გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2402100160015-3708
№2/490-20 16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.12.2018 წელი, ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სს,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი - თ----- ბა---–--ა
მოპასუხე - და---- წუ-–-------ი
მოპასუხე - ნა---- ფი-–---ა
მოპასუხე - მი------ წუ-–-------ი
მოპასუხე - ბე–-- შე--------
დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებისათვის - და---- წუ-–-------ის, ნა---- ფი-–---ას და ბე–-- შე--------სათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 1613,34 (თექვსმეტი ათას ცამეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით, მოპასუხე მი------ წუ-–-------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული ქ. სენაკი, ა. ცა------–-------------ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4--0--2--2--.) რეალიზაცია. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოვალეების/მოპასუხეების და---- წუ-–-------ის, ნა---- ფი-–---ას და ბე–-- შე--------ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა წარმოდგენილი შესაგებელით არ სცნეს. თუმცაღა, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 17 დეკემბერს სს ”სა---------–--------სა” და და---- წუ-–-------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №GCL000082040-2359876, რომლის სააფუძველზე მოპასუხე და---- წუ-–-------ზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,2014 წლის 18 დეკემბერს სს ”სა---------–--------სა” და და---- წუ-–-------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA0000823-9–2343411 რომლის სააფუძველზე მოპასუხე და---- წუ-–-------ზე გაიცა კრედიტი - 14 000 ლარის ოდენობით 28 (ოცდარვა) თვის ვადით, წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება № GCL000082040 - 2359876 -ს. ფ. 15- 25;
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი № GCLCA0000823-9 - 2343411- ს. ფ. 45-47;
3.2.2. 2014 წლის 17 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №GCL000082040-2359876 უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და მი------ წუ-–-------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C----------4, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მი------ წუ-–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. სენაკი, ა. ცა------–-------------ში, საკადასტრო კოდით - 4--0--2--2--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 26-33;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 3--41;
3.2.3. 2014 წლის 18 დეკემბერს და---- წუ-–-------ის საკრედიტო №GCLCA0000823-9–2343411 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს ნა---- ფი-–---ამ და ბე–-- შე--------მ, იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ნა---- ფი-–---ამ და ბე–-- შე--------მ, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება და---- წუ-–-------თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 48-59;
3.2.4. 2016 წლის 11 იანვრის მდგომარეობით №GCLCA0000823-9–2343411 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 16 135,34 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10 948,79 ლარი, პროცენტი - 2 193,70 ლარი და პირგასამტეხლო - 2 992,85 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით (მათ შორის საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაციით) დასტურდება და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 16 135,34 ლარს. თანხა დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 64-65;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 902-ე,361-ე, 286-ე, 301-ემუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნა---- ფი-–---ამ და ბე–-- შე--------მ, მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა და---- წუ-–-------ის მიერ სს ‘’სა---------–--------ის’’ მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ და---- წუ-–-------თან ერთად ნა---- ფი-–---ას და ბე–-- შე--------ს, სოლიდარული ვალდებულება სს ‘’სა---------–--------ის’’ წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
დადგენილია რომ, 2014 წელის 18 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ”სა---------–--------მა” მსესხებელზე - და---- წუ-–-------ზე გასცა კრედიტი, 28 თვის ვადით, წლიური 17% საპროცენტო განაკვეთით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-იანი პირგასამტეხლოს დარიცხვით. მოპასუხეებს კრედიტი უნდა დაებრუნებიათ ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკით, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხეებმა კრედიტის დაფარვა შეწყვიტეს ვადაზე ადრე და 25.12.2015 წლიდან შენატანები აღარ განუხორციელებიათ. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა და თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ისარგებლეს საბანკო პროდუქტით და აითვისეს კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ისინი ვალდებული იყვნენ სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანათ იმ დროში, რაც ხელშეკრულებით (გრაფიკით) იყო გათვალისწინებული. მათ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რითაც დაარღვიეს ხელშეკრულებები. მოპასუხეებმა სესხის დაფარვა შეწყვიტეს 2015 წლის 25 დეკემბერს. სესხის შეტანის ვადას მათ გადააცილეს ორ თვეზე გაცილებით უფრო მეტი ვადით, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას გასულიყო ხელშეკრულებიდან დაუყოვნებლივ მოეთხოვა ვალის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხეებისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ მოპასუხეები ვალდებული იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ კრედიტით სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნეს, რითაც დაარღვიეს თავიანთი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხეების ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მათ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვის ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხეები ვალდებული არიან მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 10 948,79 ლარს;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა შეწყვიტეს, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. შესაბამისად, ისინი ვალდებული არიან სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადონ სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს საკრედიტო ხელშეკრულებაზე - - 2 193,70 ლარს;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დავალიანების 0.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაარიცხა პირგასამტეხლო საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 2 992,85 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა საკრედიტო ხელშეკრულებაზე უნდა შემცირდეს 5 (ხუთი) ჯერ და მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროთ 598,87 ლარი ნაცვლად 2 992,85 ლარისა.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებითა და დაზღვევის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მათ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 13 741 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 10 948,79 ლარი სესხის ძირი თანხაა; 2 193,70 ლარი - სარგებელი %; 598,87 ლარი - პირგასამტეხლო.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 17 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №GCL000082040-2359876 უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და მი------ წუ-–-------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C----------4, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მი------ წუ-–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. სენაკი, ა. ცა------–-------------ში, საკადასტრო კოდით - 4--0--2--2--. იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 10 948,79 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 328,46 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (328,46 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 83,78 ლარს. დანარჩენი თანხა (71,82 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „სა---------–--------ის“ (ს/კ 20-------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს და---- წუ-–-------ს (პ/ნ 3----------), ნა---- ფი-–---ას (პ/ნ 5----------) და ბე–-- შე--------ს (პ/ნ 3----------), სს ” სა---------–--------ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 13 741 (ცამეტი ათას შვიდას ორმოცდაერთი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 10 948,79 (ათი ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი სესხის ძირი თანხაა; 2 193,70 (ორიათას ასოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი - სარგებელი %; 598,87 (ხუთას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარი - პირგასამტეხლო.
3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, განხორციელდეს მი------ წუ-–-------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული ქ. სენაკი, ა. ცა------–-------------ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4--0--2--2--.) იძულებითი რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების და---- წუ-–-------ის, ნა---- ფი-–---ას და ბე–-- შე--------ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
4. მოსარჩელე სს ”სა---------–--------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 0--11.2016 წელს, №122 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 328,46 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს და---- წუ-–-------ს (პ/ნ 3----------), ნა---- ფი-–---ას (პ/ნ5----------) და ბე–-- შე--------ს (პ/ნ 3----------), სს ”სა---------–--------ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 83,78 ლარის ანაზღაურება, ხოლო 71,82 თეთრი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია