გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002455209
საქმე №2/951-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - გ------ი გ--------–---–ი, ე----რ ზ-------–---–ი
მოპასუხე - შპს "ს----------–----------–----------------------------ი"
წარმომადგენელი - გ------ი ჯანჯღავა
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისათვის შესაბამისი პროცენტის გადახდის დაკისრება, დავალებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს "ს----------–----------–----------------------------ს" გ------ი გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს (2014 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მაისამდე) მიუღებელი ხელფასის 16400 ლარის ანაზღაურება,1.1.1 შპს "ს----------–----------–----------------------------ს" გ------ი გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს (2014 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მაისამდე) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი ხელფასის 0.07 პროცენტი - 7332 ლარი;
1.1.2 შპს "ს----------–----------–----------------------------ს" გ------ი გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალებით შესრულებული სამშაოსათვის 5000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. შპს "ს----------–----------–----------------------------ს" ე----რ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის 16400 ლარის ანაზღაურება,1.2.1. შპს "ს----------–----------–----------------------------ს" ე----რ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი ხელფასის 0.07 პროცენტი - 7332 ლარი;
1.2.2. შპს "ს----------–----------–----------------------------ს" ე----რ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალებით შესრულებული სამშაოსათვის 5000 აშშ დოლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელეები 2014 წლის 01 დეკემბერს შპს "ს----------–----------–----------------------------ში" შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნენ იურისტის ვაკანსიაზე. მათი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 400 ლარს. ასრულებდნენ, როგორც დამქირავებლის იურიდიულ მომსახურებას, ასევე ასრულებდნენ ცალკეულ დავალებებს. იმის გამო, რომ შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ ჰქონდა მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ. გორში გურამიშვილის N5-ში შეჭრილი იყო მოქალაქეთა ჯგუფი და ეწეოდნენ უკანონო სავაჭრო საქმიანობას, რითაც ზიანი ადგებოდა მოპასუხის საქმიანობას, ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილზე მე-3 კილომეტრზე განთავსებულ საკოლმეურნეო ბაზარს, დირექტორმა გოგი ბოჭორიშვილმა მესაკუთრესთან შეთანხმებით აიღო ვალდებულება, რომ თუ შეძლებდნენ ტერიტორიის გამოთავისუფლებას უკანონოდ მყოფი გარემოვაჭრეებისგან გადაუხდიდნენ 10 000 აშშ დოლარს, რადგან წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ამ პრობლემის მოგვარებას. მათი ძალისხმევით გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 08 აპრილს მიღებული იქნა განჩინება, რის საფუძველზეც შსს გორის რაიონულ სამმართველოს დაევალა ქმედების განხორციელება, რის შედეგადაც შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ საკუთრებაში ქ. გორში, გურამიშვილის ქ. N5-ში მდებარე ტერიტორიიდან ასობით მოქალაქეთა ჯგუფი გამოსახლდა. 2015 წლის 09 ოქტომბერს აღსრულებულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილება და გამოთავისუფლდა ტერიტორია. შესაბამისად შედგა ოქმი, რაც დადასტურდა უბნის ინსპექტორისა და მოსარჩელეთა ხელმოწერით. ამის შემდეგ შედგა შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დირექტორის, მესაკუთრისა და იურისტების შეხვედრა. დავალების შესრულების შედეგად დაპირებული თანხის გადმოსაცემად, რა დროსაც დავალების მიმცემმა ავანსის სახით მოსარჩელეებს გადასცა 500-500 ლარი და განმარტა, რომ მათთვის თანხის სრულად გადახდას შეძლებდნენ უახლოეს დღეებში, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელეები იძულებულნი გახდნენ მოემართთათ სასამართლოსთვის სახელფასო დავალიანებისა და დავალებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წამოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. იგი არ დაეთანხმა გარემოებას, რომ მოსარჩელები და მოპასუხე დღემდე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან შპს „ს----------–----------–--------------------------ტთან“, ვინაიდან აღნიშნულ პირებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებული იყო განსაზღვრული ვადით. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა აღარ გრძელდებოდა, იყო შეწყვეტილი, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების შეწყვეტის (2015 წლის 01 დეკემბერი) შემდგომ კომპანიამ ერთჯერადად იურიდიული დახმარებისათვის მიმართა ადვოკატებს ე----რ ზ-------–---–სა და გ------ი გ--------–---–ს, რის სანაცვლოდაც მათ მიიღეს შესაბამისი ანაზღაურებები. ასევე, მხარეთა შორის არ დადებულა დავალების ხელშეკრულება და შესაბამისად არ განხორციელებულა შეთანხმება დამატებით თანხების გადახდევინების შესახებ. გ------ი გ--------–---–ს, ისევე როგორც ე----რ ზ-------–---–სა და შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 6 თვის ვადით 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე, აღნიშნული ხელშეკრულების 1.7 პუნქტის მიხედვით „ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა მანამ, სანამ მხარეები არ გამოთქვამდნენ სურვილს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, აღნიშნული ნორმის თანახმად მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულება 6 თვის ვადით და ავტომატურად გაგრძელების პირობით, თუმცა მისი შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო ერთ-ერთი მხარის სურვილი ხელშეკრულების გაუგრძელებლობაზე, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელების პირობას. 2015 წლის ნოემბერს შპს „საქართველო-ისრალეის პროექტების მენეჯმენტის“ დირექტორის მიერ მოხდა მოსარჩელეთათვის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას აღარ სურდა ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელების პირობის გამოყენება, შესაბამისად 1 დეკემბერს შეწყდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.7 პუნქტით განსაზღვრული პირობა გაგრძელდა ერთჯერადად და ძალაში იყო 2015 წლის 1 დეკემბრამდე ერთი წლის ვადით. კომპანია მასთან დასაქმებულ თანამშრომელებთან ყოველ 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ ახორციელებს ახალი ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულება მხოლოდ ერთხელ იქნა დადებული და აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, მოსარჩელეებს წარმოეშობათ დავალიანების სახით 1 წლის ოდენობით შორმითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც გარკვეულ ნაწილში არის ხანდაზმული და გასულია მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადები. სარჩელი სასამრთლოში შეტანილ იქნა 2018 წლის 21 მაისს და სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 01 ივნისამდე არის ხანდაზმული და მოსარჩელეებს აქვთ მხოლოდ 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის, კერძოდ თითოეულ მოსარჩელეს 6 თვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება თითოეულზე - 2400 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეები გ------ი გ--------–---–ი და ე----რ ზ-------–---–ი 2014 წლის 01 დეკემბრიდან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე შპს „ს----------–----------–---------------------------ტთან“, დასაქმებულნი იყვნენ იურისტის პოზიციებზე და მათი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თითოეულზე 500 ლარს.
3.1.2. 2014 წლის 01 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება გაფორმებული იყო 6 თვის ვადით 2015 წლის 01 ივნისამდე და ხელშეკრულება პერიოდულად ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით მანამ, სანამ მხარეები არ გამოთქვამდნენ სურვილს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დანიშვნის ბრძანებები N17 და N18.
- 2014 წლის 01 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებები;
3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მოსაპასუხეს წერილობით მიმართეს ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც 2018 წლის 21 მაისს ორგანიზაციის მიერ ეცნობათ, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანიის ანგარიშზე არ არსებობდა თანხა და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიემართათ ორგანიზაციის დამფუძნებლებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
- 2018 წლის 21 მაისის N11 წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეები გ------ი გ--------–---–ი და ე----რ ზ-------–---–ი 2014 წლის 01 დეკებრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაციასთან იმყოფებოდნენ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში სადავო პერიოდში - 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მაისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 03 აპრილის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება;
- 2017 წლის 16 მაისის თბილის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- 2018 წლის 02, აპრილის, 16 აპრილისა და 25 აპრილის ე----რ ზ-------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობები;
- სალაროს გასავლის ორდერები;
3.2.2. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელეები არც ზეპირსიტყვიერად ყოფილან გაფრთხილებულნი ორგანიზაციიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაბარებიათ. 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების 2015 წლის 01 ივლისიდან შეწყვეტის თაობაზე ეცნობათ მხოლოდ 2018 წლის აგვისტოს შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ დირექტორის გ. ბოჭორიშვილის პასუხი ე----რ ზ-------–---–ის 29.08.2018 წლის წერილზე;
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ კუთვნილი ხელფასიდან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მაისამდე გასაცემი ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 01 ივნისამდე არსებული სახელფასო ანაზღაურების ნაწილზე, ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.5. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად თვლის, რომ რაიმე სარწმუნო მტკიცებულება მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობისა და შესაბამისად მის საფუძველზე რაიმე სამუშაოს შესრულების შესახებ საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო თანხების გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
საქართველოს შრომის კოდექსის 1.1 ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მე-2 პუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადაოდ არ ხდის 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების ერთჯერადად 6 თვის ვადით ავტომატურად გაგრძელებას 2015 წლის 01 დეკემბრამდე და მიუთითებს აღნიშნული 1 წლის სახელფასო დავალიანებიდან 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 01 ივნისამდე არსებული 6 თვის დავალიანების ხანდაზმულობაზე.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პერიოდულად შესრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას განეკუთვნება და მოსარჩელემ, თუკი მოპასუხეს გააჩნდა მისი სახელფასო დავალიანება, შესაბამისი თვიდან უკვე იცოდა ამ თვის ხელფასის მიღების უფლების დარღვევის შესახებ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის მითითებას 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 01 ივნისამდე სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას არ იზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას და დადგენილად თვლის, რომ მხარეების მიერ განხორციელდა 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით გაგრძელება, რა დროსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ მათ მოვალეობებს და რაშიც მათ უნდა მიეღოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელფასო ანაზღაურება.
ამრიგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს მისაღები აქვთ 2015 წლის ივნისის თვიდან 2018 წლის მაისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანება თითოეულზე 14000 ლარის ოდენობით და სარჩელი ამ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის გამო.
6.3. ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა დაყოვნებული თანხის 0.07% ჯამში - 7332 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირგასამტეხლოს კალკულაციის ფარგლებში. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება. დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, 0.07%-ის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ რიდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, არსებობს შრომის კოდექსის 31.3 მუხლის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან დადგენილი და დადასტურებულია, რომ სადავო პერიოდში მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ იყო შეწყვეტილი, ამასთან ხელშკერულებით გათვალისიწნებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემულიყო, რა ვალდებულებაც დამსაქმებელის მხრიდან დარღვეულ იქნა - მან გადააცილა შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდდღიან ვადას (შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
დადგენილია, რომ ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება შეადგენს თითოეულ მოსარჩელეზე 14000 ლარს და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გათვალისიწინებული დაყოვნებული თანხის 0.07% შეადგენს თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით არანაკლებ სარჩელით მოთხოვნილ 7332 ლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” 5.1 მუხლის ,,ა” პუნქტით საფუძველზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ჯამში 42664 ლარის გადახდა ამასთან, მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე სარჩელი ცნო ჯამში 9600 ლარის ნაწილში მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 991. 90 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე გ------ი გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე გ------ი გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური დაყოვნებული თანხის 0,07% - არაუმეტეს 7332 (შვიდი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარი;
1.3. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე ე----რ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 14000 (თოთხმეტი ათასი)ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ მოსარჩელე ე----რ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური დაყოვნებული თანხის 0,07% - არაუმეტეს 7332 (შვიდი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარი;
2. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
3. მოპასუხე შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 991.90 (ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე