გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8514-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი''
წარმომადგენელი - ე-–---------------–--ე, მ----------------–---–ი
მოპასუხეები - ა--------------–---–ი, ლ--–---------–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------–----, შ--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის, პროცენტის - 120.71 ლარის და პირგასამტეხლოს - 205.77 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 9 616.91 ლარის, პროცენტის - 809.69 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 484.63 ლარის და საკომისიოს - 44.75 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 48.1 ლარის ოდენობით;
1.5. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3.87 ლარის გადახდა;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2018 წლის 06 თებერვლის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, საკუთრების უფლებით აღირიცხოს ა--------------–---–ის სახელზე.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):
1.1.1. მასსა და მოპასუხე ა--------------–---–ს შორის 2014 წლის 19 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით -,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;
1.1.2. აღნიშნული საკრედიტო ბარათი მოპასუხეს გადაეცა 2014 წლის 02 ნოემბერს;
1.1.3. საკრედიტო ბარათზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 1 000 ლარი უვადოდ, ანუ საკრედიტო (ხარჯვის) ლიმიტი მოპასუხეს შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად, თავად ბარათი კი გაცემულ იქნა სამი წლის ვადით;
1.1.4. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს, საკრედიტო ლიმიტის მერჩანტებთან განაღდების შემთხვევაში კი წლიურ 20%-ს;
1.1.5. აღნიშნული ხელშეკრულებით მათ შორის შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობისთვის 10 ლარის ოდენობით, საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის - 50 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ს;
1.1.6. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს უნდა მოეხდინა მინიმალური შენატანის გადახდის განხორციელება ყოველთვიურად, რომლის შედეგადაც ძირითადი თანხით მოხდებოდა ლიმიტის შევსება და ლიმიტი საბოლოოდ დაიფარებოდა 12 თვეში;
1.1.7. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობა, კერძოდ, მას არ განუხორციელებია მინიმალური შენატანის გადახდა ყოველთვიურად;
1.1.8. აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 25 აგვისტოს;
1.1.9. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპერესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 350.81 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1024.33 ლარი, სარგებელი - 120.71 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 205.77 ლარი;
1.1.10. მიუხედავად აღნიშნულისა, მისი მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 1 000 ლარს;
1.1.11. მასსა და მოპასუხე ა--------------–---–ს შორის 2016 წლის 27 ივნისს დაიდო №435--49 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მის მიერ ამავე თარიღში გაიცა კრედიტი 13 930 ლარის ოდენობით;
1.1.12. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14.70-ს, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო ვადის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად;
1.1.13. მოპასუხის მხრიდან სისტემატიურად ხდებოდა ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა მის მიერ განხორციელებულია 2017 წლის 01 სექტემბერს და მიუხედავად წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, მას ვალდებულება აღარ შეუსრულებია;
1.1.14. დავალიანების დაფარვის საკითხთან მიმართებით 2018 წლის 05 თებერვალს მოპასუხე იმყოფებოდა სს ,,ს----------–--------ის’’ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში, თუმცა ვერ შედგა მათ შორის შეთანხმება. ამის შემდგომ, ამავე თარიღში მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მას განესაზღვრა დამატებითი ვადა დავალიანების გადასახდელად;
1.1.15. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ა--------------–---–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა ოჯახის წევრზე - მოპასუხე ლ--–---------–---–ზე;
1.1.16. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ მოპასუხე ა--------------–---–ზე აღარ ირიცხება უძრავი ქონება. მოპასუხე ლ--–---------–---–ის საკუთრებაში კი ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და დღესაც ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ---–--------------, ს/კ 0---------------;
1.1.17. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და იგი დადებულია მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით;
1.1.18. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე ა--------------–---–ის დავალიანება 2016 წლის 27 ივნისის №435--49 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11 955.98 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9 616.91 ლარი, სარგებელი - 809.69 ლარი, პირგასამტეხლო - 1 484.63 ლარი, ხოლო საკომისიო - 44.75 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე ლ--–---------–---–მა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 119-126).
2.1.1. არ არის ინფორმირებული სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებების შესახებ;
2.1.2. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი უძრავი ქონებები წარმოადგენს მის საკუთრებას და შეძენილია მის მიერ ბანკის დახმარებით. მხოლოდ ფორმალობის გამო იყო უძრავი ქონებები აღრიცხული მის ძმაზე - მოპასუხე ა--------------–---–ზე.
2.2. მოპასუხე ა--------------–---–მა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის და პროცენტის - 120.71 ლარის, ასევე 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 9 616.91 ლარის, პროცენტის - 809.69 ლარის და საკომისიოს - 44.75 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (იხ. 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 142-159).
2.2.1. იგი მთელი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ყოველთვიურად. მხოლოდ ბოლო პერიოდში ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
2.2.2. მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მისი წერილობითი გაფრთხილება და მას არ ჩაბარებია რაიმე შეტყობინება. იგი ასევე არ იმყოფებოდა სს ,,ს----------–--------ის’’ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში;
2.2.3. არსებობს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ დაკისრებული პირგასამტეხლო თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და უნდა შემცირდეს;
2.2.4. მოპასუხეები წარმოადგენენ და-ძმას, შესაბამისად მათ შორის არსებობს ახლო ნათესაური და ოჯახური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ მან უძრავი ქონებები ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა მის დას - მოპასუხე ლ--–---------–---–ს;
2.2.5. ჩუქების ხელშეკრულებით დასტურდება მხარეთა შორის არსებული ახლო ურთიერთობა და იგი არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხე ა--------------–---–ს შორის 2014 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ №4------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაშვებული მთლიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 ლარით. ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხმარებელი მოახდენდა მინიმალური შენატანის განხორციელებას ყოველთვიურად, რომლის შედეგად შეტანილი ძირითადი თანხით ხდება ლიმიტის შევსება, ლიმიტი საბოლოოდ იფარება 12 თვეში.
საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს, საკრედიტო ლიმიტის მერჩანტებთან განაღდების შემთხვევაში კი წლიურ 20%-ს. ამავე ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობისთვის 10 ლარის ოდენობით, საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის - 50 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ბარათი გაიცა სამი წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაცხადი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სტრანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ. 20-23)
3.1.2. 2014 წლის 19 სექტემბრის საკრედიტო ბარათით ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ №4------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ბარათი მოპასუხე ა--------------–---–ს გადაეცა 2014 წლის 02 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პლასტიკური ბარათის მიღების აქტი (ს.ფ. 24)
3.1.3. მოპასუხე ა--------------–---–ის მიერ დარღვეულია 2014 წლის 19 სექტემბრის საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ №4------ ხელშეკრულებით დადგენილი პირობა ყოველთვიურად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 25 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 25-40)
3.1.4. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხე ა--------------–---–ის დავალიანება 2014 წლის 19 სექტემბრის საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ №4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 350.81 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1024.33 ლარი, სარგებელი - 120.71 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 205.77 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 92)
3.1.5. 2016 წლის 27 ივნისს მოსარჩელეს და მოპასუხე ა--------------–---–ს შორის დაიდო №435--49 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე 36 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 13 930 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14.7 %-ს, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენდა ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო ვადის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია, ხელშეკრულება, გრაფიკი, სტანდარტული პირობები (ს.ფ. 41-47; 101-106)
3.1.6. მოპასუხე ა--------------–---–ის მიერ დარღვეულია 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 01 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი ანგარიშიდან, სესხის დაფარვების (ს.ფ.48-73)
3.1.7. მოსარჩელის მიერ მოპასუხე ა--------------–---–ს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე 2018 წლის 05 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული შეტყობინება არ ჩაბარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება, წერილობითი კორესპონდენცია (ს.ფ. 74-75)
3.1.8. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე ა--------------–---–ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11 955.98 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9 616.91 ლარი, სარგებელი - 809.69 ლარი, პირგასამტეხლო - 1 484.63 ლარი, ხოლო საკომისიო - 44.75 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 92)
3.1.9. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ა--------------–---–მა მის დასთან - მოპასუხე ლ--–---------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, აჩუქა მოპასუხე ლ--–---------–---–ს, რის შემდეგაც იგი აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, განცხადების მიღების ბარათი, ამონაწერი (ს.ფ. 78-79; 81; 82-83)
3.1.10. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ა--------------–---–მა მის დასთან - მოპასუხე ლ--–---------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, პ----------------------------, ს/კ 0----------------------, აჩუქა მოპასუხე ლ--–---------–---–ს, რის შემდეგაც იგი აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, განცხადების მიღების ბარათი, ამონაწერი (ს.ფ. 76-77; 80; 84-85)
3.1.11. 2018 წლის 06 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებების დადებამდე ლ--–---------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა და ამჟამადაც ირიცხება უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ---–-------------, ს/კ 0---------------, 19/34 ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 87)
3.1.12. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, ა--------------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ. 86)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 205.77 ლარი და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, არსებობს თითოეულ შემთხვევაში მისი ოთხჯერ შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 484.63 ლარი, ისევე როგორც აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მოთხოვნილი პირგასამტეხლო 48.1 ლარი ასევე შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, არსებობს თითოეულ შემთხვევაში მისი ათჯერ შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხე ა--------------–---–ს შორის 2014 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების №4------ თანახმად, პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობისთვის განისაზღვრა 10 ლარის ოდენობით, საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის - 50 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ს.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო შეადგენდა ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო ვადის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხე ა--------------–---–ის მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო - 205.77 ლარი, ხოლო 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე კი მას ერიცხება პირგასამტეხლო - 1 484.63 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებას შესაბამისად 2 ლარისა და 48.1 ლარის ოდენობით.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე დარიცხულ პირგასამტეხლოს მიიჩნევს არაგონივრულად და ითხოვს მის შემცირებას.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს თითოეულ შემთხვევაში მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, საკრედიტო ბარათის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები თითოეულ შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 205.77 ლარი, ისევე როგორც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, შესაბამისად, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 51 ლარით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო კი ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს 0.50 ლარით.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 484.63 ლარი, ისევე როგორც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 48.1 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს. შესაბამისად, 2016 წლის 27 ივნისის №435--49 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს - 148.50 ლარით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო კი ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 4.81 ლარით.
3.2.2. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის გადახდა - 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3.87 ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე ორივე შემთხვევაში გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, მოპასუხეს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო მითითებული ოდენობით სარგებლის მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია კრედიტით სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკი ამ ნაწილში არ ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის გადახდა - 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3.87 ლარის ოდენობით.
3.2.3. მოპასუხეებს შორის 2018 წლის 06 თებერვალს უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ა--------------–---–მა მის დასთან - მოპასუხე ლ--–---------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, გადააფორმა მოპასუხე ლ--–---------–---–ის სახელზე, რის შემდეგაც ლ--–---------–---–ი აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამასთანავე დადგენილია, რომ ამავე თარიღში მოპასუხეებს შორის კიდევ დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ა--------------–---–მა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, პ----------------------------, ს/კ 0----------------------, გადააფორმა მოპასუხე ლ--–---------–---–ის სახელზე, რის შემდეგაც ლ--–---------–---–ი აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას მისი მოჩვენებითობის საფუძვლით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გაჩუქება მოხდა მოპასუხესთაბ განხორციელებული არაერთი სატელეფონო საუბრისა და მის მიერ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მეორე დღესვე. სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ს.ფ.187) ვერ განიხილება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის რელევანტურ მტკიცებულებად, შესაბამისად სასამართლო მსჯელობს მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე გარიგების მოჩვენებითობის შესაფასებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, კი ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოჩვენებით გარიგება ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად, და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. ამასთან, მისი მიზანი ძირითადად მესამე პირის მოტყუებაა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოჩვენებითი გარიგების დადასტურებისათვის აუცილებელ მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ, ას-862-812-2015). შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგების მტკიცების ტვირთი ზოგადად ეკისრება მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. სუსგ 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დადებულია სწორედ ახლო ნათესავებს - და-ძმას შორის. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მხოლოდ მითითება მოპასუხეთა ნათესაურ კავშირზე, არ არის საკმარისი გარემოება გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ა--------------–---–ის მითითება მათ შორის იმგვარი ახლო ურთიერთობის არსებობაზე, რამაც განაპირობა ორი უძრავი ქონების ჩუქება მოპასუხისთვის თან მაშინ, როდესაც მის საკუთრებაში უძრავი ქონება აღარ ირიცხება, თავადვე ართმევს დამაჯერებლობას მოპასუხე ლ--–---------–---–ის შესაგებლში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსარჩელის მიმართ ა--------------–---–ის შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის მოპასუხეს ორივე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ერიცხებოდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება, შესაბამისად, მისთვის მოსარჩელის მიერ სატელეფონო შეტყობინების განხორციელების ან თუნდაც შეტყობინების გაგზავნის და ჩაბარების გარეშეც ცნობილი იყო დავალიანების არსებობის და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესახებ. მართალია, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ასევე შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ სწორედ რომ მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა ამ ხელშეკრულებების დადებისა იმ დროს, როდესაც ა--------------–---–ს შესასრულებელი ჰქონდა ვადამოსული ვალდებულებები ბანკის წინაშე (იხ, სუსგ, 2013 წლის 1 ივლისის განჩინება, ას-1347-1272-2012). მითუმეტეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ მოპასუხე ა--------------–---–ის სახელზე აღარ ირიცხება რაიმე სახის უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხე ლ--–---------–---–ის სახელზე კი სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც ირიცხებოდა საკუთრების უფლებით უძრავი ქონება.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ის თავისებურებანი, რაც დამახასიათებელია უსასყიდლობის ნიადაგზე წარმოშობილი საკუთრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრების უფლება როგოც წესი, სახეზეა ყველა მისი ნიშანთვისებით, ზოგჯერ იგი ნაკლები მოუდევრობითა და სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის №2/155 გადაწყვეტილება). განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეების მხოლოდ მითითება ლ--–---------–---–ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებაზე, ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხეებს შორის 2018 წლის 06 თებერვალს უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 420-ე, 50-ე, 56-ე, 524-ე, 976-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საკრედიტო ბარათით სარგებლობის და საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ა--------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საკრედიტო ბარათით - ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის და პროცენტის - 120.71 ლარის, ასევე 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 9 616.91 ლარის, პროცენტის - 809.69 ლარის და საკომისიოს - 44.75 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის და საკომისიოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, როგორც უკვე დარიცხული ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება, საკრედიტო ბარათით ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4-ჯერ, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10-ჯერ. შესაბამისად, მოპასუხეს როგორც დარიცხული, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს შორის 2018 წლის 06 თებერვალს უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოდგენდა მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად მიჩნევის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტოს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ამ შეწყდა შემდგომში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ კვლავ მოპასუხე ა--------------–---–ის ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგების ბათილობის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სწორედ ა--------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების დაბრუნებას/აღრიცხვას.
რამდენადაც მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხე ა--------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 2 292.12 ლარი (ს.ფ. 107), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ. 108). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხე ა--------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ (ჯამში ცნო 11 592.06 ლარი), შესაბამისად მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 347.76 ლარი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა. ამასთან, დაკმაყოფილებული და მოპასუხე ა--------------–---–ის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 307.55 ლარის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან გადახდილი სახელწიფო ბაჟი 120 ლარის, ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ.111-114).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე ა--------------–---–ის და ლ--–---------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 1 000 ლარის, პროცენტის - 120.71 ლარის და პირგასამტეხლოს - 51 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით ,,ამერიკან ექსპრესით’’ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.50 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 9 616.91 ლარის, პროცენტის - 809.69 ლარის, პირგასამტეხლოს - 148.50 ლარის და საკომისიოს - 44.75 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4.81 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 27 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3.87 ლარის გადახდა;
7. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 06 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---------------------------------------, შ---------------------–----------, ფართი 180.00 კვ.მ. ს/კ 0------------------.5--, საკუთრების უფლებით აღირიცხოს ა--------------–---–ის სახელზე;
8. მოპასუხე ა--------------–---–ს და ლ--–---------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
9. მოპასუხე ა--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 307.55 ლარის ოდენობით;
10. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 02-03-2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 347.76 ლარი, რომელიც გადახდილია №4110 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი