გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210017001906124
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11204-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს ,,ყ--------------------–--ი”

წარმომადგენელი - გ-----------–---–ი, ა---–------–---–ი, ა-----------–---–ი

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - გ----–- კ-------

წარმომადგენელი - გი-------–-------–---–ი

 

თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - დარიცხული თანხის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ----–- კ-------ს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3672.25 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,ყ--------------------–--ის“ აბონენტს წარმოადგენს გ----–- კ-------, რომლის მიმართაც მოსარჩელე კომპანია კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას. მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობები ბ/გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნულ აბონენტთან დაკავშირებით, გ----–- კ------- ბ/აირს მოიხმარდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და იხდიდა 0.456196 ლარს, როცა მას უნდა გადაეხადა არასაყოფაცხოვრებო აბონენტის საფასური 0.75 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აბონენტის არსებულ მისამართზე გახსნილი იყო სასტუმრო. კომპანიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკორექტირება და სხვაობა თანხებს შორის დაერიცხა აბონენტს.

დღეის მდგომარეობით მოპასუხეს კომპანიის წინაშე დავალიანების სახით, ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის მიმდინარე ბალანსი - 3704.82 ლარი, ბუნებრივი აირის ქსელთან მიერთების გადასახადი - 29.5 ლარი, ჯამში აბონენტის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს - 3 734.32 ლარს. ეს ყოველივე დაფიქსირებულია ,,აბონენტის ბარათში“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წერილის მიხედვითაც დადასტურდა, რომ აბონენტ გ----–- კ-------ს საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ქ. თბილისში, ნ----–---–ის ქუჩა #53-ში არსებულ ფართში 2013 წლის 24 აპრილიდან ბუნებრივ აირს მოიხმარს, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (ეწევა სამეწარმეო საქმიანობას). აღნიშნულის საფუძველზეც განხორციელდა თანხის დაკორექტირება.

საქმის მოსამზადებლ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული იქნა სასარჩლო მოთხოვნა 62.07 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დარიცხული თანხის ანაზღაურება დღემდე არ განხორციელებულა. აღნიშნულმა აბონენტმა დაარღვია კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დროულად არ გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის და ბუნებრივი აირის ქსელთან მიერთების გადასახადები, ამიტომაც მას უნდა დაეკისროს შპს ,,ყ--------------------–--ისათვის“ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ----–- კ-------მ სარჩელი ნაწილობრივ, 226.13 ლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის დეკემბერში მოსარჩელეს ზედმეტად დაერიცხა 3446.12 ლარი, რის თაობაზეც 2016 წლის 19 დეკემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა თანხის დარიცხვის გაუქმება. ამავე წლის 19 დეკემბერს მოპასუხემ წერილობით უპასუხა მოსარჩელეს, სადაც მიუთითა, რომ 2009 წლის 09 ივლისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მე-12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მიენიჭა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია, რის გათვალისწინებითაც დაერიცხა ფასთაშორისი სხვაობა 3446.12 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ 2017 წლის 31 მარტს, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა იმ დოკუმენტაციის (მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დადგენილება, ბრძანება ან სხვა სახის საბუთი) ჩაბარება, რის საფუძველზეც მოხდა თანხის დარიცხვა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას თანხა არასწორად დაერიცხა, რადგან იგი გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის არ იყენებდა.

ამასთან მოპასუხემ მხარემ მიუთითა, რომ მოთხოვნილი დავალიანების ნაწილი არის ხანდაზმული, რაც გამორიცხავს სასარჩელო მთხოვნის თუნდაც ამ საფუძვლით დაკმაყოფილებას.

 

2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.2.1. მოსარჩელე გ----–- კ------- გათავისუფლდეს შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიმართ 3446.12 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულებისგან.

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2009 წლის მარტის თვიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია გაზის აბონენტად #19---6 მისამართზე: თბილისი, ე. ნ----–---–ის ქ. #53-ში. 2016 წლის 19 დეკემბერს, გ----–- კ-------მ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა თანხის დარიცხვის გაუქმება. ამავე წლის 19 დეკემბერს მოპასუხემ წერილობით უპასუხა მოსარჩელეს, სადაც მიუთითა, რომ 2009 წლის 09 ივლისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მიენიჭა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია, რისი გათვალისწინებითაც დაერიცხა ფასთაშორისი სხვაობა 3446.12 ლარის ოდენობით.

2017 წლის 13 მარტს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა იმ დოკუმენტაციის (მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დადგენილება, ბრძანება ან სხვა სახის საბუთი) ჩაბარება, რის საფუძველზეც მოხდა თანხის დარიცხვა. 2017 წლის 21 აპრილს მოპასუხემ ისევ არასწორი შეხედულებების საფუძველზე მოსარჩელეს გაუგზავნა 01--------7 განცხადება, სადაც უთითებდა, რომ დარიცხვა 3445.12 ლარის ოდენობით იყო მართებული და ასევე განუმარტა, რომ დეტალურად პასუხი არის გაცემული 2016 წლის 19 დეკემბრის წერილით #01-------------3-ით.

2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.3.1. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით გ----–- კ-------ს შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აბონენტს წარმოადგენს გ----–- კ------- (აბონენტი #1-----). კომპანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს მისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ასევე სათანადო დოკუმენტაციის (ქვითრების) წარდგენას. მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობები ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბობენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გ----–- კ------- მოიხმარდა ბუნებრივ აირს, როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და იხდიდა 0.456196 ლარს, როცა მას უნდა გადაეხადა არასაყოფაცხოვრებო აბონენტის საფასური 0.75 ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ აბონენტის არსებულ მისამართზე გახსნილი იყო სასტუმრო. კომპანიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკორექტირება და სხვაობა თანხებს შორის დაერიცხა აბონენტს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წერილის მიხედვითაც დადასტურდა, რომ აბონენტ გ----–- კ-------ს (აბ. 1-----) საცხოვრებელი სახლის მისამართზე ქ. თბილისში, ნ----–---–ის ქუჩა #53-ში არსებულ ფართში 2013 წლის 24 აპრილის თვიდან ბუნებრივ აირს მოიხმარს, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რის საფუძველზეც განხორციელდა თანხის დაკორექტირება.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ----–- კ------- წარმოადგენს შპს ,,ყ--------------------–--ის“ აბონენტს, რომლის მიმართაც მოსარჩელე კომპანია კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას. მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობები ბ/გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1----- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 18-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე გ----–- კ------- საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ნ----–---–ის ქუჩა #53, ნაკვეთის წინა ნომერი 14, ფართი 51.74 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03/09/2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2013 წლიდან მისამართზე: ქ. თბილისი, ჩუღურეთის ქუჩა #53 რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სასტუმრო ,,G----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1----- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 18-25; 31-32);

- 03/09/2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 26-27)

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 28);

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 13 ივლისის შეტყობინება (ს.ფ. 177);

- ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ჩუღურეთის მეორე ოცეულის, ინსპექტორის 2013 წლის 13 ივლისის ოქმი (ს.ფ. 174);

- გ----–- კ-------ს განცხადებები (ს.ფ.175-176, 177-178)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,ჯ------ G---”-ის დირექტორს და 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს გ----–- კ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24/09/2013 წლის ამონაწერი რეესტრის (ს.ფ. 167-168).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2013 წლიდან აბონენტის #1----- მისამართზე: თბილისი, ნ----–---–ის ქუჩა #53 რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს სასტუმრო შესაბამისად, სასამართლო იზიარებს შპს ,,ყ--------------------–--ის“ მითითებას აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე არასაყოფაცხოვრებო აბონენტის ტარიფის გადაანგარიშების თაობაზე და თავის მხრივ, მომხმარებლის ვალდებულებას ანაზღაურება მოახდინოს მოხმარებული ბუნებრივი აირის სწორედ არასაყოფაცხოვრებო აბონენტის ტარიფით (0.75 ლარი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მისამართზე: თბილისი, ნ----–---–ის ქ. #53, სადავო პერიოდისთვის ფუნქციონირებდა და ამჟამადაც ფუნქციონირებს სასტუმრო ,,G----“. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება, გ----–- კ-------ს 2013 წლის ივლისის და აგვისტოს განცხადებებით, რომლის საფუძველზეც იგი მიმართავდა ქ. თბილისის, ძველი თბილისის პროკურორს და საქართველოს მაშინდელ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. აღნიშნულ განცხადებებში, გ----–- კ------- მიუთითებს მის კუთვნილ სასტუმროში ,,გ---–-----------ში“, მდებარე მისამართზე: თბილისი, ნ----–---–ის ქ. #53, არაბეთის მოქალაქის მიერ ჩადენილი ქურდობის შესახებ და ითხოვდა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას. სასამართლო აღნიშნული განცხადებების საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ აბონენტი მისამართზე: თბილისი, ნ----–---–ის ქ. #53 2013 წლიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მოიხმარდა ბუნებრივ აირს, არა როგორც საყოფაცხოვრებო, არამედ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, თუმცა მოხმარებული ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადი ერიცხებოდა, როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1----- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 18-25; 31-32);

- 03/09/2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 26-27)

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 28);

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 20/01/2017 წლის წერილი (ს.ფ. 29-30);

- შპს ,,ყ--------------------–--ის“ 19.12.2016 წლის და 21.04.2017 წლის წერილები (ს.ფ. 91-92);

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 13 ივლისის შეტყობინება (ს.ფ. 177);

- ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ჩუღურეთის მეორე ოცეულის, ინსპექტორის 2013 წლის 13 ივლისის ოქმი (ს.ფ. 174-

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ყ--------------------–--ის“ სარჩელი და გ----–- კ-------ს შეგებებული სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე. 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე და 477-ე მუხლები.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დადგენილია, რომ გ----–- კ------- წარმოადგენს შპს ,,ყ--------------------–--ის“ აბონენტს, რომლის მიმართაც მოსარჩელე კომპანია კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას. მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობები ბ/გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ გ----–- კ-------მ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 226.13 ლარის ნაწილში, იმაზე მითითებით, რომ არსებული დავალიანება მართებულად არის მოთხოვნილი ვინაიდან აღნიშნული პერიოდში იგი უკვე მართებულად არის რეგისტრირებული არასაყოფაცხოვრებო აბონენტად. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გ----–- კ-------მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი“ ითხოვს 2013 წლის 24 აპრილიდან, დავალიანების თანხის მოპასუხე გ----–- კ-------სთვის, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაკისრებას. შპს ,,ყ--------------------–--მა“ აღნიშნული სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 01 მაისს. სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია (980.25 ლარის ოდენობის დავალიანების ნაწილში), კერძოდ, მოთხოვნა, რომელიც ეხება 2013 წლის 24 აპრილიდან 2014 წლის 01 მაისამდე დროის პერიოდს, ხანდაზმულია, ვინაიდან დროის ამ მონაკვეთის მიმართ გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს მოთხოვნაზე, რომელიც ეხება 2014 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 მაისამდე არსებულ დროის პერიოდს.

 

ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ყაზტრანგაზ-თბილისის“ წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის მითითებით, მართალია აღმრიცხველი სისტემატიურად ახორციელებდა (ყოველთვიურად) მრიცხველის ჩვენების თუმცა მისთვის მისი უფლების დარევის თაობაზე ცნობილი გახდა 2016 წელს. ხანდაზმულობის ფაქტის დადგენისას მნიშვნელოვანია კრედიტორის მიერ მისი უფლების დარღვევის აღქმადობის არსებობა - ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო ან უნდა გაეგო. მიმწოდებელ კომპანიას გააჩნდა შესაძლებლობა მოეხდინა აბონენტის კონკრეტული ტარიფის და მისი კონკრეტული ჩვენების კორექტირება, რაც არ მომხდარა დროულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის არგუმენტი რომ მის აღმრიცხველს არ უცნობებია კომპანიისათვის და არსებული მომენტისათვის მიმდინარეობს შიდა მოკვლევა მსგავს საკითხებზე, ვერ გახდება კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოება.

 

6.3. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით, ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება (მიერთების გადასახადი).

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მისამართზე: თბილისი, ნ----–---–ის ქ. #53, 2013 წლიდან ფუნქციონირებდა მოპასუხე გ----–- კ-------ს საკუთრებაში არსებული სასტუმრო. ასევე დადგენილია, რომ გ----–- კ------- 2013 წლის 24 აპრილიდან შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირისთვის იხდიდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაწესებული ტარიფით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე გ----–- კ------- შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარდა როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მაშინ როდესაც კომუნალურ გადასახადს იხდიდა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დადგენილი ტარიფით - 0.456196 ლარის ოდენობით, ნაცვლად 0.75 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ----–- კ-------, შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ, 2013 წლის 24 აპრილიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარდა როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, თუმცა იხდიდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დადგენილი ტარიფით და რაც წარმოდგენილ შემთხვევაში ტარიფებს შორის არსებული სხვაობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია.

აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ იქნება მხედველობაში მიღებული გ----–- კ-------ს არგუმენტი სასტუმროს გაქურდვის და შემდგომ სარემონტო სამუშაოების გამო საქმიანობის არ არსებობის გამო კონკრეტული ტარიფით ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით. სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეფერხება, შეჩერება, ბიზნესის წარმატება/წარუმატებლობა ვერ იქნება საფუძველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფით ვალდებულების არსებობის მართებულობისათვის. ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ცალსახად არის გამიჯნული კონკრეტული ტარიფის მომხმარებლის მახასიათებლები და იმ შემთხვევაში თუკი საოჯახო ტიპის სასტუმრო არ ფუნქციონირებს, საქმიანობა აქვს შეჩერებული გარკვეული მიზეზის გამო - აღნიშნული ავტომატურად აისახება ბუნებრივი აირის მოხმარებაზეც და კომუნალური დავალიანების ოდენობაზე (არ მოხდებოდა მოხმარება და დარიცხვა). შესაბამისად, საქმიანობის შეფერხება არ წარმოდგენს კონკრეტული ტარიფით ბ/აირის მიწოდების ცვლილებას, თავად აბონენტის ტიპი არის მნიშვნელოვანი და უნდა იყოს სწორად იდენტიფიცირებული. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მირ ნასყიდობის საფასურის დაკორქტირება განხორციელდა მართებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 2692 ლარის ნაწილში (მათ შორის მოპასუხე მხარის მეირ ცნობილი 226.13 ლარის დავალიანება), ხოლო ვიანიდან 980.25 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია - მოსარჩელე მხარეს აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

ასევე, ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ნაწილობრივ, კერძოდ ხანდაზმულობის გამო უნდა გაუქმდეს გ----–- კ-------სათვის (აბონენტის N1-----) დარიცხული დავალიანება 980.25 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ნაწილში შეგებებული სარჩელით დაყენებული სასარჩლო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, გ----–- კ-------მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე ზედმეტად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1.86 ლარის ოდენობით, მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 8.64 ლარის ოდენობით, ხოლო 80.76 ლარი უნდა დაეკისროს გ----–- კ-------ს შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. ამასთან, შპს ,,ყ--------------------–--ს“ გ----–- კ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 29.41 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.2. გ----–- კ-------ს შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2692 ლარის გადახდა.

 

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----–- კ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.1. გაუქმდეს გ----–- კ-------სათვის (აბონენტის N1-----) დარიცხული დავალიანება 980.25 ლარის ოდენობით.

 

3. მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ----–- კ-------სათვის 980.25 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----–- კ-------ს სასარჩელო მოთხოვნა დარიცხული დავალიანების სახით 2465.87 ლარის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გ----–- კ-------ს შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 80.76 ლარის ანაზღაურება.

 

6. შპს ,,ყ--------------------–--ს“ გ----–- კ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 29.41 ლარის ანაზღაურება.

 

7. შპს ,,ყ--------------------–--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 10.04.2017 წლის №589 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 112.03 ლარის ნაწილი - 8.64 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

8. გ----–- კ-------ს დაუბრუნდეს მის მიერ 23.05.2017 წლის №2 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 104 ლარის ნაწილი - 0.62 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე