გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/827 -16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.11.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჩხაბერიძე
მოსარჩელე - იური ლ--–---ს უფლებამონაცვლე მ-----ა ლ--–--ე
წარმომადგენელი - ზაზა ქა------ე
მოპასუხე - ე-–-----ი ლ--–--ე
დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეზე, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის, მკურნალობის ხარჯის 2829.32 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეზე, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურეობისათვის გადახდილი 500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის აგვისტოში, ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში ე-–-----ი ლ--–--ე მივიდა იური ლ--–---ს საცხოვრებელ სახლში სადაც შელაპარაკება მოუვიდათ და ე-–-----ი ლ--–--ემ ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმით იური ლ--–--ეს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ცემის შედეგად იური ლ--–--ემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა, ქვედა კიდურების ტრამვული დაზიანება და მოტეხილობები.
აღნიშნული დანაშაულის გამო ე-–----- ლ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსს კოდექსის 118-ე მუხლით.
საავადმყოფოში მკურნალობამ და შემდგომმა რეაბილიტაციის ხარჯმა შეადგინა 2892.32 ლარი. გარდა ამისა, იური ლ--–--ემ სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობისთვის გადაიხადა 500 ლარი.
იური ლ--–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 09 ოქტომბერს და სამკვიდრო მიიღო მისმა დამ მარიანა შოთას ასულმა ლ--–--ემ 2017 წლის 11 აპრილს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ -1715 ლარის ნაწილში სცნო. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
სასამართლო სხდომაზე ე-–-----ი ლ--–--ემ განმარტა, რომ სარჩელი 1114.32 ლარის მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელ ჩეკებს არ ახლავს ინვოისი. ასევე სამედიცინო ფორმა 100-ში, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის გარდა, არ არის მითითებული სხვა სამკურნალო რეკომენდაცია.
მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობისათვის გადახდილი 500 ლარის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ე-–-----ი ლ--–--ე იური ლ--–---ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ სსს კოდექსის 118-ე მუხლით.
მტკიცებულება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენი. (ტ.1.იხ.ს.ფ.12-15).
3.1.2. დადგენილია, რომ ე-–-----ი ლ--–---ს მიერ ცემის შედეგად იური ლ--–--ემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა, ქვედა კიდურების ტრამვული დაზიანება და მოტეხილობები. მარცხენა ლატერალური ლოჯის მოტეხილობა. მარცხენა ტერფის ცერა თითის მოტეხილობა.
მტკიცებულება:
ჯანმრთელობის ცნობა. ფორმა N IV -100/ა (ტ.1.იხ.ს.ფ.16).
3.1.3.დადგენილია, რომ იური ლ--–---ს გადაუდებელი ამბულატორიული დახმარებისათვის სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ გადახდილია 1715.03 ლარი.
მტკიცებულება:
შემოსავლის ორდერი; ჩეკი; (ტ.1.იხ.ს.ფ.19).
3.1.4. დადგენილია, რომ იური ლ--–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 09 ოქტომბერს და მისი დანაშთი სამკვიდრო (აქტივები, პასივები) სრულად მიიღო მისმა დამ მარიანა შოთას ასულმა ლ--–--ემ 2017 წლის 11 აპრილს.
მტკიცებულება: - (ტ.1.იხ.ს.ფ.63-64);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ შავლეგ ლ--–--ემ კს საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორების სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 500 (ხუთასი) ლარი.
მტკიცებულება: (ტ.1. იხ. ს.ფ. 26).
3.2.2. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, იური ლ--–---ს საავადმყოფოში მკურნალობამ და შემდგომმა რეაბილიტაციამ შეადგინა 2892.32 ლარი.
მტკიცებულება: სარჩელი; მოსარჩელის ახსნა-განმარტება; მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი ჩეკი (ტ.1. იხ. ს.ფ. 17-19).
3.2.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ მოთხოვნის ნაწილში 1715.00 ლარი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2.4. ამასთან სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხემ სხეულის დაზიანებით მიაყენა ზიანი, ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე მართალია შესაგებელში ადასტურებს იური ლ--–---ს მიმართ ზიანის მიყენების ფაქტს, თუმცა გამორიცხავენ ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობას. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა განაჩენი და მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზიანი არ მიუყენებია საკმარისი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე-–-----ი ლ--–---ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 500 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხე ე-–-----ი ლ--–---ს მიერ დანაშაულებრივი (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებით მოსარჩელისათვის სხეულის დაზიანებით ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. დანაშაული დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის მტკიცებას, რომ იური ლ--–--ეს ზიანი მიადგა მიადგა მოწინააღმდეგე მხარის ქმედებით.
სამოქალაქო კოდექსის 992ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“. სადავო არაა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ე-–-----ი ლ--–--ე იური ლ--–---ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ სსს კოდექსის 118-ე მუხლით.
წინამდებარე შემთხვევაში სრულადაა დადასტურებული სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელი გარემოებები: კერძოდ - ზიანის არსებობის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ იმ დაზიანებების გამო, რომელიც ე-–-----ი ლ--–---ს ქმედებამ გამოიწვია, იური ლ--–--ე რეაბილიტაციისათვის საჭიროებდა სხვადასახვა მედიკამენტებით მკურნალობას.
ამდენად, მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებებიდან გამოწვეული ხარჯები სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ წარმოდგენილი მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შეადგენს 2268. 36 ლარს.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
6.3. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეზე, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურეობისათვის გადახდილი 500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იური ლ--–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 09 ოქტომბერს და მისი დანაშთი სამკვიდრო (აქტივები, პასივები) სრულად მიიღო მისმა დამ მარიანა შოთას ასულმა ლ--–--ემ 2017 წლის 11 აპრილს.
დადგენილია, რომ მარიანა შოთას ასულმა ლ--–--ემ 2016 წლის 13 ოქტომბერს ზაზა ქა------ის სახელზე გასცა მინდობილობა საერთო სასამართლოებში მიმნდობის სახელით საქმის წარმოების უფლებით.
საქმეში წარმოდგენილია 14.08. 2015 წელს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დადგენილია, რომ შავლეგ ლ--–--ემ კს საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორების სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 500 (ხუთასი) ლარი. დანიშნულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს საადვოკატო მომსახურების საფასურს, თუმცა მითითებული არ არის ვის სასარგებლოდ შესრულდა გადახდა. (ტ.1. იხ. ს.ფ. 26).
ასევე დადგენილია, რომ შავლეგ ლ--–--ეს იური ლ--–---ს სამკვიდრო არ მიუღია და ასევე მინდობილობა არ გაუცია ზაზა ქა------ის სახელზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით წარმოადგინა პირმა, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სსს კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
სსს კოდექსის მუხლი 276-ე მუხლით - სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2268.96 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
7.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გათავისუფლებულია სახ, ბაჟის გადახდისაგან.
სსს კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
სარჩელი დაკმაყოფილდა 2268.96 ლარის ნაწილში, რომლის 3% შეადგენს 68.07 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე ცნო 1715.00 ლარის ნაწილში, რომლის 3% შეადგენს 51.45 ლარს, სარჩელი არ ცნო 553.96 ლარის ნაწილში, რომლის 3% შეადგენს 16.62 ლარს, რომელიც სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ე-–-----ი ლ--–--ეს.
მოსარჩელის გარდაცვალების გამო, სარჩელი დაზუსტდა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 90.00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 300183150. საგადასახადო დავალება N 5113456417. 6 მაისი 2016 წელი. გადამხდელი ი/მ ზაზა ქა------ე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს იური ლ--–---ს უფლებამონაცვლე მარიანა ლ--–---ს სარჩელი.
2. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2268.00 ლარის გადახდა.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. მოპასუხე ე-–-----ი ლ--–--ეს - სახელმწიფო ბაჟის სახით სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 16.62 ლარი.
5. მოსარჩელეს 90 ლარი დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 300183150. საგადასახადო დავალება N 5113456417. 6 მაისი 2016 წელი. გადამხდელი ი/მ ზაზა ქა------ე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე