გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002508335
საქმე №2-2613/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - რ-------------ე
მოპასუხე - შპს „ი------------–---–--------–-----------------–------–---------------“
წარმომადგენელი - რ---–-------------
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ი------------–---–--------–-----------------–------–---------------ს“ გენერალური დირექტორის ი------------–---–-ს 2011 წლის 06 სექტემბრის ბრძანება N03/124 რ-------------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და მისი ექიმ-ქირურგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. აღდგენილი იქნეს რ-------------ე შპს „ჯანმრთელობის ცენტრს მედინაში ექიმ-ქირურგის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს აღგენამდე მიუღებელი ხელფასი ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელე რ-------------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან მოპასუხე მიუთითებს, რომ რ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან რ-------------ე სამუშაოდან გათავისუფლებული იქნა 2011 წელს, მის მიერ კი სარჩელი შემოტანილია 2018 წელს, შესაბამისად გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი სამწლიანი ვადა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2011 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე რ-------------ე 2011 წლის 14 მარტის N 03/34 ბრძანებით მიღებული იქნა შპს „ჯ---------–------–--------------ში“ ექიმ-ქირურგად ორი თვის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- რ-------------ის 11.03.2011წ. განცხადება.
- შპს „ჯ---------–------–--------------ს“ გენერალური დირექტორის 2011 წლის 14 მარტის N 03/34 ბრძანება.
3.2.2. 2011 წლის 6 სექტემბერს შპს „ჯ---------–------–--------------ს“ გენერალური დირექტორის ი------------–---–-ს N03/124 ბრძანების საფუძველზე რ--------------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია) და საზოგადოების წესდების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის მე-7 წინადადების საფუძველზე, კერძოდ; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი გახდა შპს „ჯ---------–------–--------------ს“ ქირურგიული დეპარტამენტის თავმჯდომარის ა-----------ის 2011 წლის 6 სექტემბრის ახსნა-განმარტება და თავად მოსარჩელე რ-------------ის 2011 წლის 6 სექტემბრის N248 ახსნა-განმარტებითი ბარათი.
როგორც წარმოდგენილი ახნა-განმარტებითი ბარათებით დგინდება 2011 წლის 3 სექტემბერს შპს „ჯ---------–------–--------------ში“ პაციენტ ი. ს-------–---–ს გაუკეთდა ოპერაცია განივი კოლინჯის სიმსივნის გამო მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია. ოპერაცია დასრულდა გართულებების გარეშე. 3 სექტემბერს, მოსარჩელე რ-------------ის მორიგეობის დროს კი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, 2011 წლის 4 სექტემბერს დილით პაციენტს განუვითარდა ბაქტერიული შოკი, რის გამოც გადაყვანილი იქნა რეამინაციულ განყოფილებაში და გაუკეთდა რელაპარატომია, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დადგენილია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანიზაციაში ჩატარდა მოკვლევა, რ-------------ეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტებითი ბარათი, ასევე ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ქირურგიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს ა-----------ეს, რომელიც მიუთითებს, რომ მორიგე ექიმ რ-------------ის გამოუცდელობის გამო დაგვიანდა აუცილებელი რელაპარატომია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „ჯ---------–------–--------------ს“ გენერალური დირექტორის 2011 წლის 06 სექტემბრის N 03/124 ბრძანება.
- რ-------------ის ახსნა-განმარტებითი ბარათი.
- ა-----------ის ახსნა-განმარტება.
3.2.3. მოსარჩელე სადავოდ ხდის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას. მისი განმარტებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, არ იქნა შესწავლილი სრულყოფილად და დეტალურად პაციენტის ავადმყოფობის ისტორია და პაციენტის გარდაცვალებასა და მის მოქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მოპასუხეს კი მიაჩნია, რომ ბრძანებაში მითითებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მართლზომიერია და რ-------------ის გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით.
ამდენად მხარეების მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოდაა გამხდარი. სასამართლო სადაო საკითხის დადგენისას ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით კი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი ქონდა მოსარჩელის მიერ შრომითი ხეშეკრულებების პირობების დარღვევას, რის გამოც შპს „ჯ---------–------–--------------ს“ გენერალური დირექტორის მიერ 2011 წლის 06 სექტემბრის ბრძანებით რ-------------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” პუნქტის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) საფუძველზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესით შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „ჯ---------–------–--------------ს“ გენერალური დირექტორის 2011 წლის 06 სექტემბრის N 03/124 ბრძანება.
- რ-------------ის ახსნა-განმარტებითი ბარათი.
- ა-----------ის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ რ-------------ის სასარჩელო განცხადება არ უნდა დამაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებით, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 128-ე, 129-ე, 144-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით,აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ან/და დამსაქმებლის ინტერესები.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითებები ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;
განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს რ-------------ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების გადამეტებას.
6.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე რ-------------ე 2011 წლის 14 მარტის N 03/34 ბრძანებით მიღებული იქნა შპს „ჯ---------–------–--------------ში“ ექიმ-ქირურგად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ „პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას“. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 06 სექტემბერს რ-------------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” პუნქტის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) საფუძველზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესით შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მოპასუხის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი. ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მით უმეტეს, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც ერთურთის მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის ცვლილებაზე ან მითუმეტეს საერთოდ შეწყვეტასა და დასრულებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს, მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი: არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
ევროპის სოციალური ქარტია 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
ვინაიდან მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი და ის ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით, შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა 2011 წლის 06 სექტემბერს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია) საფუძველზე.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი ქონდა რ-------------ის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, აღნიშნული გარემოება კი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” პუნქტის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია) თანახმად წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „ჯ---------–------–--------------ს“ მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა და შესაბამისად, სადაო 2011 წლის 06 სექტემბრის ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) მოთხოვნათა დაცვით.
მოსარჩელის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები - სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება უშუალოდაა დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს ხსენებული მოთხოვნებიც უსაფუძვლობის გამო.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და გამარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს შრომის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას, კერძოდ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებული იქნა 2011 წელს, მაშინ როცა შრომის კოდექსი მსგავს დანაწესს არ ითვალისწინებდა, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ასევე დგინდება, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ-------------ესა და შპს „ჯ---------–------–--------------ს“ შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად მათ შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა მოპასუხის ინიციატივით 2011 წლის 06 სექტემბერს. ასევე დადგენილია და მხარებს შორის შორის არ არის სადაო ის გარემოება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ეცნობა რ-------------ეს და იგი 2011 წლის სექტემბიდან აღარ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან, თუმცა მას აღნიშნული სადაოდ 2018 წლამდე არ გაუხდია. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება რ-------------ემ სადაო გახადა 2018 წლის 22 ივნისს, როცა სარჩელით მომართა სასამართლოს, ანუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად იმპერატიულადა არის დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ-------------ის სარჩელი გარდა იმისა, რომ არის დაუსაბუთებელი, ასევე არის ხანდაზმულიც, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის შესაბამისად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც შეეხება მიუღებელი ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში მოსარჩელე “ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი ჩაეთვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე