბამისი. ზ-----ბ ვ-----------ასთან ბავშვების ურთიერთობა არ არის საფრთხის შემცველი. პირიქით, მისი მიზანია ბავშვები თავს გრძნობდნენ მშვიდად და დაცულად.
დადგენილია, რომ მ-----მ ვ-----------ა 2011 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა მამასთან ზ-----ბ ვ-----------ასთან და მის მშობლებთან ჯ-----რ ვ-----------სა და ი----ა დ------------ესთან. ისინი ერთად მზრუნველობდნენ ბავშვზე და მათ შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი და მშობლების დაშორება უარყოფითად აისახა მ-----მ ვ-----------ას ემოციურ მდგომარეობაზე და ის დღეის მდგომარეობით მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს არ გამოხატავს. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პრობლემა დაძლევადია ბავშვებთან მამისა და ბებია - ბაბუას ურთიერთობის წესის განსაზღვრით და ასევე მშობლების მხრიდან იმ გარემოების გაცნობიერებით, რომ მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. . აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მამას უნდა ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ბავშვს ორივე მშობელთან აკავშირებს მიჯაჭვულობა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე ისინი მეტ მიჯაჭვულობას დედის მიმართ ავლენენ. ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, რაც წარმოადგენს დამცავ ფაქტორს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. მნიშვნელოვანია მამის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მისი წაყვანის მცდელობა, მეორე მშობლის წინააღმდეგ განწყობის ჩამოყალიბება და სხვა. რაც საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელე მხარის მხრიდან არ გამოვლენილა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან, მხარეთა განმარტებებიდან არ გამოიკვეთა მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ასათვის არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვისათვის. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდით წყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე და ეს ფაქტი მათთვის მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს.
ბავშვის ინტერესთა კონცეფცია კომპლექსურია და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით. ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვის კონკრეტული სტატუსის, სიტუაციის და საჭიროების მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოების ფონზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) რეკომენდაციისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მამა-შვილის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის უნდა განისაზღვროს დროის გარკვეული მონაკვეთი სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათ გონებრივ, ფიზიკურ შესაძლებლობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის ნახვის დღეებისა და საათების გონივრულად გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გამომხატველია მამასთან ურთიერთობის რეჟიმის დადგენა იმგვარად, რომ მამას მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. ზ-----ბ ვ-----------ას ასევე უნდა მიეცეს უფლება სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, შვილები წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით). სასამართლო მიიჩნევს, რომ მამასა და შვილებს შორის ურთიერთობისათვის ამ სახით განსაზღვრული რეჟიმი, ამ ეტაპზე, შეესაბამება ბავშვების სწორად აღზრდის უპირატეს ინტერესებს და მათ კანონით დაცულ უფლებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე. მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ები არიან ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ის შვილიშვილები. მოსარჩელეთა განმარტებით მათ, მოპასუხის მხრიდან ეზღუდებათ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლება.
მოპასუხე არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეებს ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ღამით მათთან დარჩენის გარეშე, იმ პირობით, რომ ბავშვებს არ დაერღვევათ დღის რეჟიმი, სასწავლო პროცესი.
დადგენილია, რომ ი----ა დ------------ე არის პედაგოგი, ის და ჯ-----რ ვ-----------ა აქტიურად იყვნენ ჩართული მ-----მ ვ-----------ას აღზრდაში, ვიდრე ბავშვი ცხოვრობდა მათ ოჯახში. ბ-------ე ვ-----------ას დაბადების შემდეგ არაერთხელ ქონდათ მცდელობა ენახათ ბავშვი და ურთიერთობა ჰქონოდათ შვილიშვილებთან, თუმცა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლეოდათ. საქმის განხილვის პროცესში არ გამოვლენილა რაიმე იმგვარი გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალური აღზრდის პროცესს და მავნე ზეგავლენას მოახდენს მათზე.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებით, არასრულწლოვან ბავშვს აღზრდისა და განვითარებისათვის ესაჭიროება ორივე მშობელი და მათ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვის კეთილდღეობისათვის, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა. დავის გადაწყვეტისას, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, იზრდებოდეს თბილს და მის მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში. ბავშვის ურთიერთობა მშობლების ნათესაურ წრესთან დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც მათი სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის ბებიის და პაპის უფლებას, მაშინაც, როცა ბებია და პაპა უშუალოდ არ იღებენ მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში აღნიშნული საკითხის მშობლებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში. ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ ხდება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ბავშვების, წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სწორად აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია, მშობლების გარდა მათ ბებიასთან და პაპასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მიზანშეწონილია, მოსარჩელეებს არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დროის ის მონაკვეთი, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი, შესაგებელში აღნიშნული პირობების გათვალისწინებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ურთიერთობა არ აქვთ ბებია-პაპასთან. ბავშვები მიჯაჭვული არიან დედასთან და ღამით ბებიისა და პაპის გარემოცვაში, დედის გარეშე დარჩენამ შესაძლოა მათზე მოახდინოს სტრესული ზეგავლენა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბ-------ე ვ-----------ას გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ბებია-პაპასთან ურთიერთობას ხელი უნდა შეეწყოს ეტაპობრივად. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათ რეჟიმს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი არასრულწლოვან შვილიშვილებთან უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბავშვების ჩვეული რეჟიმი და არ შეექმნათ დაბრკოლება სასწავლო პროცესში.
ამდენად, მოსარჩელეების ჯ-----რ ვ-----------ას და ი----ა დ------------ის სარჩელი შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მათ უნდა მიეცეთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ამ მოითხოვა მოპასუხე ნ--ო ვ-----------ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, (მდებარე ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #--, მე-6 სართული, ბინა 24, ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ აღიარება ½ წილის უფლებით.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე (გაერთიანებული სარჩელით) ნ--ო მ-------ემ მოითხოვა ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, (მდებარე ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #--, მე-6 სართული, ბინა 25, ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ აღიარება ½ წილის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. ხოლო ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმების მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურვავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 183-ემუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ ზ-----ბ ვ-----------ა და ნ--ო მ-------ე დაქორწინდნენ 2010 წლის 8 აპრილს.
უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 0------------------, შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში - 2011 წლის 6 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში ნ--ო მ-------ის საკუთრებაში აღირიცხა 2011 წლის 11 აპრილს.
უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 0------------------ შეძენილი იქნა 2012 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში ნ--ო მ-------ის საკუთრებაში აღირიცხა 2012 წლის 29 თებერვალს.
აღნიშნულ ქონებებზე საკუთრების უფლების მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში რეგისტრაციის ფაქტით, მოქმედებს პრეზუმირებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ნივთი შეძენილია მათი ერთობლივი შრომითა და სახსრებით. თანამესაკუთრე მეუღლეს არ ეკისრება საჯარო რეესტრში ნივთის აღრიცხვის ვალდებულება და რეგისტრაციის არარსებობა არ უკარგავს მას სადავო ქონებაზე სანივთო უფლებას. უძრავი ნივთის რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენისა და ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, ქმნის სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით კი, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ხოლო სკ-ის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----ბ ვ-----------ას კუთვნილი წილი ნ--ო მ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ს/კ 0------------------) შეადგენს 1/2-ს, ხოლო ნ--ო მ-------ის კუთვნილი წილი ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ს/კ 0------------------) შეადგენს ასევე 1/2-ს.
აღსანიშნავია, რომ ზ-----ბ ვ-----------ამ უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში სრულად ცნო ნ--ო მაჭარიძის სასარჩელო მოთხოვნა, რაც მისი დისპოზიციური უფლებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ამ სარჩელის მოთხოვნა ან ნაწილში სცნო სრულად, რაც საკმარისი საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--ო მ-------ემ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, მოითხოვა წილთა თანაბრობიდან გადახვევა და მისი კუთვნილი წილის 2/3-ით განსაზღვრა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს წილთა თანაბრობიდან გადახვევა დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
უდავოა, რომ ნ--ო მ-------ემ მოითხოვა რა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაში წილის გაზრდა, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მასთან ერთად ცხოვრობენ არასრუწლოვანი შვილები.
სკ-ის 1168.2 მუხლის ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას.
უკვე აღნიშნა, რომ ნ--ო მ-------ემ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის მოთხოვნა დაასაბუთა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მასთან ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები. თუმცა ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებების არსებობა, რომელიც სასამართლოს შეუქმნის მყარ შინაგან რწმენას, მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლების შეზღუდვის (შემცირების) მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესშია და მათ ნორმალურ აღზრდას ხელს შეუშლის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა საბუთდებოდეს, რომ არასრულწლოვანი შვილები და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ--ო მ-------ე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი და მოპასუხის სახელზე აღრიცხულ #-- და #-- ბინებში, რომელთა საერთო ფართი 134.87 კვმ-ია. ამასთან, ნ--ო მ-------ის სახელზე აღირცხული ფართი შეადგენს 84.37 კვმ-ს, საიდანაც მისი კუთვნილი წილი თანაბრობის დაცვით 42.085 კვმ-ია. ხოლო ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე აღრიცხული ფართი შეადგენს 53.50 კვმ-ს, საიდანაც ნ--ო მ-------ის კუთვნილი წილი შეადგენს 26.75 კვმ-ს. ჯამში თითოეული მეუღლის კუთვნილი ფართი შეადგენს 68.83 კვმ-ს. ასეთ ვითარებაში დასაბუთებული არ არის, რომ მოდავე მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა უარყოფით გავლენას მოახდენს შვილების ინტერესზე, ან მათ ნორმალურ პირობებში აღზრდაზე იქონიებს უარყოფით გავლენას, რაც თავის მხრივ ამ ნაწილში ნ--ო მ-------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილთა თანაბრობიდან გადახვევისა და სადავო ქონების 1/2 წილის ნაცვლად 2/3 ნაწილის მიკუთვნების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა სკ-ის 1168-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში როგორიცაა არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების არსებობა.
მოსარჩელე წილის გაზრდას ითხოვს იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრუწლოვანი შვილები, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედება. ნ--ო მ-------ე ვალდებული იყო წილის თანაბრობის პრინციპის დარღვევის მოთხოვნისას მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდა აუცილებელი იყო ბავშვების ინტერესების დასაცავად, მას კი ამგვარ ფაქტებზე არ მიუთითებია.
შესაბამისად, ზ-----ბ ვ-----------ას მოთხოვნა უძრავი ქონებიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ნ--ო მ-------ის მოთხოვნა უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების ნაწილში.
6.3. მოსარჩელე ნ--ო მ-------ემ ასევე მოითხოვა ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის 1500-1500 აშშ დოლარის ოდენობით, არასრუწლოვანი ბავშვების მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ების სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ები ცხოვრობენ დედასთან, ნ--ო მ-------ესთან ერთად, რომელიც დასაქმებულია მუსიკალურ სკოლაში და ხელფასის სახით აქვს სტაბილური და ფიქსირებული შემოსავალი. მხარეთა დაშორების შემდეგ ბავშვების რჩენასა და აღზრდაზე ფაქტობრივად ზრუნავს მხოლოდ დედა ნ--ო მ-------ე. მ-----მ ვ-----------ა დადის საბავშვო ბაღში, ხოლო ბ-------ე ვ-----------აზე დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში ზრუნავს ძიძა, რისთვისაც ნ--ო ვ-----------ა იღებს შესაბამის ხარჯს. ბ-------ე ვ-----------ა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე საჭიროებს პერიოდულ შემოწმებას სამკურნალო დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.
ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის გარემოება რომ მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ა დასაქმებულია როგორც მეზღვაური და აქვს სტაბილური და მაღალი ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის შემოსავლების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას. დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს პენსიონერ მშობლებთან, რომლებიც საჭიროებენ შვილების ფინანსურ მხარდაჭერას და ზ-----ბ ვ-----------ა ძმასთან ერთად ზრუნავს მშობლებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ, კერძოდ, იგი თანახმაა, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს თითოეულისათვის 100 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვებს უნდა შეექმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვების სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 250-250 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--ო მ-------ის მოთხოვნა - არასრულწლოვანი შვილების მ-----მ და ბ-------ე ვ-----------ების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხეების მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად საპროცესო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგი სახით:
ზ-----ბ ვ-----------ას უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1158.84 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 772.56 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ აღიარა სასარჩელო მოთხოვნა მთლიანი უძრავი ქონების 1/3 ნაწილში მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე. მოპასუხე ნ--ო მ-------ეს მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 386.28 ლარის ანაზღაურება და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. მასვე, ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეების ზ-----ბ ვ-----------ას, ჯ-----რ ვ-----------ას და ი----ა დ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ აღიარების პროპორციულად. 50 ლარი კი მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
მოსარჩელე ნ--ო მ-------ეს უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 853 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, ვინაიდან მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ამ ნაწილში სრულად სცნო სარჩელის მოთხოვნა. ზ-----ბ ვ-----------ას ალიმენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 108 ლარის ოდენობით. მასვე ნ--ო მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.09.2015 წლის განჩინებით (საქმე #371-უზრ/2015) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი, რომლითაც ყადაღა დაედო ნ--ო მ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დ. თ------------–ის ქუჩა №67 ბინა №24, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------;
ვინაიდან მოსარჩელე ნ--ო მ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.09.2015 წლის განჩინებით (საქმე #384-უზრ/2015) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი, რომლითაც ყადაღა დაედო ზ-----ბ ვ-----------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დ. თ------------–ის ქუჩა №67 ბინა №25, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელეების ზ-----ბ ვ-----------ას, ჯ-----რ ვ-----------ას, ი----ა დ------------ის სარჩელი მოპასუხე ნ--ო მ-------ის მიმართ.
2. შეწყდეს მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ასა და მოპასუხე ნ--ო მ-------ეს შორის 2010 წლის 8 აპრილს #77201030436 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით.
3. მოპასუხეებს ჯ-----რ ვ-----------ასა და ი----ა დ------------ეს მიეცეთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებულ მ-----მ ვ-----------ასთან და 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------ე ვ-----------ასთან, ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.
4. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებულ მ-----მ ვ-----------ასთან და 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------ე ვ-----------ასთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, ზ-----ბ ვ-----------ას მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილები - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ-----მ ვ-----------ა და 2015 წლის 31 მარტს დაბადებული ბ-------ე ვ-----------ა წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით).
5. ზ-----ბ ვ-----------ა ცნობილი იქნეს ნ--ო მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა 24-ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხოს ზ-----ბ ვ-----------ა.
6. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ--ო მ-------ის სარჩელი მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას მიმართ.
7. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ-----მ ვ-----------ას რჩენის მიზნით, დაეკისროს ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 7 ოქტომბრიდან მ-----მ ვ-----------ას სრულწლოვანებამდე.
8. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------ე ვ-----------ასთან რჩენის მიზნით, დაეკისროს ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 7 ოქტომბრიდან ბ-------ე ვ-----------ას სრულწლოვანებამდე.
9. ნ--ო მ-------ე ცნობილი იქნეს ზ-----ბ ვ-----------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, დ-------ე თ------------–ის ქ. #---ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა 25-ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხოს ნ--ო მ-------ე.
10. მოპასუხე ნ--ო მ-------ეს მოსარჩელე ზ-----ბ ვ-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 536.28 ლარის ოდენობით.
11. ზ-----ბ ვ-----------ას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 772.56 ლარი, 2015 წლის 23 სექტემბერს სს "საქართველოს ბანკის" #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1158.84 ლარიდან), რაც ჩაირიცხა ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით 300693150.
12. მოსარჩელეებს ზ-----ბ ვ-----------ას (პ/ნ 6----------), ი----ა დ------------ესა (პ/ნ 61003008954) და ჯ-----რ ვ-----------ას (პ/ნ 61003008954) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეთ 50 ლარი, 2015 წლის 25 სექტემბერს სს "თიბისი ბანკის" #1 საგადასახადო დავალებით, ჯ-----რ ქ--------–-–---–ის (პ/ნ 61006012500) მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (150 ლარიდან), რაც ჩაირიცხა ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით 300693150.
13. ნ--ო მ-------ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01.10.2015 წელს სს „საქართველოს ბანკის“ #55 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 853 ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხა ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით 300693150.
14. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 108 ლარის ოდენობით. მოპასუხე ზ-----ბ ვ-----------ას ნ--ო მ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი