გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017001963277
საქმე # 2/402-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.09.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - მა------------–---–ი
წარმომადგენელი - ნო--------------–--ლი
მოპასუხე - ან------–---–ი
წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
მოპასუხე ან------–---–ს დაეკისროს 1 012.93 ლარის გადახდა.
(იხ. სასამართლოს 12.09.2018 წლის სხდომის ოქმი 14:19:00-14:19:10 სთ)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩეკეს მაღაზია აქვს სოფელ მ---------ში, სადაც ყოველდღიური მოხმარების საქონელს ყიდის. მოსარჩელე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამკურნალოდ ქ. თბილისში უნდა წასულიყო და ამიტომ მოპასუხეს შეუთანხმდა, რომ მის ჩამოსვლამდე მაღაზიაში იმუშავებდა. აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ მისი არყოფნის პერიოდში მიღებულ და გაყიდულ პროდუქციას მოპასუხე რვეულში აღრიცხავდა. მოსარჩელე თბილისიდან 2016 წლის 10 დეკემბერს დაბრუნდა. 2017 წლის 14 იანვარს მხარეებმა მაღაზიის აღწერა გააკეთეს, რომლის შედეგად 1050 ლარის დანაკლისი გამოვლინდა. მოპასუხემ 1050 ლარიდან 450 ლარი დაფარა, დანარჩენი კი ამ დრომდე არ გადაუხდია. მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელემ ვერ შეძლო 600 ლარის ღირებულების პროდუქტის მაღაზიაში შეტანა და რეალიზაცია, რის შედეგად დამატებით 500 ლარის ზიანი მიიღო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მაღაზიაში მარტო არასდროს ყოფილა. ვაჭრობის დროს მაღაზიაში ხან მოსარჩელე და ხან მისი ქმარი იყო. მაღაზიას ორი კარი აქვს, მისი გახსნას და დაკეტვას მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ახდენდნენ. ზოგჯერ ღამის საათებში თვითონაც ვაჭრობდნენ. პირადად მას მოსარჩელისთვის ზიანი არ მიუყენებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები :
3.1.1. მოსარჩელე მა------------–---–ს გურჯაანის რაიონის სოფელ მ---------ში მაღაზია აქვს, სადაც სხვადასხვა დასახელების საქონლის საცალო რეალიზაციას ახდენს;
3.1.2. მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ მაღაზიაში, 2016 წლის 08 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით, გამყიდველად მუშაობდა. მისი ვალდებულებას საქონლის რეალიზაცია წარმოადგენდა. მოსარჩელის არყოფნის პერიოდში მოპასუხე ახალი საქონლის მიღებას ახორციელებდა. რეალიზაციასთან და საქონლის მიღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კი რვეულში აღრიცხავდა. მოპასუხის ხელფასი დღეში ხუთ ლარს შეადგენდა.
3.1.3. მოსარჩელე 2016 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე სამკურნალოდ ქ. თბილისში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მოპასუხე მაღაზიაში მარტო მუშაობდა;
3.1.4. 2017 წლის 14 იანვარს მხარეებმა მარაზიაში აღწერა ჩაატარეს, რომლის შედეგად 1012.93 ლარის ოდენობით დანაკლისი გამოვლინდა;
3.1.5. მოპასუხეს მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიეღო ანაზღაურება სულ 495 ლარის ოდენობით.
3.1.6. მოსარჩელემ მოპასუხისთვის გადასახდელი ხელფასიდან დაფარა (გაქვითა) აღწერის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი თანხის ნაწილი 495 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-12; 26-31);
- მაღაზიის აღწერის აქტი (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 12.09.2018 წლის სხდომის ოქმი 11:49:21-11:51:25 სთ, 12:04:13-12:05:13 სთ, 12:08:35-12:08:54 სთ, 12:19:46-12:21:16 სთ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მაღაზიის აღწერის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი - 1 012.93 ლარი, საიდანაც მოპასუხის ხელფასით 495 ლარი გაიქვითა. შესაბამისად, ფაქტობრივმა ზიანმა 517.93 ლარი შეადგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სარჩელზე თანდართულია მაღაზიის აღწერის აქტი, რომლის მიხედვით მთლიანი დანაკლისი შეადგენდა 1012.93 ლარს. აქტი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სასამართლო სხდომაზე მხარემ განმარტა, რომ აქტში მითითებულ მონაცემებს ეთანხმება (იხ. 09.12.2018 წლის სხდომის ოქმი 12:38:37-12:42:11 სთ, 14:18:37-14:19:26 სთ). მოპასუხემ დაადასტურა, რომ მაღაზიის აღწერა მისი მონაწილეობით მოხდა და აღწერის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, რომლის ნაწილიც მისი ხელფასიდან დაიფარა. მოპასუხეს აღწერის შედეგების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. არც აღწერის აქტში მითითებული დანაკლისი თანხის ოდენობა გახადა სადავო. მოპასუხემ მხოლოდ განმარტა, რომ არ იცის დანაკლისი რამ გამოიწვია. მხარეებმა აგრეთვე დაადასტურეს, რომ 08.10.2016 წლიდან 14.01.2017 წლამდე პერიოდში ხელფასის სახით მოპასუხეს ეკუთვნოდა თანხა - 495 ლარი, რომლითაც მოხდა მაღაზიის მიმართ დავალიანების გაქვითვა. შესაბამისად, ასანაზრაურებელი თანხის ოდენობამ 517.93 ლარი შეადგინა (1012-93-495=517.93).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მაღაზიის აღწერის აქტი (ს.ფ. 15);
- მხარეთა განმარტება (იხ. სასამართლოს 12.09.2018 წლის სხდომის ოქმი 12:38:37-12:42:11 სთ, 14:18:37-14:19:26 სთ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებული პირის წინაშე. ქონებრივი სანქცია, რომელიც გამოიყენება ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველთვის მიზნად ისახავს დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენას ან კომპენსაციას. თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. 2016 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხე მაღაზიაში საქმიანობას დამოუკიდებლად უძღვებოდა, რადგან მოსარჩელე ამ პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამკურნალოდ ქ. თბილისში იმყოფებოდა. აგრეთვე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 იანვარს მხარეებმა ერთობლივად ჩაატარეს აღწერა, რომლის შედეგადაც 1 012.93 ლარის ოდენობით დანაკლისი გამოვლინდა. აქედან, 415 ლარის მოპასუხის მიერ წაღებული საქონლის ღირებულება წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი თანხა ფულადი დანაკლისი იყო. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ დანაკლისი წარმოქმნილია სწორედ იმ პერიოდში, როდესაც თავად სამკურნალოდ ქ. თბილისში იყო წასული და მაღაზიას მოპასუხე დამოუკიდებლად ამუშავებდა. მოპასუხემ დაადასტურა აღწერის ჩატარებისა და დანაკლისის გამოვლენის ფაქტი, მაგრამ მიყენებულ ზიანში თავისი ბრალი უარყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ დაადასტურა, რომ დანაკლისი წარმოქმნილია იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ქ. თბილისში იმყოფებოდა და მაღაზიის მუშაობას დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა. აგრეთვე დაადასტურა, რომ დანაკლისის ოდენობის განსაზღვრა მოხდა მის მიერ ნაწარმოები ჩანაწერების მიხედვით. ამასთან, მოპასუხემ უარყო მისი ბრალი ზიანის მიყენებაში, თუმცა სასამართლოს შეკითხვაზე ვერ განმარტა, თუ რითი იყო დანაკლისი გამოწვეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მაღაზიაში გამოვლენილ დანაკლისში მოპასუხის ბრალეულობის მტკიცების ტვირთი დაძლია, ხოლო მოპასუხემ, საკუთარი ბრალეულობის გამორიცხავ გარემოებაზე ვერ მიუთითა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, აღწერის შედეგად გამოვლენილი 517.93 ლარის ოდენობით დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე, დასაბუთებულია და არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. ამავდროულად, მხარე, რომელიც მიუღებელი შემოსავლის გადახდევინების დაკისრებას ითხოვს, ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და სარწმუნოდ დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი ოდენობის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით 500 ლარის გადახდევინების დაკისრება მოითხოვა. მხარემ განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში ამ თანხით პროდუქტის ყიდვას და მისი რეალიზაციით მოგების მიღებას შეძლებდა, თუმცა სასამართლოს შეკითხვაზე მხარემ ვერ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა 500 ლარის ოდენობით მოგების მიღების შესაძებლობა. მხარემ ვერც იმაზე მიუთითა, თუ რა ვადაში შეძლებდა იგი ამ ოდენობით მოგების მიღებას.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღებას შეძლებდა. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ყველა სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სარჩელით დავის საგნის ღირებულება 1012.93 ლარით განისაზღვრა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს 517.93 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც დავის საგნის 51.1%-ს შეადგენს. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ დავაზე 50 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25.4 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 23-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ან------–---–ს მოსარჩელე მა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 517.93 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელე მა------------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 500 ლარის გადახდევინების დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. მოპასუხე ან------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25.4 ლარის გადახდა;
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე რომან კუპატაძე