გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210016001532040
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30698-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - მარი კირვალიძე

მოსარჩელე - ხ---------------

წარმომადგენლები - ხ-----------–---, ნ-------–---

მოპასუხეები - ვ----–------–----–---–ი, ი--------------

წარმომადგნელი - მ----------ი/ვ----–------–----–---–ის

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი ტომი 1, ს.ფ. 1-15; ტომი 3, ს.ფ. 1-17):

1.1.1. მას და მის ყოფილ მეგობარს, ი--------------ს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება თვეში 5% სარგებლის გადახდის პირობით, რომლის თანახმადაც მან საკუთარი პასუხისმგებლობით ახლობლებისგან ისესხა 10 600 დოლარი პროცენტული დანარიცხების გადახდის პირობით;

1.1.2. თავდაპირველად მოვალე ი-------------- იხდიდა პროცენტებს, მაგრამ მან მალევე განაცხადა უარი თანხის გადახდაზე;

1.1.3. საბოლოო ჯამში ვალის ოდენობა შეადგენს: ძირითადი თანხა - 10 600 დოლარი, ნამატი პროცენტული ანარიცხი შეღავათების გათვალისწინებით - 3 929 დოლარი;

1.1.4. იგი იძულებული გახდა როგორც შუამავალს, თვითონ გადაეხადა ვალი დარიცხული პროცენტებით, რისთვისაც 2014 წლის 14 აპრილს იპოთეკით დატვირთა დედამისის - მ-----------–--ს უძრავი ქონება;

1.1.5. ი--------------მ აღიარა 10 600 დოლარის, თავისი დარიცხული პროცენტებით, ვალის არსებობა და ამავე დროს გამოთქვა მზაობა თანხის დაბრუნებაზე, თუმცა დანაპირები არ შეასრულა;

1.1.6. ი--------------სთან მიმდინარე დავისას მას სამართლებრივ დახმარებას უწევდა მოპასუხე ვ----–------–----–---–ი. მათ შორის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 14 აგვისტოს;

1.1.7. ვ----–------–----–---–ი მოქმედებდა ი--------------სთან შეთანხმებით მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ;

1.1.8. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ყადაღა დაედო ი--------------ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–ი დ------ი, ვ--------------ის ქ. №1-, ბინა №1--;

1.1.9. სარჩელის შესატანად დადგენილი ვადის გაშვების და სარჩელის წარუდგენლობის გამო სასამართლოს მიერ გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ი--------------ს უძრავ ქონებას;

1.1.10. მოპასუხემ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შემდგომ საჩივარი შეიტანა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გაუქმების განჩინებაზე და მოითხოვა სარჩელის წარსადგენად განსაზღვრული დროის აღდგენა, თუმცა მოგვიანებით, მასთან შეუთანხმებლად თავადვე გამოიხმო საჩივარი;

1.1.11. ამ დროის განმავლობაში ი--------------მ სასწრაფოდ - 2014 წლის 04 დეკემბერს გაასხვისა უძრავი ქონება ისე, რომ მისი ვალი არ გადაიხადა;

1.1.12. 2015 წლის 09 მარტს მოპასუხეს გაუუქმა რწმუნებულება;

1.1.13. მოპასუხის წინააღმდეგ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას 2015 წლის 30 მარტს მიმართა საჩივრით და მოითხოვა მოპასუხის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა;

1.1.14. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ დაადგინა მოპასუხის ბრალეულობა და ადმინისტრაციული სახდელის ზომად მას განუსაზღვრა ,,გაფრთხილება’’;

1.1.15. 201- წელს ვალის დაფარვის მიზნით, ხელმეორედ დატვირთა დედის - მ-----------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ------ს ქუჩა 21;

1.1.1-. მის მიერ მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის გადახდილია 700 ლარი;

1.1.17. მას შემდეგ რაც მოპასუხეს გაუუქმა მინდობილობა მისი ქმედებების გამო, იძულებული გახდა დაედო ახალი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება 2015 წლის 05 ოქტომბერს;

1.1.18. სამართლებრივი მომსახურების გაწევის მიზნით მის მიერ იურიდიული კომპანიისათვის გადახდილია 2 000 ლარი;

1.1.19. მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მას როგორც გადახდილი ჰონორარი - 700 ლარი, ასევე მის მიერ სხვა იურიდიული კომპანიისთვის გადახდილი 2 000 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებულ ზიანს. რომ არა მისი ქმედება, რაც განახორციელა როგორც წარმომადგენელმა, მას არ მოუწევდა ახალი დავის წამოწყება და დამატებით 2 000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ტომი 1, ს.ფ. 100-109; ტომი 3, ს.ფ. 302-310):

2.1.1. მის მიერ მიზანმიმართულად არ მომხდარა სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ვადის გაშვება;

2.1.2. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების დღესვე დაუკავშირდა მოსარჩელეს, რომ სარჩელი უნდა შეეტანა 10 დღის განმავლობაში და იგი ვალდებული იყო მოეძიებია სახელმწიფო ბაჟის თანხა;

2.1.3. ვადის ამოწურვამდე ორი ან ერთი დღით ადრე მოსარჩელემ განუმარტა, რომ ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის თანხის სრულად მოძიება, რის თაობაზეც მან მოსარჩელეს განუმარტა, რომ შესაძლებელი იყო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადება;

2.1.4. მოცემულ დროს ვერ მოახერხა მოსარჩელესთან შეხვედრა და მოძიებული სახელმწიფო ბაჟის გამორთმევა, რის გამოც განუმარტა მოსარჩელეს, რომ თავად მოსულიყო სასამართლოში თანხის გადმოსაცემად, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა სასამართლოში სარჩელის შეტანა, რის გამოც მან მიმართა ალტერნატიულ გზას და სარჩელი გაგზავნა ფოსტის მეშვეობით;

2.1.5. იგი მოქმედებდა საქმის და მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე;

2.1.6. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების თაობაზე განჩინება მან გაასაჩივრა დადგენილ ვადაში იმ მოტივით, რომ იგი მიღებული იყო უკანონოდ;

2.1.7. მოსარჩელემ მართლაც გადაუხადა მას შეთანხმებული ჰონორარი 700 ლარი, რის შემდეგაც მან დაიწყო მოსარჩელესთან შეთანხმებით საქმის წარმოება;

2.1.8. იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით მისი მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 550 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, თუმცა მოსარჩელემ მას გადაუხადა მხოლოდ 700 ლარი და დანარჩენი თანხის გადავადება სთხოვა, რაც მისთვის გასაგები იყო;

2.1.9. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში, კლიენტს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება, მიუხედავად საქმის შედეგისა;

2.1.10. არ არსებობს ასევე ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 14 აგვისტოს ხ---------------ს, როგორც კლიენტს და ვ----–------–----–---–ს, როგორც ადვოკატს შორის, დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე №1------ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა სამოქალაქო საქმეზე, კერძოდ, მოვალისგან თანხის ამოღება, საჭიროებისამებრ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში საქმის წარმოება.

ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე გავლენისა თუ ზეწოლისგან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლისა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

ხელშეკრულების 3.1.7. პუნქტის თანახმად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.

ხელშეკრულების 3.1.9. პუნქტის თანახმად, ადვოკატმა კლიენტს, მასთან შეთანხმებული წესით, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.

3.1.12.-3.1.13. პუნქტების თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია კლიენტს საქმის მიმდინარეობის შესახებ. ადვოკატი ვალდებულია, კანონის ფარგლებში ყველა ღონე იხმაროს კლიენტის ინტერესების დასაცავად.

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, საადვოკატო მომსახურების ჰონორარი განისაზღვრა 1 550 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 17-20)

 

3.1.2. 2014 წლის 14 აგვისტოს ხ---------------ს მიერ ვ----–------–----–---–ის სახელზე ერთი წლის ვადით - 2015 წლის 14 აგვისტომდე, გაიცა მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის თანახმადაც, ვ----–------–----–---–ს, როგორც რწმუნებულს, მიენიჭა მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, რწმუნებულს მიენიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ტომი 1, ს.ფ. 54-55)

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ ვ----–------–----–---–თან დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული მინდობილობის მიზანს წარმოადგენდა ი--------------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სამოქალაქო საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. ი--------------ს სახელზე 2014 წლის 1- აპრილის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ს------–ი დ------ი, ვ--------------ის ქუჩა 1-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ტომი 3, ს.ფ. 21-22)

 

3.1.5. ვ----–------–----–---–მა, როგოც ხ---------------ს წარმომადგენელმა, 2014 წლის 29 სექტემბერს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის-ი--------------ს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, ხ---------------ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი--------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ს------–ი დ------ი, ქუჩა ვ---------------ი №1-, ს/კ №0---------------------- გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება, განჩინება (ტომი 3, ს.ფ. 83- 105; ტომი 1, ს.ფ. 21-24)

 

3.1.6. სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ 2014 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ ათ დღიან ვადაში სარჩელის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 25-27; ტომი 3, ს.ფ. 106-114)

 

3.1.7. ვ----–------–----–---–ის, როგორც ი--------------ს წარმომადგენლის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ გასაჩივრდა 2014 წლის 07 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით. 2014 წლის 27 ნოემბრის განცხადებით, ვ----–------–----–---–მა გაიხმო 2014 წლის 07 ნოემბერს წარდგენილი საჩივარი. აღნიშნულ განცხადებაში საჩივრის გახმობის მიზეზად მითითებულია ვითარების შეცვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 28; 113-114; ტომი 3, ს.ფ. 115-122)

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, ხ---------------ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი. 2014 წლის 01 დეკემბრის ხელწერილით, ვ----–------–----–---–ი დაეთანხმა 2014 წლის 01 დეკემბრის განჩინებას და უარი განაცხადა მის გასაჩივრებაზე. ამავე თარიღში მან, ისევე როგორც ი--------------მ, ჩაიბარა სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 32-35, ტომი 3 ს.ფ. 123-129)

 

3.1.9. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს-2014 წლის 02 დეკემბერს, ი--------------მ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ს------–ი დიდი დ------ი, ვ--------------ის ქუჩა №1-, ს/კ №0----------------------, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ა-–------------–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი, განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 30-31)

 

3.1.10. 2014 წლის 06 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (სამოქალაქო საქმე №2/1-----14) სარჩელით მიმართა ხ---------------ს წარმომადგენელმა ვ----–------–----–---–მა მოპასუხე ი--------------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ხ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, განჩინება (ტომი 3, ს.ფ. 32-76)

 

3.1.11. 2014 წლის 02 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (სამოქალაქო საქმე №2/2-----14) კვლავ მიმართა სარჩელით ხ---------------ს წარმომადგენელმა ვ----–------–----–---–მა მოპასუხე ი--------------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, ხ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, განჩინება (ტომი 3, ს.ფ. 137-184)

 

3.1.12. 2014 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (სამოქალაქო საქმე №2/2-----14) კვლავ მიმართა სარჩელით ხ---------------ს წარმომადგენელმა ვ----–------–----–---–მა მოპასუხე ი--------------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ხ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება ვ----–------–----–---–ის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით 2014 წლის 31 დეკემბერს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, განჩინებები (ტომი 3, ს.ფ. 190-250)

 

3.1.13. 2015 წლის 30 მარტს, ხ---------------მ საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვა ვ----–------–----–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის №0----- გადაწყვეტილებით, დისციპლინურ საქმეზე №0----- აღიძრა დისციპლინური დევნა ადვოკატ ვ----–------–----–---–ის მიმართ და საქმე განხილვის კოლეგიისათვის გადასაცემად გადაეცა ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 38-47; ტომი 3, ს.ფ. 23-27)

 

3.1.14. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 201- წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, ადვოკატ ვ----–------–----–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება.

აღნიშნული გადაწყვეტილების 7.24.-7.25. პუნქტების თანახმად, კომისას დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა ადვოკატის მხრიდან რამდენიმე დარღვევა, კერძოდ, ადვოკატ ვ----–------–----–---–ის მხრიდან დარღვეულია კლიენტის ინფორმირებულობის პრინციპი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა ისე გამოიხმო სარჩელიც და მის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომ არ შეათანხმა კლიენტთან და არ ჩააყენა საქმის კურსში. ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა ვერ გამოიჩინა წინდახედულობა და ვერ განსაზღვრა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, რომ კლიენტის ინტერესი შესაძლებელია ყოფილიყო დაუცველი და მისი მოთხოვნა უზრუნველყოფის გარეშე, რაც პირდაპირ მიუთითებს კლიენტის ინტერესების დაუცველობაზე.

გადაწყვეტილების 7.29 პუნქტის თანახმად კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო კვალიფიციურობის დარღვევა, ვინაიდან ადვოკატმა ვერ გაითვალისწინა მისი ქმედებების სამართლებრივი შედეგები და ვერ გამოიჩინა წინდახედულობა, კერძოდ ის, რომ მის მიერ 07.11.2014 წლის საჩივრის გამოხმობას, მოჰყვებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.48-49; 158-171)

 

3.1.15. 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს იურიდიულ კომპანია ,,ხ-----------–---ს’’ და ხ---------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება საადვოკატო/იურიდიული მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია იღებს ვალდებულებას ვალდებულების დარღვევის, ზიანის ანაზღაურებისა და ვალის ამოღების შესახებ სამოქალაქო საქმეზე კონტრაქტორს გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია/საადვოკატო მომსახურება და დაიცვას ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ყველა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოებში, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს, მოწმეს, დაზარალებულს, ხოლო კონტრაქტორი ვალდებულია აანაზღაუროს მომსახურების საზღაური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 89-93)

 

3.1.1-. 2015 წლის 05 ოქტომბრის საადვოკატო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ შპს იურიდიული კომპანია ,,ხ-----------–---ს’’ ანგარიშზე 201- წლის 04 ოქტომბერს ჩარიცხულია საადვოკატო მომსახურების ჰონორარი - 2 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 89-93)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს საადვოკატო მომსახურების ჰონორარი - 700 ლარი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 700 ლარი. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს საადვოკატო მომსახურების ჰონორარი - 700 ლარი.

 

3.2.2. მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 700 ლარის და 2 000 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-11-6-201-).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე, როგორც რწმუნებული, არ მოქმედებდა მისი ინტერესების გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია კლიენტის ინფორმირებულობის ვალდებულება. შესაბამისად, მას არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ქმნის მოპასუხისთვის ჰონორარის სახით გადახდილი თანხის - 700 ლარის დაკისრების საფუძველს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით, მას მიადგა ზიანი. ი--------------ს მიმართ მისი წარდგენილი მოთხოვნა დარჩა არაუზრუნველყოფილი, ვინაიდან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებიდან მეორე დღესვე ი--------------მ მესამე პირზე გაასხვისა უძრავი ქონება. გარდა ამისა, მას მოუწია სხვა იურიდიულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება და საადვოკატო მომსახურებისათვის დამატებით 2 000 ლარის გადახდა.

უდავოა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს საადვოკატო მომსახურების ჰონორარი - 700 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 712-ე მუხლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს ხ---------------ს და ვ----–------–----–---–ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ამასთან, მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ი--------------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საქმის წარმოება. მართალია დადგენილია მოპასუხის მიერ გარკვეული ღონისძიებების შესრულების ფაქტი, რაც გულისხმობს თუნდაც სასამართლოსთვის მიმართვას განცხადებებით და სარჩელით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით დასტურდება, რომ მოპასუხის ქმედებები, რაც გულისხმობდა მაგალითად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივრის გახმობას, ამ განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმას, რის საფუძველზეც ი--------------მ იმავე დღეს შეძლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარება და შემდგომ უძრავი ქონების გასხვისება, არ შეესაბამებოდა მოსარჩელის/მარწმუნებლის ინტერესებს, არ გამომდინარეობდა დავალების არსიდან და არ იყო მასთან შეთანხმებული.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 201- წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე და მის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების 7.24.-7.25. პუნქტების თანახმად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადვოკატის მხრიდან რამდენიმე დარღვევა, კერძოდ, ადვოკატ ვ----–------–----–---–ის მხრიდან დარღვეული იყო კლიენტის ინფორმირებულობის პრინციპი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა ისე გამოიხმო სარჩელიც და მის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომ არ შეათანხმა კლიენტთან და არ ჩააყენა საქმის კურსში. ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა ვერ გამოიჩინა წინდახედულობა და ვერ განსაზღვრა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, რომ კლიენტის ინტერესი შესაძლებელია ყოფილიყო დაუცველი და მისი მოთხოვნა უზრუნველყოფის გარეშე, რაც პირდაპირ მიუთითებს კლიენტის ინტერესების დაუცველობაზე. ამავე გადაწყვეტილების 7.29. პუნქტის თანახმად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო კვალიფიციურობის დარღვევა, ვინაიდან ადვოკატმა ვერ გაითვალისწინა მისი ქმედებების სამართლებრივი შედეგები და ვერ გამოიჩინა წინდახედულობა, კერძოდ ის, რომ მის მიერ 07.11.2014 წლის საჩივრის გამოხმობას, მოჰყვებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მართალია, მოცემული დავის განხილვისას სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა მიმდინარე დავის განხილვისთვის, თუმცა აღნიშნული იმ გარემოებასთან ერთად, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვერც ახსნა-განმარტებით და ვერც საქმეში წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულებით, რომ მისი ქმედებები შედიოდა მოსარჩელის ინტერესში, შეესაბამებოდა დავალების ხელშეკრულების მიზანს და შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ჰონორარის - 700 ლარის გადახდა. ასევე უდავოა, მოპასუხის ქმედების გამო, მოსარჩელის დამატებითი იურიდიული მომსახურების გაწევისათვის ხარჯის - 2 000 ლარის გაღება. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულება, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნის - ზიანის მიყენების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 700 ლარის და 2 000 ლარის გადახდა.

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხე ვ----–------–----–---–ის მიმართ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 708-ე, 709-ე, 712-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, მე-8 მუხლები

ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადამიანის უფლებათა’’ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული’’ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 712-ე მუხლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები. ადვოკატი ვალდებულია ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები. ამავე კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ დავალების ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამასთან, სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 700 ლარის და 2 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, არსებობს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 1 200 ლარი (ტომი 1. ს.ფ. 95-96, ტომი 3, ს.ფ.31). ხ---------------ს სარჩელი მოპასუხე ვ----–------–----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ღირებულების გათვალიწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი დაეკისრა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხეს-ი--------------ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხ---------------ს სარჩელი მოპასუხე ვ----–------–----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ვ----–------–----–---–ს მოსარჩელე ხ---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 700 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ვ----–------–----–---–ს მოსარჩელე ხ---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა;

4. მოპასუხე ვ----–------–----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი