გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210018002338314
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6957-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - ვ----- ჯ----- ზ-----

წარმომადგენელი - ბ--–--------ე, თ-------------–---–ი

 

მოპასუხე - მ----- ვ-–----ე

წარმომადგენელი - ლ----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ----- ვ-–----ეს მოსარჩელე ვ----- ჯ----- ზ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 20 აგვისტოს, მოსარჩელემ მოპასუხისგან შეიძინა ავტომობილი მერსედესი, რომლის ღირებულების საფასურადაც მან გადაიხადა 20 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ავტომობილი მიიღო იმ დღესვე გამყიდველისგან მფლობელობაში, თუმცა რამდენიმე ხანში, ქ. ახალციხეში ის გააჩერეს შსს თანამშრომელმა და როგორც ძებნაზე და დაკავებაზე მყოფი ავტომობილი ჩამოართვეს. იქვე მისცეს ახსნა-განმარტება, რომ ამ ავტომობილს უკვე დიდი ხანია ეძებდა მესაკუთრე და უნდა გადასცენ მას.

მოსარჩელემ ახსნა-განმარტება მოსთხოვა მოპასუხეს და მოითხოვა მისგან თანხის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების 2018 წლის 22 იანვრის პასუხის თანახმად, აღნიშნულ განყოფილებაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე #07---------1, სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ----- ვ-–----ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას სარჩელში მითითებული თანხა 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელისგან არ მიუღია. აღნიშნული ავტომანქანის გასხვისების საქმეში ჩართული იყვნენ სხვა პირები, შუამავლები და მას ავტომანქანა გადაუფორმოს მხოლოდ იმის გამო რომ იყო საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20.08.2016 წელს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ალკსანდრ პაჩაევს (წარმომადგენელი მ----- ვ-–----ე) და მ----- ვ-–----ეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - M------------ E 200, გამოშვების წელი - 2015 წელი, ტიპი - სედანი, ფერი - შავი, VIN – W----------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - სისხლი სამართლის N07---------1 საქმის მასალების ტომი, ს.ფ.21-23;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 20.08.2016 წელს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მ----- ვ-–----ემ და ვ----- ჯ----- ზ-----მა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამსხვისებლის მიერ გარიგების ფასის სანაცვლოდ შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - M------------ E 200, გამოშვების წელი - 2015 წელი, ტიპი - სედანი, ფერი - შავი, VIN – W----------------, მესაკუთრე - მ----- ვ-–----ე.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გარიგების ფასი შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მხარეებმა განაცხადეს და გარანტია მისცეს ერთმანეთს, რომ გააჩნდათ წინამდებარე გარიგების დადებისთვის და შესრულებისთვის საჭირო უფლებაუნარიანობა და მათ მიერ გარიგების დადების დღისთვის ერთმანეთისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო უტყუარი და ზუსტი.

ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, გამსხვისებლის განცხადებით გარიგების საგანი უფლებრივად უნაკლო იყო, არ იყო სადავო, არ იყო დატვირთული რაიმე ვალდებულებებით, არ ჰქონდა რაიმე დაფარული ნაკლი და მესამე პირს არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე პრეტენზია გარიგების საგნის მიმართ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 20 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ნასყიდობის საფასური - 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ სრულად გადასცა მოპასუხე მ----- ვ-–----ეს.

აღნიშნული ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, შემძენი ვალდებული იყო უზრუნველეყო გამსხვისებლისათვის გარიგების ფასის სრული გადახდა, ხოლო 4.2.2 პუნქტის თანახმად, გამხვისებელი ვალდებული იყო გარიგების ფასის საგნის მიღებისთანავე გადაეცა შემძენისათვის გარიგების საგანი.

საქმეზე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა მყიდველს, რაც ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდას უკავშირდებოდა.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, სხვა პირთა მონაწილეობისა და ნასყიდობის რეალური ხელშეკრულების სხვა პირთა შორის დადების თაობაზე. წარმოდგენილ შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულებით ნათლად ხდება იდენტიფიცირება გამყიდველისა და მყიდველის, მათი კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების თაობაზე და შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ წარმოგენილი შედავება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18);

- ;მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 00:10 საათზე სსკგ ,,ვალეზე“ შემოსვლის მიმართულებით, შეჩერებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივით ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ სატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზაში არსებული ა/მ ,,მერსედეს ბენც E 200“, ქართული ტრანზიტული ნომრით G------, რომლის რუსეთის ფედერაციის ს/ნ იყო P-----------, მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ----- ზ----- ვ-----ი.

31.10.2016 წლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროl ,,ვალაზე“ ვ----- ჯ----- ზ-----თან ჩატარდა ამოღება და ამოღებულ იქნა ავტომანქანა, მეესედეს-ბენცი, ს/ნ G------, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და დოკუმენტაცია და ვ----- ჯ----- ზ-----ის პასპორტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის #07---------1 საქმის მასალების ტომი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2016 წლის 20 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა/მ ,,მერსედეს ბენც E 200“, ქართული ტრანზიტული ნომრით G------, ტიპი-სედანი, ფერი - შავი, გამოშვებულია - 2014 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის #07---------1 საქმის მასალების ტომი, ს.ფ.46-50.

 

3.1.6. 2017 წლის 27 თებერვალს პროცედურების დაცვით ინტერპოლის მიერ ძებნილი ა/მ ,,მერსედეს ბენც E 200“, სედანი, გამოშვების წელი - 2014, რუსეთის ფედერაციის ს/ნ P-----------, დაუბრუნდა მესაკუთრეს ალქსეი ნ-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის #07---------1 საქმის მასალების ტომი, ს.ფ.81;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 316-317-ე, 327-ე, 352-ე, 405-ე, 477-ე, 489-ე, 491-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მხარეთა შორის უდავოა, რომ მათი ნება ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაიხადოს საფასური. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, გაცვლა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. განკარგვითი ხელშეკრულებები თავის თავში მოიცავს, როგორც აბსოლუტურ (სანივთო) ისე _ ფარდობით (ვალდებულებით) ელემენტებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესი საკითხის ამომწურავი მოწესრიგებით არ შემოიფარგლება და ურთიერთობის რეგულაციისათვის მხედველობაშია მისაღები, როგორც ვალდებულებითი, ისე სანივთო სამართლისათვის დამახასიათებელი დანაწესები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20.08.2016 წელს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მ----- ვ-–----ემ და ვ----- ჯ----- ზ-----მა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამსხვისებლის მიერ გარიგების ფასის სანაცვლოდ შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - M------------ E 200, წელი, ტიპი - სედანი, ფერი - შავი, VIN – W----------------. სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ ვ----- ჯ----- ზ-----მა მ----- ვ-–----ეს სრულად გადაუხადა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის საფასური 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მ----- ვ-–----ემ საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - M------------ E 200, გამოშვების წელი - 2015 წელი, ტიპი - სედანი, ფერი - შავი, VIN – W----------------.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი.

 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, ხოლო საქმეზე სადავოდ გამხდარი გარემოებები უნდა დადასტურდეს ამავე მუხლში ჩამოთვლილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 00:10 საათზე სსკგ ,,ვალეზე“ შემოსვლის მიმართულებით, შეჩერებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინტერპოლის მიერ ძებნილი ა/მ ,,მერსედეს ბენც E 200“, ქართული ტრანზიტული ნომრით G------, რომლის რუსეთის ფედერაციის ს/ნ იყო P-----------, მართავდა ჯ----- ზ----- ვ-----ი. 31.10.2016 წლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლ ,,ვალაზე“ ვ----- ჯ----- ზ-----თან ჩატარდა ამოღება და ამოღებულ იქნა ავტომანქანა, მერსედეს-ბენცი, ს/ნ G------, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და დოკუმენტაცია და ვ----- ჯ----- ზ-----ის პასპორტი. ხოლო 2017 წლის 27 თებერვალს ავტომაქანა დაუბრუნდა მის ნამდვილ მესაკუთრეს - ა-–----- ნ-----ს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.6. პუქნტი).

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დართული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებით დასტურდება, რომ ავტომანქანის გაყიდვის დროს, მ----- ვ-–----ე არ წარმოადგენდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. შესაბამისად, ნივთზე არსებობდა უფლებრივი ნაკლი, ვინაიდან, ავტომანქანა იყო ძებნაში, იგი ამოღებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მიერ და გადაეცა მის ნამდვილ მესაკუთრეს. აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ვ----- ჯ----- ზ-----მა, რომელმაც 20 000 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, განიცადა მატერიალური ზიანი.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----- ჯ----- ზ-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 1500 ლარი. ვინაიდან ვ----- ჯ----- ზ-----ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ----- ვ-–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1475.10 ლარის გადახდა დავის საგნის 3%-ის ოდენობით), ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 24.90 ლარის ოდენობით (სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის 06.03.2018 წ. 1 აშშ დოლარი -2.4585 ლარი).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ვ----- ჯ----- ზ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მ----- ვ-–----ეს ვ----- ჯ----- ზ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. მ----- ვ-–----ეს ვ----- ჯ----- ზ-----ის სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1475.10 ლარის ანაზღაურება.

4. ვ----- ჯ----- ზ-----ს დაუბრუნდეს ბ--–--------ის მიერ 26/02/2018 წლის №0 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის ნაწილი - 24.90 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე