გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19127-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე შპს „ნ-------“
წარმომადგენელი მ-------- კ----------ე
მოპასუხე შპს „თ---–-----------------------–ი“
წარმომადგენელი თ----- მ-------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „თ---–-----------------------–ს“ მოსარჩელე შპს „ნ-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების -14 666 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის -1582,26 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „ნ-------სა“ და შპს „თ---–-----------------------–ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს სამედიცინო ინვენტარი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება. შპს „ნ-------მა“ ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და 2016-2018 წლებში ზედნადებების საფუძველზე მიაწოდა 24 250.30 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები, ხოლო მოპასუხემ არ გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება.
2016 წლის მანძილზე შპს „თ---–-----------------------–ის“ მიერ მოხდა შემდეგი სამედიცინო ინვენტარის შეძენა Nე-–----------- (ღირებულება 2900 ლარი) თარიღი 02/08/2016, Nე-–----------- (ღირებულება 1283 ლარი) თარიღი 09/09/2016, Nელ-0--------- (ღირებულება 2045 ლარი) თარიღი 03/10/2016, Nე-–----------- (ღირებულება 1412.5 ლარი) თარიღი 13/12/2016.
2017 წლის მანძილზე შპს „თ---–-----------------------–ის“ მიერ მოხდა შემდეგი სამედიცინო ინვენტარის შეძენა Nე-–----------- ( ღირებულება 400 ლარი) თარიღი 04/03/2017, Nე-–----------- (ღირებულება 1510 ლარი) თარიღი 18/04/2017, Nელ-0--------- (ღირებულება 3758.50 ლარი) თარიღი 19/04/2017, Nე-–----------- (ღირებულება 517 ლარი) თარიღი 26/04/2017, Nე-–----------- (ღირებულება 1185 ლარი) თარიღი 02/05/2017, Nე-–----------- (ღირებულება 370 ლარი) თარიღი 01/05/2017, Nე-–----------- (ღირებულება 230 ლარი) თარიღი 21/06/2017, Nე-–----------- (ღირებულება 585 ლარი) თარიღი 03/11/2017, N ე-–----------- (ღირებულება 300 ლარი) თარიღი 19/12/2017, Nე-–----------- (ღირებულება 2235 ლარი) თარიღი 21/12/2017, Nე-–------------ (ღირებულება 2550 ლარი) თარიღი 22/12/2017.
2016-2017 წლებში დავალიანების საერთო ჯამია 21 281 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 5400 ლარი, შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 15 881 ლარს.
2018 წლის მანძილზე შპს „თ---–-----------------------–ის“ მიერ მოხდა შემდეგი სამედიცინო ინვენტარის შეძენა Nე-–----------- (ღირებულება 560 ლარი) თარიღი 17/01/2018, Nე-–----------- (ღირებულება 195 ლარი) თარიღი 20/03/2018, Nე-–----------- (ღირებულება 292.5 ლარი) თარიღი 17/04/2018, Nე-–----------- (ღირებულება 195 ლარი) თარიღი 24/04/2018, Nე-–----------- (ღირებულება 195 ლარი) თარიღი 03/05/2018, Nე-–----------- (ღირებულება 390 ლარი) თარიღი 08/05/2018, Nე-–----------- (ღირებულება 570 ლარი) თარიღი 18/05/2018, Nე-–----------- (ღირებულება 571.8 ლარი) თარიღი 12/06/2018.
2016-2018 წლების დავალიანების საერთო ჯამია 18 850.30 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილია 2899.30 ლარი, შესაბამისად, დავალიანების ოდენობამ შეადგინა 15 881 ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალს 1582.26 ლარის ოდენობით და განმარტავს, რომ თანხის ნებისმიერი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შეთხვევაში მიიღებდა აღნიშნულ თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ ათავსებს ფულად სახსრებს ანაბარზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ნ-------სა“ და შპს „თ---–-----------------------–ს“ შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ 2016-2018 წლებში მიაწოდა მოპასუხეს 24 250.30 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები, საიდანაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 14 666 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვალდებულების დარღვევის გამო შპს „ნ-------ის“ მიერ მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 1582.26 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 1582.26 ლარის დაკისრებას და უთითებს, რომ აღნიშნულ თანხას მიიღებდა ნებისმიერი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულადი სახსრების განთავსების შემთხვევაში.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე შპს „ნ-------ი“ ფულად სახსრებს არ ათავსებს ანაბარზე და რომ მოპასუხისათვის აღნიშნული ზიანი მოსალოდნელი არ იყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, ანუ მთავარ სხდომაზე, დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოპასუხეს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე არ ახდენდა ბანკის ანგარიშზე თანხის განთავსებას არ მიუთითებია საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე. მთავარ სხდომაზე ასევე არ მიუთითებია საპატიო მიზეზი, რის გამოც მანამდე ვერ მიუთითა აღნიშნულის შესახებ.
თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში. მითითებულ ნორმებიდან პირველი წარმოადგენს მხარეთა გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, რაც შეიძლება საპატიოდ იქნეს მიჩნეული, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი მხარეები საქმის მომზადების ეტაპზე არ მიუთითებენ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას, მათი მთავარ სხდომაზე მითითების შემთხვევაში სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს მათი დასაშვებობა და მხოლოდ მას შემდეგ ასახოს ისინი მიღებულ გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. სასამართლო ვერ გასცდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების საზღვრებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთერთ ფუნდამენტურ პრინციპს - შეჯიბრებითობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა შპს „ნ-------მა” მყიდველს შპს „თ---–-----------------------–ს“ საკუთრებაში გადასცა ნასყიდობის საგანი შეთანხმებული ოდენობით. მყიდველის მიერ არ არის გადახდილი ნასყიდობის საფასური სრულად. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში და მოითხოვა მოპასუხისათვის 14 666 ლარის დაკისრება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 14 666 ლარის გადახდის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სრულად არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური.
„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ამდენად, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების არსებობა: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, კრედიტორისთვის ზიანის მიყენება, მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანს შორის, მოვალის ბრალი ზიანის მიყენებაში.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-929-869-2017).
მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისაღებ სარგებელზე. განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობა შეესაბამება ვადიან ანაბარზე თანხის განთავსებისათვის მისაღები პროცენტის საშუალო წლიურ ოდენობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს საქმის მომზადების დასრულებამდე სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ჩვეული საქმიანობის ნაწილი არ არის თანხის ანაბარზე განთავსება და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავალი მოსალოდნელი არ იყო. (ვრცლად იხ. 3.2.1 პუნქტი). ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის ბუნებრივი კომპონენტია თავისუფალ სახსრებს გარკვეული ფორმით დაბანდება და დამატებითი შემოსავლის მიღება, რაც მოულოდნელი ვერ იქნება ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელიც ასევე მეწარმე სუბიექტია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ნ-------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს შპს „თ---–-----------------------–ისაგან“, მის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1582.26 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო თუ მოსარჩელე მთავარ სხდომამდე იტყვის უარს სარჩელზე ან მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, შესაბამისად, შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ნ-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 266,95 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ნ-------ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 255,94 ლარი.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების საფასურს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას. მითითებული მუხლის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. ეს ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. აღნიშნული წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 1000 ლარის ანაზღაურება. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და თანხმდებიან იურიდული მომსახურების იმ საფასურზე (ადვოკატის ჰონორარზე), რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, რაც არ ნიშნავს მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადვოკატის ჰონორარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია „გონივრული ოდენობის“ სტანდარტი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ფარგლებშიც მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს საქმის სირთულეს, დახარჯულ ძალისხმევასა და რესურსებს და მიიჩნევს, რომ ადვოკატის მომსახურების საფასურის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის 300 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
1.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
2.
1. შპს „ნ-------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „თ---–-----------------------–ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ნ-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14 666 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 1582,26 ლარის ანაზღაურება;
3. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ნ-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - ჯამში 525 ლარიდან - 266,95 ლარის გადახდა და საადვოკატო მომსახურების საფასურის - 300 ლარის გადახდა.
4. შპს „თ---–-----------------------–ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 525 ლარიდან, 255,94 ლარი რომელიც გადახდილი იქნა 25.06.2----–-–------1 საგადახდო დავალებებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია