გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/464-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.06.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი
მოსარჩელე ია ქ--------–-–---–ი
მოპასუხეები მ--–---- ქ--------–-–---–ი
გ--–- გ-------–---–ი
ა---------– აბაშიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი დავით კერესელიძე
დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს შედგენილი დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები:
1) საძინებლის კომპლექტი ღია ფერის: საძინებლის კარადა ოთხ განყოფილებიანი, საწოლი, ტუმბო.
2) საძინებელი კომპლექტი: ღია ფერის საწოლი, კარადა ყავისფერი შავი ზოლებით ორ განყოფილებიანი.
3) საძინებელი კომპლექტი: ყავისფერი ორი ტუმბო, კარადა, საწოლი ტრილიაჟი.
4) საძინებელი კომპლექტი ღია ფერის ტრილიაჟი ორი ტუმბო, საწოლი.
5) შემოსასვლელი კარადა
6) სარკე.
7) მისაღები კომპლექტი (გორკა, დესაუ, მაგიდა (ათი) სკამით, ღია ფერის ხის.
8) მიკროტალღური ღუმელი (ვერცხლისფერი ,,Luxsell"- ის ფირმის).
9) ორი დივანი თეთრი ფერის ნაჭრის, ორი სავარძელი
10) მისაღები ოთახის კარადები სარკით, ყავისფერი შავი ზოლებიოთ (ორი ცალი)
11) კომპიუტერი (მონიტორი Philips -ის ფირმის კლავიატურა, პროცესორი)
12) ტელევიზორი LOC ფირმის
13) ჟურნალის მაგიდა შუშის
14) სამეული ნაჭრის
15) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი"
16) მაცივარი ,,ჰიტაჩი"
17) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბოშის ფირმის
18) კომპიუტერის მაგიდა 2 ც
19) საოფისე სკამი 2 ც.
მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მ--–---- ქ--------–-–---–ს დაკისრებული აქვს ფულადი ვალდებულება ა---------– აბაშიძის, გ--–- გ-------–---–ის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. დაკისრებული თანხის აღსასრულებლად აღმასრულებელმა დააყადაღა ნივთები, რომლებიც მდებარეობს მისამართზე რუსთავი, ტურგენევის N42-შ არსებულ ბინაში. დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეს აჩუქა დედამთილმა, ხოლო ჰიტაჩის ფირმის მაცივარი თავად შეიძინა განვადებით.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა გ--–- გ-------–---–მა და ა---------– აბაშიძემ წერილობითი შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნეს სარჩელი, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ--–- გ-------–---–ი არ გამოცხადდა. წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მოპასუხეების განმარტებით, მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადაო ნივთები მ--–---- ქ--------–-–---–ს არ ეკუთვნის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე მ--–---- ქ--------–-–---–ისათვის დაკისრებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით დაყადაღებულია მოძრავი ნივთები - საოჯახო საჭიროების საყოფაცხოვრებო ნივთები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მარიამ დავითაძის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს შედგენილია აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები:
1) საძინებლის კომპლექტი ღია ფერის - საძინებლის კარადა ორ განყოფილებიანი, საწოლი, ტუმბო (1 ცალი)
2) საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, საწოლი, კარადა ყავისფერი შავი ზოლებით ორგანყოფილებიანი
3) საძინებლის კომპლექტი ყავისფერი, ორი ტუმბო, კარადა, საწოლი, ტრილიაჟები
4) საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, ტრილიაჟები, ორი ტუმბო, საწოლი
5) შემოსასვლელი კარადა
6) სარკე
7) მისაღების კომპლექტი (გორკა დესაუ, მაგდა 10 სკამით)
8) მიკროტალღური ღუმელი (ვერცხლისფერი ,,Luxsell"- ის ფირმის).
9) ორი დივანი თეთრი ფერის, ნაჭრის, ორი სავარძელი
10) მისაღები ოთახის კარადები, ყავისფერი ზოლებით ორი ცალი
11) კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი ფილიპსის ფირმის, კლავიატურა, პროცესორი)
12) ტელევიზორი LOC -ის ფირმის
აღნიშნული ნივთები აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგ მისამართზე: რუსთავი, ივ, ტურგენევის ქ. N42. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კრედიტორების გ--–- გ-------–---–ის, ა---------– აბაშიძის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2/464-2018 ია ქ--------–-–---–ის სარჩელის გამო მ--–---- ქ--------–-–---–ის, გ--–- გ-------–---–ის, ა---------– აბაშიძის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ყადაღისაგან მოძრავი ნივთების ,,სამსუნგის" ფირმის სარეცხი მანქანა, ,,ჰიტაჩის" ფირმის მაცივარი და „ბოშის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხი მანქანის, გათავისუფლების შესახებ მოთხოვნებზე. საქმის შეწყვეტის საფუძველია ის გარემოება, რომ ეს ნივთები აღმასრულებლის განკარგულებით დაყადაღებული და აღწერილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 20-22. ტომი 1)
- აღსრულების ბიუროს წერილი (ს.ფ. 23. ტომი 1)
3.2.2. დაყადაღებული ნივთებიდან საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, საწოლი, კარადა ყავისფერი შავი ზოლებით ორგანყოფილებიანი. საძინებლის კომპლექტი ყავისფერი, ორი ტუმბო, კარადა, საწოლი, ტრილიაჟები; საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, ტრილიაჟები, ორი ტუმბო, საწოლი; შემოსასვლელი კარადა; სარკე;მისაღების კომპლექტი (გორკა დესაუ, მაგდა 10 სკამით;) ორი დივანი თეთრი ფერის, ნაჭრის, ორი სავარძელი; მისაღები ოთახის კარადები, ყავისფერი ზოლებით ორი ცალი; კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი ფილიპსის ფირმის, კლავიატურა, პროცესორი); ტელევიზორი LOC -ის ფირმის, ია ქ--------–-–---–ს აჩუქა ლუდმილა ქ--------–-–---–მა 2013 წელს, ხოლო საძინებლის კომპლექტი ღია ფერის - საძინებლის კარადა ორ განყოფილებიანი, საწოლი, ტუმბო (1 ცალი) და მიკროტალღური ღუმელი (ვერცხლისფერი ,,Luxsell"- ის ფირმის) ია ქ--------–-–---–ის საკუთრება არ არის;
მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები არის მისი საკუთრება, ნივთები მას აჩუქა ლუდმილა ქ--------–-–---–მა, რის დასადასტურებლად წარმოადგინა ლუდმილა ქ--------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება.
2013 წლის 8 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებულია ლუდმილა ქ--------–-–---–ის შემდეგი შინაარსის განცხადება: მე ლუდმილა ქ--------–-–---–მა მცხოვრები რუსთავი, ტურგენევის ქ N42 ვაჩუქე ია ქ--------–-–---–ს შემდეგი ნივთები:
სასადილოს ოთახის ავეჯი (დესაო, გორკა. მაგიდა 10 სკამით)
რბილი ოთხეული (ორი სავარძელი)
კედელი 3 ნაჭერი
რბილი სამეული
შუშის მაგიდა 6 სკამით
მაცივარი სამსუნგი
გაზქურა სესლერი გამწოვით
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბოში
სარეცხი მანქანა სამსუნგი
ჟურნალის მაგიდა შუშის
სამზარეულოს კარადები
ტელევიზორო „ლოს“
სონის ფირმის მუსიკალური ცენტრი
კომპიუტერი აქსესუარებით
საძინებელი კომპლექტი.
საძინებელი კომპლექტი
წიგნების კარადები
სამეული რბილი
საძინებელი კომპლექტი
საშხაპე კაბინა.
ხელწერილში მოხსენიებულია 20 ნივთი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ა---------– აბაშიძემ სარჩელი არ ცნო, თუმცა ამავე დროს განმარტა, რომ მ--–---- ქ--------–-–---–ის სახლში არსებული ნივთები შეძენილია მ--–---- ქ--------–-–---–ის მშობლების მიერ და მათ შეძენაში წვლილი მ--–---- ქ--------–-–---–ს არა აქვს. ამდენად, მოპასუხის ამ განმარტებით დასტურდება ის გარემოება, რომ დაყადაღებული ნივთები მ--–---- ქ--------–-–---–ის მიერ არ არის შეძენილი და ეს ნივთები შეძენილია მისი მშობლების მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების – ლუდმილა ქ--------–-–---–ის ხელწერილის და მოპასუხის განმარტების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთებიდან პირველ ნომრად მითითებული საძინებლის კომპლექტი და ვერცხლისფერი ,,Luxsell"- ის ფირმის მიკროტალღური ღუმელი არ არის ლუდმილა ქ--------–-–---–ის მიერ მოსარჩელისათვის ნაჩუქარი ნივთები.
ლუდმილა ქ--------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში მითითებულ ნივთებში არ არის მოხსენიებული საძინებლის კომპლექტი ღია ფერის - საძინებლის კარადა ორ განყოფილებიანი, საწოლი, ტუმბო (1 ცალი) და ლუქსელის ფირმის მიკროტალღური ღუმელი. მიკროტალღური ღუმელის შესახებ მოსარჩელემ განმარტა, რომ ეს ნივთი მას ათხოვა დედამ, რადგან პირადად მას ასეთი დანიშნულების ნივთი არ ჰქონდა. მოსარჩელეს ამ ნივთის შესახებ მისი ახსნა-განმარტების გარდა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გარემოებას დაადასტურებდა.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნაში მითითებულ ნივთების ,,სამსუნგის" ფირმის სარეცხი მანქანას, ,,ჰიტაჩის" ფირმის მაცივარს და „ბოშის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხ მანქანის, ეს ნივთები დაყადაღების აქტში მითითებული არ არის და მათი ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა.
მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ია ქ--------–-–---–ი არის მ--–---- ქ--------–-–---–ის მეუღლე, ხოლო ლამარა ქ--------–-–---–ი არის მოსარჩელის დედამთილი.
დაყადაღებული აქტში მითითებული პირველი საძინებელი ია ქ--------–-–---–ისათვის ნაჩუქარი არ არის. კერძოდ. დაყადაღების აქტის თანახმად, დაყადაღებულია საძინებლის 4 კომპლექტი, ხოლო ჩუქების ხელწერილში მითითებულია 3 საძინებლის კომპლექტი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ დაყადაღების აქტში მითითებული პირველი საძინებელი არ არის მისთვის ნაჩუქარი. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია მას სხვა რა საფუძვლით წარმოეშვა ამ ნივთზე საკუთრების უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთებიდან მიკროტალღურ ღუმელზე და აქტში მითითებულ პირველ საძინებელზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება. კერძოდ, ჩუქების ხელწერილში ეს ნივთი მითითებული არ არის. ნივთის შეძენის შესახებ რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელწერილი (ს.ფ. 19. ტომი 1)
- მოსარჩელის განმარტებები (29.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი 17:25:29სთ - 17:44:48სთ)
IV სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 158-ე, 186-ე, 524-ე, 525-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 1161-ე, 170-ე, 172-ე მუხლები
· ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე გ--–- გ-------–---–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად. განსახილველი სარჩელი აღძრულია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელში მოპასუხეები არიან სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი და მოვალე. შესაბამისად, სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე არის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი, რომლის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს დაკისრებული ვალდებულება. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორისა და მოვალის საპროცესო თანამონაწილეობა კანონითაა დადგენილი და მათ მიმართ შესაძლებელია მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა. ამდენად, მოპასუხის გამოუცხადებლობის მიუხედავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო საფუძველი არ არსებობს და დავა უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად.
სადაო ნივთები დაყადაღებულია მ--–---- ქ--------–-–---–ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია ა---------– აბაშიძის, გ--–- გ-------–---–ის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სააღსრულებო წარმოებაში მ--–---- ქ--------–-–---–ი არის მოვალე, შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების შესახებ პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მოძრავი ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი შემძენს არ ავალდებულებს დოკუმენტალურად შეამოწმოს გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.
აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის ავეჯი და საოჯახო ელექტროტექნიკის მოწყობილობები.
მოსაჩელე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს ჩუქების ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.
ამ შემთხვევაში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, რომლის ჩუქების შესახებ კანონი რაიმე სპეციალური ფორმის დაცვით ხელშეკრულების დადებას არ ითვალისწინებს, მოძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან.
ამ შემთხვევაში ლუდმილა ქ--------–-–---–ი ხელწერილში მიუთითებს, რომ მან ნივთები აჩუქა ია ქ--------–-–---–ს, ნივთები განთავსებულია რუსთავში, ტურგენევის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს ია ქ--------–-–---–ი. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან კანონი მოძრავ ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ფორმას არ ითვალისწინებს, წარმოდგენილი ხელწერილი და ნივთების მოსარჩელის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი ამ ნივთების ჩუქების დადასტურებისათვის საკმარისი მტკიცებულებებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ია ქ--------–-–---–ი და მ--–---- ქ--------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. თუმცა რეგისტრირებული ქორწინების არსებობის პირობებშიც, სადაო ნივთები მეუღლეთა თანასაკუთრებად ვერ ჩაითვალება, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები ია ქ--------–-–---–ს მიღებული აქვს ჩუქებით. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად კი, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია ჩუქებით. ამდენად, ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთერთი მეუღლისათვის ნაჩუქარ მოძრავ ნივთებზე ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხზე განმარტებები ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში (საქმზე №ას-805-770-2014 ), რომლითაც საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყადაღისგან გათავისუფლდა ერთერთი მეუღლის მიერ ჩუქებით მიღებული ქონება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მოტივაცია.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე, მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისია მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემა.
ამ შემთხვევაში სახეზეა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის 186-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა გარემოება, რაც სადაო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები გარდა პირველ ნორმად მითითებული საძინებლის კომპლექტისა და ლუქსელის ფირმის მიკროტალღური ღუმელისა, მოსარჩელის საკუთრებაა. მ--–---- ქ--------–-–---–ს ეს ნივთები არ შეუძენია და არც სხვა რაიმე საფუძვლით მოუპოვებია მათზე საკუთრების უფლება (მაგ. გარიგების საფუძველზე). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
რაც შეეხება დაყადაღების აქტში მითითებულ პირველ ნორმად მითითებული საძინებლის კომპლექტსა და ლუქსელის ფირმის მიკროტალღური ღუმელის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ნივთები მოსარჩელეს აჩუქა ლუდმილა ქ--------–-–---–მა ან სხვა რომელიმე საფუძვლით მოიპოვა მათზე საკუთრების უფლება, რის გამო ამ ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
მოპასუხე მ--–---- ქ--------–-–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ა---------– აბაშიძეს, გ--–- გ-------–---–სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 300 ლარი (სადაო ნივთების ღირებულებაა 10 000 ლარი), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. სარჩელში მითითებულ მოპასუხეებს აღსრულების პროცესში გააჩნიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხოვნები, რის გამოც აღსრულებოს პროცესში მათი მოთხოვნები სოლიდარული არ არის და აქედან გამომდინარე ამ საქმეში სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად ანაზღაურებაზე პასუხისმგებლები არ არიან, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ინდივიდუალურად. მოსარჩელეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა აუნაზღაურდეს 233 (200 ლარი სარჩელის და 33 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების სახელმწიფო ბაჟი) ლარი, ხოლო თითოეულ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 77,66 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ია ქ--------–-–---–ის სარჩელი;
1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს შედგენილი დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები - საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, საწოლი, კარადა ყავისფერი შავი ზოლებით ორგანყოფილებიანი. საძინებლის კომპლექტი ყავისფერი, ორი ტუმბო, კარადა, საწოლი, ტრილიაჟები; საძინებლის კომპლექტი ღია ფერის, ტრილიაჟები, ორი ტუმბო, საწოლი; შემოსასვლელი კარადა; სარკე; მისაღების კომპლექტი (გორკა დესაუ, მაგდა 10 სკამით;) ორი დივანი თეთრი ფერის, ნაჭრის, ორი სავარძელი; მისაღები ოთახის კარადები, ყავისფერი ზოლებით ორი ცალი; კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი ფილიპსის ფირმის, კლავიატურა, პროცესორი); ტელევიზორი LOC -ის ფირმის, გათავისუფლდეს ყადაღისაგან;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დაყადაღების აქტში მითითებული საძინებლის კომპლექტის (აქტის 1-ლი პუნქტი) და ლუქსელის ფირმის მიკროტალღური ღუმელის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ;
2. ა---------– აბაშიძეს, გ--–- გ-------–---–სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს დაეკისროს ია ქ--------–-–---–ისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 233 ლარის, თითოეულს 77,66 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი