გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
010210017001850558
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001850558

საქმე №2-799/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ფ--------------

წარმომადგენელი ს---------------–---

მოპასუხე სს “მ------------ი”

წარმომადგენელი ი-----–------–----------------

დავის საგანი სახელფასო დავალიანების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს “მ------------ს” ფ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 13 043,45 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

1.2. სს “მ------------ს” ფ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 922,7 ლარს.

1.3. სს “მ-------------ს” ფ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით იძულებითი მოცდენისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენლები სარჩელს არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 23 მარტს ფ--------------ს და სს “მ------------ს” შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ფ-------------- მიღებული იქნა სს „მ------------ში“ არქიტექტორის თანამდებობაზე.

 

შრომითი ხელშეკრულების თანახმად ფ--------------ს შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 6000 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომითი ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „მ------------ის“ მიერ სისტემატურად ხდებოდა ყოველთვიური ხელფასის დაგვიანებით ჩარიცხვა, ამასთან ხელფასის ჩარიცხვა ხდებოდა ნაწილ-ნაწილ, ხოლო ბოლო თვეებში ხელფასი ფ--------------ს ერიცხებოდა ან ნაკლები ოდენობით ან საერთოდ აღარ ერიცხებოდა, რის გამოც ფ--------------მ 2016 წლის 3 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორებს ელექტრონული წერილით აცნობა მისი სამუშაოდან წასვლის თაობაზე და მოითხოვა დარჩენილი ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სს „ტერაბანკის“ ამონაწერი ფ--------------ს პირადი აგარიშიდან.

- ფ--------------ს წერილი.

 

3.2.3. დადგენილია, რომ ფ-------------- არის თურქეთის მოქალაქე, მას საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და მას სს „მ------------ში“ მუშაობის პერიოდში ნაქირავები ქონდა საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში, რისთვისაც ყოველთვიურად იხდიდა 400 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქირავნობის ხელშეკრულება.

- მინდობილობა.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ფ--------------მ სს „მ------------ში“ არქიტექტორის პოზიციაზე იმუშავა 2016 წლის 23 მარტიდან 2016 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, სულ 8 თვისა და 11 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მისი ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 50200 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ პერიოდში ფ--------------ს ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს ნაწილ-ნაწილ 37 156, 55 ლარი. შესაბამისად ხელფასის სახით მისაღები გარჩენილი დავალიანება შეადგენს 13 043,45 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სს „ტერაბანკის“ ამონაწერი ფ--------------ს პირადი აგარიშიდან. 30.03.2016წ. – 07.12.2016წ.

- სს „მ------------ის“ საბუღალტრო გატარებების ამსახველი დოკუმენტი.

- ცნობა სს „ზირაანთ ბანკიდან“

- სს „ტერაბანკის“ ამონაწერი. 01.01.2017წ. – 11.09.2018წ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ ფ--------------ს სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სს „მეტრო-მეფს“ დაეკისროს ფ--------------ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 13043,45 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 13043,45 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 10 დეკემბრიდან დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე. ფ--------------ს უარი ეთქვას მოპასუხე სს „მ------------ზე“ იძულებითი მოცდენისათვის 6000 ლარის დაკისრებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს შრომის კოდექსით, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 404-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-3 ნაწილით:”ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით ასევე აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.

 

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

 

6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 მარტს ფ--------------ს და სს “მ------------ს“ შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ფ-------------- მიღებული იქნა სს „მ------------ში“ არქიტექტორის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხდნენ ანაზღაურების პირობებზე, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1 პუნქტში მითითებულია, რომ ,,დასაქმებული გაწეული სამუშაოსათვის ყოველთვიურად მიიღებს ხელფასს 6000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)“.

 

დადგენილია, რომ სს „მ------------ის“ მიერ სისტემატურად ხდებოდა ხელფასის დაგვიანებით ჩარიცხვა, ამასთან ხელფასის ჩარიცხვა ხდებოდა ნაწილ-ნაწილ, ხოლო ბოლო თვეებში ხელფასი ფ--------------ს ერიცხებოდა ან ნაკლები ოდენობით ან საერთოდ აღარ ერიცხებოდა, რის გამოც ფ--------------მ 2016 წლის 3 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორებს ელექტრონული წერილით აცნობა მისი სამუშაოდან წასვლის თაობაზე. შესაბამისად სადაო არ არის ის გარემოება, რომ ფ--------------სთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 03 დეკემბრიდან.

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ--------------მ სს „მ------------ში“ არქიტექტორის პოზიციაზე იმუშავა 2016 წლის 23 მარტიდან 2016 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, სულ 8 თვისა და 11 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მისი ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 50 200 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ პერიოდში ფ--------------ს ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 37 156, 55 ლარი. შესაბამისად ხელფასის სახით მისაღები გარჩენილი დავალიანება შეადგენს 13 043,45 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 34 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 07 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილით კი იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კანონის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კანონის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე დამსაქმებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მის მიერ დასაქმებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის მთლიანი მოცულობით აუნაზღაუროს მას მის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც სს „მ------------ის“ მხრიდან არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კი კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ--------------ს სარჩელი დარჩენილი სახელფასო დავალიანების და აღნიშნული დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არის საფუძვლიანი და არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სს „მ------------ს“ უნდა დაეკისროს ფ--------------ს სასარგებლოდ დარჩენილი ხელფასის ანაზღაურება 13043,45 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 13043,45 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 03 დეკემბრიდან დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

 

6.6. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე იძულებით მოცდენისათვის 6000 ლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 6000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს როგორც ზიანის ანაზღაურების საფასურს და ამ ნაწილში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 32 მუხლზე, სასამართლო კი განმარტავს, რომ ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად იძულებითი მოცდენისათვის შრომის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, დასაქმებულს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეული იქნებოდა დამსაქმებლის ბრალით. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა თავად მოსარჩელე ფ--------------ს მოთხოვნით და მხარეთა შორის შეთანხმებით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 395-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით კი იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლების თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ დარღვეულია მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება და შესაბამისად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

იმისათვის, რათა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომად მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. ფაქტობრივად დამდგარი ზიანი კი თავის მხრივ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების მართლსაწინააღმდეგო დარღვევის შედეგია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით.

 

ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ბრალეული ქმედებით დამდგარი ზიანის ფაქტი, ასევე არ დგინდება მოპასუხის მოქმედებას და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით დამატებით 6000 ლარის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის შესაბამისად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელი ექცევა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში, რადგან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ მისი მეშვეობით კანონმდებელი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების შესაძლებლობას, როდესაც იგი სადავოდ ხდიან შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ 491 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ფ--------------ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. სს „მ------------ს“ დაეკისროს ფ--------------ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 13043,45 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 13043,45 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 10 დეკემბრიდან დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

1.2. ფ--------------ის უარი ეთქვას იძულებით მოცდენის გამო მოპასუხეზე 6000 ლარის დაკისრებაზე.

 

2. სს „მ------------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 491 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე