გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210015002310903
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №29137-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------------------------------------–-ა“

წარმომადგენელი - ლ---- ე-----–--ე

 

მოპასუხე - ა-–---- გ--–-----ე

წარმომადგენლები - მ--------- ა-----ი, ქ------- ე------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–---- გ--–-----ეს სს ,,ს----------–--------------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1 364 860.88 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენით, სს ,,ს----------–-------------------–--------------------–-ის“ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირი - ა-–---- გ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ , ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში. ამავე განაჩენით, კორპორაციის მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და ა-–---- გ--–-----ეს კორპორაციის, როგორც დაზარალებული მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 5 023 979.88 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნული განაჩენი 2014 წლის 14 დეკემბერს, მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენით (რომელიც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, ა-–---- გ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სამოქალაქო სარჩელი დარჩა ღია და მხარეს (კორპორაციას) მიეცა წინადადება მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით სასამართლოში შეეტანა სამოქალაქო სარჩელი.

 

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე პროკურატურამ მოახდინა მოსარჩელისადმი წარდგენილი ბრალდების ფორმულირების შეცვლა (კორექტირება), ხოლო ახლად აღმოჩენილი და გამოვლენილი გარემოებების გამო, პროკურატურის და კორპორაციის პოზიციით (დაზუსტებული სარჩელით), კორპორაციაზე მიყენებული ზიანი განისაზღვრა (შეფასდა) 1 364 860.88 ლარით. სასამართლო სხდომაზე ა-–---- გ--–-----ემ დამნაშავედ ცნო თავი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში და ამასთანავე აღიარა მის მიერ კორპორაციისთვის 1 364 860.88 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს განუმარტა სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე მოთხოვნის უფლების თაობაზე, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე განაჩენით გათვალისწინებული ზიანის დაკისრებას (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–---- გ--–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან თავი დამნაშავედ არ ცნო, პირიქით განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და წარდგენილ ბრალდებებში მოითხოვა გამართლება. რაც შეეხება სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ დააზუსტა ბრალი და უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალის სსკ-ის 182-ე მუხლის ბრალდებაში, მან ისარგებლა საქართველოს კანონით „ამინისტიის შესახებ“ გათვალისწინებული შეღავათებით და სისხლის სამარტლის კოდექსის 220-ე მუხლთან მიმართებაში გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სამოქალაქო სარჩელი კი დარჩა ღია. გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული განაჩენებისა, იგი თავს უდანაშაულოდ ცნობდა, ხელახალი გამოძიების მოთხოვნის მიზნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ფინანსური აუდიტი, რომლითაც საბოლოოდ გახდება ცნობილი,ზიანი მიაყენა კორპორაციას თუ პირიქით, მის მიმართ ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას რიგი თანამდებობის პირების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მანვე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით უკვე ნამსჯელია რა ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მის მიმართ უკვე გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, მას განმეორებით აღარ უნდა დაკისრებოდა სარჩელში მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენის თანახმად, ა-–---- გ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. მოპასუხე ა-–---- გ--–-----ეს დაეკისრა სს ,,ს----------–-------------------–--------------------–-ის“ სასარგებლოდ 5 023 979.88 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენი (ს.ფ. 14-27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი. ა-–---- გ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. ა-–---- გ--–-----ე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

 

ა-–---- გ--–-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სამოქალაქო სარჩელი დარჩა ღიად და მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით უფლება ჰქონდათ ედავათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

ამავე განაჩენის მიხედვით, ა-–---- გ--–-----ის მიერ მოსარჩელეზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1364860,88 ლარი.

 

სააპელაციო სასამრთლოს განჩინებით დაზარალებულის წარმომადგენლის შუამდგომლობას დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელის მიღების თაობაზე უარი ეთქვა და სამოქალაქო მოსარჩელის უფლებამონაცვლედ, 2010 წლის 14 ივლისის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ N-- ხელშეკრულების თანახმად, ცნობილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენი (ს.ფ. 28-40)

- შუამდგომლობა წარდგენილი ბრალდების ნაწილში უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 41-50)

- დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელი (2015 წლის 10 იანვარი) (ს.ფ. 51-53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

4.3. 2010 წლის 14 ივლისის N-- ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ს----------–--------------------------------------–-ამ“ მოთხოვნის უფლება ა-–---- გ--–-----ის მიმართ 5011809,96 ლარის ნაწილში დაუთმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რა ოდენობითაც შემცირდა მოსარჩელის დავალიანება ამ უკანასკნელის მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაზარალებულის წარმომადგენლის შუამდგომლობას დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელის მიღების თაობაზე უარი ეთქვა და სამოქალაქო მოსარჩელის უფლებამონაცვლედ, 2010 წლის 14 ივლისის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ N-- ხელშეკრულების თანახმად, ცნობილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენი (ს.ფ. 28-40)

- 2010 წლის 14 ივლისის N-- ხელშეკრულება (ს.ფ. 61-65)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. 2004 წლის 01 აგვისტოს შუალედური აქტის თანახმად, სს ,,ს----------–-------------------–--------------------–-ის“ ხელმძღვანელების, სამეთვალყურეო საბჭოსა და კორპორაციის გენერალური დირექტორის მ. კ-–-----ის, გენერალური დირექტორის მოადგილის გ. დ---------ის არასწორი ქმედებების გამო ხარჯების ზრდა, როდესაც არ არსებობდა მათი დაფინანსების წყარო, შედეგად 2004 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ,,კორპორაციის“ საკუთარი კაპიტალი შემცირდა 1286173 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა გადასახადების შემცირებისთვის, კერძოდ, მოგების გადასახადი 84 845 ლარი, საგზაო გადასახადი 4073 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2004 წლის 01 აგვისტოს შუალედური აქტი (ს.ფ. 66-70)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის 10 ნოემბრის წერილის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, საქართველოს პროკურატურის ცალკეული თანამშრომლების მიერ სამართალწარმოების პროცესში მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლისა და სს ,,ს----------–-------------------–--------------------–-ის“ ყოფილი დირექტორის ა-–---- გ--–-----ის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მთავარი პროკურატურის 2015 წლის 10 ნოემბრის #--------- წერილი (ს.ფ. 118)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - სს ,,ს----------–-------------------------------------–-ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ''ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის'' თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც, მართალია დადგენილია ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა განაჩენით არ არის დადგენილი მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოში განხილვის საგანია.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დასტურდება მოპასუხე ა-–---- გ--–-----ის მიერ სს ,,ს----------–--------------------------------------–-ის“ მიმართ ზიანის სახით 1 364 860.88 ლარის ოდენობის მიყენების ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უარყოფს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მან თავი დამნაშავედ არ ცნო, პირიქით განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და წარდგენილ ბრალდებებში მოითხოვა თავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და წარდგენილ ბრალდებებში მოითხოვა თავის გამართლება. რაც შეეხება სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ დააზუსტა ბრალი და უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალის სსკ-ის 182-ე მუხლის ბრალდებაში, ა-–---- გ--–-----ემ ისარგებლა საქართველოს კანონით „ამნისტიის შესახებ“ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლთან მიმართებაში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო სამოქალაქო სარჩელი კი დარჩა ღიად. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე თავს უდანაშაულოდ ცნობდა, ხელახალი გამოძიების მოთხოვნის მიზნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება, ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას რიგი თანამდებობის პირების მიერ ა-–---- გ--–-----ის მიმართ.

 

აღსანიშნავია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის საფუძველზეც ა-–---- გ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სარჩელი დატოვებული უნდა ყოფილიყო ღიად და მხარეებს ამავდროულად უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, აღნიშნულ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით ედავათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ა-–---- გ--–-----ე აღიარებდა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და თანახმა იყო მის მიმართ გავრცელებულიყო 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად მსჯავრდებული თავისუფლდებოდა დანიშნული სასჯელისაგან. სასამართლომ განაჩენში ასევე განმარტა, რომ აღნიშნულთან მიმართებაში სამოქალაქო სარჩელის განხილვა მოითხოვდა დროს, რაც გამოიწვევდა მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნას მაშინ, როდესაც საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება გამოვლინდებოდა სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებდა საქმის განხილვას და გამოჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებდა სასჯელის მოხდისაგან.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დადგენილია ა-–---- გ--–-----ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 220-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული, ამავე განაჩენში მითითებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე ზაინის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლამდე არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რედაქციის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით საქმეთა განხილვის დროს სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო სარჩელზეც ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც განახორციელა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლომ 2006 წლის 07 სექტემბრის განაჩენით, რა დროსაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 5023979,88 ლარის ანაზღაურება. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა უკვე წარედგინა მოთხოვნა აღნიშნული ზიანის ოდენობის ნაწილში მოპასუხის მიმართ. 2010 წლის 14 ივლისის შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ მითითებული მოთხოვნა დაუთმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელთანაც 5011809,96 ლარის ნაწილში გაქვითა არსებული დავალიანება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენზე, რა დროსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო აღარ იხილავდა რა სამოქალაქო სარჩელებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ღიად დატოვა სამოქალაქო სარჩელის საკითხი და აქვე განუმარტა მხარეებს, რომ შეეძლოთ მიემართათ საერთო წესების დაცვით და ზიანთან დაკავშირებით მხარეებს ედავათ სამოქალაქო წესით. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ა-–---- გ--–-----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობად განისაზღვრა 1364860,88 ლარი, რასაც დაეთანხმნენ მხარეები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეიტანა ცვლილება, იგი ვერ იმსჯელებდა სამოქალაქო სარჩელზე, რის გამოც მოსარჩელეს მიეცა უფლება მოემართა სასამართლოსთვის და უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირისთვის მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც განახორციელა კიდეც მოსარჩელემ.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხეს ადგება ზიანი უფრო მეტი ოდენობით ზარალის ანაზღაურებასთან მიმართებაში ვიდრე ეს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განაჩენებით არის განსაზღვრული, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა ცვლილება შეიტანა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, პრაქტიკულად ჩაანაჩვლა ეს უკანასკნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულს მიესჯებოდა სწორედ პირველი ინსტანციის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და არა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი. ასევე აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად ემსჯელა სამოქალაქო სარჩელზე, რაზეც მხარეებს განუმარტა სამოქალაქო წესით დავის თაობაზე. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ა-–---- გ--–-----ე სასამართლოს მიერ სრულად არ გამართლებულა, არამედ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 3 ეპიზოდის ჩადენაში და საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ გავრცელების შედეგად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, რაც ადასტურებს, რომ მის ქმედებაში დადგენილია დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, მიყენებულია ზიანი. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ, რაც ნიშნავს, რომ ა-–---- გ--–-----ე დაეთანხმა განაჩენში მითითებულ არა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებსაც, მათ შორის ზაინის მიყენების ნაწილში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა 5023979,88 ლარის ოდენობით და მასზე შესაძლოა გაიცა კიდეც სააღსრულები ფურცელი, ვინაიდან სისხლის სამართლის განაჩენის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დაუყოვნებლივ ექვემდებარება აღსრულებას მიუხედავად მხარეთა მიერ მისი გასაჩივრებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ა-–---- გ--–-----ეზე 1364860,88 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და ამასთან არის საფუძველი სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობის შემცირებისა, შესაბამისად, ამ უკანასკნელის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული თანხის შემცირების. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 5011809,96 ლარის ნაწილში მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუთმო მოთხოვნა ა-–---- გ--–-----ის მიმართ, აღნიშნული გარემოება არის მოსარჩელისა და მითითებული სამინისტროს ურთიერთობის საგანი და არა ა-–---- გ--–-----ის მიმართ დამატებითი თანხების დაკისრების საფუძველი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, შუამდგომლობით წარდგენილი ბრალდების ნაწილში უარის თქმის თაობაზე და ა.შ. დასტურდება დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო ზიანის ოდენობად კი დადგენილია 1364860,88 ლარი, ანუ ის ოდენობა, რაც მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნით იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------------------------–-ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, და მოსარჩელე მხარე კანონის საფუძველზე გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან, მოპასუხე ა-–---- გ--–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------------------------------------–-ის“ სარჩელი შპს ა-–---- გ--–-----ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. მოპასუხე ა-–---- გ--–-----ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------------------------------------–-ის“ სასარგებლოდ ზიანის სახით დაეკისროს 1 364 860.88 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე ა-–---- გ--–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე