გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2915-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ნ---- ბ------ე;
უფლებამონაცვლე - დ----- ბ------ე;
ადვოკატი - რ--------- ხ----–--–--ა;
მოპასუხე - დ-----ი კ-----–--–---–ი;
წარმომადგენელი - ე-----–- ჭ--–---–ი;
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
შეგებებული სარჩელი
მოსარჩელე - დ----- კ-----–--–---–ი;
წარმომადგენელი - ე-----–- ჭ--–---–ი;
მოპასუხე - ნ---- ბ------ე;
უფლებამონაცვლე - დ----- ბ------ე;
ადვოკატი - რ--------- ხ----–--–--ა;
დავის საგანი - სამკვიდროს უპირატესი მიღება, კომპენსაციის გადახდა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხ------- ჯ---------–ის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი N1--------, ინდივიდუალური ნომერი 5-------------) და ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ე ცნობილ იქნეს შ----- კ-----–--–---–ის მემკვიდრედ და უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N19 (საკადასტრო კოდი N0------------------) ½-ის მესაკუთრედ.
მოსარჩელის განმარტებით, ნ---- ბ------ე დაიბადა 1953 წლის 10 მარტს. მისი ქორწინებამდელი გვარი არის კ-----–--–---–ი, მისი მშობლები იყვნენ შ----- კ-----–--–---–ი და ნ--–---- კ-----–--–---–ი. 1978 წლის 31 იანვარს დაქორწინდა მ----- ბ------ესთან და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა მეუღლის გვარი: ბ------ე. დედა ნ--–---- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 1990 წლის 30 მარტს. მამა შ----- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 4 ნოემბერს. მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, ნ---- ბ------ე და მისი ძმა - დ----- კ-----–--–---–ი. მამის გარდაცვალების შემდეგ მამის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მის ძმასთან ერთად დაუფლებული იყო აღნიშნულ ქონებას, ერთად ეწეოდნენ მასში საქმიანობას, ამასთან დაუფლებული იყო სალარო წიგნაკსაც, მისმა ძმამ დაუმალა მისი არსებობა ნოტარიუსს და მემკვიდრეობა აღიდგინა არ სამკვიდროს ½-ზე, არამედ მთელ სამკვიდროზე, რითაც ფაქტობრივად დაუფლა მოსარჩელის წილ ქონებასაც და ასეთად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს ყავდა დარჩენილი ორი პირველი რიგის მემკვიდრე, დარჩენილი ქონებაც ორზე უნდა განაწილდეს, შესაბამისად ცვლილება უნდა განხორციელდეს ნოტარიუს ხ------- ჯ---------–ის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში რეგისტრაციის ნომერი 1-------- რეგისტრაციის თარიღი 05.08.2016 წელი და სამკვიდროს ½-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ უნდა იქნეს ცნობილი ნ---- ბ------ე.
1.2. შეგებებული სარჩელი
1.2.1. აწ გარდაცვლილი შ----- კ-----–--–---–ის დანაშთი ქონება (მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, ს/კ 0------------------), რომელიც ამჟამად წარმოადგენს დ----- კ-----–--–---–ის საკუთრებას, მიჩნეულ იქნეს მის მიერ უპირატესად მიღებულად და მოპასუხე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლეს დ----- ბ------ეს დაევალოს წილის კომპენსაციის სანაცვლოდ 35 000 ლარის მიღება, რომლის გადახდაც გადავადებულ იქნეს სამი წლის ვადით.
მოსარჩელე მოთხოვნას იმით ასაბუთებს, რომ დ----- კ-----–--–---–ის მამა - შ----- კ-----–--–---–ი 1953 წლიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარში ქ. ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქ. №19-ში არსებულ მაღაზიაში. 2001 წლიდან ის დ----- კ-----–--–---–თან ერთად ეწეოდა ხსენებულ საქმიანობას. 1998 წელს შ----- კ-----–--–---–ზე გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა და იგი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე. შ----- კ-----–--–---–ი 2002 წელს საგადასახადო ინსპექციაში დადგა აღრიცხვაზე გადამხდელად და ხსენებულ მისამართზე გააგრძელა საქმიანობა. შ----- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 2003 წელს და მისმა შვილმა მოსარჩელე დ----- კ-----–--–---–მა განაგრძო საქმიანობა. დ----- კ-----–--–---–ი რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ და საქმიანობის ადგილია ზემოაღნიშნული მაღაზია, მდებარე: ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქუჩა №19-ში. გარდაცვლილ შ----- კ-----–--–---–ს დარჩა ორი შვილი - დ----- კ-----–--–---–ი და მისი და ნ---- ბ------ე. გარდაცვლილ შ----- კ-----–--–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია. შვილი ნ---- ბ------ე (კ-----–--–---–ი) დაქორწინდა 1978 წელს და მის ოჯახთან ერთად დაახლოებით 1988 წლიდან ცალკე ცხოვრობდა. დანაშთ ქონებას შვილი ნ---- ბ------ე არც ფაქტობრივად დაუფლებია და არც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიუმართავს ნოტარიუსისათვის, მას მამის დანაშთ ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. დანაშთ ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დ----- კ-----–--–---–ი, შესაბამისად მიმართ ნოტარიუსს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დ----- კ-----–--–---–ი დარეგისტრირდა ქ. ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქ. №19-ში არსებული 28.61 კვ.მ. მაღაზიის მესაკუთრედ.
ქ. ქუთაისში მწვანე ბაზრის ტერიტორიაზე ფ--–--–---–ის ქ. №19-ში შ----- კ-----–--–---–ის მაღაზია ფუნქციონირებს 1953 წლიდან და რეგიონში ცნობილია როგორც ერთ-ერთი უძველესი საწარმო. დ----- კ-----–--–---–ის აწ. გარდაცვლილი და - ნ---- ბ------ე 1988 წლიდან ცხოვრობს ცალკე ოჯახად სხვა მისამართზე და ერთი დღეც კი არ უმუშავია ხსენებულ მაღაზიაში. 2001 წლიდან მაღაზიას ერთობლივად უძღვებოდნენ მამა- შვილი შ----- და დ----- კ-----–--–---–ები. 2003 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დ----- კ-----–--–---–მა გაასწორა საგადასახადოში არსებული მამის დავალიანება. დღემდე იგივე მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას და დ----- კ-----–--–---–ის ერთადერთ სამეწარმეო საქმიანობის ადგილსაც სწორედ ეს მაღაზია წარმოადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში ნათელია, რომ ნ---- ბ------ეს შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივად დაუფლებია და მიუღია სამკვიდრო. რაც შეეხება დ----- კ-----–--–---–ს წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის კანონით დადგენილი ვადაში დაეუფლა დანაშთ ქონებას, ეწეოდა მასში სამეწარმეო საქმიანობას, გადაიხადა მამის დავალიანება და ა.შ. რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებს. ნ---- ბ------ისთვის (მისი ოჯახისათვის) ცნობილი იყო, რომ დ----- კ-----–--–---–ი კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა დანაშთ ქონებას, მანამდეც და მის შემდგომაც აწარმოებდა მასში სამეწარმეო საქმიანობას, სურვილი ჰქონდა დაერეგისტრირებინა ეს ფართი მის სახელზე, ასევე რომ მან მიიღო ქონება, აიღო სამკვიდრო მოწმობაც და საჯარო რეესტრშიც დაირეგისტრირა დანაშთი ქონება, მიუხედავად ამისათვის კანონით დადგენილ ორ თვიან ვადაში არავის სადავოდ არ გაუხდია ეს გარემოება.
მხარეთა შორის დაძაბული ვითარების გამო ქონების თანამესაკუთრედ ყოფნა მათ შორის უფრო დაძაბავს მდგომარეობას, ასევე შეუძლებელია ერთობლივი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამისა მოწინააღმდეგე მხარეს ამის უნარიც და გამოცდილებაც არ გააჩნია, ხოლო დანართის სახით დართული დოკუმენტებითა და ექსპერტიზის დასკვნაში განთავსებული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ხსენებული ფართის გაყოფა გამოიწვევს იმ საქმიანობის შეწყვეტას და განხორციელების შეუძლებლობას, რომელიც 1953 წლიდან დღემდე ხორციელდება ხსენებულ ფართში. ფაქტია, რომ სამკვიდრო მოწმობის გაყოფის თაობაზე მხარეებს შორის არის დავა, ეს დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ. კანონმდებელი სამკვიდრო ქონების გაყოფისას აწესებს სამკვიდრო ქონების მიღების უპირატეს უფლებას, ასეთი უფლების გამოყენებისათვის კი საჭიროა სახეზე იყოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის: სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრების (ფლობის) ფაქტი, მამკვიდრებელთან ერთად მეურნეობის გაძღოლის ფაქტი, მემკვიდრის უნარი გაუძღვეს საქმიანობას და ა.შ. მართალია კანონში პირდაპირ გაწერილი არ არის მაღაზიის, კომერციული-ბიზნეს ფართის მიღების უპირატესი უფლების განხორციელებისას გასათვალისწინებელი საკითხები და ასეთი ვერც იქნება და სავალდებულოც არ არის ყველაფერი იყოს გაწერილი კანონში, თუმცა კანონმდებელი ქონების უპირატესად მიღების საფუძვლების განმარტებას აკეთებს და კანონის ანალოგიის გამოყენებით ნათელია, რომ დ----- კ-----–--–---–ს გააჩნდა და გააჩნია სამკვიდრო ქონების უპირატესად მიღების უფლება.
დ----- კ-----–--–---–ი მამასთან ერთად 2001 წლიდან უძღვებოდა საქმიანობას და დღემდე მუშაობს ხსენებულ ფართში, ეს ფართი რეგისტრირებულია მისი საქმიანობის ადგილად, ის სხვა საქმიანობას სხვა ადგილას არ ახორციელებს. დ----- კ-----–--–---–ი განაგრძობს მამის მიერ დაწყებულ საქმიანობას და დღემდე ინარჩუნებს ამ კოლორიტულ მაღაზიას, რომელსაც მთელი რეგიონი იცნობს. მან უპირატესად მიიღო კიდეც ხსენებული ქონება, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა მიეცეს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, როგორც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება ხსენებული ქონების ½ ნაწილის საბაზრო ღირებულება ( საკომპენსაციო თანხის მოცულობა) შეადგენს 35 000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----- კ-----–--–---–მა დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდროს მიღებისათვის კანონმდებელმა დაადგინა 6 თვიანი ვადა, რა დროშიც მემკვიდრემ სანოტარო ორგანოს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადებით ანდა ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონებას. ამ შემთხვევაში ნ---- ბ------ეს შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივად დაუფლებია და მიუღია სამკვიდრო. რაც შეეხება დ----- კ-----–--–---–ს, წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ იგი კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა დანაშთ სამკვიდრო ქონებას, ეწეოდა მასში სამეწარმეო საქმიანობას, გადაიხადა მამის დავალიანება და ა.შ. რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებს. მოსარჩელე ცრუობს, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს დ----- კ-----–--–---–თან ერთად დაეუფლა ფ--–--–---–ის 19-ში არსებულ ფართს. დ----- კ-----–--–---–ი შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალებამდეც მუშაობდა ამ მისამართზე არსებულ მაღაზიაში და საქმიანობას ახორციელებს დღემდე. მოსარჩელე არ დაუფლებია ხსენებულ ფართს და მას ერთი დღეც კი არა აქვს იქ ნამუშევარი. რაც შეეხება სალაროს წიგნაკს მისი არსებობის შესახებ დ----- კ-----–--–---–ისათვის უცნობი იყო და გაურკვეველია თუ როგორ, რა გზებით აღმოჩნდა ის მასთან. დ----- კ-----–--–---–ს არ დაუმალია დის არსებობის შესახებ, მემკვიდრეობა აღდგენილ იქნა წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია.
2.2. მოპასუხე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარე მარტო არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მასთან ერთად მუშაობდა ნ---- ბ------ეც ოჯახთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ფართში მუშაობა განაგრძეს ორივე მხარემ ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ ნ---- ბ------ე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს, როგორც ფართს და სხვადასხვა მოძრავ ნივთებს, ისე სალაროს წიგნაკს. რაც შეეხება მოპასუხის დავალდებულებას კომპენსაციის მიღებაზე, ასეთი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის და არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ---- ბ------ე დაიბადა 1953 წლის 10 მარტს. მისი ქორწინებამდელი გვარი არის კ-----–--–---–ი, მისი მშობლები იყვნენ შ----- კ-----–--–---–ი და ნ--–---- კ-----–--–---–ი.
1978 წლის 31 იანვარს დაქორწინდა მ----- ბ------ესთან და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა მეუღლის გვარი: ბ------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---- კ-----–--–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 26).
- ნ---- კ-----–--–---–ის და მ-----ი ბ------ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 25).
3.1.2. ნ---- ბ------ის და დ----- კ-----–--–---–ის მშობლები: დედა - ნ--–---- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 1990 წლის 28 მარტს, ხოლო მამა - შ----- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 01 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 24).
- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 19-20).
3.1.3. შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17).
3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------, რეგისტრირებულია დ-----ი კ-----–--–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42-43).
3.1.5. მოსარჩელე ნ---- ბ------ე გარდაიცვალა 2017 წლის 05 აპრილს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დ-----ი ბ------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 78).
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 96-97).
3.1.6. დ----- კ-----–--–---–ის მამა - შ----- კ-----–--–---–ი 1953 წლიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარში ქ.ქუთაისში ფ--–--–---–ის ქ. №19-ში არსებულ მაღაზიაში. 1998 წელს შ----- კ-----–--–---–ზე გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა და ის საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე. შ----- კ-----–--–---–ი 2002 წელს საგადასახადო ინსპექციაში დადგა აღრიცხვაზე გადამხდელად და ხსენებულ მისამართზე გააგრძელა საქმიანობა. შ----- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 2003 წელს და მისმა შვილმა მოსარჩელე დ----- კ-----–--–---–მა ხსენებულ მისამართზე განაგრძო სამეწარმეო საქმიანობა, დ----- კ-----–--–---–ი რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ და საქმიანობის ადგილია აღნიშნული მაღაზია, მდებარე: ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქ. 19-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----- კ-----–--–---–ის განცხადება (ს.ფ. 136).
- ინდივიდუალური მეწარმის ანკეტა (ს.ფ. 137-138).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 139-140).
3.1.7. უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------, 2018 წლის 29 მარტის შპს ,,აუ--------------–------ის“ ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია 70 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 29 მარტის შპს ,,აუ--------------–------ის“ ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 202-214).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: ნ---- ბ------ე და მისი ძმა - დ----- კ-----–--–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა განმარტებები.
- ნ---- კ-----–--–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 26).
- 2016 წლის 05 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 28-31).
3.2.2. 2016 წლის 05 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ დ----- კ-----–--–---–მა, როგორც 01.11.2003 წელს გარდაცვლილი შ----- კ-----–--–---–ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო შ----- კ-----–--–---–ის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, მათ შორის მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19, არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------.
სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ მემკვიდრის წარმომადგენლის განცხადებით, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 05 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 28-31).
3.2.3. ნ---- ბ------ე ფაქტობრივი ფლობით ძმასთან - დ----- კ-----–--–---–თან ერთად დაეუფლა 2003 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილი მამის - შ----- კ-----–--–---–ის სამკვიდროს, ამასთან, დაუფლებული იყო სალაროს წიგნაკსაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- სალაროს წიგნაკის ასლი (ს.ფ. 32).
3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა - ა------------ამ და მალხაზ ჩაჩუამ დაადასტურეს, რომ შ----- კ-----–--–---–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ნ---- ბ------ესთან. ა------------ას განმარტებით, როდესაც ნ---- ბ------ემ ააშენა სახლი (სახლი აშენდა 1996-1997 წლებში) მასთან საცხოვრებლად გადავიდა შ----- კ-----–--–---–ი და ეხმარებოდა სკამების, კარადის, საწოლების და სხვა ნივთების გადატანაში. მოწმე ა------------ამ დამატებით განმარტა, რომ დ----- კ-----–--–---–ი მაღაზიის შემოსავლებიდან ნ---- ბ------ეს ყოველთვიურად უხდიდა 600 ლარს, ხოლო წლის ბოლოს კიდევ დამატებით ხდებოდა თანხის გადაცემა.
მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა დ----- კ-----–--–---–ის მეუღლემ, მ------ ც--–------ემ განმარტა, რომ შ----- კ-----–--–---–ი, რომელიც მათთან ცხოვრობდა, 1990 წელს ნ---- ბ------ესთან საცხოვრებლად გადავიდა და გარდაცვალებამდე მასთან ცხოვრობდა (დაახლოებით 13 წელი). ნ---- ბ------ემ სახლის დანგრევის გამო მისი ნივთები მათ საცხოვრებელ სახლში გადმოიტანა, რაც სახლის აშენების შემდეგ ისევ გადაიტანა. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დ----- კ-----–--–---–ი ნ---- ბ------ეს ყოველთვიურად უხდიდა მაღაზიის შემოსავლიდან 600 ლარს. მ------ ც--–------ემ აღნიშნა, რომ შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი ტანსაცმელი დარჩა ნ---- ბ------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო სხდომის ოქმი
3.2.5. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა:
- ნ---- ბ------ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღება;
3.2.6. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ნ---- ბ------ეს უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი, დაამტკიცოს, რომ იგი შ----- კ-----–--–---–ის ქონებას დაეუფლა და მიიღო ფაქტობრივი მფლობელობის გზით. მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობას უარყოფს დ----- კ-----–--–---–ი, მაგრამ თანახმაა ½ წილის სანაცვლოდ გადაუხადოს კომპენსაცია. ის პროცესუალურად ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ნ---- ბ------ეს სამკვიდრო არ მიუღია. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება. სწორედ ამის გამო მტკიცების ტვირთი ნ---- ბ------ეს ეკისრება. მას უნდა ჰქონდეს დანაშთი ქონების სარგებლობისა და მფლობელობის მტკიცებულები. ასეთი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიჩნეული იქნება, რომ მის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილია სალაროს წიგნაგი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან მხარეებს შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული ეს ფაქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დ----- კ-----–--–---–ს შეგებებული სარჩელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონება, მიუხედავად ამისა მისი სამკვიდრო უფლების რეალიზება საფრთხეშია, რადგანაც მთლიანი ქონება მემკვიდრეობით მიიღო დ----- კ-----–--–---–მა და ის ვერ ახერხებს კუთვნილი წილის მიღებას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელეს მემკვიდრეობა მიღებული აქვს ფაქტობრივი მფლობელობის გზით, მაგრამ მის ოფიციალურად გაფორმებას ვერ ახდენს იმის გამო, რომ მთლიან სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია დ----- კ-----–--–---–ის სახელზე, მაშინ ასეთი სამკვიდრო მოწმობა უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლების დამრღვევ აქტად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რა ნაწილშიც ირღვევა მისი უფლებები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქუჩა №19-ში (არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------) რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა შ----- კ-----–--–---–ის საკუთრებას. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 01 ნოემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მთელი მისი ქონება გახდა სამკვიდრო ქონება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შ----- კ-----–--–---–ის ჰყავდა ორი შვილი - დ----- კ-----–--–---–ი და ნ---- ბ------ე. მათ შ----- კ-----–--–---–ის სამკვიდრო ქონებიდან ერგებათ თანაბარი წილი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა. 2003 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილი შ----- კ-----–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ დ----- კ-----–--–---–მა მამის სამკვიდრო მიიღო სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მონეტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედების ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 05 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი სამკვიდრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღო მისმა შვილმა - დ----- კ-----–--–---–მა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში ნ---- ბ------ეს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდრო ქონების მიღება არ მოუთხოვია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება.
6.4. როგორც აღინიშნა შ----- კ-----–--–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 1 ნოემბერს. მას დარჩა სამკვიდრო ქონება, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19 (არასაცხოვრებელი ფართი 28.61 კვ.მ ს/კ 0------------------). მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ქონება და ამ ქონების მიღება შეეძლოთ ყველა მემკვიდრეს თანაბრად. შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე. თითოეულ მათგანს სამკვიდრო ქონებიდან გააჩნდა თანაბარი წილი.
მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ შ----- კ-----–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არცერთ მემკვიდრეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს და მემკვიდრეობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოუთხოვია. დ----- კ-----–--–---–მა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2016 წლის 05 აგვისტოს. ნოტარიუსმა დადგენილად მიიჩნია, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობის გზით და მის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია დ----- კ-----–--–---–ის მიერ ქონების ფაქტობრივი მფლობელობა. საქმის მასალებითაც დადგინდა, რომ დ----- კ-----–--–---–ი მამის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისში, ფ--–--–---–ის ქუჩა №19-ში, სარგებლობს და ფლობს სამკვიდრო ქონებას და ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლა მას.
სასამართლო განმარტავს, რომ დ----- კ-----–--–---–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის წინააღმდეგ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ მემკვიდრეს, ვისაც მემკვიდრეობა მიღებული აქვს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული მემკვიდრის - ნ---- ბ------ის მოთხოვნის საფუძველი იქნება მის მიერ უკვე მიღებული სამკვიდრო ქონების ნაწილში იმ პროპორციით რაც მას ერგება. ანუ მან უნდა დაასაბუთოს, რომ სამკვიდრო ქონება მფლობელობის გზით მიღებული აქვს არამარტო დ----- კ-----–--–---–ს, არამედ თვითონ მასაც.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსზე მიმართვის გარეშეც შეეძლო სამკვიდროს მიღება, მას მემკვიდრეობა მიღებულად ჩაეთვლება თუ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლა და შეუდგა მის მართვას. მოსარჩელემ საქმის განხილვის პროცესში წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან მისი მამის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მოსარჩელე სამკვიდროს მიღების მიზნით აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მას და მიუთითებს გარდაცვლილი შ----- კ-----–--–---–ის სალაროს წიგნაკის ფლობაზე, რომელიც მასთან ინახება.
აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მამკვიდრებლის სალაროს წიგნაკი, რაც თავისთავად ნიშნავს სამკვიდროს მიღებას. სალაროს წიგნაკი წარმოადგენს ქონებრივ აქტივს, რომლის მიღებაც აღიარებს მემკვიდრის უფლებას სამკვიდრო ქონებაზე და უფლებამოსილი პირის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებას. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ გამოავლინა ნება მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე და ფაქტობრივად დაეუფლა მას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილის მოძრავი ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტს. ამდენად, მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან სალაროს წიგნაკი წარმოადგენს ქონებრივ აქტივს, რომლის მიღებაც უფლებამოსილი პირის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებად მიიჩნევა. მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სამკვიდრო მოწმობაში უნდა შევიდეს ცვლილება და ამ ქონების 1/2½ნაწილზე აღდგენილი უნდა იქნეს მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკივიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (სუსგ №ას-146-140-2012).
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსი ვალდებული იყო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას გამოეკვლია საქმის გარემოებები და მოეძია ხომ არ არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები.
კერძოდ - ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით - ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-2 მუხლით - ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას, ხოლო ,,გ” პუნქტი ნოტარიუსს ავალდებულებს გასცეს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლით - ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. გარდა ამისა, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით - ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხ------- ჯ---------–ის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი N1--------, ინდივიდუალური ნომერი 5-------------) და ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ე ცნობილ იქნეს შ----- კ-----–--–---–ის მემკვიდრედ და უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N19 (საკადასტრო კოდი N0------------------) ½-ის მესაკუთრედ.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივი დასაბუთება:
6.6. უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს - აწ გარდაცვლილი შ----- კ-----–--–---–ის დანაშთი ქონება (მდებარე: ქუთაისი ფ--–--–---–ის ქუჩა №19, ს/კ 0------------------), რომელიც ამჟამად წარმოადგენს დ----- კ-----–--–---–ის საკუთრებას, მიჩნეულ იქნეს მის მიერ უპირატესად მიღებულად და მოპასუხე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ეს დაევალოს წილის კომპენსაციის სანაცვლოდ 35 000 ლარის მიღება, რომლის გადახდაც გადავადებულ იქნეს სამი წლის ვადით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლის თანახმად, ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება. ხოლო იმავე კოდექსის 1482-ე მუხლით, უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია.
სასამართლო 1481-ე მუხლთან მიმართებაში განმარტავს, რომ ამ მუხლის გამოყენება სადავო შემთხვევაში ვერ მოხდება, ვინაიდან იგი შეეხება სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო ქონების გაყოფას, მოცემულ შემთხვევაში კი დავა შეეხება მემკვიდრეობის მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ დ----- კ-----–--–---–ს სამკვიდრო მიღებული აქვს. დადგენილია, რომ სამკვიდროს ნაწილი ასევე მიღებული აქვს ნ---- ბ------ეს. შესაბამისად მიღებული სამკვიდროს მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1481-ე და იმავე კოდექსის 1482-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან უპირატესობის რომელიმე მემკვიდრეზე მინიჭება გამორიცხულია. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს კუთვნილი ნივთი. ამ უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა დაიშვება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენება ასევე ეწინააღმდეგება საკუთრების საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას და შესაბამისად ამ ნაწილშიც შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ნ---- ბ------ე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე დ----- კ-----–--–---–ს.
ამასთან, ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელე დ----- კ-----–--–---–ს. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელე დ----- კ-----–--–---–ს სახელმწიფო ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
7.2. მოსარჩელე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ე მოითხოვს მოპასუხე დ----- კ-----–--–---–მა აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ე მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 500 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე დ----- კ-----–--–---–ს მოსარჩელე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ---- ბ------ის წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო დ----- კ-----–--–---–ის (პ/ნ 6---------2) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა №19 საკადასტრო კოდი 0------------------. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხ------- ჯ---------–ის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი N1--------, ინდივიდუალური ნომერი 5-------------) და ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ე ცნობილ იქნეს შ----- კ-----–--–---–ის მემკვიდრედ და უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N19 (საკადასტრო კოდი N0------------------) ½-ის მესაკუთრედ.
3. მოპასუხე დ----- კ-----–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1100 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე დ----- კ-----–--–---–ს მოსარჩელე ნ---- ბ------ის უფლებამონაცვლე დ----- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
6. დ----- კ-----–--–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა