გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
330210018002281155
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

hსაქმე №2/2918-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სს „სა-------------------------------------–-----ი“

წარმომადგენელი - ლე--------------–-ა

 

მოპასუხე - ხუ-–---------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ირ---–-------–---–ი

 

დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ხუ-–---------–----–------ისათვის მოსარჩელე სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ 4 466,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 23 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ხუ-–---------–----–------მა შეისყიდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 4 466,00 ლარით. ხელშეკრულების №2 დანართით განისაზღვრა პრემიის ოდენობები:

 

Toyota Fortuner, სახელმწიფო ნომერი M------------ – პრემია 812,05 ლარი;

Lexus 470, სახელმწიფო ნომერი X------------ – პრემია 703,42 ლარი;

მიცუბისი L200, სახელმწიფო ნომერი S------------ – პრემია 1020,40 ლარი;

ექსკავატორ დამტვირთველი - სახელმწიფო ნომერი B------------ – პრემია 1930,13 ლარი;

 

დაზღვევის ხელშეკრულება მოქმედებდა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მოპასუხეს 4 466,00 ლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ ხუ-–---------–----–------ის გა----ლის 2017 წლის 07 ივლისის №4-- ბრძანების შესაბამისად ცალმხრივად შეწყდა მხარეთა შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მისი 8.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოცემულობის გამო. აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა მხარეს, რომელსაც ვადაში აქტი არ გაუსაჩივრებია. უფრო მეტიც, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 23 თებერვალს სს „სა-------------------------------------–-----სა“ (მიმწოდებელსა) და ხუ-–---------–----–------ს (შემსყიდველს) შორის გაფორმდა №3- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი მომსახურების აღწერა მოცემული იყო ტექნიკურ პირობებში (დანართი №1), ფასები მოცემული იყო №2 დანართში, ხოლო დაზღვევის პირობები - №3 დანართში. დანართები წარმოადგენდნენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მომსახურება უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი), რაც წარმოადგენდა დაზღვევის პერიოდს (2.3 პუნქტი, №1 დანართი, ტექნიკური პირობები).

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 4 466,00 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 

დაზღვეული ავტომობილის „Toyota Fortuner“-ის (სახელმწიფო ნომერი M------------) საბალანსო ღირებულება განისაზღვრა 20 550,00 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2017 წლის 23 თებერვლის №3- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21, 45-46).

 

3.1.2. №1 დანართის, ტექნიკური პირობების თანახმად, დაზღვეულ რისკებად განისაზღვრა 1 - ავტოკასკო: ავტომობილის გატაცების მცდელობის დაზღვევა (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა); ავტომობილის დაზიანებისა ან განადგურების (სრული დაზიანება) დაზღვევა (ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, თვითაალება, მეხის დაცემა, აფეთქება, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი, რაიმე საგნის დაცემა, სტიქიური უბედურება (მოულოდნელი მოვლენა, სეტყვა, მიწისძვრა), განადგურებად ჩაითვლებოდა ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება მისი საბალანსო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს, ან განადგურებული იქნებოდა ავტომობილის 70%-ზე მეტი. განადგურების შემთხვევაში ანაზღაურდებოდა ავტომობილის საბალანსო ღირებულება სრულად; დამატებითი აღჭურვილობის მინების და სარკეების და ა.შ. ქურდობის დაზღვევა; სადაზღვევო შემთხვევისას ავტოტრანსპორტის ევაკუირების ხარჯი.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება უნდა განხორციელებულიყო შესაბამის სერვის ცენტრში ან/და შემსყიდველთან შეთანხმებულ სერვის ცენტრში.

 

ფასების ცხრილის (დანართი №2) მიხედვით, სადაზღვევო პრემიის საერთო თანხა განისაზღვრა 4 466,00 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2017 წლის 23 თებერვლის №3- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21, 45-46).

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, ყოველთვიურად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

მომსახურება განსახილველ შემთხვევაში გულისხმობდა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით მხარეების შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ფაქტიურად განხორციელებული მომსახურების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2017 წლის 23 თებერვლის №3- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21, 45-46).

მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:20:42 – 17:02:26).

 

3.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების №3 დანართის 3.8 პუნქტით განისაზღვრა პროპორციული ანაზრაურების მეთოდი, რაც გულისხმობდა, რომ თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება აღმოჩნდებოდა სადაზღვევო თანხაზე მეტი, მაშინ ზალარის ანაზღაურება მოხდებოდა დაზღვეული ავტომობილის სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების პროპორციულად, იმგვარად, რომ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდეს იმ პროცენტს რეალური ზარალისა, რამდენიც არის სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

ხელშეკრულების №3 დანართი (ს.ფ. 48-51).

 

3.1.5. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ დამზღვევს პრემია (თუნდაც ნაწილობრივ) დამზღვევს არ გადაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:20:42 – 17:02:26).

 

3.1.6. 2017 წლის 03 აპრილს ხელშეკრულების №1 დანართში მოცემულ ავტოტრანსპორტს “TOYOTA fortuner”-ს, სახელმწიფო ნომერით M------------, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა წინა საქარე მინა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „პრ---------------ის“ აქტის (2017 წლის 08 მაისი) (ს.ფ. 111).

სს „სა-------------------------------------–-----ის“ 2017 წლის 11 მაისის წერილი (ს.ფ. 80).

ხუ-–---------–----–------ის გა------ის 2017 წლის 16 მაისის, 2018 წლის 26 ივნისის წერილები (ს.ფ. 104-105, 101-103).

ხუ-–---------–----–------ის გა------ის 2017 წლის 07 ივლისის ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 56-59).

 

3.1.7. შპს „პრ---------------ის“ აქტის (2017 წლის 08 მაისი) თანახმად დგინდება, რომ ავტოტრანსპორტის “TOYOTA fortuner”-ის, სახელმწიფო ნომერით M------------ წინა საქარე მინის შეკეთების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა ჯამში 1090 ლარი.

 

ავტომანქანის შეფასების აქტის (2017 წლის 05 მაისი) მიხედვით, აღნიშნული ავტომობილის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 36 500,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს „პრ---------------ის“ აქტის (2017 წლის 08 მაისი) (ს.ფ. 111).

ავტომანქანის შეფასების აქტის (2017 წლის 05 მაისი) (ს.ფ. 112).

 

3.1.8. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეეჩერებინა ან შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მონაცემები აღმოჩნდებოდა ყალბი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

2017 წლის 07 ივლისის №4-- ხუ-–---------–----–------ის გა----ლის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ხუ-–---------–----–------სა და სს „სა-------------------------------------–-----ს“ შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №3- ხელშეკრულება და განისაზღვრა თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

 

ბრძანების თანახმად, 2017 წლის 03 აპრილს ხელშეკრულების №1 დანართში მოცემული ავტოტრანსპორტს “TOYOTA fortuner”, სახელმწიფო ნომერით M------------, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა წინა საქარე მინა, რაზედაც მოპასუხის მიერ მყისიერად გატარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც დაფიქსირდა შსს-სა და სადაზღვევო ორგანიზაციაში.

 

2017 წლის 11 მაისს ხუ-–---------–----–------ის გა------აში შევიდა სადაზღვევო კომპანიის წერილი №4------ წერილი, რომელზედაც დართული იყო დეფექტური აქტი და საბაზრო ღირებულების შესახებ დასკვნა. ამ დოკუმენტების ანალიზის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებულ დასკვნებში ასახული მონაცემები შეიცავდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაფასებლად შერჩეული კომპანიის (შპს „პრ---------------ი“) მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში (ავტომანქანის შეფასების აქტი 05/05/2017, ზარალის ოდენობის და ნარჩენი ღირებულების დამდგენი დოკუმენტი 08/05/2017) გამოიკვეთა მთელი რიგი უზუსტობები:

 

ხუ-–---------–----–------ის გა------ის ბალანსზე არსებული ავტომანქანის (TOYOTA fortuner) გამოშვების წელი ხელშეკრულების დანართი №1-ისა და ტექნიკური პასპორტის მიხედვით არის 2011 წლის, ხოლო შპს „პრ---------------ის“ მიერ ავტომანქანის შეფასების აქტში მითითებულია 2013 წელი;

 

ხუ-–---------–----–------ის გა------ის ბალანსზე არსებული ავტომანქანის (TOYOTA fortuner) ტექნიკური პასპორტის მიხედვით საწვავის ტიპია - ბენზინი, ხოლო შპს „პრ---------------ის“ მიერ ავტომანქანის შეფასების აქტში საწვავის ტიპად მითითებულია- დიზელი;

 

ხუ-–---------–----–------ის გა------ის ბალანსზე არსებული ავტომანქანის (TOYOTA fortuner) ტექნიკური პასპორტის მიხედვით ძრავის მოცულობაა - 2,7, ხოლო შპს „პრ---------------ის“ მიერ ავტომანქანის შეფასების აქტში ძრავის მოცულობად მითითებულია 2.5;

 

ხუ-–---------–----–------ის გა------ის ბალანსზე არსებული ავტომანქანის (TOYOTA fortuner) არ გააჩნია პარკინგკონტროლი, ხოლო შპს „პრ---------------ის“ მიერ ავტომანქანის შეფასების აქტში პარკინგკონტროლის გრაფის გასწვრივ აღნიშნულია „+“ (პლიუსი).

 

ხუ-–---------–----–------ის გა------ის ბალანსზე არსებული ავტომანქანის (TOYOTA fortuner) არ გააჩნია სიგნალიზაცია, ხოლო შპს „პრ---------------ის“ მიერ ავტომანქანის შეფასების აქტში სიგნალიზაციის გრაფის გასწვრივ აღნიშნულია „+“ (პლიუსი).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ხუ-–---------–----–------ის გა------ამ დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოცემულობის არსებობა და მიზანშეწონილად მიიჩნია ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა 2017 წლის 22 ივნისიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

2017 წლის 23 თებერვლის №3- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21, 45-46).

2017 წლის 07 ივლისის №4-- ხუ-–---------–----–------ის გა----ლის ბრძანება (ს.ფ. 56-59).

 

3.1.9. გარდა დამზღვევის მიერ მზღვევლისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიყალბისა და უზუსტობის შესახებ გარემოებისა, მხარეთა შორის სადავო გახდა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, კერძოდ, პროპორციული ანაზღაურების მეთოდის გამოყენებით ზიანის განსაზღვრისათვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების ოდენობა.

 

2017 წლის 11 მაისის სადაზღვევო კომპანიის წერილის (ხუ-–---------–----–------ის გა------ის 2017 წლის 08 მაისი წერილის პასუხად) თანახმად, შემსყიდველის მიერ ავტომობილის შეფასებაზე მიყვანის შემდეგ შპს „პრ---------------მა“ მიაწოდა სადაზღვეო კომპანიას დეფექტური აქტი ზარალის ოდენობის მითითებით.

 

წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე შპს „პრ---------------მა“ დაადგინა ავტომობილის საბაზრო ღირებულება და შეადგინა შესაბამისი დასკვნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ავტომობილის სადაზღვევო თანხა ნაკლები იყო მის რეალურ ღირებულებაზე.

 

ავტომობილი (“TOYOTA fortuner”, სახელმწიფო ნომერით M------------) დაზღვეული იყო 20 550,00 ლარად, შპს „პრ---------------ის“ მიერ მიწოდებული დეფექტური აქტის მიხედვით ზარალის ოდენობა განისაზღვრა 1090,00 ლარით, ხოლო ავტომობილის რეალური ღირებულება - 36 500,00 ლარით, შესაბამისად, 56%-იანი პროპორციის გათვალისწინებით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 610,00 ლარი.

 

2017 წლის 16 მაისის ხუ-–---------–----–------ის გა------ის წერილის მიხედვით, სადაზღვევო კომანიის მიერ ავტომობილის ფასის შესაძლო ხელოვნური ზრდის გამო, მოსარჩელეს მოეთხოვა დაზიანებული აქსესუარის ორიგინალით ჩანაცვლება და მიეცა გართხილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 11 მაისის სადაზღვევო კომპანიის წერილი (ს.ფ. 80).

2017 წლის 16 მაისის ხუ-–---------–----–------ის გა------ის წერილი (ს.ფ. 104-105).

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა 2017 წლის 08 მაისს (იხ, 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:45:10-დან).

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების №3 დანართის 3.9.1 და 3.9.2 ქვეპუნქტების თანახმად, დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენდა დაუყოვნებლივ საპატრულო პოლიციისა და სადაზღვევო კომპანიისათვის შემთხვევის შესახებ შეტყობინება.

 

მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 11 მაისის სადაზღვევო კომპანიის წერილი (ხუ-–---------–----–------ის გა------ის 2017 წლის 08 მაისი წერილი), რომლის მიხედვით, თავად სს „სა-------------------------------------–-----ი“ განმარტავს, რომ მისი მხრიდან განხორციელდა დროული რეაგირება, უფრო მეტიც, წერილში განმარტებულია, რომ შემსყიდველის მიერ ავტომობილის შეფასებაზე მიყვანის შემდეგ შპს „პრ---------------მა“ მიაწოდა სადაზღვეო კომპანიას დეფექტური აქტი ზარალის ოდენობის მითითებით.

 

შესაბამისად, უკვე 2017 წლის 08 მაისიათვის მიმწოდებლისათვის ცნობილი იყო არა მხოლოდ ავტომანქანის არა მხოლოდ დაზიანების შესახებ, არამედ დაზღვეული საგნისათვის მიყენებული მიახლოებითი ზარალის ოდენობის შესახებაც.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს არ მიუთითებია სხვა რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მას სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ეცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის №2--- განკარგულებით, რომლითაც სააგენტომ უარი თქვა სს „სა-------------------------------------–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და არც სააგენტოს დაუდგენია შემსყიდველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

შესაბამისად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების დაუყოვნებლივ განუხორციელებლობის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე, 799-ე, 816-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაზღვევის ხელშეკრულების მარეგულირებელი შესაბამისი ნორმების განმარტებისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით, იმსჯელოს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის მართებულობასა და საფუძვლიანობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - ხუ-–---------–----–------ის გა------ის მიერ ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე შემსყიდველის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ; მხარეები ასევე შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესზე - მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, ყოველთვიურად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით და დაზღვევის პერიოდზე, - ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 23 თებერვალი) 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე დაზღვევის ხელშეკრულება, რაც მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.

 

6.2. როგორც აღინიშნა, მხარეები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 6.1 პუნქტით შეთანხმდნენ მომსახურების მიწოდების წესზე, რაც გულისხმობდა, რომ მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, ყოველთვიურად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, ხოლო ანგარიშსწორება განხორცილედებიდა მომსახურების მიღების და შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ (ხელშეკრულების 7.1 პუნქტი).

 

მომსახურება განსახილველ შემთხვევაში გულისხმობდა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია, რომ მნიშვნელობა ენიჭება პრემიის დროულად გადახდას. ეს წარმოადგენს დამზღვევის კანონისმიერ ვალდებულებას, რაც იწვევს მზღვეველის ვალდებულებების წარმოშობას. თუმცა, ნორმის დისპოზიციურობიდან გამომდინარე, მხარეებს შეთანხმებით ვალდებულებების სხვაგვარი გადანაწილებაც შეუძლიათ.

მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეების მიერ მოდიფიცირებული იქნა სსკ-ის 816-ე მუხლით დადგენილი დამზღვევის კანონისმიერი ვალდებულება, რაც გამოიხატა მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების შემდეგ დამზღვევის ანგარიშსწორების (პრემიის გადახდის) ვალდებულებების გადანაწილებით.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებისათვის გამოყენებული ვერ იქნება სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდისა (817-ე მუხლი) და შესაბამისი შედეგის (818-ე მუხლი) მომწესრიგებელი ნორმები, რამდენადაც მხარეები არ შეთანხმებულან პრემიის გადახდის კონკრეტულ ვადასა და წესზე სკ-ის 816-ე მუხლის შესაბამისად, არამედ პრემიის გადახდის დრო დაუკავშირეს სკ-ის 816-ე მუხლთან მიმართებით მოდიფიცირებულ პირობას და სადაზღვევო რისკის შედეგად დამდგარი ზიანის მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.

 

2017 წლის 03 აპრილს დაზღვეულ ავტოტრანსპორტს “TOYOTA fortuner”, სახელმწიფო ნომერით M------------, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა წინა საქარე მინა.

 

როგორც სასამართლომ განმარტა, დასაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების შეთანხმებული წესის დარღვევის ფაქტი საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინება გაკეთებული იყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების №3 დანართის 3.9.1 და 3.9.2 ქვეპუნქტებისა და სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის შესაბამისად.

 

მხარეთა შორის სადავო გახდა დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ ავტომობილთან დაკავშირებით და ამასთან, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, კერძოდ, პროპორციული ანაზღაურების მეთოდის გამოყენებით ზიანის განსაზღვრისათვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების ოდენობა.

 

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი მოცემულობა იმგვარია, რომ სადაზღვევო კომპანიას არ აუნაზღაურებია ხუ-–---------–----–------ის გა------ის მიერ მოთხოვილი ზიანი.

 

2017 წლის 07 ივლისის №4-- ხუ-–---------–----–------ის გა----ლის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ხუ-–---------–----–------სა და სს „სა-------------------------------------–-----ს“ შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხელშეკრულების 8.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოცემულობაზე მითითებით.

 

დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის სპეციალურ საფუძვლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ცალკე არ ითვალისწინებს (ისე როგორც, მაგალითად, მზღვეველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას პრემიის გადაუხდელობისას, სკ-ის 817-ე, 818-ე მუხლები). დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების შემოწმება უნდა მოხდეს 3-2-ე, 399-ე, 405-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

დამზღვევმა ხელშეკრულება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ მზღვეველმა მიაწოდა მას ყალბი ინფორმაცია. სიყალბე სამართლებრივ სივრცეში მხოლოდ არაზუსტი ინფორმაციის გაცემას ან მიწოდებას არ გულისხმობს და გამოიხატება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაყალბების ფაქტის დადასტურებითა და აღიარებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შესაბამისად.

 

მოპასუხის წარმოამდგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხუ-–---------–----–------ის გა------ამ მიმართა პროკურატურას გაყალბების ფაქტზე მითითებით (იხ, 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:3-:44), თუმცა მოპასუხე მხარის წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ისევე როგორც გაყალბების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რამდენადაც დამზღვევმა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მზღვეველის მიერ ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით დადასტურებული არ ყოფილა, შემყიდველი არ იყო უფლებამოსილი ხელშეკრულების აღნიშნულ პირობაზე მითითებით შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დამატებით ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლზე. სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 815-ე მუხლები ადგენს დამზღვევის ვალდებულებას სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როცა დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო, დამზღვევი გადის ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში, მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის შესატანი, რომელიც შეესაბამებოდა ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილი იცავს როგორც დამზღვევის, ასევე მზღვეველის ინტერესს. დაზღვევის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. სადაზღვევო მომსახურების არსი მზღვეველის მიერ სადაზღვევო რისკის ტარებით გამოიხატება. მართალია, დამზღვევი პრემიას იმიტომ იხდის, რომ დაზღვეული ობიექტის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება მიიღოს, მაგრამ მისი ვალდებულების შესრულება სადაზღვევო რისკის რეალიზაციით არ განისაზღვრება. შესაძლებელია სადაზღვევო პერიოდი სადაზღვევო რისკის რეალიზაციის გარეშეც ამოიწუროს. შესაბამისად, თუ დამზღვევს დაეკარგა ინტერესი ხელშეკრულების მიმართ, მას ეკისრება მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი პრემიის გადახდა. მომსახურების შესაბამის ანაზღაურებაში კანონმდებელი გულისხმობს იმ ხარჯებს, რაც მზღვეველმა გაიღო დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

 

იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევდით, რომ დამზღვევს დაეკარგებოდა ინტერესი და გავიდოდა ხელშეკრულებიდან, მას დაეკისრებოდა მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი პრემიის გადახდა; თუმცა, მოცემულ ვითარებაში, ასეთ შემთხვევაშიც კი რამდენადაც მზღვეველს არ აუნაზღაურებია სადაზღვეო რისკით დამდგარი ზიანი, თუმდაც ნაწილობრივ და მზღვეველს რაიმე ხარჯი არ გაუღია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისად, მზღვევლს ვერ წარმოეშობოდა მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სკ-ის 799-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა ვალდებულებები გადანაწილებული იქნა სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის მოდიფიცირებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რასაც ადგილი ჰქონდა კიდეც ფაქტობრივად) შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მზღვეველის ვალდებულება წინ უსწრებდა დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვალდებულებას. კანონისმიერი მოთხოვნის მოდიფიცირების შედეგად დაზღვევის ხელშეკრულბის ორმხრივად მავალდებულებელი ხასიათი გამოიხატება, ერთი მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის მზღვეველის მიერ ანაზღაურების ვალდებულებით და მეორე მხრივ, დამზღვევის ვალდებულებით სადაზღვევო პრემიის შეთანხმებული პირობებით გადახდით, ზიანის ანაზღაურების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ მზღვეველს არ აუნაზღაურებია სადაზღვევო შემთხვევით დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის დისპოზიცია ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთს განსხვავებულად ანაწილებს. ზოგადი წესის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება და ვადამოსული ვალდებულების არსებობა, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან გარემოებები, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს გამორიცხავს. შესრულების გადადებაზე უფლებამოსილი სუბიექტი „მოვალედ“ არის კანონმდებლის მიერ სახელდებული, ხოლო ვის მიმართაც მას აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოვალეობა ეკისრება – „კრედიტორად“.

 

ნორმა არეგულირებს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას. უფრო მეტიც, ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცევა არა ყველა ორმხრივი ხელშეკრულება, არამედ სრულყოფილად ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებები (ორმხრივი სინალაგმატური ხელშეკრულებები), რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმა აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ხელშეკრულება ორივე მხარისთვის წარმოშობს ვალდებულებებს, რომლის დროსაც შესრულება და საპირისპირო შესრულება ურთიერთდამოკიდებულია. ვალდებულება კი იმიტომ სრულდება, რომ საპასუხო შესრულება იქნეს მიღებული. ასეთ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება დაზღვევის ხელშეკრულებაც, განახილველ შემთხვევაში არსებული მოდიფიცირებული პირბითაც. ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებებზე ნორმის გავრცელებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებებში საპირისპირო ვალდებულებების სამართლებრივი ბედი ერთმანეთზეა დამოკიდებული.

 

ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა, ანიჭებს დამზღვევს შემხვედრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებამოსილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი დისპოზიციური ხასიათისაა. იგი მოვალეს საპასუხო შესრულების განხორციელებამდე თავისი ვალდებულების შესრულების გადადების უფლებას ანიჭებს. თუმცა, თუ მოვალის ინტერესი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დროული დასრულებაა, იგი ამ უფლებით არ ისარგებლებს. ასეთ შემთხვევაში, მოვალე უფლებამოსილია, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (სკ-ის 3-2-ე და 405-ე მუხლები) ან, გრძელვადიანი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის პირობებში, შეწყვიტოს ხელშეკრულება და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს (სკ-ის 399-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: უნდა არსებობდეს ნამდვილი, მოქმედი, ორმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების ნამდვილობა სადავო არ უნდა იყოს; ორმხრივი ხელშეკრულება უნდა იყოს სინალაგმატური, ანუ ორმხრივად მავალდებულებელი; ნორმის გამოყენების მიზნებისათვის საკმარისია ასევე „კრედიტორის“ მიერ ნაწილობრივი შეუსრულებლობა (მიუხედავად იმისა, საპასუხო მოქმედების განხორციელება კრედიტორის პირველად (ძირითადი ვალდებულების შესრულება), მეორად (ზიანის ანაზღაურება), თუ დამატებით (ფასის შემცირება, ნაკლის გამოსწორება, საგნის შეცვლა, და ა.შ.) ვალდებულებას წარმოადგენს), ასევე არაჯეროვანი შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული ნამდვილი, ორმხრივი სინალაგმატური ხელშეკრულება, ამასთან, დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის (2017 წლის 03 აპრილი) ხელშეკრულება იყო მოქმედი (2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით); ხოლო მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი დამზღვევისათვის არ აუნაზღაურებია.

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ ვალდებულებები უნდა იყოს შესასრულებლად შემხვედრი, რაც გულისხმობს ერთ-ერთი მხარის მიერ თავისი ვალდებულების შესრულებას, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მეორე მხარის მიერ მისი ვალდებულების შესრულებით არის განპირობებული. შესრულება ჯერ ერთმა მხარემ უნდა განახორციელოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესრულებაზე ვალდებული მეორე მხარე. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულებათა ამგვარ გადანაწილებას დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები განაპირობებს.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა და მზღვეველის მიერ ურთიერთობის მომწესრიგებელი მექანიზმების გამოყენების გათვალისწინებით, დამზღვევი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო კომპანიისათვის პრემიის ანაზღაურებაზე.

 

სასამამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსისი 369-ე მუხლით განსაზღვრული დისპოზიციის ფარგლებში შესრულებაზე უარის თქმის უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნას გამოყენებული. ნორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაჯეროვანი (ნაწილობრივი) შესრულების შემთხვევაშიც. თუმცა, უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე, შესრულების დაყოვნების უფლების გამოყენება შეიძლება არამიზანშეწონილი იყოს მაშინ, როდესაც ნაწილობრივი შესრულების პირობებში, დარჩენილია შესასრულებელი ვალდებულების მხოლოდ მცირე ნაწილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო კომპანიისათვის პრემიის გადახდაზე, რაც სასარჩელო მოთხოვნას აცლის სამართლებრივ საფუძველს და გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითველბა ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „სა-------------------------------------–-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე