გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002380582
N2/337-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე ტ------–------------–-,წარმომადგენელი: კ----–----------;
მოპასუხე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენლები: მ--------------, მ--------------------;
დავის საგანი: ბრძანების და შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება ტ------–-----------–-- ნაწილში მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტ------–-----------–- შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1 პირობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;
1.3. ტ------–-----------–- აღდგენილ იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ-----------–--–-- პოზიციაზე;
1.4. ტ------–-----------–- აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ყოველთვიური ხელფასის - 1100 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
1.5. გადაწყვეტილება ტ------–-----------–-- სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოსარჩელის პოზიცია:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 208 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გ------–--------–--–--- გამოსაცდელი ვადით. გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 545 ბრძანებით დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და მოსარჩელე დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით. 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანებით გადაყვანილი იქნა ვადიან ხელშეკრულებაზე, უკანონოდ იქნა ჩამოცილებული სამსახურიდან და შეიზღუდა მისი უფლებები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 ივნისის N43 502 უსაფუძვლო ბრძანების საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის მხრიდან პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნების დაპირების საფუძველზე, გაფორმდა მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან დათხოვნილია სამსახურიდან. მოსარჩელის განთავისუფლება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, მიაჩნია, რომ მოპასუხის უკანონო ქმედებებით შეიზღუდა მისი კანონიერი უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან გაშვებულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კანონით დადგენილი წესების დაცვით, მოპასუხე ხელმოწერით დაეთანხმა ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებები იყვნენ ვალდებულნი 2017 წლის 01 ივლისამდე მოეხდინათ დაწესებულებაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგში განაწილება. აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციების და უფლება მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს მხოლოდ 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შეიძლება ყოლოდა დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რის საფუძველზეც გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს (იხ. 2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 02 თებერვლის N43 208 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გ------–--------–--–--- გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 02 თებერვლის N43 208 ბრძანება;
3.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 01 მაისის N43 545 ბრძანებით, მოსარჩელეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 01 მაისის N43 545 ბრძანება;
3.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანება;
3.4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელესთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება;
- 2017 წლის 29 ივნისის შრომითი ხელშეკრულება;
3. 5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", სადაც განისაზღვრა მ-----------–--–-- სამი შტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება ;
3.6. ტ------–-----------–- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაფრთხილებულ იქნა, რომ მასთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს და აღნიშნული გარემოება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილება ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9817.
-
3.7. ტ------–-----------–- შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 2018 წლის 01 იანვრიდან, ხოლო მის მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 02 აპრილს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ------–-----------–-- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი ;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მოსარჩელე ტ------–-----------–- შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, კერძოდ მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შრომით ურთიერთობაში იმყოფება 2015 წლის 02 თებერვლიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩლე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გ------–--------–--–---. მოსარჩელე აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით. ბრძანება თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ტ------–-----------–- უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
6.3. დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელესთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
6.4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანებით ტ------–-----------–-- მიერ დაკავებული თანამდებობა გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე ტ------–-----------–---- გაფორმდა ახალი, ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 26 დეკემბერს წერილობით გააფრთხილა ტ------–-----------–- მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და განუმარტა, რომ მასთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს. 2018 წლის 01 იანნვრიდან ტ------–-----------–- სამსახურში აღარ დაუშვიათ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო.
6.5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ფომინი მოლდოვას წინააღმდეგ აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში Suominen v. Finland §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.
შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.( საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას, თუმცა სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).
6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ისმენს რა მხარეთა პოზიციებს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
6.8. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე (და შესაძლოა უფრო მეტადაც) უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, მოპასუხე სწორედ რომ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას და ხელფეხს უხსნის რათა შეაფასოს დავის აღნიშნული ასპექტი) და განმარტავს შემდეგს:
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
სასამართლო, შრომითი დავის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის დროს კვლავ მიმართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციის რეგულაციებს. კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, დასაქმებულს, რომელსაც მიაჩნია, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა უკანონოდ, უნდა ჰქონდეს აღნიშნულის გასაჩივრების უფლება მიუკერძოებელ ორგანოში, როგორიცაა სასამართლო, შრომის ტრიბუნალი და სხვა. ამავე რეგულაციის უმნიშვნელოვანესო დანაწესია შემდეგი: ივარაუდება, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გასაჩივრების უფლებაზე, თუ შეწყვეტიდან გონივრულ ვადაში იგი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას. ანალოგიური მოწესრიგებაა გათვალისწინებული დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის რეკომენდაციის მე-10 მუხლითაც.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის გამოყენების წინაპირობად, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო სამართალურთიერთობა მხარეებს შორის შედგა 2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა (2013 წლის ივლისი) საქართველოს შრომის კოდექსის ახალი რეგულაციები, მათ შორის ახალი რეგულაციები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი მოთხოვნა შეწყვეტის დასაბუთების შესახებ; ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამის შემდგომ დასაქმებულს უფლება აქვს აღძრას სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში 30 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ 7 დღის ვადაში, დასაქმებულს უფლება აქვს 30 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში, იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეებზე გადანაწილებული მტკიცების ტვირთი და დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს).
6.9. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ტ------–-----------–- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს გაფრთხილებულ იქნა, რომ მასთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს და აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. მოსარჩელეს საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება დაეწყო ზემოაღნიშნული - ე.წ. გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ მოსარჩელეს არ უსარგებლია უფლებით 30 კალენდარული დღის ვადაში მოეთხოვა დამსაქმებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების თაობაზე. მოსარჩელემ სამართლებრივი გზების ძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება დაიწყო 2018 წლის 02 აპრილს. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება (რომელსაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი გასაჩივრების პროცედურების დაწყებისათვის ათვლის წერტილად) მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 26 დეკემბერს და ეს გარემოება სადავოდ არავის გაუხდია. ასევე არავის გაუხდია სადავოდ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოება 2018 წლის 01 იანვრიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობა არის ფაქტობრივი მოცემულობა და ყოველ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია დამოუკიდებლად მიუთითოს, რაც მოპასუხის მხრიდან განხორციელდა, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ გასულია მოსარჩელესთნ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.
ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
შესაბამისად, სასამართლოს აზრით ცალსახად დასაბუთებულია მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოსარჩელეს, მისი სადავოდ ქცეული უფლების დაცვისაკენ მიმართული სამართლებრივი ქმედებები დროულად რომ განეხორციელებინა, მას შესაძლებელია მართლაც ქონოდა გარკვეული სამართლებრივი პერსპექტივა თუ გავითვალისწინებთ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების ბუნდოვანებას.
6.10. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ცალსახად ხანდაზმულია. რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ტ------–-----------–-- მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე - ტ------–-----------–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ტ------–-----------–-- მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი