გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210118002305087
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/4528-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელეები - ირ-----------ი, ირ---–-------ა, ლუ--------ა, ლი-–-------ა

წარმომადგენელი - ბე--------ე

მოპასუხე - იო------------–--–--ე

წარმომადგენელი - ალ---------------–--ე, მა----------------–---–ი

დავის საგანი - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ 2016 წლის 01 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, 2017 წლის 07 იანვრის სააღსრულებო ფურცლის ცვლილება N--------- და 2017 წლის 21 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის ცვლილება N---------;

 

მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2015 წლის 23 ივნისს ა-–---------- ნ------- და იო------------–--–--ეს შორის დაიდო შპს ,,რ-–-“-ს კაპიტალში იო------------–--–--ის 100% წილზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ რეგისტრაციის ნორმით N--------- და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით N-----------. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 10 წელი, შესაბამისად ძალაში იყო 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 2 700 000 აშშ დოლარი.

 

ა-–---------- ნ----- გარდაიცვალა 2016 წლის 07 მაისს. 2016 წლის 28 დეკემბერს ა-–---------- ნ-----ს დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მემკვიდრეებად განისაზღვრა მეუღლე ირ-----------ი, შვილები ირ---–-------ა და ლუ--------ა და დედა ლი-–-------ა;

 

იო------------–--–--ემ 2016 წლის 01 მარტს მიმართა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–- და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებასთან დაკავშირებით. ნოტარიუსმა ზ---– ბ------–---–-- 2016 წლის 01 მარტს გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2016 წლის 01 მარტის სააღსრულებო ფურცელი იო------------–--–--ემ 2016 წლის 23 ივნისს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობდა ა-–---------- ნ-----ს სასარგებლოდ დარეგისტრირებული წინასწარი საკუთრების უფლების გაუქმებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით იო------------–--–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა წილზე წინასწარი საკუთრების უფლება.

 

2017 წლის 16 იანვარს იო------------–--–--ემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 01 მარტის სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 იანვრის წერილით იო------------–--–--ეს ეცნობა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ, იმ საფუძველზე მითითებით, რომ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების შესრულების დროდ მითითებული იყო 2015 წლის 23 ივნისიდან 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით, ანუ ვალდებულების შესრულების დრო არ იყო ვადამოსული. შესაბამისად იო------------–--–--ეს დაუდგინდა ხარვეზი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2017 წლის 21 თებერვალს იო------------–--–--ემ კვლავ მიმართა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-, რომელმაც იმავე დღეს შეიტანა ცვლილება 2016 წლის 01 მარტის სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტში და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ვადაზე ადრე 2016 წლის 25 თებერვლამდე არსებულ ვადადამდგარი დავალიანების 50499 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო. 2015 წლის 23 ივნისს ა-–---------- ნ------- და იო------------–--–--ეს შორის დადებული წინარე ხელშეკრულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე რომელიმე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადამდგარი ვალდებულების შესრულება მოხდება ნოტარიუსის სააღსრულლებო ფურცლის საფუძველზე.

 

იო------------–--–--ეს არც ა-–---------- ნ-------თვის სიცოცხლეში და არც უფლებამონაცვლეებისათვის დღემდე, აღნიშნულ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაფრთხილებით ან რაიმე პრეტენზიით არ მიუმართავს. იო------------–--–--ის მიერ საჯარო რეესტრში წინასწარი საკუთრების უფლების გაუქმებით, გაუქმებულია ხელშეკრულებაც, ვინაიდან ხელშეკრულების მხარის, ა-–---------- ნ-----ს გარდაცვალების შემდეგ, ამ ხელშეკრულების მხარედ უფლებამონაცვლეები დადგენილი წესით არ ჩანაცვლებულან. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია არასწორად, ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- სანოტარო მოქმედებები სცილდება მხარეთა მიერ წინარე ხელშეკრულებით მოწესრიგებულ ფარგლებს და აწ გარდაცვლილი, ა-–---------- ნ-----ს უფლებამონაცვლეების საზიანო განმარტებების შედეგად არის გაცემული. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გულისხმობს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იძულებითი შესრულებას, რაც გულისხმობს წილის სანაცვლოდ წილის ღირებულების გადახდას. თუმცა ამის საპირისპიროდ, წილზე წინასწარი საკუთრების უფლება იო------------–--–--ის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებულია და ისევ ფლობს აღნიშნულ შპს-ში წილს და შესაბამისად ამ საზოგადოების ქონებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

სასარჩელო მოთხოვნა და დავის ფაქტობრივი გარემოებები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ ბუნდოვანია დავის არსის სრულყოფილად გაგების საფუძველი. ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ სააღსრულებო წარმოების საკითხებს, მაგრამ მოთხოვნილი აქვს მთლიანად სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და არა სხვა. მოსარჩელეების ეჭვის ქვეშ არც მემკვიდრეობის მიღებას აყენებენ მაგრამ რატომღაც მხოლოდ მოპასუხესთან მამკვიდრებლის სამართალურთიერთობის სპეციალური უფლებამონაცვლეობის მოთხოვნა აქვთ. საკმარისად არ მიაჩნიათ ნოტარიულად გაფორმებული ვალდებულება და მის შეუსრულებლობასაც კრედიტორის მიერ განსაკუთრებულ დამატებით მოთხოვნებს უკავშირებენ.

 

სრულიად დაუსაბუთებლად მოსარჩელეს ასევე მითითებული აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, როდესაც ხელშეკრულებით ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. მოსარჩელის მიერ სადავოა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობა, აუცილებელი ყველა არსებითი პირობა დაცულია. რის საფუძველზე შეუწყდა მოსარჩელეს, როგორც მხარეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები - თანხის გადახდის, მოპასუხისათვის გაუგებარია, რადგან იგი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

მოპასუხე თვლის, რომ მას სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის, ხოლო ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა და რაიმე დარღვევაზე მოსარჩელეს არც მითითებული აქვს და არც რაიმე მტკიცებულებებია წარმოდგენილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 23 ივნისს ა-–---------- ნ------- და იო------------–--–--ეს შორის დაიდო შპს ,,რ-–-“-ს კაპიტალში იო------------–--–--ის 100% წილზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ რეგისტრაციის ნორმით N--------- და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით N-----------. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შედგენდა 2 700 000 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს ნასყიდობის ფასი ავანსის სახით სრულად გადახადოს შემდეგი გრაფიკით:

1) 300 000 აშშ დოლარი ან აღნიშნული თანხის შესაბამისი ეკვივალენტი ლარი გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს ხუთი საბანკო დღისა.

2) 20 000 აშშ დოლარი ან აღნიშნული თანხის შესაბამისი ეკვივალენტი ლარი გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით გადახდილი უნდა იქნეს ა.წ. აგვისტოდან დაწყებული ყოველთვიურად 10 (ათი) წლის განმავლობაში, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე (ჩათვლით).

ამავე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთვევაში თუ მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ გრაფიკს, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს მყიდველისგან პირგასამტეხლო გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ნოლი მთელი და სამი მეათედი პროცენტის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის. გარდა ზემოთხსენებულისა, გამყიდველს უფლება აქვს, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ გრაფიკს მოშალოს/შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და შესაბამისად უარი თქვას ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადებაზე (მუხლი 5. პუნქტი 6.);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 23-28);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2016 წლის 07 მაისს გარდაიცვალა ა-–---------- ნ----- და 2016 წლის 28 დეკემბერს ირ-----------ის, ლუ--------ას, ირ---–-------ასა და ლ--–-- ნ-----ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი ა-–---------- ნ-----ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

 

2016 წლის 28 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ, თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს შემდეგი სამკვიდრო ქონება:

სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები (ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება), წილების სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე (ანგარიშზე) თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში), რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 31).

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 32-35).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. ა-–---------- ნ-----მ დაარღვია 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორ იო------------–--–--ის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 01 მარტს, ნოტარიუსმა ზ---– ბ------–---–-- მოვალე ა-–---------- ნ-----ს მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: 2 292 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2017 წლის 07 იანვარს ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ შეტანილი იქნა ცვლილება 2016 წლის 01 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოვალე ა-–---------- ნ----- 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შეიცვალა უფლებამოსილი პირებით (მემკვიდრეებით) - ირ-----------ი, ლუ--------ა, ირ---–-------ა და ლი-–-------ა.

 

2017 წლის 21 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება 2016 წლის 01 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: 50499 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ 2016 წლის 01 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.03.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი N--------- (ს.ფ. 36-38);

- 07.01.2017 წლის სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (ს.ფ. 39-40);

- 21.02.2017 წლის სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (ს.ფ. 48-50);

- შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 47).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 148-ე, 149-ე, 186-ე, 197-ე, 188-ე, 327-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა. მოსარჩელე უთითებს მას და მოპასუხეს შორის წინარე ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში უპირველესად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები აქვს მოსარჩელეს, რათა ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის სამართლებრივ ბუნებას, რაც შესაძლებელს გახდის მართებულად დაკვალიფიცირდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი, გაცვლა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. განკარგვითი ხელშეკრულებები თავის თავში მოიცავს, როგორც აბსოლუტურ (სანივთო) ისე _ ფარდობით (ვალდებულებით) ელემენტებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესი საკითხის ამომწურავი მოწესრიგებით არ შემოიფარგლება და ურთიერთობის რეგულაციისათვის მხედველობაშია მისაღები, როგორც ვალდებულებითი, ისე - სანივთო სამართლისათვის დამახასიათებელი დანაწესები.

 

საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.

 

სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად, საწარმოს წილი წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე- სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავდება იმით, რომ განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ნივთი ფასის გადახდამდე, ხოლო შემდგომ კი მყიდველის მიერ ფასის გადახდა უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ. ამდენად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე, თუმცა მას გადახდილი აქვს ნივთის ფასის მხოლოდ ნაწილი. განვადებით ნასყიდობა, ისევე როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია, იგი დადებულად ითვლება მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან და მისი ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული ნასყიდობის საგნის რეალურად გადაცემასთან.

 

წინარე ხელშეკრულება ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულებაა, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, რომელსაც, როგორც წესი, ძირითად ხელშეკრულებას უწოდებენ. მაშასადამე, წინარე ხელშეკრულება წარმოადგენს სახელშეკრულებო კონტრაჰირების იძულების სამართლებრივ საფუძველს.

 

აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ წინარე ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოშობს ძირითადი ხელშეკრულების დადების და არა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვალდებულებას. (იხ. სუსგ ას-376-360-2016).

 

6.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებაზე - ,,შპს ,,რ-–-“-ს პარტნიორის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“, რომელიც გაფორმდა, ერთი მხრივ, ა-–---------- ნ-----ს, როგორც „მყიდველს“ და, მეორე მხრივ, იო------------–--–--ეს, როგორც „გამყიდველს“ შორის.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიჰყიდა, ხოლო მყიდველმა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით შეიძინა საწარმოს წილი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 2 700 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომლიდანაც 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მყიდველს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო დარჩენილი თანხა მყიდველს უნდა გადაეხადა 2025 წლის 23 ივნისამდე შეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ნასყიდობის საგანზე“ საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველზე გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის მომენტიდან“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ნების გამოვლენის მეშვეობით მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე, არამედ პირობებზე და წესებზე, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 23 ივნისის ,,შპს ,,რ-–-“-ს პარტნიორის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების არსებითი პირობების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების არგუმენტად ვერ მიიჩნევა მხოლოდ ხელშეკრულების სათაურად მითითება- ,,წინარე ხელშეკრულება“ .

 

სასამართლოს მოსაზრებით, კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის, მისი სადავოობისას, გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების იმ დათქმაზე, რომელიც ხელშეკრულების საგანზე მყიდველ ა-–---------- ნ-----ს საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებდა ნასყიდობის დარჩენილი საფასურის სრულად გადახდას.

 

წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2015 წლის 23 ივნისს ა-–---------- ნ------- და იო------------–--–--ეს შორის დაიდო შპს ,,რ-–-“-ს კაპიტალში იო------------–--–--ის 100% წილზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ რეგისტრაციის ნორმით N--------- და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით N-----------. კერძოდ, შპს ,,რ-–-“-ს კაპიტალში იო------------–--–--ის 100% წილზე დარეგისტრირდა ა-–---------- ნ-----ს წინასწარი საკუთრების უფლება.

 

ამ შემთხვევაში, იურიდიულად არათავსებადია ძირითადი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების დაშვება, რამეთუ წინარე ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოშობს ძირითადი ხელშეკრულების დადების და არა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებაში შეიტანეს ყველა პუნქტი და ყველა პირობა, რომელიც საჭირო იყო ძირითადი ხელშეკრულებისათვის. წინარე ხელშეკრულების საგანი კი უნდა იყოს სხვა და ძირითადი ხელშეკრულების - სხვა. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 2 700 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომლიდანაც 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მყიდველს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო დარჩენილი თანხა მყიდველს უნდა გადაეხადა 2025 წლის 23 ივნისამდე შეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ნასყიდობის საგანზე“ საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველზე გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის მომენტიდან“.

 

ამგვარ პირობას არც სამოქალაქო კოდექსი ადგენს (505-ე მუხლი და 327.3. მუხლი) განვადებით ნასყიდობისას საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. პირიქით, ნასყიდობით განვადებისას ხელშეკრულების საგანზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ფასის გადახდამდე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის რომ ნასყიდობის ფასი სრულად არ არის დაფარული მყიდველის მიერ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო წილის მესაკუთრედ 2015 წლის 23 ივნისიდან დღემდე რეგისტრირდება იო------------–--–--ე.

 

აქედან გამომდინარე, 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს საწარმოს წილზე ა-–---------- ნ-----ს საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, არამედ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლას გარკვეული პირობის შესრულების შემთხვევაში (პირობადებული საკუთრება).

 

6.5. სასამართლო კვლავ მიუბრუნდება ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.3. პუნქტში განვითარებულ მსჯელობას „განკარგვითი ხელშეკრულებების“ სანივთო და ვალდებულებითი ბუნების თაობაზე და განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების მიმართ საკუთრების უფლების წარმომშობის თვალსაზრისით კანონი რაიმე სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, იგი ფორმათავისუფალ გარიგებას წარმოადგენს და კლასიკურ შემთხვევაში, ნივთის შემძენის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით, ან მისთვის მესამე პირისაგან გამოთხოვის უფლების მინიჭებაში ვლინდება (სკ-ის 186-ე მუხლი), ამ ზოგადი წესისაგან გამონაკლისს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 188-ე (1) მუხლით რეგულირებული პირობადებული საკუთრების ინსტიტუტი, რომელიც გამყიდველის უფლებადამზღვევი ნორმაა და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. მოხმობილი ნორმის აღწერილობითი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს გადადების სუსპენზიური პირობა - სამართლებრივი შედეგის დადგომა უკავშირდება სამომავლო მოვლენას - ფასის სრულად გადახდას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირობადებული საკუთრების ვალდებულებით-სამართლებრივ მხარეს წარმოადგენს ოფერენტის მიერ პირობის ცალმხრივად დათქმა, რომელსაც ეთანხმება აქცეპტანტი და შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, შემძენს საკუთრების უფლების გადაცემამდე (ფასის სრულად გადახდამდე) შენარჩუნებული აქვს მფლობელის ობლიგატორული უფლებები, ხოლო გამყიდველს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან. რაც შეეხება ამ ტიპის ხელშეკრულების სანივთო-სამართლებრივ ხასიათს, იგი ძირითადად მესაკუთრის უფლებრივი კავშირია ნივთთან, კერძოდ, პირობის დადგომამდე გამყიდველი საკუთრებას არ კარგავს ქონებაზე, ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების შეწყვეტისას ინარჩუნებს ვინდიკაციური სარჩელის უფლებას და სხვა.

 

მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შესძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სამოქალაქო კოდექსი არაერთი სახის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას გარიგების სახით იცნობს (გირავნობა, იპოთეკა, საბანკო გარანტია და სხვა), ამავდროულად კოდექსის არაერთი ნორმაც მოიცავს დანაწესს, რომელიც კრედიტორის მოთხოვნას უზრუნველყოფილს ხდის (კანონისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები), თუმცა, ეს ნორმები კლასიკური მოთხოვნის უზრუნველყოფის გარიგებებს არ წარმოადგენენ. აღნიშნულის დასტურს წარმოადგენს, მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლი, რომლის ძალითაც, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. პირობადებული საკუთრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შემძენის მფლობელობაში გადაცემული ნივთი საფასურის სრულ გადახდამდე გამსხვისებლის საკუთრებაა, ხოლო გამსხვისებლის მოთხოვნას მიუღებელი ნასყიდობის საფასურზე, გასხვისებულ ნივთზე შენარჩუნებული მისი მესაკუთრის ტიტული უზრუნველყოფს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მყიდველის მხრიდან გადაცილებული იქნა ნივთის საფასურის გადახდის ვადა, გამყიდველს შეუძლია ზოგადი წესების თანახმად, უარი თქვას ხელშეკრულებაზე (188, 352), რაც გამოიწვევს მხარეთა ორმხრივ რესტიტუციას. ანალოგიური შინაარსის ნორმაა დადგენილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 448-ე პარაგრაფის მიხედვით.

 

იო------------–--–--ის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმას მოწმობს, მის მიერ განხორციელებული მოქმედებები, კერძოდ, როდესაც მან 2016 წლის 01 მარტის სააღსრულებო ფურცელი 2016 წლის 23 ივნისს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობდა ა-–---------- ნ-----ს სასარგებლოდ დარეგისტრირებული წინასწარი საკუთრების უფლების გაუქმებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით იო------------–--–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა წილზე წინასწარი საკუთრების უფლება.

 

იმ შემთხვევაშიც თუ მივიჩნევთ, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 23 ივნისს დადებული გარიგება წარმოადგენს წინარე ხელშეკრულებას, ეს მაინც არ წარმოშობს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებასა და სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, წინარე ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოშობს ძირითადი ხელშეკრულების დადების და არა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვალდებულებას.

 

6.4. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 მარტს ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო, 2017 წლის 07 იანვარს ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ შეტანილი იქნა ცვლილება 2016 წლის 01 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოვალე ა-–---------- ნ----- 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შეიცვალა უფლებამოსილი პირებით (მემკვიდრეებით) - ირ-----------ი, ლუ--------ა, ირ---–-------ა და ლი-–-------ა. ამასთან, 2017 წლის 21 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება 2016 წლის 01 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: 50499 აშშ დოლარის ოდენობით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამყიდველი ნასყიდობის ნივთის მესაკუთრედ რჩება და იგი მყიდველის მიმართ ინარჩუნებს ნივთის გადმოცემის მოთხოვნის უფლებას, მოსარჩელეების მოთხოვნა 2016 წლის 01 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის, 2017 წლის 07 იანვრის სააღსრულებო ფურცლის ცვლილების N--------- და 2017 წლის 21 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის ცვლილების N--------- გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების უმთავრეს სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას არ ეკისრებათ ფულადი ვალდებულების შესრულების ტვირთი, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული არიან მოვალეებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მყიდველის მხრიდან გადაცილებული იქნა ნივთის საფასურის გადახდის ვადა, გამყიდველს შეუძლია ზოგადი წესების თანახმად, უარი თქვას ხელშეკრულებაზე (188, 352). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყება და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სამართლებრივ ფარგლებს სცდება, ეწინააღმდეგება როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საყოველთაოდ აღიარებულ სამართლიანობის პრინციპს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ასევე 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, იო------------–--–--ეს მოსარჩელების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3050 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და შეჩერდა ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ, 2016 წლის 01 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას სარჩელი მოპასუხე იო------------–--–--ის მიმართ, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ნოტარიუს ზ---– ბ------–---–-- მიერ 2016 წლის 01 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, 2017 წლის 07 იანვრის სააღსრულებო ფურცლის ცვლილება N--------- და 2017 წლის 21 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის ცვლილება N---------;

 

3. მოპასუხე იო------------–--–--ეს მოსარჩელეების ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 3050 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოპასუხე იო------------–--–--ეს მოსარჩელეების ირ-----------ის, ირ---–-------ას, ლუ--------ასა და ლი-–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი