გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1207-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ზ---- ა------------ე;
წარმომადგენელი - დ----- ბ------ე;
წარმომადგენელი - დ----- დ---–--ე;
მოპასუხე - მ--- ა------------ე;
წარმომადგენელი - შ------- ს------–---;
მოპასუხე - ს--–---- ა------------ე;
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოსარჩელე ზ---- ა------------ე მესაკუთრედ იქნეს ცნობილი ც---–- ჭ-------–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ.მ---------ის ქუჩა N9, ბინა N82, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულებით (N----, 06/08/1996) ეკუთვნის ც---–- შ---------ეს. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა ც---–- ჭ-------–ი-შ---------ე, რომელმაც სიცოცხლეში დაწერა შინაურული ანდერძი, სადაც გარკვევით და ნათლად გამოხატა მისი ნება, რომ მისი საცხოვრებელი ბინა გარდაცვალების შემთხვევაში დარჩეს მის შვილიშვილს - ზ---- ა------------ეს. ანდერძი გამოკვლეული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიერ და დასკვნით დადგენილია, რომ ნამდვილად ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ არის შესრულებული შინაურული ანდერძი. აღნიშნული ანდერძი წარდგენილი იქნა ნოტარიუს ა------ ჯ---------ისათვის, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს გაცემაზე, რადგან მის გარდა განაცხადი სამკვიდროს მიღებაზე წარდგენილი აქვს მის დებს - მ--- ა------------ეს და ს--–---- ა------------ეს და შეუძლია მიიღოს სამკვიდროდან წილი მხოლოდ როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, რაც არასწორია, რადგან მამკვიდრებელმა მას უანდერძა თავისი ქონება, ხოლო სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება პირველი რიგის მემკვიდრეების გარდა სხვა მემკვიდრეებს არა აქვთ. აღნიშნულის გამო ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ს--–---- ა------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ ქონება რომელზედაც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას ნამდვილად არის მისი ბებიის - ც---–- ჭ-------–ის საკუთრება და ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სახლი უნდა გამხდარიყო ზ----ს საკუთრება და ეს ოჯახის ყველა წევრისთვის იყო ცნობილი. რადგან ანდერძი სანოტარო ბიუროში არ იყო დარეგისტრირებული და ნოტარიუსმა უარი განაცხადა ბინის გადაცემაზე, სწორედ ამიტომ დაწერა ნოტარიუსთან განცხადება წილის მიღებაზე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი თანახმაა სამკვიდრო ქონება გახდეს მისი ძმის - ზ---- ა------------ის საკუთრება, რადგან ბებიის ნამდვილი ნება იყო ეს და მასზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2.2. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე მ--- ა------------ე. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ,,ანდერძი“ წარმოადგენს გაურკვეველი შინაარსის წერილს, რომელზედაც არაა ხელმოწერა. ითხოვს არ მოხდეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მარტო ზ---- ა------------ის მესაკუთრედ ცნობა, რადგან ის არ არის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82, აღრიცხულია ც---–- შ---------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დახასიათება (ს.ფ. 24).
- 2017 წლის 16 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ს.ფ. 25).
3.1.2. ც---–- შ---------ე 1971 წლის 19 იანვარს დაქორწინდა პ------–------ ჭ-------–ზე და ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი: ჭ-------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 166)
3.1.3. საჯარო რეესტრის ცნობა დახასიათება N T----------- (გაცემის თარიღი: 2017 წლის 13 მარტი) გაცემული ც---–- შ---------ის სახელზე, ეკუთვნის 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ს.
3.1.4. ც---–- ჭ-------–ის შვილი იყო გ-------–ი ა------------ე, რომელიც გარდაიცვალა 14.03.2006 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- გ-------– ა------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 26).
3.1.5. ზ---- ა------------ე, მ--- ა------------ე და ს--–---- ა------------ე წარმოადგენენ ც---–- ჭ-------–ის შვილიშვილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- ზ---- ა------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 13).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- ქ.ქუთაისი, გ.მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ანდერძის საფუძველზე ცნობილი იქნეს თუ არა ზ---- ა------------ე.
- არის თუ არა ც---–- ჭ-------–ის სახელით შედგენილი 07.22. 2016 წლის წერილი ანდერძი, რომლითაც ამ უკანასკნელმა გამოხატა მისი ნება.
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ზ---- ა------------ეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი წერილი არის ანდერძი და შედგენილია ც---–- ჭ-------–ის მიერ. ასეთი ფაქტების არარსებობას მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი ც---–- ჭ-------–ის 07.22. 2016 წლის წერილი შეიცავს შემდეგი სახის ტექსტს: ,,მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე რომელიც შევიქენი დავწერე წერილი, რომელიც ეხება ჩემს შვილიშვილი ზ---- ა------------ე გ-------–ის ძეს, ჩემი პირადი ქონება მოძრავი და უძრავი გადაეცეს ჩემი სიკვდილის შემდეგ. ეს არის ბიჭი ჩემი შვილის ობლად გავზარდე. ჩემს მეზობლებს უბარებ ყველამ დაუდექით ზ----ს. ბინა არ გაიყიდება, ჩემს ზ----ს ექნება ფული შეტანილი თავრობაში სამზე განაწილდეს შვილიშვილზე. მიხედე ოჯახს ზ----. გასასვენებელი ფული გაქვს, არაფერი არ დამაკლო, აბა შენ იცი ზ---- ვაჟკაცურად მოიქეცი, ბინა ბანკში არ ჩადო ეს არის ჩემი თხოვნა. შენი ბებია გამზრდელი არ შეარცხვინო შვიდობით გტოვებ. ერთმანეთს მიხედეთ სამივემ, მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის. ჭ-------–ი ც---–- შ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.22. 2016 წლის ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ხელნაწერი (ს.ფ. 16).
3.2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“......... „მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 17-21).
3.2.6. მოპასუხე მ--- ა------------ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ანდერძად, როგორც ეს მოცემულია 2017 წლის 06 აპრილის N0-------- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში, ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ არც ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა და არც აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულებები წარმოადგინა.
იხ. სხდომის ოქმი.
3.2.7. ზ---- ა------------ეს 2017 წლის 28 აპრილს ნოტარიუს ა------ ჯ---------ემ მისი განცხადების პასუხად აცნობა შემდეგი: „თქვენს მიერ წარმოდგენილ ანდერძად წოდებულ დოკუმენტის შინაარსი და გაურკვეველი კალიგრაფია ჩემთვის წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ დოკუმენტის შედგენისას დოკუმენტის შემდგენს (მამკვიდრებელს 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ს პირადი N6----------) შეეძლო გონივრულად განესაჯა საკუთარი მოქმედებები და ნათლად და დამოუკიდებლად გამოეხატა თავისი ნება ე.ი. შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული პირი - მამკვიდრებელი ც---–- ჭ-------–ი ყოფილიყო მოანდერძე (შინაარსით და გაურკვეველი კალიგრაფიის გათვალისწინებით)“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 აპრილის ნოტარიუს ა------ ჯ---------ის განცხადების პასუხი (ს.ფ. 23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე ზ---- ა------------ე მესაკუთრედ იქნეს ცნობილი ც---–- ჭ-------–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ.მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულებით ეკუთვნის ც---–- შ---------ეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც---–- ჭ-------–ის გარდაცვალებით, 2016 წლის 23 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილიშვილები - ზ---- ა------------ე, მ--- ა------------ე და ს--–---- ა------------ე. 2016 წელს შედგენილი ანდერძის შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეა ზ---- ა------------ე.
დადგენილია ასევე, რომ ც---–- ჭ-------–ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ.მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის მიხედვით ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
ამავე კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი,რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება, ხოლო 1346-ე მუხლის თანახმად ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“ ... მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.
განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მამკვიდრებელს აქვს მემკვიდრის თავისუფლად არჩევის უფლება. მას შეუძლია გარდაცვალების შემთხვევისათვის თავისი ქონება დაუტოვოს არა მხოლოდ მემკვიდრეთა წრიდან რომელიმეს, არამედ გარეშე პირებსაც.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1362-ე მუხლის თანახმად, ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მართალია სადავო ანდერძი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, თუმცა სრულად გამოხატავს აწ. გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ნებას, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონების მოსარჩელისათვის დატოვების შესახებ. მოცემულ დავაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, სწორედ მოანდერძის ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენაა.
მოანდერძე ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ნების გამოვლენას უძრავ ქონებასთან მიმართებაში მოსარჩელის სასარგებლოდ ადასტურებენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: გულნარა ფიჩხაძე და რუსუდან გველესიანი, რომლებიც არიან მეზობლები.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ანდერძი არ არის შედგენილი ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის მიერ, რადგან იგი ანდერძის შედგენის მომენტისათვის იყო მძიმედ ავად, რაც არ მისცემდა მას საშუალებას შეედგინა სადავო ანდერძი, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლივად გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მოანდერძე ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ნება უტყუარია. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების - საკუთარი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით აწ. გარდაცვლილის ნების დადგენა წარმოადგენს მოცემული დავის მთავარ გამოსაკვლევ ფაქტს, რადგან ანდერძი არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოანდერძის ნებას. სარჩელზე წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებმა, დაადასტურა მოანდერძის ნება, სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პრიველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსისი 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები ვალდებული არიან დაამტკიცონ გარემოებები, რომელზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მასვე აკისრია, მის მიერ კი რაიმე სახის მტკიცებულებანი მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, წარმოდგენილი არ ყოფილა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ს--–---- ა------------ემ სარჩელი ცნო მთლიანად და განმარტა, რომ ოჯახში ყველამ იცოდა, რომ უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის შვილიშვილს - ზ---- ა------------ეს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მ--- ა------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ს--–---- ა------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მან მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეების - ს--–---- ა------------ის (პ/ნ 6----------) და მ--- ა------------ის (პ/ნ 6----------) მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისა და საჯარო რეესტრში ც---–- შ---------ის დანაშთი ქონების დარეგისტრირების შემთხვევაში აეკრძალოთ მოპასუხეებს - ს--–---- ა------------ეს (პ/ნ 6----------) და მ--- ა------------ეს (პ/ნ 6----------) უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა და იჯარით გაცემა, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ. მ---------ის ქ. #9/82-ში (ს/კ 0-----------).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ---- ა------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოსარჩელე ზ---- ა------------ე მესაკუთრედ იქნეს ცნობილი ც---–- ჭ-------–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ.მ---------ის ქუჩა N9, ბინა N82, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულებით (N----, 06/08/1996) ეკუთვნის ც---–- შ---------ეს.
1.2. მოპასუხე მ--- ა------------ეს მოსარჩელე ზ---- ა------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
1.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა