გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
050210018002537614
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002537614

საქმე №2/756-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.12.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ლი--–---------–---–ი;

წარმომადგენელი: - თა---–ა მი-–-----ი;

მოპასუხეები: - ნო-ა გო-----ე;

წარმომადგენელი: - თი-----ნ ბა---–-–---–ი;

- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი: - გრ----ლ ხუ--–--ე;

დავის საგანი: - უფლებამონაცვლედ ცნობა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გუ-–-----ა ნი----–-–---–ის უფლებამონაცვლედ (მემკვიდრედ) ცნობილი იქნეს ნონა გო-----ე და მოვალის გუ-–-----ა ნი----–-–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნატანები ს/კ 2-----------.) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს უფლებამონაცვლის ნონა გო-----ის სახელზე.

 

1.2. ნა----–ა ნი----–-–---–ის უფლებამონაცვლედ (მემკვიდრედ) ცნობილი იქნეს სახელმწიფო და მოვალის ნა----–ა ნი----–-–---–ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ს/კ 2-----------) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს უფლებამონაცვლის სახელმწიფოს სახელზე.

 

1.3. ნა----–ა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ების უფლებამონაცვლეებს ნონა გო-----ეს და სახელმწიფოს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის სახით გაცემული თანხა 6 000 ლარი და სესხზე დარიცხული სარგებელი 10 800 ლარი.

 

1.4. მოხდეს იპოთეკის საგანის - უძრავ ქონების (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნატანები ს/კ 2-----------) იძულებით აუქციონზე რეალიზება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია

წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელს არ ერთვის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ გამოიკვლია ჰყავდა თუ არა ნა----–ა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ებს მემკვიდრეები. საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვერ გახდება ქონების უმკვიდროდ ცნობის საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ნონა გო-----ის პოზიცია

წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე ნონა გო-----ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2012 წლის 04 სექტემბერს ლი--–---------–---–ს, ნა----–ა ნი----–-–---–სა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ის, მინდობილობით ნონა გო-----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარმა - ლი--–---------–---–მა მესაკუთრეებს - ნა----–ა ნი----–-–---–ს და გუ-–-----ა ნი----–-–---–ს, მინდობილობით ნონა გო-----ეს ასესხა 6000 ლარი, სამი წლის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის გადახდით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 300 ლარს.

 

სესხის უზრუნველსაყოფად ნა----–ა ნი----–-–---–მა და გუ-–-----ა ნი----–-–---–მა, მინდობილობით ნონა გო-----ემ, იპოთეკით დატვირთეს მათი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნატანები ს/კ 2-----------).

 

აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. შედგა ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცა იპოთეკარს, ერთი - მესაკუთრეს, ერთი საჯარო რეესტრს და ერთი დარჩა სანოტარო არქივში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 04 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 20-23);

 

3.2.2. 2012 წლის 03 სექტემბრის უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლების მინდობილობის თანახმად, ნა----–ა ნიკოლაიშვილმა და გუ-–-----ა ნიკოლაიშვილმა (საკუთრების მიმნდობები) მიანიჭეს უფლებამოსილება ნონა გო-----ეს (მინდობილი მესაკუთრე) მართოს და განკარგოს, გააჩუქოს, გაყიდოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს, მიმნდობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნატანები ს/კ 2-----------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 03 სექტემბრის მინდობილობა (იხ.ს/ფ 24-27);

 

3.2.3. 2015 წლის 15 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნატანები ს/კ 2-----------) მესაკუთრეები არიან ნა----–ა ნი----–-–---–ი და გუ-–-----ა ნი----–-–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 15 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ს/ფ 28-29);

 

3.2.4. გუ-–-----ა ნი----–-–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს/ფ 38);

 

3.2.5. ნა----–ა ნი----–-–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 17 მარტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს/ფ 39);

 

3.2.6. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7447 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ინფორმაცია გარდაცვლილი ნა----–ა ნი----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7447 მიმართვა (იხ.ს/ფ 43);

 

3.2.7. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7477 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ჩანაწერი გუ-–-----ა ნი----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7477 მიმართვა (იხ.ს/ფ 44);

 

3.2.8. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7476 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერები 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი გუ-–-----ა ნი----–-–---–ის დანაშთი ქონების თაობაზე, შემდეგი სახით: 2016 წლის 26 აპრილს ნოტარიუს ლია ვადაჭკორიას მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7476 მიმართვა (იხ.ს/ფ 45);

 

3.2.9. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7467 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ნა----–ა ნიკოლაიშვილის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7467 მიმართვა (იხ.ს/ფ 46);

 

3.2.10. 2016 წლის 04 აპრილს ლი--–---------–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გუ-–-----ა და ნა----–ა ნი----–-–---–ების მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

2016 წლის 02 ივნისს ლი--–---------–---–ის წარმომადგენელმა თა---–ა მი-–-----მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. განცხადებაში მიუთითა, რომ წარდგენილი შესაგებლიდან ცნობილი გახდა მოსარჩელეების გარდაცვალების შესახებ და შესაბამისად, ითხოვა სარჩელის გახმობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განჩინებით ლი--–---------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ლი--–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გუ-–-----ა ნიკოლაიშვილის და ნა----–ა ნიკოლაიშვილის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განჩინება (იხ. ს/ფ 41-42);

 

3.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ლი--–---------–---–ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და განემარტა, რომ აღნიშნული სარჩელით შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს - ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება (იხ.ს/ფ 48-50);

 

3.2.12. 2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17748 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ჩანაწერი ნა----–ა ნი----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17746 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2015 წლის 17 მარტს გარდაცვლილი ნა----–ა ნიკოლაიშვილის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17748 და 2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17746 მიმართვები (იხ.ს/ფ 51-52);

 

3.2.13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით ლი--–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნონა გო-----ის მიმართ უფლებამონაცვლის დადგენისა და ქონების საკუთრებაში გადასვლის თაობაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინება (იხ. ს/ფ 53-54);

 

3.2.14. 2016 წლის 26 აპრილს ნოტარიუს ლია ვადაჭკორიას განცხადებით მიმართა ნონა გო-----ემ და მოითხოვა 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი გუ-–-----ა ნი----–-–---–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე განცხადების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს/ფ 125);

 

3.2.15. საქართველოს სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სათანადო მტკიცებულებები.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაოობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მიცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის და 2017 წლის წერილები, სადაც მითითებულია მხოლოდ ინფორმაცია ნა----–ა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ების სამკვიდრო ქონებისა და ანდერძის თაობაზე მიმართა თუ არა ნოტარიუს ვინმემ (იხ. 3.2.6; 3.2.7; 3.2.8; 3.2.9; 3.2.12; 3.2.13 პუნქტები) ვერ გახდება ქონების უმკვიდროს ცნობის საფუძველი. ნო-ა გო-----ე თავის შესაგებელში მიუთითებს სხვა მემკვიდრეების შესახებ. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ნონა გო-----ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალების შეტყობინებიდან - 2016 წლის 2 ივნისიდან, 6 თვის ვადაში მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. მოსარჩელისათვის მოვალეების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 2 ივნისამდე ადრე, კერძოდ, როდესაც მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნონა გო-----ის შესაგებლის წარდგენა. საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელე ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, მოხდა თუ არა მისი მხრიდან მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეების მიმართ პრეტენზიის წარდგენა. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2016 წლის 13 დეკემბერს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 42-ე, 85-ე მუხლი.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1433-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ლი--–---------–---–ს, ნა----–ა ნი----–-–---–სა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ის, მინდობილობით ნონა გო-----ეს შორის (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, სამოქალაქო ურთიერთობებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მემკვიდრეობის სამართალი, რომლიდანაც გამომდინარეობს მემკვიდრეობის უფლება და რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითაა აღიარებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეები (ნა----–ა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ები) გარდაცვლილები არიან (იხ. 3.2.4; 3.2.5 პუნქტები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.

 

,,აღნიშნული (სკ-ის 1488-ე მუხლი) ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.; საქმე №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.; საქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის განმარტების თანახმად, მისთვის ნა----–ა და გუ-–-----ა ნი----–-–---–ების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ნონა გო-----ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს მოვალეების გარდაცვალების შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა წარედგინა პრეტენზია მემკვიდრეებისთვის.

 

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლი--–---------–---–ის მხრიდან არ არის დაცული მემკვიდრეების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით სავალდებულო მოთხოვნის წარდგენის ვადა. შესაბამისად, მან დაკარგა მემკვიდრეების მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელეს საქმის განხილვისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ წინასწარ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლი--–---------–---–ის სარჩელი ნონა გო-----ისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე