გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8508-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აგვისტო 2018წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე: შ-----------------------“
წარმომადგენელი: ა----------–---–ი, მ----–-------–---–ი
მოპასუხეები: გ-----------–-–---–ი, მ-----–----------–-–---–ი
წარმომადგენელი _ გ--------–-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს მოპასუხის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 2501 აშშ დოლარი;
1.2. გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს მოპასუხის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი 2016 წლის 10 სექტემბრისა და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისათვის 125.05 აშშ დოლარის გადახდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე;
1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა, სესხის დარჩენილი ნაწილის 0.1 %, რაც შეადგენს 2,501 აშშ დოლარს.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულება მიექცეს გ-----------–-–---–ის ნებისმიერ ქონებაზე.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 10 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-----------–-–---–ს სესხად გადასცა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 181 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ-----------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი F-----------. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება. მის მიერ სრულად და ჯეროვნად გადახდილ იქნა მხოლოდ გადახდის გრაფიკის გათვალისწინებით 11 თვის გადასახადი.
მოპასუხეს შ----------------------“-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირიღადი თანხა - 2501 აშშ დოლარი, სარგებელი 2016 წლის 10 სექტემბრისა და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 125.05 აშშ დოლარს და რომლის დარიცხვაც გრძელდება მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე, პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის 0.1 %, რაც შეადგენს 2501 აშშ დოლარს, ჯამში სამი წლის გადასახდელი თანხების ერთობლიობით 2738,595 აშშ დოლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა გ-----------–-–---–მა და მ-----–----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში; პირგასამტეხლოსთან მიმართებით მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება.
2----–-–---------–--ის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ დააზუსტა პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხიდან _ 1009 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში და სადავოდ გახადეს როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, იმ არგუმენტაციით რომ სესხი იყო უპროცენტო, ხოლო პირგასამტეხლოს საერთოდ არ ითვალისწინებდა მხარეთა შორის 2015 წლის 10 დეკემბრის შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 სექტემბერს, ერთის მხრივ გამსესხებელს _ შ-----------------------“-ს, მეორეს მხრივ დამგირავებელს _ შ-------------სა“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის გ----–-–---–ის სახით) და მესამეს მხრივ, მსესხებელს _ გ-----------–-–---–ი შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N--------, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 6500აშშ დოლარით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5%; ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლები და ოდენობა;
ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის თითოეული ნაწილის გადაცემისას მხარეები ინდივიდუალურად შეთანხმდებოდნენ სესხის გადახდის ვადაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს და სესხის გადაცემის შესახებ თითოეულ შეთანხმებას დაერთვებოდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლითაც განისაზღვრებოდა სესხისა და სარგებლის გადასახდელი ნაწილის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა.
სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდა, შესაძლო ზიანი (პირგასამტეხლო, ჯარიმა) და სხვა ხარჯები უზრუნველყოფილ იქნა შ-------------ის“ საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნით, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - F-----------, ს------------–-----------------------------–------–--–------------------------------------------–------------------------------------------------------–-------–------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #-------- (ს.ფ. 15-20);
3.1.2. 2015 წლის 10 სექტემბერს, ერთის მხრივ გამსესხებელს _ შ-----------------------“-ს და მეორეს მხრივ მსესხებელს _ გ-----------–-–---–ი შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #--------, რომლის საფუძველზე, შ-----------------------“-მა გ-----------–-–---–ს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ფარგლებში სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #-------- (ს.ფ. 21);
- დანართი #1, დანართი #2 (ს.ფ. 22-23);
3.1.3. 2015 წლის 10 სექტემბერს, შ-----------------------“-ს და მ-----–----------–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ-----–----------–-–---–მა იკისრა ვალდებულება, თავდებად დასდგომოდა კრედიტორის წინაშე გ-----------–-–---–ს 2015 წლის 10 სექტემბერს, შ-----------------------“-სა და მსესხებელს შორის დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე დადებული სეხის გადაცემის შესახებ შეთანხმებ(ებ)ით დადგენილ ვადაში ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად (მუხლი 2).
თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თავდების ფარგლები განისაზღვრა 19500 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24-26);
- 2015 წლის 10 სექტემბრის წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 26);
3.1.4 გ-----------–-–---–ის მიერ გადახდილ იქნა კრედიტორისათვის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მხოლოდ 11 თვის თანხა, 1991აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27).
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #--------, დანართი N1 (ს.ფ. 21-22);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (1-------წ სასამ. სხდომის ოქმი; 10:26:10სთ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა დანაწესით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ნაწილი (ხელშეკრულებები, შეთანხმება, განაცხადი) ხელმოწერილია თავად მოპასუხეთა მიერ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----------–-–---–ის მიერ აღებული იქნა პროცენტიანი, სარგებლიანი სესხი 3000აშშ დოლარის ოდნობით და რომ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #-------- (ს.ფ. 15-20);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #-------- (ს.ფ. 21);
- დანართი #1, დანართი #2 (ს.ფ. 22-23);
- 2015 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24-26);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, მოთხოვნები ძირითადი თანხის ნაწილში _ 1009 ლარის ოდენობით ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში შ-----------------------“-ს და მოპასუხეებს შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების, სესხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და განხორციელდა მხარეთა კონკრეტუl უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ _ გ-----------–-–---–მა სესხის სახით მიიღო 3000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 5% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 181 აშშ დოლარის ოდენობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულება ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ დაირღვა. კერძოდ მსესხებელმა განახორციელა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მხოლოდ 11 თვის თანხის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებისა ან/და მის საფუძველზე დადებული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელესა და მ-----–----------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სოლიდარულად დაეფარა ძირითადი მოვალის დავალიანება; თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19500 აშშ დოლარით.
შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხისა და სარგებლის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: გ-----------–-–---–სა და მ-----–----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის _ 2501 აშშ დოლარისა და 2016 წლის 10 სექტემბრიდან 2017 წლის 29 მარტამდე (სარჩელის აღძვრის თარიღი) 833 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის გადახდა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან უდავოა რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან რომ მოსარჩელემ გასცა სარგებლიანი სესხი და მის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ სარგებლის მიღება, შესაბამისად, სახეზეა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია;
შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით - დავალიანების ძირ თანხაზე - 2501 აშშ დოლარზე, წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრისა);
6.7. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.3 და 3.4 პუნქტებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------------------“-ის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველდღიურად, დარჩენილი ძირი თანხის 2510აშშ დოლარის 0.05%-ის _ 1.25 აშშ დოლარის გადახდა, 2016 წლის 10 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი წესის თანახმად, გირავნობის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოგირავნის უფლება იურიდიული ბუნებით აქცესორული ხასიათისაა და მისი განხორციელება უწინარესად დამოკიდებულია ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე გ-----------–-–---–ის შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად თანახმად სესხის დაბრუნებისა და სარგებლის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, საგნის მოვლა-შენახვის) და სხვა ხარჯები უზრუნველყოფილ იქნა შ-------------ის“ საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნით, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - F-----------, ს------------–-----------------------------–------–--–------------------------------------------–------------------------------------------------------–-------–------------------
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის დანაწესით, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხსენებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა _ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა მიმართულ უნდა იქნეს უზრუნველსაყოფად გამოყენებულ ქონებაზე, ხოლო თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი დავალიანების დასაფარად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დარჩენილი ნაწილის დაფარვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, თუკი ცხადია მხარეთა შორის არსებობს აღნიშნულზე შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, უარი განაცხადა გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მოითხოვა, მსესხებელმა პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით სრულად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმომშობ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს შემდეგი: „გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან“; ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით, კი მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, „რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ან/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით, მოგირავნემ შესაძლოა საერთოდ უარი განაცხადოს გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით (მსესხებლის პასუხისმგებლობა მთელი თავისი ქონებით)“.
გირავნობის საგნის ლიკვიდურობის შეფასების თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშისა და გირავნობის საგანზე საგადასახადო გირავნობის არსებობის ფაქტის გათვალისწინებით (რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია), სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------------------“ -ის მოითხოვნა, დავალიანების დაფარვის მიზნით გ-----------–-–---–მა პასუხი აგოს სრულად, მთელი თავისი ქონებით _ საფუძვლიანია და გამომდინარეობს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებიდან.
ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის ფასი -15 165 ლარი და შესაბამისად არასწორად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 455 ლარის ოდენობით, ვინაიდან როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის ძირი თანხის 2501 აშშ დოლარის, პროცენტის სახით _ 3126.25 (125.05X25) აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 2738.59აშშ დოლარის დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 8365.84 აშშ დოლარს; შესაბამისად (სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად 1აშშ დოლარი = 2. 44 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო _ 612.37 ლარი და არა 455 ლარი.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 303.32 ლარის ანაზღაურება _ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 235.18 ლარი _ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილ იქნა 157.35 ლარით ნაკლები, სასამართლო მიიჩნევს რომ შ-----------------------“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 83.5 (157.35 -73.85) ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ-----------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს შ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N-------- და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 3334 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2501 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 833 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხეებს გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო, დავალიანების ძირ თანხაზე 2501 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), 2016 წლის 10 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა;
1.3. მოპასუხეებს გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს შ-----------------------“-ის სასარგებლოდ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე - 2501 აშშ დოლარზე, წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს (25.01აშშ დოლარს) სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 10 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე);
2. დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულება მიექცეს გ-----------–-–---–ის ნებისმიერ ქონებაზე.
3. მ-----–----------–-–---–ს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობად განისაზღვროს 19500აშშ დოლარი.
4. მოპასუხეებს გ-----------–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს შ-----------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი თანხიდან _ 303.32 ლარის ანაზღაურება.
7. შ----------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 83.5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი