გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
140210018002489869
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002489869

საქმე № 2/1090-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - შ-------–-----–--------------------–-----–---------–------------–-------–--ა“

წარმომადგენლები - შ-------------------, ი-----–------------ე

მოპასუხე - ქ---------------–----–---------------

წარმომადგენელი - თ--------------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ქ---------------–---–---------------ს დაეკისროს შ-------–-----–--------------------–-----–---------–------------–-------–--ის“ სასარგებლოდ 26 665.15 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №94 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა საბავშო ბაღის მშენებლობა, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა მშენებლობის ღირებულება. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 150 კალენდარულ დღეში, თუმცა იმის გამო, რომ მშენებლობის ობიექტზე უკანონო მშენებლობები იყო განლაგებული და მერიამ ვერ უზრუნველყო პრობლემის დროულად მოგვარება, დაგვიანდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და სამშენელო ობიექტზე მასალის მიტანა, შესაბამისად, 2017 წლის 10 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და გაგრძელდა ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა. 2018 წლის 26 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით სამუშაოს შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი, თუმცა მშენებლობის პროექტში შემსრულებლის მიერ აღმოჩენილი იქნა გარკვეული უზუსტებები, რომელთა შესწორების მიზნით არაეთგზის მიმართეს დამკვეთს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ რაიმე ზომები არ ყოფილა მიღებული. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებამ და ამ პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა ხელი შეუშალა სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებას, რის შესახებ წერილობით ეცნობა დამკვეთს და ეთხოვა მას შესრულების ვადის გაგრძელება, თუმცა მან უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, რამაც იძულებული გახადა მოსარჩელე შეეწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა სს „საქართველოს ბანკს“ და აცნობა რომ მოსარჩელის მხრიდან არ შესრულდა ხელშეკრულება და მოითხოვა საბანკო გარანტიის 26 665.15 ლარის მის სასარგებლოდ გადახდა და ბანკმაც აღნიშნული თანხა გადაურიცხა მოპასუხეს (იხ. სარჩელი და 30.11.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვა განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის გაფორმებული №94 ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არ დაურღვევია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. სამუშაოს მიწოდების ვადა რამდენჯერმე იყო გაგრძელებული და საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მოპასუხემ მიზანშეუწონლად მიიჩნია ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება, ვინაიდან მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო გვიან და მის მიერ შესრულებული სამუშაო არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ვადის გაგრძელებაზე ურის თქმისას მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად უკვე შეწყვეტილი იყო და ვინაიდან მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო დათქმულ ვადებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შემსყიდველმა გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება და გამოითხოვა საბანკო გარანტია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ სამუშაო დაგვიანებით დაწყების მიზეზი სამშენებლო ობიექტზე უკანონო მშენებლობების არსებობამ გამოიწვია, უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი ვალდებული იყო სამუშაოების დაწყებამდე გადაემოწმებინა საპროექტო ნიშნულები, სამშენებლო მოედანზე საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები, მან კი მხოლოდ 2017 წლის 01 ნოემბერს აღმოაჩინა ხარჯთაღრიცხვის შეუსაბამობა, ხოლო 2018 წლის იანვარში სამშენებლო სამუშაოების შეუსაბამობა ხარჯთაღრიცხვასთან, მაშინ, როცა 30 ნოემბრამდე შავი კარკასი უნდა ყოფილიყო დასრულებული, ხოლო 30 ნოემბრამდე - კეთილმოწყობის სამუშაოები (იხ. შესაგებელი და 30.11.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2017 წლის 29 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №94 ხელშეკრულება.

 

მტკიცებულება:

 

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №94 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-39).

 

4.1.2. 2017 წლის 10 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 დეკემბერი, ხოლო 2018 წლის 26 იანვარს გაფორმებული მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი.

 

მტკიცებულება:

 

- 2017 წლის 10 დეკემბრის შეთანხმება №1 (ს.ფ. 40);

- 2018 წლის 26 იანვრის შეთანხმება №2 (ს.ფ. 48);

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 30.07.2018 წ. №1797 განკარგელება.

 

2017 წლის 10 დეკემბრის №1 შეთანხმების მიხედვით, შეთანხმების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეჩერდა სამუშაოები. ამასთანავე საჭირო გახდა რიგი სამუშაოების გამოთავისუფლება თანდართული დანართის შესაბამისად და აღნიშნული შეთანხმებით ცვლილება შევიდა არა მარტო სამუშაოების შესრულების ვადა, არამედ შემცირდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და მშენებლობის ღირებულების სახარჯთაღრიცხვო ანგარიში. რომელიც საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2018 წლის 14 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შემსყიდველს, აცნობა პროექტში არსებული უზუსტობების შესახებ და ითხოვა შუამდგომლობის გაწევა პროექტის ავტორთან მასში შესწორების შეტანის მიზნით, ხოლო 2018 წლის 15 მარტს პროექტის ავტორმა სს “სპეცმონოლითმა“ მოპასუხეს წარუდგინა დაკორექტირებული პროექტი, აგრეთვე 2018 წლის 27 მარტის წერილის მიხედვით პროექტის ავტორმა კიდევ შეიტანა კორექტირება პროექტში, თუმცა მერიის 2018 წლის 27 მარტის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ვადის გაგრძელებაზე.

 

მტკიცებულება:

 

- 2018 წლის 14 მარტის წერილი (ს.ფ. 50);

- 2018 წლის 15 მარტის წერილი (ს.ფ. 52);

- სს „სპეცმონოლითის“ 2018 წლის 15 და 27 მარტის (№ად-11/18) წერილები (ს.ფ. 55-55);

- მერიის 2018 წლის 27 მარტის წერილი (№ად-11/3/5507 (ს.ფ. 59)

 

4.2.2. 2018 წლის 17 აპრილს კვლავ მიმართა წერილით მოპასუხეს და ექპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა დამატებითი ვადა სამუშაოების შესასრულებლად, რაზეც მოპასუხისაგან ეთქვა უარი 2018 წლის 20 აპრილის წერილით.

 

მტკიცებულება:

 

- 2018 წლის 17 აპრილის წერილი (ს.ფ. 60)

- 2018 წლის 17 აპრილის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 62-71);

- 2018 წლის 20 აპრილის მერიის წერილი (ს.ფ. 72)

4.2.3. მოსარჩელემ 2018 წლის 23 აპრილის წერილით ცალმხრივად შეწყვიტა მოპასუხესთან 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობა მოპასუხეს.

 

მტკიცებულება:

 

- მოსარჩელის 2018 წლის 23 აპრილის წერილი (ს.ფ. 73)

4.2.4. 2018 წლის 25 აპრილს მოპასუხემ, როგორ ბენეფიციარმა წერილით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა მხარეთა შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და მოითხოვა საგარანტიო თანხის 26665.15 ლარის მისთვის გადახდა და 2018 წლის 04 მაისს ბანკმა მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხეს გადაურიცხა საგარანტიო თანხა და აღნიშნული საგარანტიო თანხის მოპასუხის მხრიდან გამოთხოვა განხორციელდა ხელშეკრულების დარღვევით.

 

მტკიცებულება:

 

- სს „საქართველოს ბანკის“ წერილი (ს.ფ. 75);

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №94 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-39).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ქ---------------–----–--------------ის მხრიდან საგარანტიო თანხის მოთხოვნა განხორციელდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკამყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 629-ე, 637-ე, 647-ე, 991-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა კანონის სრული დაცვით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისად, მოპასუხის მხიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვა, გარდა იმისა, რომ უკანონოა, უფლების ბოროტად გამოყენებითაა განხორციელებული. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (მაგ: შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება, ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და მოჰყვება თუ არა ამ ურთიერთობას დასახული შედეგები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ---------------–----–---------------სა და უცხოური საწარმოს ფილიალს „ი-–----------------–--ს“ შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №94, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალებანი, კერძოდ, დადგენილია, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს „ი-–----------------–--ს“ ქ-------–----------------------------------–--აში, მარაბდელის ჩიხის მიმდებარედ უნდა აეშენებინა ს----–--------ი (ხელშეკრულების 3.1. მუხლი), ხელშეკრულების შესრულების ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღე (ხელშეკრულების 6.2. მუხლი), რომელიც გაგრძელდა ორჯერ და საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველს, უცხოური საწარმოს ფილიალს „ი-–----------------–--ს“ სამუშაოების შესრულებისას წარმოშობილი ობიექტური მიზეზების გამო, მათ შორის ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობით ორჯერ გაუგრძელდა ხელშეკრულების შესრულების ვადა და ძირითად ხელშეკრულებაში ორჯერ შევიდა ცვლილება და საბოლოო შესრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 მარტი, ხოლო ხეშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 მაისი.

 

ასევე დადგენილია, რომ შემსყიდველს, უცხოური საწარმოს ფილიალს „ი-–----------------–--ს“ სამუშაოების შესრულების ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად, შეექმნა დაბრკოლება, კერძოდ, გარდა იმისა, რომ 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით (74 დღე) 46 დღის განმავლობაში აღინიშნა უხვი ნალექი (იხ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია, ს.ფ. 51), მუშაობის პროცესის შეფერხების მიზეზი გახდა საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობები, კერძოდ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში გამოვლინდა არსებითი შეუსაბამობები, რაც საჭიროებდა შესწორებას ((იხ. სს „სპეცმონოლითის“ (პროექტის ავტორი) წერილი გორის მუნიციპალიტეტის მერისათვის გაგზავნილი წერილი და კორექტირებული სამუშაოთა მოცულობების უწყისები ს.ფ. 54-58)), რის გამოც ითხოვდა სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებას, თუმცა ქ---------------–----–---------------მ მოსარჩელეს უარი უთხრა ვადის გაგრძელებაზე იმ მიზეზით, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველს ორჯერ გაუგრძელეს სამუშაოს შესრულების ვადა, შედეგი და ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასრულა ს----–--------ის მშენებლობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შემდეგ კი შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამისად, როგორც შემსყიდველს, ისე შემსრულებელს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები და კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს თუ რა სახის ვალდებულება ეკისრება თითოეულ მხარეს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №94 ხელშეკრულება, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ, კერძოდ ნარდობის ხელშეკრულებას.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის მიხედვით, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის მიხედვით, 1. მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:

ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;

ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;

გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.

2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

7.7. ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

7.8. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის) ძალით ხორციელდება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის გაუქმება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეებს წარმოეშობათ ახალი ვალდებულება – ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი დაუბრუნონ ერთმანეთს. ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება, ამისთვის არ არის აუცილებელი ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობა.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა შემსყიდველს (მოპასუხეს) მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება, შესაბამისად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვისი მხრიდან იყო გამოწვეული ამ პირობების დარღვევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით მხრეებმა გაითვალისწინებს საბანკო გარანტია 26 665.15 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 16.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ საბანკო დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნაზე, ხოლო 16.5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მომწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნვეყოფის გარანტია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ (მიმწოდებელმა) შემსყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებით მიმართა სამუშაოების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ანუ მანამ სანამ მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ არსებობდა და ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეული იყო შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და არა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევით, შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვა ეწინააღმდეგება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2 მუხლის პირობას. ამასთან, სასამარლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე მხარე ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს კეთილსინდისიერად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული შემკვეთის პასუხისმგებლობა მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომლის გათვალისწინების რეკომენდაციას თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც იძლევა.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ (მიმწოდებელმა) ვერ შეასრულა სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თუმცა ასევე დადგინდა აღნიშნული ფაქტი მისი ბრალეული ქმედების შედეგი არ არის, არამედ, გამოწვეულია შემსყიდველის არაკეთილსინდისიერი და გულგრილი დამოკიდებულებით საკუთარი ვალდებულებებისადმი.

 

აღნიშნული გარემოების დასტურად, სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების მე-13 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულებების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემობებთან დაკავშირებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა ორჯერ, რაც გაფორმდა წერილობით და ამ შეთანხმებებით ირკვევა, რომ ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით და არა მიმწოდებლის ბრალეული ქმედებით და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ შემსყიდველს (მოპასუხეს) მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ მოსარჩელემ გარკვეული სამუშაო უხარისხოდ შეასრულა, თუმცა სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ეს ნაკლი მიმწოდებლის მხრიდან გამოსწორდა.

 

რაც შეეხება შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისათვის მესამედ სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებაზე უარს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც მიმწოდებლის მხრიდან კეთილსინდისიერად შესრულდა ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა ვალდებულება და სამუშაოს შესრულების ვადის გასვლამდე შეატყობინა შემსყიდველს, რომ სამუშაო შეფერხდა ერთ შემთხვევაში უხვი ნალექის გამო, მეორე შემთხვევაში მისი მხრიდან სამუშაოების შესრულებისას აღმოჩენილი ისეთი ხარვეზების გამო, რომელთა უგულვებელყოფაც შეუძლებელი იყო და რომელთა გამოსწორებაც სწორედ შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა იმდენად, რამდენადაც სწორედ მის მიერ წარდგენილ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში იყო არსებითი განსხვავება და მათი გამოსწორებაც ევალებოდა პროექტის შემდგენს, რომელმაც თავად შემსყიდველის წერილის საფუძველზე დააზუსტა ნახაზი (გამოასწორა ხარვეზი), რომელიც აისახა გაკორექტირებულ სამუშაოთა მოცულეობებში, თუმცა მიმწოდებელს (მოსარჩელეს) შემსყიდველის (მოპასუხის) მხრიდან ვადის გაგრძელებაზე ეთქვა უარი მიუხადავად იმისა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა ყველა საჭირო მასალა, ასევე ექსპერტიზის დასკვნა სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ვადებთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმწოდებელმა შესასრულებლი სამუშაოს ხარვეზის შესახებ შეატყობინა ჯერ კიდევ 2018 წლის 12 მარტს, სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელების თხოვნით შემსყიდველს მიმართა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (2018 წლის 14 მარტს) და ხელშეკრულების მიხედვით შემსყიდველი ვალდებული იყო უმოკლეს ვადაში ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (ხელშეკრულების მე-13 მუხლი), მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს გასცა პასუხი, უარი უთხრა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების მიხედვით შემსყიდველს არ ეკისრებოდა ვალდებულება გაეგრძელებინა სამუშაოს შესრულების ვადა, არამედ ეს წარმოადგენდა მის უფლებას, თუმცა მისი უარი უფლების გამოყენებაზე, შეიძლება შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რადგან მისი უარი ვადის გაგრძელებაზე ემსახურებოდა მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციების ამოქმედებას და არა სამუშაოების დასრულებას, სამოქალაქო უფლება კი უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია მისი გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სსკ 115 მუხლი).

 

რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოს მიწოდების ვადა უკვე არაერთხელ იყო გაგრძელებული და ამიტომ მიზანშეუწონლად ჩათვალა კიდევ ერთხელ ვადის გაგრძელება, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სამუშაოების ვადის გაგრძელების აუცილებლობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზის გამო და არა მოსარჩელის ბრალეული ქმედებით.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 30.06.2018 წლის №1797 განკარგულება უცხოური საწარმოს ფილიალის „ი-–----------------–-- Inshaat Georgia“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს მიერ ჩატარებული წარმოებისას დადგინდა შემდეგი გარემოებები:

შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებელმა მიმართა 2017 წლის 01 ნოემბერს №000200-16 წერილით და აცნობა, რომ ფუნდამენტის კონსტრუქციამ განიცადა საპროექტო ცვლილება. ამასთან, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისა და შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ის წერილების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა მშენებლობა, ბეტონის ხარისხიანობის შესახებ ზუსტი პასუხის მიღებამდე. ამავე წერილის თანახმად, სამუშაო შეფერხდა 25 დღით. მიმწოდებელმა ითხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელება 2015 წლის 15 დეკემბრამდე (განკარგულების 4.4. პუნქტი);

მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას კვლავ მიმართა 2017 წლის 14 დეკემბრის №000200-21 და 27 დეკემბრის №000200-23 წერილებით და აცნობა, რომ სამშენებლო მოედანზე თვითნებურად აშენებული შენობების დემონტაჟის პროცესმა მიმწოდებელს არ მისცა მასალის მიწოდების საშუალება. ამასთან, არსებობდა ხარჯთაღრიცხვასა და პროექტს შორის შეუსაბამობები. მიმწოდებელმა ითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 3 თვით; შემ (განკარგულების 4.6. პუნქტი);

შემსყიდველ ორგანიზაციას პროექტის ავტორის - სს „სპეცმონოლითის“ 2018 წლის 15 მარტის წერილით ეცნობა, რომ შედგენილი იქნა დაზუსტებული ნახაზი მშენებლობის გასაგრძელებლად. შემსყიდველ ორგანიზაციას ეთხოვა ხსენებული ნახაზის მიმწოდებლისათვის გადაცემა (განკარგულების 4.9. პუნქტი);

საქმეში არსებული შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვექტორის“ 2018 წლის 17 აპრილის დასკვნის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვას შორის არსებობდა შეუსაბამობები, კერძოდ, განსხვავდებოდა მოცულობები. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების დასრულებას სჭირდებოდა 135 კალენდარული დღე (განკარგულების 4.12. პუნქტი);

შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის 2018 წლის 17 აპრილის №000200-34 წერილით კვლავ ეცნობა გამოვლენილი უზუსტობების თაობაზე და ეთხოვა დაზუსტებული საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლისათვის გადაცემა (განკარგულების 4.13. პუნქტი);

შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის 2018 წლის 23 აპრილის №000200-35 წერილით ეცნობა, რომ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას შორის არსებული შეუსაბამობების გამო შეფერხებით მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი. ამასთან, თავად პროექტის ავტორი 2018 წლის 27 მარტის წერილში ადასტურებდა პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, თუმცა მიმწოდებელს კორექტირებული პროექტი არ გადასცემია. შეუსაბამობა აგრეთვე დაადასტურა დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზამ 2018 წლის 17 აპრილის დასკვნით. შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა, რომ მოცემულ ვითარებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების გაგრძელება, ვინაიდან ცდომილება ეხებოდა კონსტრიქციულ ნაწილს და კორექტირების გარეშე სამუშაოების შესრულება ეჭვს ქვეშ აყენებდა შენობის მდგრადობას. ამავე წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (განკარგულების 4.14. პუნქტი);

სააგენტომ ყურადღება გაამახვილა შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციაზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.8. პუნქტი არ გამორიცხავს მშენებლობის პროცესში ხარჯთაღრიცხვასა და საპროექტო დოკუმენტაციაში შეუსაბამობების გამოვლენას, ვინაიდან, ამავე პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითიტებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას. ამდენად, მიმწოდებელს უფლება ჰქონდა, გამოევლინა მის მიერ მითითებულ ხარჯთაღრიცხვასა და პროექტს შორის არსებული შეუსაბამობები, რაც არ იყო შესაძლებელი სამუშაოების დაწყებამდე. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას პროექტის ავტორის მიერ ეთხოვა სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით კორექტირებული ნახაზების გადაცემა მიმწოდებლისათვის, რაც ამყარებს იმ არგუმენტს, რომ ამგვარი კორექტირების გარეშე სამუშაოები ვერ შესრულდებოდა. ის, რომ არსებობდა კორექტირების აუცილებლობა, აგრეთვე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით (განკარგულების 7.3. პუნქტი).

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები ვერ შესრულდა სწორედ შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და არა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევით, შესაბამისად, შემსყიდველის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვა ეწინააღმდეგება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2 მუხლის პირობას, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშერულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ საბანკო დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნაზე, რომელიც ამავე ხელშეკრულების 16.5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა რა, რომ შემსყიდველის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვას საფუძველი არ გააჩნდა, შესაბამისად, იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ასეთ შემთხვევაში კი პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული (სსკ 991 მუხლი).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 800 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის - ანაზღაურება.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს "სამშენებლო სარემონტო-სამშენებლო და საწარმოო დაწესებულების" სარჩელი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს "სამშენებლო სარემონტო-სამშენებლო და საწარმოო დაწესებულების" სასარგებლოდ დაეკისროს 26 665.15 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს "სამშენებლო სარემონტო-სამშენებლო და საწარმოო დაწესებულების" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 800 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს "სამშენებლო სარემონტო-სამშენებლო და საწარმოო დაწესებულების" სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 800 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი