გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310017001853805
(3/15-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.11.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე-დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ლა------- თო-----
წარმომადგენელი - რო-–---- შო---
მოპასუხე - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ--- ზა-------ა, სო--- მო-----–-ა
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს თანამდებობიდან ლა------- თო-----ს გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N 221 ბრძანების ბათილად ცნობა; ლა------- თო-----ს აღდგენა იმავე ან ტოლფას სამუშაოზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლიდან დასაქმებული იყო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (მერიაში), გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს თანამდებობაზე. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ არასოდეს ყოფილა გამოყენებული, პირიქით, მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის არა ერთხელ წახალისდა ფულადი პრემიით. სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მის მიერ ადგილი არ ქონია შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტს, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და არ მოუსმენია მისი მოსაზრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების შესაბამისად, რაც განხორციელდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მხარეებს არ უდავიათ იმ გარემოებაზე, რომ ლა------- თო----- სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული იყო 2006 წლიდან და 2016 წლამდე, ანუ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი არ ყოფილა და შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა, რომლის განხორციელების მიზნით 2017 წლის 24 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N10 დადგენილებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობების რანგირების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამგეობის სამსახურის უფროსებს დაევალათ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამგებლისათვის წარდგენა.
4.2.2.აღნიშნულის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ვასილ ბესელიას მიერ შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს ლა------- თო-----ს საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვით: „ლა------- თო-----ს, როგორც სპეციალისტს, არა მარტო შარშან, არამედ ჩემი ამ სამსახურის ხელმძღვანელობის მთელ პერიოდში არაფერი გაუკეთებია. შარშან ვთხოვე წერილის კანცელარიაში ჩატანა და მივიღე უარი-განათლების განყოფილების საქმეს მე რატომ მავალებო. მას არასოდეს გამოუჩენია არავითარი ინიციატივა, არასოდეს უზრუნვია ჰქონოდა თუნდაც უმნიშვნელო საქმე, მთელი მისი შარშანდელი მონაგარი ორ ელემენტარულ წერილზე გაცემული პასუხია. ლა------- თო----- არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და მასზე შრომის ანაზღაურების გაცემა არასწორად მიმაჩნია“.
4.2.3.აღნიშნულ მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებების შესწავლა და ლა------- თო-----ს საქმიანობის შეფასება დაევალა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ბასილაიას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინა შემდეგი შინაარსის მოხსენებითი ბარათი: “შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლა------- თო-----ს მიერ 2016 წლის განმავლობაში შესრულებულია მხოლოდ ორი კორესპონდენცია. ამდენად, მის მიერ სრულყოფილად არ არის შესრულებული მასზე დაკისრებული ფუნქციები“.
4.2.4.აღნიშნულის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანებით ლა------- თო----- გათავისუფლდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუ-–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–----ის თანამდებობიდან. ბრძანების ტექსტის მიხედვით: „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის N1 დადგენილების თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში განხორციელდა სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპტიმიზაცია და მოსამსახურეთა რანგირება. შესაბამისად,“სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N10 დადგენილების საფუძველზე ჩამოყალიბდა გამგეობის სამსახურების ახალი საშტატო ნუსხა. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, გამგეობის სამსახურების უფროსების მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით განხორციელდა სამსახურების მოხელეების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება. კერძოდ, 2017 წლის 3 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიკვეთა ამავე სამსახურის კუ-–------------------–-------–--------------–------------------–---–----ის ლა------- თო-----ს მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურებულ იქნა ზემოაღნიშნული დისციპლინური გადაცდომა, რის შემდეგადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლა------- თო-----ს დაკავებული თანამდებობიდან გთავისუფლების თაობაზე.“
სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა.დ.” ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლი,99-ე მუხლის მესამე პუნქტი, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა.დ”ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N1 დადგენილება (23.01.2017 წ);
-სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ვასილ ბესელიას მოხსენებითი ბარათი;
-სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მ/შ მოხსენებითი ბარათი;
-სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის №221 ბრძანება (1.03. 2017 წ);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის მოსამსახურეს შორის, რამდენადაც დავის საგანია საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტი -სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს თანამდებობიდან ლა------- თო-----ს გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
როგორც სადავო აქტების გამოცემის პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძველებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში (საკრებულო, გამგეობა, მერია, მუნიციპალიტეტი) საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის
ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, შესაბამისად, წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (02/05/2014 N 1958), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი.
საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5.1.მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
საქართველოს კონსტიტუციის 1012.1 მუხლის (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2.მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპი-კანონიერების პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს-გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და გადაწყვეტილების მიღება კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, უფლებამოსილება წარმოადგენს საჯარო მოხელის გარკვეული ფუნქციის სფეროს, სტატუსისა და ფარგლების კანონისმიერ ჩარჩოს, რომელშიც მას შესწევს საკითხების გადაწყვეტა, მოქმედებათა განხორციელება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ვინაიდან მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან და იგი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, მისი სამსახურში დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი) და ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის (მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს), გააჩნდა გამგებელს (მერს), შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. შესაბამისად, მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, - რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლა------- თო----- სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანებით გათავისუფლდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს თანამდებობიდან. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა: გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებისა და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსების მოხსენებითი ბარათები, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა.დ.” ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლი, 99-ე მუხლის მესამე პუნქტი, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა.დ”ქვეპუნქტი.
სასამართლომ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება შეამოწმა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. კერძოდ,დადგენილია, რომ ლა------- თო----- სამუშაოდან გათავისუფლდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 99-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 99-ე მუხლი ადგენდა დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციის მიერ მუშაკის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. გამონაკლისს უშვებდა იმავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენდა მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესაძლებლობას სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.
ვინაიდან ლა------- თო-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის საფუძვლით, შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ის ფაქტობრივი წინაპირობები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევად და რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე.
დადგენილია, (წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.1 - 4.2.3 პუნქტები) რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალების საფუძველზე, გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ვასილ ბესელიას მიერ შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს ლა------- თო-----ს 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვით: „ლა------- თო-----ს, როგორც სპეციალისტს, არა მარტო შარშან, არამედ ჩემი ამ სამსახურის ხელმძღვანელობის მთელ პერიოდში არაფერი გაუკეთებია. შარშან ვთხოვე წერილის კანცელარიაში ჩატანა და მივიღე უარი-განათლების განყოფილების საქმეს მე რატომ მავალებო. მას არასოდეს გამოუჩენია არავითარი ინიციატივა, არასოდეს უზრუნვია ჰქონოდა თუნდაც უმნიშვნელო საქმე, მთელი მისი შარშანდელი მონაგარი ორ ელემენტარულ წერილზე გაცემული პასუხია. ლა------- თო----- არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და მასზე შრომის ანაზღაურების გაცემა არასწორად მიმაჩნია“.
ვასილ ბესელიას მოხსენებით ბარათში ასახულმა გარემოებებმა სიტყვა-სიტყვითი ასახვა პოვა აუდიტის სამსახურის უფროსის მერაბ ბასილაიას მოხსენებით ბარათში, რომლის მიხედვით,“შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლა------- თო-----ს მიერ 2016 წლის განმავლობაში შესრულებულია მხოლოდ ორი კორესპონდენცია. ამდენად, მის მიერ სრულყოფილად არ არის შესრულებული მასზე დაკისრებული ფუნქციები“.
აღნიშნულ მოხსენებით ბარათებში ასახული გარემოებები და შეფასებები უპირობოდ, სრულად იქნა გაზიარებული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) მიერ და ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის საფუძვლად ისე იქნა მიჩნეული, რომ არც ერთი მათგანი არ შეიცავს კონკრეტულ, თუნდაც ერთ ფაქტზე მითითებასაც, რაც აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიცემდა მისი უხეშ დარღვევად მიჩნევის და შესაბამისად, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველს.
მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებები მიუთითებენ ლა------- თო-----ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე, თუმცა ეს მითითება იმდენად ზოგადია, რომ მისი დადასტურების შემთხვევაშიც, შეუძლებელია გამართლებულ იქნეს ამ საფუძვლით მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის -სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისე მიიღო ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა, ან თავად ამ პირის წარსული საქმიანობა იძლეოდა თუ არა დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობას ან ეს ზომა იყო თუ არა ადექვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება მის მიერ ჩადენილ დარღვევასთან.
კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას ავალდებულებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის vI თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების ერთ-ერთი საფუძველი არის ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). ამასთან, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა და მისცეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი).
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა, დაინტერესებული პირის მოსაზრების მოსმენა, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, და თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება და საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. იგივე პრინციპებია გამყარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) მიერ ლა------- თო-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირობოდ გაიზიარა სამსახურის უფროსების მოხსენებით ბარათებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა, ან თავად ამ პირის წარსული საქმიანობა იძლეოდა თუ არა დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობას ან ეს ზომა იყო თუ არა ადექვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება მის მიერ ჩადენილ დარღვევასთან, ლა------- თო-----ს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუარესებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება, წარედგინა მტკიცებულებები, წამოეჭრა ისეთი არგუმენტები, რომელიც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილებაზე.
აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით დადგინდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლებამდე, რამდენიმე თვით ადრე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი)თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ჩატარდა ატესტაცია. საატესტაციო შედეგების, კერძოდ, საატესტაციო კომისიის 2015 წლის 29 ივნისის დასკვნის მიხედვით, ლა------- თო----- შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
იმ ვითარებაში, როცა ატესტაციის შედეგებით ლა------- თო----- პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისებებით მიჩნეულ იქნა დაკავებულ თანამდებობასთან შესაფერისად, რამდენიმე თვეში, სამსახურის უფროსის შეფასება -ლა------- თო----- არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და მასზე შრომის ანაზღაურების გაცემა მიზანშეუწონელია, საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არა უპირობოდ გაზიარებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, ურთიერთშეჯერებას და მათი შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის დადგენილი გარემოებაც, რომ იგივე სამსახურის უფროსის (ვასილ ბესელიას) მოხსენებითი ბარათების საფუძველზე განყოფილებაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე, მათ შორის ლა------- თო-----ზე, ყოველწლიურად, წელიწადში რამდენჯერმე, დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გაიცემოდა პრემიები სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით; აღნიშნული დგინდება ვასილ ბესელიას 2014-2016 წლების მოხსენებითი ბარათებით, რომლის მიხედვითაც სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს ინიცირებით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეთა, მათ შორის ლა------- თო-----ს, მიერ მათთვის დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გასცეს პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით; აღნიშნული მოხსენებითი ბარათების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სადღესასწაულო დღეებში პრემია გაიცემოდა არა ყველა, არამედ იმ მოხელეებზე, რომლებიც მათთვის დაკისრებულ უფლებამოსილებებს ზედმიწევნით და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ლა------- თო----- იყო;
ის გარემოება, რომ ლა------- თო----- სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო 2006 წლიდან და 10 წლის განმავლობაში არც ერთხელ ადმინისტრაციული წესით არ დასჯილა, სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა;
ლა------- თო-----ს მიერ საქმეზე წარმოდგენილ იქნა საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც ასაბუთებენ მის სამსახურებრივ აქტივობებს, ასევე ანგარიში მის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მან მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგინა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ანგარიშის მიხედვით, განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ ლა------- თო-----ს უშუალო მონაწილეობით დაგეგმილ და ჩატარებულ იქნა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის საზეიმო, შოუ და გალა კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ეგრისობის დღესასწაული და ა.შ..
რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ამ ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში ლა------- თო-----ს მონაწილეობის ვარაუდს და დაამტკიცებდა საწინააღმდეგოს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული (მე-17 მ) და სამოქალაქო საპროცესო (მე-4 მ) კანონმდებლობა ადგენს მხარეთა ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, ვიდრე დასაქმებულს, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარმოდგენას მასზე, რომ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი (მერი) ვალდებული იყო ემტკიცებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ლა------- თო-----მ უხეშად დაარღვია შრომითი დისციპლინა, რაც შეუძლებელს ხდიდა მისთვის სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესაძლებლობას, თუმცა მოპასუხე მხარემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში აღნიშნულის დადასტურება ვერ შეძლო.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი (მერი) სანამ ლა------- თო-----ს მიმართ მიიღებდა ყველაზე მძიმე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, გადაწყვეტილებას, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებული იყო შეესწავლა, გამოეკვლია ყველა გარემოება, მოესმინა მისი პოზიცია და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, დაედგინა არსებობდა თუ არა უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესაძლებლობა და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოხსენებით ბარათებში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ იმაზე, რომ ავტორები მიუთითებენ ლა------- თო-----ს მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ ორი წერილობითი კორესპონდენციის შესრულებაზე, რაც ასევე, საფუძვლად დაედო ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აუდიტის სამსახურის უფროსის მერაბ ბასილაიას სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებას, რომლის მიხედვით, მის მიერ ჩატარებული შემოწმება, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა მოსამსახურეს, მათ შორის ლა------- თო-----ს, არ ყოფილა გეგმიური და სრულყოფილი, ვინაიდან დროის სიმცირის გამო ყველა მოსამსახურის მიმართ ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა და შესაბამისი დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო. თუმცა მან შეამოწმა სამსახურის უფროსის ვასილ ბესელიას მოხსენებით ბარათში ასახული გარემოება ლა------- თო-----ს მიერ შესრულებულ კორესპონდენციებთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ 2016 წლის განმავლობაში ლა------- თო-----ს სამსახურის უფროსის მიერ დაეწერა მხოლოდ ორი წერილი, რომელიც მის მიერ შესრულებულ იქნა (01.11.2018 წ).
ლა------- თო-----ს მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობას არ ადასტურებენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი წერილები და მოხსენებითი ბარათი საქმეთა ჩამოწერის შესახებ, ვინაიდან ვასილ ბესელიას რეზოლუციით „შემდგომი რეაგირებისთვის“ ლა------- თო-----ს 2016 წლის 3 აგვისტოს დაეწერა იმავე დღეს (3 აგვისტოს) დანიშნული ღონისძიების შესახებ, საიდანაც არ ირკვევა, რა უნდა შეესრულებინა და რა არ შეასრულა ლა------- თო-----მ. ასევე, წარმოდგენილია ვასილ ბესელიას მოხსენებითი ბარათი გამგებლის (მერის) მოადგილის მიმართ, სადაც ითხოვს 40 წერილის (79 ფურცლის) ჩამოწერას, თუმცა არ დგინდება რა სახის წერილებია ისინი, ვის ეწერა შესასრულებლად, შესრულებულია თუ არა, წერილების კანცელარიაში შესვლის ან ჩამოწერის თარიღები და ა.შ...
შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხელის მიმართ დისციპლინური ზომის შერჩევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს პასუხისმგებლობის ზომის საკითხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე, თანამდებობის პირს კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ უნდა განხორციელდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ პირის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებელს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება მოსარჩელის მხრიდან ისეთი მძიმე დარღვევების ჩადენის დადასტურება, რაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ამტკიცოს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მისი მხრიდან იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება.
დისკრეციული უფლებამოსილების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის გაკეთებისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა ლა------- თო-----ს მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არა თუ უხეშად, ზოგადად დარღვევის ფაქტიც, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ორგანო, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, ვალდებული იყო გამოეყენებინა ადმინისტრაციული სახდელის „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 79 -ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისათვის დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ფორმა. მათ შორის; შენიშვნა; გაფრთხილება; არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით–არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;
ვასილ ბესელიასა და მერაბ ბასილაიას მოხსენებით ბარათებში მითითებული გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ლა------- თო-----ს სამსახურიდან გათავისუფლებას, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, თუმცა მათი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იძლეოდა მოხელის საჯარო სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლების წინაპირობას, ვინაიდან აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებას და ამ გარემოებათა შესატყვისად გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოთაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის- სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის გა-----–----------–------------------–-------–---------------------–------------------–-------–--------------–------------------–---–-----ს თანამდებობიდან ლა------- თო-----ს გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნები დაირღვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალმხრივად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მის ბათილობას იწვევს. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სამუშაოზე აღდგენა.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო, ხოლო იგივე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ პირდაპირ დაკავშირებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან და მისი დადასტურების შემთხვევაში არის თანმდევი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ლა------- თო-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N221 ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი.
ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, მისი მოთხოვნა, სამუშაოზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და ლა------- თო----- უნდა აღდგეს იმავე, ან ტოლფას სამსახურში.
6.3.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/3/630 გადაწყვეტილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს, ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. ასეთი ვალდებულების (ზიანის ანაზღაურების) დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მითითებული ნორმის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოს მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება დაკავშირებულია ამ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებასთან, ხოლო საჯარო მოხელის მიერ ვალდებულების იძულებით, ძალდატანებით, შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით, სამართლებრივად წარმოშობს იძულებითი განაცდურის სახით, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლებას და იწვევს მის დაკმაყოფილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც; მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფელებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პირდაპირ დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტის დადასტურებასა და სამუშაოზე აღდგენასთან და არის თანმდევი შედეგი.
ვინაიდან დადგენილია ლა------- თო-----სთან შრომითი ურთიერთობის კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის ფაქტი და დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ა „ პუნქტით (ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ხოლო მოპასუხე -იგივე კანონის „უ“ პუნქტით (დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; (25.07.2006 N 3519)
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს ლა------- თო-----ს სასარჩელო მოთხოვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) 2017 წლის 1 მარტის №221 ბრძანება ლა------- თო-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ლა------- თო----- აღდგენილ იქნას მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე.
1.2.დაეკისროს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ლა------- თო-----ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია