განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
110100118002422024
დავის ტიპი
265 1 , 177 2 ბ , 177 2 ა , 126 1
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002422024

N1/83-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

არასრულწლოვანი ბრალდებული - ბ--- თ----------ე, დაბადებული 2----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), არასრული საშუალო გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.------–---------------–---------------------------–-------------------------------;

 

ადვოკატი - მ----- წ---–---;

 

კანონიერი წარმომადგენელი - ზ------ თ----------ე;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად); 3) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით); 4) საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება);

 

სხდომის სახე - დახურული.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის თ--------––- (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ--- თ----------ემ, პირადი მოხმარებისათვის, ზესტაფონში ა----–-----–---------------ში მდებარე საკუთარი ბინაში, აივანზე განთავსებულ ქოთნებში, უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუკეთა და მოიყვანა სამი ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 12.02 გრამი. აღნიშნული, 2018 წლის 10 მ------ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ--- თ----------ემ, ბეტონის ფილის გამოყენებით დააზინა ქ.ზესტაფონში, ა----–-----–--------------- მიმდებარედ არსებული შპს „-----------–--- ფ-------“ კუთვნილი ჯიხურის მინა და შეაღწია ჯიხურში. საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „-----------–--- ფ-------“ კუთვნილ - 214 ლარად ღირებულ სხვადასხვა სახის „-----"-ის საღეჭ რეზინს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბ--- თ----------ემ, დაზარალებულ ორგანიზაციას, შპს „-----------–--- ფ-------“ მიაყენა 214 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. 2017 წლის 21 დ---------, ბ--- თ---------ძე მივიდა ქ-------------–-----–----–---–------------–-, პედაგოგ კ---- კ--------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ა---- გ--------ე. დაახლოებით 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ--- თ----------ემ, ა---- გ--------ეს ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახისა და შუბლის არეში, მარჯვენა მხარეს. იქ მყოფი პირები შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას და ბ--- თ----------ე გაიყვანეს ოთახიდან, თუმცა, რამოდენიმე წამის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა უკან და ა---- გ--------ეს, სახისა და შუბლის მარჯვენა მხარეს ერთხელ დაარტყა ხელი. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ა---- გ--------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2018 წლის 17 თებერვალს, ბ--- თ----------ე მეგობრებთან - ლ---- ხ-–------ან და ა-------- ხ-------–---–--ან ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ფ----------------------–- მდებარე რესტორანში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 23:00 საათზე, რესტორნის მეპატრონესთან - ლ---- თ------–-------- ინვენტარის დაზიანების გამო მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ბ--- თ----------ემ, ლ---- ხ-–--ემ და ა-------- ხ-------–---–მა, ლ---------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ლ---- თ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

5. საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში: 2018 წლის თ--------––- (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ--- თ----------ემ, პირადი მოხმარებისათვის, ქ.ზესტაფონში, ა----–-----–---------------ში მდებარე საკუთარი ბინაში, აივანზე განთავსებულ ქოთნებში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა სამი ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 12.02 გრამი. აღნიშნული, 2018 წლის 10 მ------ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

6. ბ--- თ----------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

7. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

8. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- თ----------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის - კ------------- მ--–---- ჩვენება; დაზარალებულების - ა---- გ--------ისა და ლ---- თ------–--ის ჩვენებები; მოწმეების - ნ---- პ----------, კ------------- მ--–----, ზ---- ც--------, კ---- კ--------ის, ა---- გ------–----, მ------ ბ-–-----, ი-–---- თ------–--ის, ა-------- ხ-------–---–ის, ლ---- თ------–--ის, ბ-------- ლ--–----, გ------- დ---–--, ა---------– გ---–-------, ლ---- ხ-–--ის, ნ-----–---- ნ----------, ბ------ თ----------ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ჩხრეკისა და ამოღების ოქმები; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა---- გ--------ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლ---- თ------–--ის მიმართ; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები და მტკიცებულებები.

 

12. შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ბ--- თ----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.

 

ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ქმედება - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა მითითებულია სსკ 177-ე მუხლის შენიშვნაში. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის (ქონების) ღირებულებით. დანაშაულის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით. სხვა საცავი კი არის, ასევე, მატერიალური ფასეულობების მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. დანაშაულის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ჯგუფურად. ამ პუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს მაინც აღსრულებდეს სულ მცირე ორი პირი. ამდენად, ორივე უნდა იყოს ამსრულებელი. თანაც, არაა სავალდებულო, ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. ამ მცენარეთა კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობების გამოყვანას, იმდაგვარ გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმით მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.

 

16. ბრალდების ნაწილში - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში გამართლების საფუძველი: - როგორც უკვე აღინიშნა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობების გამოყვანას, იმდაგვარ გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ბ--- თ----------ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის მორწყვაში. ბრალდების მხარეს კი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბ--- თ----------ემ დაამუშავა, გააშენა, ახალი სახეობა გამოიყვანა ან/და იმდაგვარად გადაამუშავა მცენარე, რომ ამაღლდა მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი, არ წარმოუდგენია, მხოლოდ მცენარის მორწყვა, მოვლა და ყინვის დროს სახლში შეტანა, არ იძლევა კულტივირების შემადგენლობას, რის გამოც ბ--- თ----------ე უნდა გამართლდეს წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.

 

17. კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი: - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 1 ივნისის N944 კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით "იგივე ქმედება: ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი, იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს როგორც თავისუფლების აღვეთას, ასევე შინაპატიმრობას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- თ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს (შესაბამისობაში მოვიდეს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ბ--- თ----------ემ ჩაიდინა: 1) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); 2) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით); 3) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით); 4) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

19. ბ--- თ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 21 ივნისს.

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

22. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.

 

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.

 

24. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

25. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

26. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.

 

27. 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

28. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

29. 1) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე; 2) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - შინაპატიმრობას, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ხუთ წლამდე; 3) საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 – ვებგვერდი, 20.07.2017წ.).

 

30. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 

31. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. კერძოდ, დანაშაულების ჩადენის დროს, ბ--- თ----------ე იყო არასრულწლოვანი - 17 წლის, ცხოვრობდა და ცხოვრობს მამასთან ერთად. დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრისას გამოხატავს სინანულს. მისი განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზია დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი პროცესების სირთულეები. დარწმუნებულია რომ დანაშაულს აღარ ჩაიდენს. სამომავლოდ აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, ხოლო ახლო მომავალში დასაქმებას. დადიოდა სკოლაში და აქვს დამაკამყოფილებელი მოსწრება, არ აცდენდა ხშირად გაკვეთილებს. არ აქვს უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე, არ არის თანატოლების მიმართ აგრესიული. დაახლოებით ერთი წელი დასაქმებული იყო ავტოსახელოსნოში. ბ---ს გააჩნია ოპტიმისტური და მომავლის პოზიტიური ხედვა, სტრესის დაძლევის უნარჩვევები. აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიყენოს სასჯელის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმა და განსაზღვრული სანქციის საშუალო ვადა.

 

32. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ბ--- თ----------ეს სასჯელად განუსაზღვროს ჯარიმა, ვინაიდან იგი არ მუშაობს და არ გააჩნია დამოუკიდებელი და კანონიერი შემოსავალი. ამავე კოდექსის, 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხევაში, ბ--- თ----------ის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, შესაბამისად, სასამართლო არაა უფლებამოსილი ბ.თ----------ეს სასჯელად განუსაზღვროს თ/აღკვეთა და შემდეგ ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად. შესაბამისად, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნას არასრუწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლი და ბ.თ----------ეს ისე განუსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, როგორც სასჯელი შეუძლებელია დაენიშნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული აკრძალვიდან გამომდინარე. თავისუფლების აღკვეთა - ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული (ამასთან 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილში თ/აღკვეთა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე), ხოლო ჯარიმა - ვიანიდან არ გააჩნია დამოუკიდებელი და კანონიერი შემოსავალი. შესაბამისად, ერთადერთი მსუბუქი სასჯელი, რომელიც შესაძლებელია მოხდილი იქნეს ბ--- თ----------ის მიერ არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- თ----------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება 120 (ასოცი) საათის ვადით, ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

33. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა განსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, ვინაიდან, იგი მოითხოვს არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული ყოველი კონკრეტული სასჯელის გამოყენება, თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, პრაქტიკაში სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.

 

34. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული რა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და მიაჩნია, რომ საჭიროა ბ--- თ----------ისათვის დამატებითი მოვალეობების დაკისრება, შემდეგ გარემოებათა გამო: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

 

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად (პუნქტი - 10.2 რეკომენდაცია), განხორციელებული შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია არასრულწლოვანთან განხორციელდეს მუშაობა დანაშაულებრივი ქმედებების უკეთ გააზრების მიზნით. ასევე, ბრაზისა და ემოციების მართვის ტექნიკის შესწავლა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. გარდა აღნიშნულისა, თვითდაზიანებების ისტორიიდან გამომდინარე, სასურველია, არასრულწლოვანმა მიიღოს ფსიქიატრის კონსულტაცია. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია ბ--- თ----------ეს დააკისროს მოვალეობა გაიაროს: 1) ბრაზისა და ემოციების ტექნიკების შესწავლის კურსი; 2) ფსიქიატრთან კონსულტაცია. 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების კონტროლს უზრუნველყოფა კი უნდა უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--- თ----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას;

 

ბ--- თ----------ის მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს (შესაბამისობაში მოვიდეს) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია);

 

ბ--- თ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია), სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე და 71-ე მუხლების გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა), საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე და 71-ე მუხლების გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ ბ--- თ----------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბ--- თ----------ეს დაეკისროს მოვალეობა გაიაროს: 1) ბრაზისა და ემოციების ტექნიკების შესწავლის კურსი; 2) ფსიქიატრთან კონსულტაცია;

 

ბ--- თ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბ--- თ----------ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება და 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების კონტროლს უზრუნველყოფა, დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2017 წლის 21 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2017 წლის 21 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები და ფილის ნატეხები, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;

 

2017 წლის 26 მაისს ბ--- თ----------ესთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული 1. ერთი შეკვრა, მასში მოთავსებული ლურჯი ფერის 30 კოლოფი საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 2. ერთი შეკვრა, მასში მოთავსებული მოყვითალო ფერის 30 კოლოფი საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 3. ერთი შეკვრა, მასში მოთავსებული მოყვითალო ფერის 30 კოლოფი საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 4. ერთი შეკვრა, მასში მოთავსებული მომწვანო მოყვითალო ფერის 30 კოლოფი საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 5. თხუთმეტი ცალი შავი ფერის კოლოფში არსებული საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 6. ექვსი ცალი მოყვითალო ფერის კოლოფში არსებული საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 7. რვა ცალი ლურჯი ფერის კოლოფში არსებული საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, 8. შვიდი ცალ მოწითალო ფერის კოლოფში არსებული საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’ 9. ათ ცალ ჭრელ კოლოფში არსებული საღეჭი რეზინი ,,დიროლი’’, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ;

 

2017 წლის 22 დ--------- შემთხვევის ადგილი დროს ამოღებული მინის ბოთლის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;

 

2017 წლის 22 დ--------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2017 წლის 26 დ--------- შს სამინისტროს სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან მიღებული ჩანაწერი CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2018 წლის 10 მ------ ბ--- თ----------ის საცხოვრებელი ბინის ლოჯში მაგიდის ქვეშ იატაკიდან ამოღებული სამი ცალი პოლიეთილენის შპრიცი, რომლებშიდაც აღენიშნება მოყავისფრო სითხე, ღია აივანზე ბეტონის იატაკიდან ამოღებული სამი ცალი პოლიეთილენის შპრიცი, რომლებშიდაც აღენიშნება მოყავისფრო სითხე, ღია აივანზე ბეტონის იატაკიდან ამოღებული დაშლილი ასანთის კოლოფები და ღერები, იოდის ცარიელი შუშები და ნახმარი პოლიეთილენის შპრიცები, რომებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილები მიღების შემდეგ; ხოლო სამი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) საერთო წონით - 12,02 გრამი (5,11 გრამი; 1,59 გრამი; 5,32 გრამი), კვლევის შედეგად დარჩა 11, 42 გრამი და 2 ცალი მომწვანო ფერის ნედლი მცენარის ფოთლები და წვრილი ღეროები- ნედლი მარიხუანა წონით 0,55 გრამი, კვლევის შედეგად დარჩა 0,45 გრამი, რომლებიც გადაგზავნილია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე