გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
010210016001567832
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001567832

2-3360/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26/09/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - შპს ,,ა------------+’’

წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–----------------–---–--–---–--------------

მოპასუხე - შპს ,,D-----------’’,წარმომადგენელი - მ--------------ე,მოპასუხე - ინ-----------–-------------–-----–------------------------------“,წარმომადგენელი - ნ--------------–---–--

მოპასუხეები - ნ------- გ------–-–---–ი და ა-–------ გ------–-–---–ი,მოპასუხეები - გ------ მ--–--ე, ნ---- ქ-------ე, ნ----------–- ც-----ე, ზ------ ბ-------ე, ს-----–--- ჟ-------ა, ნ------- გ---------ე, ს------- გ------–-–---–ი,წარმომადგენელი - ნ-----------–-----------------–---

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

შპს ,,ა------------+’’-მა სარჩელი აღძრა შპს ,,D-----------’’-ის, ინ-----------–-------------–-----–------------------------------“-ის, ნ------- გ------–-–---–ის, ს------- გ------–-–---–ის, ა-–------ გ------–-–---–ის, ნ---- ქ-------ის, ნ----------–- ც-----ის,ზ------ ბ-------ის, ს-----–--- ჟ-------ას, ნ------- გ---------ის და გ------ მ--–--ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 338 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2008 წლის 21 თებერვალს დაფუძნდა შპს ,,ა------------+’’. მისი მიზანი იყო ქ. ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წლის 25 თებერვალს შპს ,,ა------------+’’-მა, ნ------- გ------–-–---–მა, ს------- გ------–-–---–მა, ა-–------ გ------–-–---–მა, ნ---- ქ-------ემ, ნ----------–- ც-----ემ, ზ------ ბ-------ემ, ს-----–--- ჟ-------ამ და ნ------- გ---------ემ დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე-----------’. ამხანაგობის პატრნიორმა ფიზიკურმა პირებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების შენატანებით. შპს ,,ა------------+’’-ის შენატანს წარმოადგენდა:

- საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება;

- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება;

- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება;

- საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება.

 

ამხანაგობის დაფუძნების შემდეგ, შპს ,,ა------------+“-მა დააკმაყოფილა მობინადრეთა ინტერესები, გამოათავისუფლა სამშენებლო მოედანი და მათ კომპენსაციის სახით გადაუხადა 123 050 აშშ დოლარი. შეადგინა არქიტექტურულ-სამშნებლო პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 215 220 აშშ დოლარი. რის შემდეგაც დაიწყო მშენებლობის ნებართვის მიღებისათის საჭირო ღონისძიებები. 2013 წელში შპს ,,ა------------+“-ს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვეღარ შეძლო ამხანაგობასთან ერთად პროექტზე მუშაობა. 2013 წლის 20 მაისს ამხანაგობა ,,ე---------“-თან დადო ამხანაგობიდან გასვლის გარიგება. ამ პერიოდისათვის მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძირითადი ნაწილი და დახარჯული ჰქონდა 338 250 აშშ დოლარი. მიაჩნია, რომ ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს რესტიტუცია და ხელშეკრულებიდან გასულ მხარეს დაუბრუნდეს ის თანხა, რაც ხელშეკრულების პერიოდში მოსარჩელემ შეიტანა ამხანაგობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 338 250 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. ამხანაგობა ,,ე---------’’ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისათვის შენატანი არ განუხორციელებია. მას თანხის ნაწილი გადახდილი აქვს, ვინმე გელა კომახიძეზე და თენგიზ მუკუტაძეზე. აღნიშნული პირები არ არიან ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრები და მათთვის თანხის გადახდა არ ნიშნავს ამხანაგობის სასარგებლოდ თანხის გადახდას. ასევე შპს ,,ა-----------------5’’-თან თანხის გადახდა არ გულისხმობს ამხანაგობის სასარგებლოდ თანხის გადახდას. საერთო ჯამში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამხანაგობა ,,ე---------’’-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო.

2.2. შპს ,,D-----------’’ სარჩელს არ ცნობს. მის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მოსარჩელის მიერ ამხანაგობის მიზნებისათის შენატანების განხორციელება. გარდა ამისა, შპს ,,D-----------’’არ არის ამხანაგობის წევრი და შპს ,,ა------------+”-ის ამხანაგობიდან გასვლა, მის მიმართ არ იწვევს შენატანის დაბრუნების ვალდებულებას. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.3. ნ------- გ------–-–---–ი, ს------- გ------–-–---–ი და სხვა ფიზიკური პირები სარჩელს არ ცნობენ. ამხანაგობა ,,ე---------“-ის და ,,D-----------’’ -ის მსგავსად მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს ,,ა------------+“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 21 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ტომი 1.ს. ფ 17-18.

 

3.1.2. 2008 წლის 25 თებერვალს შპს ,,ა------------+’’-მა, ნ------- გ------–-–---–მა, ს------- გ------–-–---–მა, ა-–------ გ------–-–---–მა, ნ---- ქ-------ემ, ნ----------–- ც-----ემ, ზ------ ბ-------ემ, ს-----–--- ჟ-------ამ და ნ------- გ---------ემ დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------’’. ამხანაგობის პატრნიორმა ფიზიკურმა პირებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების შენატანებით. შპს ,,ა------------+“-ის შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. ტომი4.ს.ფ. 19-28.

 

3.1.3. 2013 წლის 10 მაისს, შპს ,,ა------------+“-მა განცხადებით მიმართა იბა ,,ე---------’’-ს და განცხადებით მოითხოვა შპს ,,ა------------ს’’ ნება დაერთოს გავიდეს ამხანაგობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადება. ტომი1. ს.ფ 16.

 

3.1.4. 2013 წლის 20 მაისს შედგა იბა ,,ე---------''-ის წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა სამი საკითხი:

1) ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრობიდან შპს ,,ა------------+’’-ის გასვლა;

2) ამხანაგობა ,,ე---------’’-ში ახალი წევრის მიღება;

3) ამხანაგობა ,,ე---------’’-ის დამფუძნებელ წევრთა შემადგენლობაში ცვლილების შეტანა.

ამხანაგობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ა------------+’’-ს ნება დაერთო გავიდეს ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრობიდან და შეუწყდეს შესაბამისი უფლებამოსილებები. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა, შპს ,,ა------------+’’-თან გაფორმდეს ამხანაგობიდან გასვლის ხელშეკრულება. ინვესტორის მოძიების მიზნით მიღებული იქნას ახალი წევრი გ----- მ--–--ე და მის წევრად მიღებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრთა შემადგენლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამხანაგობა ,,ე---------’’-ს 2013 წლის 20 მაისის კრების ოქმი. ტომი1. ს.ფ 53-56.

 

3.1.5. 2013 წლის 20 მაისს ამხანაგობა ,,ე----------“-ს და შპს ,,ა------------+“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------’’-დან გასვლის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ა------------+’’-ს შეუწყდა ამხანაგობა ე---------’’-ის წევრის უფლებამოსილება და 2008 წლის 25 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით მხარეებმა ერთმანეთის მიმართ დააფიქსირეს, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------’’-დან გასვლის შესახებ. ტომი1. ს.ფ 57.

 

3.1.6. 2013 წლის 5 ივლისს, ჩატარდა ამხანაგობა ,,ე---------“-ის წევრთა მორიგი კრება, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გაიყიდოს ამხანაგობა ,,ე---------“-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებები;

- ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №94-ში არსებული 1936 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი - ღირებული 2 139342 ლარად.

- მშენებარე სახლის პროექტი, დღგ-ს ღირებულების ჩათვლით - ღირებული 121 650 ლარად.

- მშენებლობის ნებართვა დღგ-ს ჩათვლით - ღირებული 3000 ლარად.

ოქმში მითითებულია, რომ დასაშვებია დასახელებული ქონებების ღირებულებების ანაზღაურება მოხდეს შერეულად. ქონებეის ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი ანაზღაურებული იქნას ფულადი სახით ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების სახით. ხოლო ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილის 1075 800 ლარის ანაზღაურება მოხდეს ნატურით და ამ მიზნით 2016 წლის 1 იანვრამდე შპს ,,D-----------’’ -მა ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრებს საკუთრებაში გადასცეს 1630 კვ.მ ფართი. ოქმში ასევე მითითებულია მიღებული თანხის განაწილების წესის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ინდივიდუალურ ბინამთმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------’’-ის 2013 წლის 5 ივლისის კრების ოქმი. ტომი1. ს.ფ 58-61.

 

3.1.7. მხარეები ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 8 ივლისს ამხანაგობა ,,ე---------“-სა და შპს ,,D-----------’’-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა ,,ე---------“-მა შპს ,,D-----------’’-ს 2 139 342 ლარად მიყიდა ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №94-ში არსებული 1936 კვ.მ ცარიელი მიწის ნაკვეთი, ღირებული 2 139342 ლარად, 121 650 ლარად მიყიდა მშნებარე სახლის პროექტი და 3000 ლარად მიყიდა მშენებლობის ნებართვა. შპს ,,D-----------’’-მა იკისრა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი გადაუხადოს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილი ნაწილის - 1 075 800 ლარის ანაზღაურება მოახდინოს ნატურით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ნასყიდობის ხელშეკრულება. ტომი1. ს.ფ 69-70.

 

3.1.8. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგე იმავე დღეს 2013 წლის 8 ივლისს, ამხანაგობა ,,ე---------’’-მა შპს ,,D-----------’’-ს გადასცა ქ. ბათუმში, გ-------–---------ში არსებული 1936 კვ.მ ცარიელი მიწის ნაკვეთი, ამავე მისამართზე მშენებარე სახლის პროექტი და ამავე სახლის მშენებლობის ნებართვა. თავის მხრივ შპს ,,D-----------’’-მა ამხანაგობა ,,ე---------’’-ს 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 მაისამდე პერიოდში ჩაურიცხა 1 331 634 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მიღება-ჩაბარების აქტი და თანხის ჩარიცხვის ცნობა. ტომი1. ს.ფ 71-73;

 

საგადახდო დავალებები. ტომი1.ს.ფ 74-81;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად თანხის ოდენობა, გადახდის ვალდებულება, თანხის მიმღების კავშირი მოპასუხესთან, მიზნობრიობა და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.

 

3.2.3. უდაოა, რომ 2008 წლის 21 თებერვალს დაფუძნდა შპს ,,ა------------+’’. მისი მიზანი იყო ქ. ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წლის 25 თებერვალს შპს ,,ა------------+’’-მა და ფიზიკურმა პირებმა დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------’’. შპს ,,ა------------+’’ ამხანაგობიდან გავიდა 2013 წლის 20 მაისს. ფაქტიურად 2013 წლის 20 მაისიდან ამხანაგობასა და შპს ,ა------------+“-ს შორის ურთიერთობა დასრულდა და თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე გასარკვევი, გასაყოფი ან მოსათხოვი ჰქონდათ, მისი განხორციელება შეიძლებოდა 2013 წლის 20 მაისიდანვე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------------+’’-ს შენატანის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 20 მაისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2016 წლის 24 ოქტომბერს. 2013 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 24 ოქტომბრამდე გასულია სამ წელი, 5 თვე და ოთხი დღე.

 

3.2.4. მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 338 250 აშშ დოლარი. თუ მოსარჩელემ ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის შენატანი განახორციელა და ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ შენატანს ამხანაგობის წევრები არ უბრუნებენ, მაშინ მოპასუხეთა ქმედება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ამხანაგობაში შეტანილი თანხის უკან დაბრუნება.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ერთობლივ საქმიანობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ასევე ნამდვილია შეთანხმება ამხანაგობიდან მოსარჩელის გასვლის შესახებ.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, დასახელებული ნორმით: ,,თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა თუ არა 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, გაურკვეველია. ფაქტია, რომ მოსარჩელემ ფინანსური პრობლემების გამო მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და მისი წინადადება ამხანაგობის დანარჩენემა წევრებმა მიიღეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების საკითხზე მოპასუხეები მოსარჩელეს არ შედავებიან, სწორედ ამიტომაც სასამართლომ აღარ უნდა გამოიკვლიოს ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზების სათანადოობა. მართალია ამხანაგობიდან გასვლის სპეციალურ წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლი, მაგრამ ამ ნორმის პირობებშიც დასაშვებია გამოყენებული იქნას საქ. სკ-ის 352-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა და უარი ხელშეკრულებაზე.

 

წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა მოწესრიგებულია ხელშეკრულებით. 2008 წლის 25 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი, ერთობლივი საქმიანობის მიზანი, პარტნიორთა წილები და სხვა საკითხები, მათ შორის ამხანაგობიდან გასვლის საკითხი. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლი არეგულირებს ამხანაგობდან გასვლის საკითხებს. დასახელებული მუხლის პირველმა ნაწილმა განსაზღვრა ამხანაგობიდან გასვლის შესაძლებლობა. თუ ამხანაგობის წევრის გასვლა არ იწვევს ამხანაგობის დაშლას, ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს ამხანაგობიდან. ამისათვის აუცილებელია გასვლის მსურველმა პარტნიორმა განცხადებით მიმართოს ამხანაგობას და აცნობოს ამხანაგობიდან გასვლის ინტერესის შესახებ. მის განცხადებასთან დაკავშირებით ამხანაგობა გადაწყვეტილებას ღებულობს 20 დღის ვადაში. სწორედ ასე განვითარდა მოვლენები 2013 წელში. მოსარჩელემ 2013 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა იბა ,,ე---------’’-ს და განცხადებით მოითხოვა შპს ,,ა------------ს’’ ნება დაერთოს გავიდეს ამხანაგობიდან. მისი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 20 მაისს შედგა იბა ,,ერთობა’’+-ის წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა სამი საკითხი. მათ შორის ერთერთი საკითხი იყო ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრობიდან შპს ,,ა------------+’’-ის გასვლა. ამხანაგობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ა------------+’’-ს ნება დაერთო გავიდეს ამხანაგობა ,,ე---------’’-ის წევრობიდან და შეუწყდეს შესაბამისი უფლებამოსილებები.

 

ამდენად მოსარჩელის ამხანაგობაში გაწევრიანება და ამხანაგობიდან გასვლა განხორციელდა ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით. მართალია მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ, მაგრამ შემდგომში მოსარჩელეს შეეცვალა შეხედულებები და სასარჩელო წესით მოითხოვა შენატანის უკან დაბრუნება. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის მესამე ნაწილით ,,წევრის გასვლისას მას უკან დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები იმ ხარჯების გამოკლებით რაც აუცილებელია გასვლის რეგისტრაციისათვის. ამხანაგობა უფლებამოსილია დააყოვნოს დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე თუ თანხის გაცემით საფრთხე ემუქრება ამხანაგობის რეალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდ აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ“.

 

ამდენად ამხანაგობიდან წევრის გასვლის შემთხვევაში, ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის უკან დაბრუნების რამდენიმე გზა განისაზღვრა:

- მთლიანი შენატანის სრული დაბრუნება მოთხოვნისთანავე;

- ერთი წლის განმავლობაში გასაცემი თანხის დაყოვნება;

- ერთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ დაბრუნება.

 

თუ გადახდის რომელ გზას აირჩევს ამხანაგობა, ეს საკითხი არაა დამოკიდებული ამხანაგობიდან გამსვლელის ნებაზე. ხელშეკრულებით ამ საკითხის გადაწყვეტა ამხანაგობას აქვს მინიჭებული. იმისათვის, რომ ამხანაგობას მოსარჩელისათვის დაებრუნებინა თანხა, ამისათვის ერთი წლით დალოდება არაა დათქმული. ხელშეკრულებით ამხანაგობას მიენიჭა უფლება გადასახდელი თანხა გაანაწილოს ერთ წელიწადზე და ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს, ერთდროულად გადაიხადოს ერთი წლის დაგვიანებით, ან კიდე ერთდროულად გადაიხადოს მოთხოვნისთანავე. ყველა შემთხვევაში ამხანაგობის ნების გამოვლენას წინ უნდა უსწრებდეს მოსარჩელის მოთხოვნა ამხანაგობამ დაუბრუნოს ის თანხა, რაც მას ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის აქვს გადახდილი.

 

6.4. მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეების არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ამხანაგობიდან გავიდა 2013 წლის 20 მაისს. მან გასვლისთანავე განმარტა, რომ ამხანაგობის მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია, მათ შორის ფინანსური ან ქონებრივი პრეტენზია არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია თანხის დაბრუნება და ამხანაგობასაც არ დაუგეგმავს მისთვის თანხის დაბრუნება. თავად მოსარჩელეს უნდა განეცხადებინა თანხის დაბრუნების პრეტენზია. მას პერეტენზია 2013 წლის 20 მაისს უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების შედგენისას უნდა დაეფიქსირებინა თანხის მოთხოვნის პრეტენზია. ბუნებრივია პრეტენზიის განუცხადებლობა არ იწვევს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმას, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის განსაზღვრისათვის. მხარეებს შორის სადაოა როდის წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება: - ხელშეკრულების დადებისთანავე, თუ ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ვერ წარმოეშობოდა იქედან გამომდინარე, რომ მას არავინ არ შეპირებია ერთი წლის შემდეგ თანხის გადაცემას და ამასთან ასეთი მოლოდინის ვარაუდს სპობს მხარეთა შეთანხმება მასზედ, რომ ერთმანეთის მიმართ ფინანსური და ქონებრივი პრეტენზიები არ აქვთ. სწორედ ამიტომ მას თანხის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 20 მაისს და არა ერთი წლის შემდგ. ხელშეკრულებიდან გასვლისთანავე თუ ამხანაგობა არ აცნობებდა თანხის გადახდის გრაფიკს და წესს, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამხანაგობას მოსარჩელისათვის თანხის გადახდის პერიოდი არ უნდა ეცნობებინა, რადგანაც მისთვის 2013 წლის 20 მაისს უკვე ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე მისგან თანხას არ ითხოვდა.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

 

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 20 მაისს. სარჩელი აღძრა 2016 წლის 24 ოქტომბერს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელემ სხვა ტიპის საპროცესო ხარჯებიც.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სხვა ტიპის საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ა------------+“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე