გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210018002403317
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/11280-18

330210018002403317

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - შპს ,,ელ----ი“

წარმომადგენლები - თა---------------–---ი, თე-----------------–---–ი

მოპასუხე - სს ,,სა---------–-------------ა“

წარმომადგენელი - მა-------------–ი, ნა-------–-------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურებს

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. სს ,,სა---------–-------------ა“-ს შპს ,,ელ----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის 13.01.2012 წელს დადებული Nკ------- სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობითა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის - 1 612 358,67 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „ელ----ი“ (ს/კ 2--------) (ძველი სახელწოდება შპს "გი----ი"). (შემდგომში "ელ----ი"/"კომპანია"), რეგისტრირებულია 25.03.2005 წლიდან. მოსარჩელის, როგორც ექსპედიტორის, ძირითად საქმიანობას წლების მანძილზე წარმოადგენდა ტვირთის, გადაზიდვა სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტით, რომელშიც 30%-მდე სარკინიგზო გადაზიდვების წილი იყო. შესაბამისად წარმატებულად თანამშრომლობდა სს "სა---------–-------------ასთან" (ს/კ 2--------) (შემდგომში "სა---------–-------------ა"), რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

01.01.2012 წელს შპს "ელ----ის" და სს "სა---------–-------------ას“ შორის განახლდა ურთიერთობა და დაიდო ხელშეკრულება კ------- ერთი წლის ვადით, სა---------–-------------აზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი, "სა---------–-------------ა" იღებდა ვალდებულებას, შემკვეთის, შპს "ელ----ის" განაცხადის საფუძველზე გამოეყო ვაგონები და უზრუნველეყო წარმოდგენილი ტვირთის საექსპორტო-საიმპორტო, ადგილობრივი და ტრანზიტული გადაზიდვა 90000 (ოთხმოცდაათი ათასი) ტონის ოდენობით. აღნიშნული. ხელშეკრულების ვადა იგივე პირობებით გაგრძელდა 2023 წლამდე.

 

მხარეთა შორის არსებული მრავალწლიანი დადებითი ურთიერთობების მიუხედავად, 30.05.2012 წელს მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შემდეგ, რომელშიც მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღოდა, "სა---------–-------------ამ" "შეითავსა" რა "კანონმდებელის" ფუნქცია, კომპანიას, ჩამოართვა სამეწარმეო (რკინიგზით) საქმიანობის განხორციელების უფლება და 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უგულვებელყოფით შეუწყვიტა სარკინიგზო მომსახურების გაწევა "ელ----ს", ხოლო სარჩელის სასამართლოში შეტანისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოიყენა იმგვარი ღონისძიებები რითაც უფლების ბოროტად გამოყენების გზით პირდაპირი ზიანი მიაყენა კომპანიას, კერძოდ: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა იმ ანგარიშის დაყადაღება, რომელიც წარმოადგენს "სა---------–-------------ის" გადაზიდვის ერთიან ანგარიშს და ძირითად საშუალებას გადაზიდვის თაობაზე მოთხოვნის წარსადგენად, შესაბამისი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად და მომსახურების გასაწევად, რითაც ჩაკეტა მომსახურების გასაწევად საჭირო ბერკეტი და იმ ფონზე, როდესაც "სა---------–-------------ის" სარჩელი "ელ----ის" მიმართ არ იქნა დაკმაყოფილებული, მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

კერძოდ: 29.05.2012 წელს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და 29.05.2012 წლის N2----- გადაზიდვის დავალების საფუძველზე, სადგური ფ--------- დაიწყო „ელ----ის“ არაგაბარიტული ტვირთის (გ-----–--------–------–----------------) სარკინიგზო გადაზიდვა, რკინიგზის სადგურ ყ----------- (ა-------------) მიმართულებით. მსვლელობის გზაზე 30.05.2012 წელს ვაგონი. N4-------, რომელიც ჩართული იყო N3--- მატარებელში წ------–---- გადასარბენის 2----ე კილომეტრში აცდა ლიანდაგს, შედეგად ტვირთი გადმოვარდა ბაქანიდან, რის გამოც დაზიანდა ვაგონი და რკინიგზის ლიანდაგი. სარკინიგზო შემთხვევის ფაქტი, განხილულ იქნა მოპასუხის „სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ კომერციულ დეპარტამენტში 15.06.2012 წელს, რაზედაც შედგა თათბირის ოქმი N4-; რომლის ჩანაწერიდანაც ცალსახად ჩანს, რომ „ელ----ის“ ხელმძღვანელობის მიერ დატვირთვა შესრულებულ იქნა 22.05.2012 წელს დამტკიცებული ტვირთის ვაგონებზე განლაგებისა და დამაგრების სქემის შესაბამისად. დატვირთული ვაგონი, როგორც დატვირთვის ადგილზე, ისე მატარებლის გასვლის წინ ვიზუალურად დათვალიერებულ იქნა სადგურ ფ------ ინჟინრის შ----–------ მიერ და აღნიშნული ვაგონი 29.05.2012 წელს, რაიმე შენიშვნების გარეშე, მისი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ ჩართული იქნა N3--- მატარებელში და გაიგზავნა დანიშნულებისამებრ. დატვირთული ვაგონი კვლავ შემოწმდა გზადმდებარე სადგურ ზ------------ კომერციული გასინჯვის პუნქტის სატვირთო მომსახურების სპეციალისტის მ-------------- მიერ, რომლის მიერაც ასევე დადასტურდა აღნიშნულ ვაგონთან მიმართებაში წუნის არარსებობა. თუმცა "სა---------–-------------ის" მიერ დამდგარ ზიანში, მაინც უსაფუძვლოდ იქნა დადანაშაულებული მოსარჩელე და ამავე ოქმით „სა---------–-------------ამ“ შპს "ელ----ი" ცალმხრივად ცნო ბარლეულად და დააკისრა ზიანის ანაზღაურება 117 759.6 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა არ ყოფილა შპს „ელ----ის“ თანამშრომელთა მიერ დატვირთვის წესის დარღვევით გამოწვეული, მოსარჩელემ პასუხისმგებლობა არ აიღო მოცემულ ზიანზე და უარი თქვა უშუალოდ თანხის ანაზღაურებაზე, თუმცა ვინაიდან კომპანიას ტვირთის გადაზიდვა დაზღვეული ჰქონდა სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგთან“ (შემდგომში „ჯიპიაი ჰოლდინგი“) დადებული 17.11.2011 წლის N0---- სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებდა დამზღვევის, შპს „ელ----ის“ დაზღვევას არასახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, რომლებიც გამოწვეულია მესამე პირთა ქონების დაზიანებითა და განადგურებით, მოსარჩელემ მაინც მიმართა მზღვეველს მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად აენაზღაურებინა „სა---------–-------------ის“ მიერ მიღებული ზიანი, თუმცა აღნიშნული უშედეგო გამოდგა. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაეყრდნო რა „სა---------–-------------ის“ მიერ ცალმხრივად შედგენილ ოქმს, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა მხოლოდ „სა---------–-------------ის“ პოზიციას (თუმცა ამავე ოქმიდან მაინც ჩანდა, რომ სარკინიგზო შემთხვევის დადგომა არ ყოფილა გამოწვეული „ელ----ის“ თანამშრომელთა განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით) აპელირებდა, რომ მიყენებული ზიანი იყო „ელ----ის“ მიერ გამოწვეული და შესაბამისად ანაზღაურებას არ განახორციელებდა. გამომდინარე იქედან, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უარს აცხადებდა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, „ელ----მა“ თავის მხრივ საჩელით მიმართა უკვე 06.08.2013 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, კერძოდ სს „საქართველის რკინიგზის“ მიერ მოთხოვნილი თანხის 50 000.00 აშშ დოლარის (იმ დროისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად) ფარგლებში ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, რადგანაც მოსაჩელის მიერ ვერ იქნა ანაზღაურებული მოთხოვნილი თანხა 06.11.2013 წელს „სა---------–-------------ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „ელ----ისაგან“ ზიანის ანაზღაურება 132 011.00 ლარის ოდენობით. მომდევნო პერიოდში „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ მიმდინარე დავა შეჩერებულ იქნა მოსამართლის განჩინებით, „სა---------–-------------ასთან“ მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე, რადგან მას შეეძლო მოეხდინა გავლენა მოცემულ სარჩელზეც. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.02.2015 წ. გადაწყვეტილებით საქმეზე N2--------- „სა---------–-------------ის“ სარჩელი „ელ----ის“ მიმრთ არ დაკმაყოფილდა. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 23.12.2015 წ. განჩინებით საქმეზე N2--------- პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და სს „სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ „სა---------–-------------ის“ მიერ ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული „ელ----ის“ ბრალეულობა 30.05.2012 წელს მომხდარ სარკინიგზო შემთხვევის დადგომაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.12.2015 წ. განჩინება „სა---------–-------------ამ“ უკვე ასევე გაასაჩივრა საქართველოს უზენეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2016 განჩინებით საქმეზე Nა--------------- „სა---------–-------------ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

 

შესაბამისად სწორედ მითითებული გარემოებები დაედო საფუძვლად „სა---------–-------------ის“ მიერ „ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე უარის თქმას. უკვე დავის დაწყებისთანავე 2012 წლის 1 სექტემბრიდან მოპასუხე აღარ იღებდა „ელ----ისაგან“ განაცხადებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და აიძულებდა რომ როგორმე მოთხოვნილი თანხა აენაზღაურებინა. გარკვეული დრო დასჭირდა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენას, რომლის გაზრდასაც თავიდან ხელოვნურად შეეცადა „სა---------–-------------ა“, ხოლო რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ თანხამ შეადგინა 132 011.00 ლარი, რაც სარჩელით მოითხოვეს. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით შეფერხებებზე არაერთხელ მიწერა „ელ----მა“ „სა---------–-------------ას“ და სთხოვდა მიზეზებში გარკვევასა და შესაბამის რეაგირებას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული წერილები უპასუხოდ რჩებოდა. მართალია ასეთ ფონზე 26.12.2012 წ. კვლავ დაიდო შეთანხმება მხარეთა შორის და გაგრძელდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31.12.2022 წლის ჩათვლით, თუმცა ასეთ ვადის გაგრძელებას ჰქონდა მოჩვენებითი ხასიათი, რეალურად კომპანია ვეღარ ახორციელებდა სარკინიგზო გადაზიდვებს, რადგან „სა---------–-------------ა“ ხელშეკრულების ფარგლებში არ იღებდა გადაზიდვის დავალებებს, რომელიც წარედგინება კონკრეტული დაკვეთების სახით და შესაბამისად არ უწევდა კომპანიას მომსახურებას. „სა---------–-------------ამ“ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობდა „სა---------–-------------ასთან“ აქტიურად აძლევდა დაკვეთებს და იცოდა კიდეც, რომ მოსარჩელეს არ აწყობდა ურთიერთობის გაფუჭება „სა---------–-------------ასთან“ და ამ კონკრეტული შემთხვევის გამო ვერ მისცემდა თავს უფლებას აღნიშნულს რაიმე გავლენა მოეხდინა მის საქმიანობაზე, ამიტომ გარკვეული წნეხით აიძულებდა თანხის ანაზღაურებას, „ელ----ი“ კი მიუხედავად მხარეთა შორის მიმდინარე დავისა ზოგადად თანამშრომლობდა სა---------–-------------ასთან და არ არიდებდა თავს პასუხისმგებლობას და დაზღვევის მეშვეობით აუნაზღაურებდა კიდეც შესაბამის თანხას „სა---------–-------------ას“, ამ უკანასკნელს არაკეთილსინდისიერად რომ არ მიეჩნია ის ბრალეულად, მოცემულ სარკინიგზო შემთხვევის დადგომაში, რის გამოც უკვე დაზღვევამ აარიდა თავი ანაზღაურებას, შედეგად პროცესი უკიდურესად გართულდა და დროში გაიწელა. „სა---------–-------------ა“ ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ მანამ სანამ არ დადგინდებოდა კომპანიის ბრალი და ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ ჰქონდა უფლება ბოროტად ესარგებლა და უარი ეთქვა მომსახურების გაწევაზე, იმ ფონზე, როცა კომპანია კვლავ ცდილობდა მომსახურების მიღებას. „სა---------–-------------ის“ მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 2014 წელს „სა---------–-------------იდან“ ზეპირი დასტურის შემდეგ, შპს „ელ----მა“ შეავსო განაცხადი 14.01.2014 წელს 24 ვაგონზე ბ-------- პორტიდან სადგურ კ-------–- (ა-------------) გადასაზიდად, რის შემდეგაც რკინიგზის მიერ გამოიწერა ინვოისი N3-----, კომპანიის მირ შესაბამისი ინვოისის საფუძველზე 50 000.00 ლარი იქნა განთავსებული კომპანიის „სა---------–-------------ის“ სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რომლითაც ხორციელდება გადაზიდვის დავალების მიცემა და რომელზედაც ნაშთის სახით იყო 680 ლარი დამატებით, თუმცა „სა---------–-------------ის“ მიერ ბოლოს უარი ითქვა მომსახურების გაწევაზე, იმ მოტივით რომ არ იყო საკმარისი თანხა ანგარიშზე არადა გასაწევი გადაზიდვის მომსახურების ღირებულება შეადგენდა სულ რაღაც 48 398.4 ლარს აღნიშნულის შემდეგ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით განხორციელდა ყადაღის დადება მოცემულ ანგარიშზე. შესაბამისად ცალსახაა, რომ აღიშნული თანხის მოზიდვა „სა---------–-------------ის“ მიერ განხორციელდა მოტყუებით, იმ მოტივით, რომ შემდგომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დადებულიყო ამ თანხაზე და გაეყინათ. ამ გარემოებას კიდევ უფრო ამტკიცებს ის ფაქტი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოცემულ ანგარიშზე არ მოუთხოვია სარჩელის შეტანის დროს, არამედ მოითხოვა 2 თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მოს შეავსებინეს კომპანიას გადაზიდვაზე განაცხადი, დაპირდნენ მომსახურების გაწევას და წინასწარ მოტყუებით ჩაარიცხინეს 50 000.00 ათასი ლარი, რომელიც შემდგომ არაკანონიერად „გაიყინა“ და მოცემული ანგარიშით სრულიად შეუძლებელი შეიქნა რაიმე ოპერაციების განხორციელება. მომსახურების შეწყვეტის ფაქტი თავად მოპასუხემაც დაადასტურა 14.02.2014 წლის N9-- წერილით.

 

„სა---------–-------------ის“ მხრიდან პარტნიორისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და მიზანმიმართული ქმედების შედეგი აღმოჩნდა ის, რომ კომპანიამ, რომელიც წლიდან-წლამდე ვითარდებოდა და მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდებოდა რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციით, განიცადა ფინანსური კრახი. კომპანია, რომელიც ძირითადად ახდენდა საერთაშორისო პროექტებით გათვალისწინებულ გადაზიდვებს, როგორც უშუალოდ რკინიგზით, ასევე შერეულად (რკინიგზა+საავტომობილი გადაზიდვები), გაუფუჭა ურთიერთობა და დააკარგვინა ნდობა არა მარტო რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის მსურველ პირებთან, არამედ საერთოდ დამკვეთებთან. ხოლო „ელ----ის“ წინააღმდეგ სარჩელის სასამართლოში შეტანისა და თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ „ელ----მა“ ვეღარ განახორციელა ადრე მიღებული სარკინიგზო გადაზიდვები, ამავე დროს გამოირიცხა ახალი დაკვეთების მიღების შესაძლებლობაც. თუმცა დაკვეთების არსებობის პირობებში მათ შესრულებას ვეღარც შეძლებდა, „სა---------–-------------ის“ მხრიდან მომსახურების შეწყვეტის გამო. შედეგად წარმოიშვა საბრუნავი საშუალებების მწვავე დეფიციტი, ვერ დაფინანსდა გადაზიდვები და მოსარჩელე აღმოჩნდა ფინანსური კრახის წინაშე, რამაც გამოიწვია კიდეც სამეწარმეო საქმიანობის პარალიზება, რასაც ადასტურებს მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები. „სა---------–-------------ა“, რომელიც წარმოადგენს მონოპოლისტ ორგანიზაციას სარკინიგზო გადაზიდვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია დადოს გადაზიდვის ხელშეკრულება და განახორციელოს შესაბამისად ტვირთის თუ მგზავრის გადაყვანა თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძვლები, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა.

შესაბამისად „სა---------–-------------ის“ მიერ „ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებელი უარის თქმითა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 1 612 358.67 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნილი ზიანის ოდენობა შედგება ერთის მხრივ სარკინიგზო გადაზიდვის მომსახურების შეწყვეტისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენების შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი/მიყენებული ზიანისაგან - 1 321 708.5 ლარისგან და ასევე მეორეს მხრივ უშუალოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გადაზიდვის ანგარიშზე არსებული თანხის 50 680.07 ლარის დაყადაღებით და შედეგად მისი გამოუყენებლობით მიღებული ზიანისგან - 290 650.17 ლარისგან. 1 321 708.5 ლარის ოდენობით ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, დათვლილია მომსახურების გაწევის შემთხვევაში ყოველთვიურად საშუალოდ მისაღები შემოსავლის 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით, იმ პერიოდზე რა პერიოდშიც განხორციელდა სს „ს---------–---------------“ მიერ შპს „ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე უარის თქმა და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (გადაზიდვის ერთიანი ანგარიშის დაყადაღება) გაუმართლებელი გამოყენება. კერძოდ, სარკინიგზო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა მთელი მითითებული პერიოდის განმავლობაში 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით, შესაბამისად გარემოებები რა პერიოდშიც მოქმედებდა ისინი გარკვეულწილად ფარავს ერთმანეთს. ზიანის ოდენობა ამ ნაწილში გაანგარიშებულია, როგორც ყოველთვიურად საშუალოდ მისაღები შემოსავლი შესაბამისი თვეების რაოდენობაზე გაანგარებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვერ იქნა მომსახურება მიღებული სს „სა---------–-------------ისაგან“. შესაბამისად გარკვეულ შემთხვევაში, მომსახურების გაწევაზე უარის თქმითა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენებით მიღებული ზიანის ოდენობა თვიურ ჭრილში ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა მხედველობაშია მისაღები შემდეგი მომენტი, რომ ორივე გარემოების დამოუკიდებლად არსებობის შემთხვევაში კომპანია ყოველთვიურად ერთი და იგივე ზიანის მიიღებდა. აქვე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენებით მიღებული ზიანის წილს თუ დავითვლით მხოლოდ 1 321 708.50 ლარიდან, ამ შემთხვევაში 2014 წლის იანვრიდან (და არა 2012 წლის სექტემბრიდან) 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, ანუ 34 თვეზე გაანგარიშებით ეს იქნება 26 434.17 ლარი * 34 = 898 756.00 ლარი. თუმცა, რეალურად მიღებულია 1 612 358.67 ლარის ზიანი, საიდანაც 1 321 708.50 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი (მოგება), რისი მიღებაც შეეძლო კომპანიას სარკინიგზო მომსახურების ჯეროვნად მიღების შემთხვევაში და რა ზიანიც მიადგა მას ერთის მხრივ როგორც სახელშეკრულებო დონზე პირობების დარღვევით მომსახურების შეწყვეტის შედეგად, ასევე მეორეს მხრივ საპროცესო ღონისძიების (სარჩელის უზრუნველყოფის) გაუმართლებელი გამოყენების შედეგად. ხოლო 290 650.17 ლარის ზიანი გულისხმობს იმ ზიანს მიუღებელი შემოსავლის (მოგების) სახით, რომელიც განიცადა კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, რკინიგზის გადაზიდვის ანგარიშზე კონკრეტული მომსახურების მისაღებად ჩარიცხული ფინანსური რესურსის 50 680.07 ლარის დაყადაღებით და შედეგად მისი გამოყენების უფლების იძულებითი წესით ჩამორთმევით, ანუ ეს არის ის შემოსავალი, რომლის მიღებაც შეეძლო კომპანიას კონკრეტულად ამ თანხის გამოყენებით, მისი ბრუნვაში მოქცევის შედეგად და არა სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებაზე ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე. (იხ.სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 3-19, ახსნა-განმარტება, ტომი VI, ს.ფ. 24-26)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. სს ,,სა---------–-------------ა“-მ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ:

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, სს „სა---------–-------------ის“ მიერ, არც ხელშეკრულების ფარგლებში და არც სს „სა---------–-------------ის“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის მიყენების ფაქტები.

 

სს „სა---------–-------------ის“ მხრიდან, სს „სა---------–-------------ასა“ და შპს „გი------ს“ (შპს ,,ელ----ი“) შორის, 2012 წლის 01 იანვარს დადებულ, „სა---------–-------------აზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ Nკ-------- ხელშეკრულების შეწყვეტას, შეჩერებას ან ხელშეშლას არასოდეს ადგილი არ ჰქონია, მეტიც წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მე-9.1 პუნქტის თანახმად, 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2012 წლის 26 დეკემბრის მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, გაგრძელდა 2022 წლის 31 დეკემბრამდე. მოსარჩელის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ სს „სა---------–-------------ის“ ხელშეკრულების დადების (გაგრძელების) იძულებას ჰქონდა ადგილი აბსოლუტურად უადგილოა. თუ რაში გამოიხატებოდა იძულება, ეს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, თუმცა, როგორც მთლიანად სარჩელია უსაფუძვლო, ასევე უსაფუძვლოა, მოსარჩელის ბრალდებები, სს „სა---------–-------------ის“ მიმართ, ყველა ნაწილში. პირიქით, სს „სა---------–-------------ა“, როგორც ყველა სხვა კლიენტთან, ასევე, შპს „ელ----თან“ თანამშრომლობისას, ყოველთვის იყო და არის კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი. ხოლო, თანამშრომლობისას, წარმოშობილი სადაო საკითხებს, რომლებიც მხარესთან შეთანხმებით ვერ წყდება, წყვეტს სასამართლოსთვის მიმართვის გზით და მოიცავს მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხს და არ ვრცელდება, იმავე მხარესთან სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

მოსარჩელე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ სს „სა---------–-------------ა“, 2012 წლის სექტემბრიდან, შპს „ელ----ის“ განცხადებებს არ ღებულობდა, რაც ცხადია, არ შეესაბამება სინამდვილეს და სწორედ ამის დასტურად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2012 წლის 30 მაისიდან 2013 წლის 04 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე განხორციელებულ 60 გადაზიდვის დავალებიდან 10 გადაზიდვის დავალება და საგზაო უწყისები, სადაც ნათლად ჩანს, რომ სს „სა---------–-------------ის“ მხრიდან სარკინიგზო მომსახურების გაწევა, მოსარჩელის მიმართ, ხორციელდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. თუკი, სს „სა---------–-------------ა“ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ გადაზიდვებს არ ახორციელებდა, რა გზას მიმართა შპს „ელ----მა“ ამის თავიდან ასაცილებლად. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა და შეეძლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის და მასაც მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოეთხოვა, . სასამართლოს დაევალებინა სს „სა---------–-------------ისთვის“, სს „სა---------–-------------ასა“ და შპს „ელ----ს“ (ყოფილი შპს „გი----ს“) შორის, 2012 წლის 01 იანვარს დადებული, „სა---------–-------------აზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ Nკ-------- ხელშეკრულების შესაბამისად, სარკინიგზო მომსახურების გაწევა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელეს არც ეს უფლება გამოუყენებია. საგულისხმოა, რომ სს „სა---------–-------------აში“ კლიენტად რეგისტრირებულია, როგორც შპს „ელ----ი“ (ყოფილი შპს „გი----ი), ასევე, შპს „გი----ი--–-----------“, რომელიც ერთი და იგივე პირების მიერ დაფუძნებული კომპანიებია და შპს „ელ----ი“ გადაზიდვებს ახორციელებდა შპს „გი----ი--–-----------ს“ სახელით. იგი თვითონ არ ავსებდა განაცხადს შპს „ელ----ის“ სახელით, მაგრამ ეს არ იყო განპირობებული იმ გარემოებით, თითქოს სს ,სა---------–-------------ა“ უარს ამბობდა მომსახურების გაწევაზე. ამის ნათელი დასტურია შემდეგი გარემოება, კერძოდ: შპს „ელ----ის“ მიერ, 2014 წლის 13 იანვარს, სს „სა---------–-------------ის“ ანგარიშზე, კლიენტის კოდზე, მოსარჩელე კომპანიის ბუღალტრის შეცდომის შედეგად, (რაც ჩვენთვის სატელეფონო საუბრის შედეგად გახდა ცნობილი), თანხის - 50 000 ლარის ჩარიცხვა, რაზედაც შემდგომ, სს „სა---------–-------------ის“ მხრიდან გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, აღნიშნულ თანხაზე ყადაღის დადება, დავის არსებითად გადაწყვეტამდე, ხოლო 2017 წლის 22 მარტს, განხორციელდა ტრანზაქცია და დავის დასრულების შემდგომ და თანხა 50 680 ლარი გადაირიცხა სს „სა---------–-------------ის“ ანგარიშიდან, შპს „ელ----ის“ ანგარიშზე. 680 ლარი გახლავთ ნაშტი, რომელიც 2014 წლის 13 იანვრამდე განთავსებული იყო კლიენტის ანგარიშზე. 2014 წლის 13 იანვარს, თანხის შეცდომით ჩარიცხვის შემდგომ, (შეცდომით იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მხარე, სხვა, მეორე კომპანიის – შპს „გი----ი--–-----------ს“სახელით აფორმებდა გადაზიდვის საბუთებს და გადაზიდვებსაც ისე ახორციელებდა) იმავე საღამოს, ტელეფონით დაუკავშირდნენ სს „სა---------–-------------ის“ გადახდებისა და დარიცხვების ცენტრის უფროსს და მოითხოვეს თანხის უკან დაბრუნება. 2014 წლის 14 იანვარს, შპს „ელ----ის“ წარმომადგენლები თავად იყვნენ სს „სა---------–-------------აში“ ფინანსური დეპარტამენტის უფროსთან, თანხის უკან გადარიცხვის მოთხოვნით, ხოლო 2014 წლის 15 იანვარს, უკვე ბატონი თ--------------–---–- და ვ-–------------------–-–---–- იურიდიულ სამსახურში მობრძანდნენ იმავე მოთხოვნით, თუმცა უკვე მზადდებოდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომ სს „სა---------–-------------ის“ ანგარიშზე განთავსებულ თანხას დადებოდა ყადაღა, სასამართლოში მიმდინარე დავის არსებითად გადაწყვეტამდე, რაც დაკმაყოფილებულ იქნა კიდეც სასამართლოს მიერ. 2014 წლის 13 იანვარს, როდესაც შპს „ელ----ის“ მიერ, სს „სა---------–-------------ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა, მეორე დღეს 14 იანვარს, შპს ,,ელ----მა“ (შპს ,,გი----მა“) შეავსო გადაზიდვის დავალება No3----- და მოითხოვა სარკინიგზო მომსახურების გაწევა, თუმცა გაარკვია რა, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზნით, მოპასუხე კომპანიის მიერ, 2014 წლის 15 იანვარს, უკვე შპს ,,გი----ი--–------------“ შეავსო გადაზიდვის დავალება No------ და იგივე თანხა ჩარიცხა, იგივე მარშრუტსა და ტვირთზე და უკვე მეორე კომპანიის მეშვეობით განახორციელა სარკინიგზო გადაზიდვა. მოპასუხის მიერ, 2018 წლის 09 ივლისს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ერთვის შპს ,,გი----ი--–-----------ს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან,. იმის დასტურად, რომ ეს კომპანია წარმოადგენს იგივე პირების კომპანიას, შექმნილია იმავე მიზნით და შპს „ელ----ი“ თვითონ ახორციელებდა ამ კომპანიის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. მტკიცებულებები თუ ფაქტობრივი გარემოებები არანაირ კავშირში არ არის განსახილველი დავის საგანთან, მოსარჩელე საუბრობს ყველაფერზე, გარდა ზიანისა, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სს „სა---------–-------------ის“ მიერ, შპს „ელ----ის“ მიმართ, ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 117-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. რაც შეეხება ხანდაზმულობას, სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი დაფიქსირებული, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.ნსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავად უთითებს, რომ იმ ვარაუდითა და მიზნით, სს „სა---------–-------------ა“ თანხას დააყადაღებდა, ის თვითონ არ ითხოვდა სარკინიგზო მომსახურების გაწევას და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30 მაისის შემდგომ, შპს „ელ----ისთვის“ არანაირი მომსახურება არ გაუწევია. ამასთანავე, გაუგებარია, როგორ მოხდებოდა თანხის დაყადაღება მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინების, შპს „ელ----ის“ მიერ გასაჩივრების შემდგომ, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დღევანდელი მოსარჩელის ფულად სახსრებზე ყადაღა გაუქმდა 81 330.93 ლარის ნაწილში, ხოლო 50 680.07 ლარის ნაწილში დარჩა უცვლელი. აღნიშნული გარემოება და საფუძველი საკმარისია საიმისოდ, რომ მოსარჩელე მსგავს ბრალდებებს არ იყენებდეს მოპასუხის წინააღმდეგ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ შპს „ელ----ის“ სასარჩელო მოთხოვნა, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხანდაზმულია. ამასთანავე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვინაიდან, საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც ზიანის ფაქტებს დაადასტურებდა. მოსარჩელის მიერ, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტები მთლიანად გამომდინარეობს წინა სასამართლო საქმიდან, რომელიც სს „სა---------–-------------ის“ სარჩელს შეეხებოდა, კერძოდ, წარმოდგენილია სასამართლო განჩინებები და გადაწყვეტილებები, თუმცა ზიანის გაანგარიშების შესახებ არ არის არცერთი-მტკიცებულება, შესაბამისი დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზიანს რეალურად შეისწავლიდა, სწორედ ამას მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით. (იხ.შესაგებელი, ტომი V, ს.ფ. 221-228, ახსნა-განმარტება ტომი VI, ს.ფ. 13-17)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 1 იანვარს სს ”სა---------–-------------ას”, როგორც შემსრულებელს და შპს ,,გი------ს”, როგორც შემკვეთს შორის დაიდო სა---------–-------------აზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ №კ-------- ხელშეკრულება, რომლის პირობების მიხედვით, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო შემკვეთის განცხადების საფუძველზე ვაგონების გამოყოფა და შემკვეთის მიერ წარმოდგენილი ტვირთის საექსპორტო-საიმპორტო, ადგილობრივი და ტრანზიტული გადაზიდვა 90 000 ტონის მიხედვით. მითითებული ხელშეკრულების 2.2.8. ქვეპუნქტის თანახმად, სხვა ვალდებულებებთან ერთად შემკვეთი ვალდებული იყო წარედგინა ტვირთი გადასაზიდად ვარგისი ტარით. უზრუნველეყო ვაგონის დატვირთვა, ტვირთის გადაზიდვის წესებისა და რკინიგზაზე მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავდაპირვალად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2012 წლის 26 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით გაგრძელდა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება რკინიგზაზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 46-49);

- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 50)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2012 წლის 9 მაისს, სადგურ ფოთში №2----- გადაზიდვის დავალების საფუძველზე, ვაგონზე №4------- დაიტვირთა 6- ტონა წონის გ-----–--------–-----, რის შემდგომ იგი ჩართულ იქნა მატარებელი №3----ში და გაიგზავნა ყ----------- მიმართულებით. ამასთან, საქონლის დატვირთვა განახორციელა შპს ,,გი------მ”. წ------–---- გადასარბენის 2--- კილომეტრში, უ----–------–--------- გავლისას, მატარებელი გადაიხსნა შემადგენლობის თავიდან მე-6 და მე-7 ვაგონებს შორის, რამაც გამოიწვია სამუხრუჭე სახელოების გადახსნა და შესაბამისად სამუხრუჭე მაგისტრალში ჰაერის წნევის ნოლამდე დაცემა. მე-7 ვაგონი, ბაქანი №4------- (28) აცდენილი იყო ლიანდაგს მსვლელობის მიმართულებით პირველი ურიკის ორივე ღერძით და ბაქნიდან ლიანდაგის მარჯვენა მხარეზე გარდმოვარდნილი იყო ტვირთი - 6- ტონა წონის გ-----–--------–-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,სა---------–-------------ას” მიერ 2012 წლის 15 ივნისს ჩატარებული თათბირის ოქმი №4- (ტომი I, ს.ფ. 54-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. აღნიშნული სარკინიგზო შემთხვევა გახდა სს ,,სა---------–-------------ას” და შპს ,,გი------“-ს (ამჟამინდელი შპს ,,ელ----ი“) შორის სასამართლო დავის დაწყების საფუძველი, კერძოდ 2013 წელს სს ,,სა---------–-------------ა“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,გი------“-ს მიმართ, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

მითითებული დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.01.2014 წლის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე სასარჩელო მოთხოვნის 132 011 ლარის ფარგლებში.

 

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება გასაჩივრებული იქნა შპს ,, გი------ს” მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014 წლის განჩინებით შპს ,,გი------ს” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნა შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე 81330.93 ლარის ფარგლებში. შპს ,, გი------ს” საჩივარი შპს ,, გი------ს” ფულად სახსრებზე 50 680.07 ლარზე ყადაღის გაუქმების მოთხოვნის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,სა---------–-------------ის“ სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 136-150);

- სს ,,სა---------–-------------ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (ტომი V, ს.ფ. 331-332);

- 20.01.2014 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (ტომი V, ს.ფ. 333-335);

- შპს ,,გი------“-ს საჩივარი (ტომი V, ს.ფ. 337-34-);

- 12.02.2014 წლის განჩინება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ტომი V, ს.ფ. 344-347);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,სა---------–-------------ის“ სარჩელი შპს ,,გი------“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს ,,გი------ს“ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის 50 680,07 ლარის ფარგლებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სს ,,სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ იქნა სს ,,სა---------–-------------ის“ მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2016 განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.02.2015 წლის გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 159-16-);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.12.2015 წლის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 167-178);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2016 წლის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 179);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და შესაბამისად

ის ფაქტი, რომ შპს ,,ელ----ი“-ს მიერ მომსახურების საფასურის დაკარგვა 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე პერიოდში გამოწვეულია სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან სარკინიგზო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კერძოდ მოპასუხის მიერ შპს ,,ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე უარის თქმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. ასევე არ ნიშნავს სარჩელში მითითებული არგუმენტების დადგენილად მიჩნევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

 

სასამართლო იმსჯელებს წინამდებარე საქმის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხზე: ჰქონდა თუ არა ადგილი სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან მომსახურების გაწევაზე უარის თქმას მხარეებს შორის დადებული სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება წარმოადგენდა თუ არა შპს ,,ელ----ი“-სათვის სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:- 2012 წლის 1 იანვარს სს ”სა---------–-------------ას”, როგორც შემსრულებელს და შპს ,,გი------ს”, როგორც შემკვეთს შორის დაიდო სა---------–-------------აზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ №კ-------- ხელშეკრულება, რომლის პირობების მიხედვით, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო შემკვეთის განცხადების საფუძველზე ვაგონების გამოყოფა და შემკვეთის მიერ წარმოდგენილი ტვირთის საექსპორტო-საიმპორტო, ადგილობრივი და ტრანზიტული გადაზიდვა 90 000 ტონის მიხედვით. მითითებული ხელშეკრულების 2.2.1. ქვეპუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია მიაწოდოს ,,შემსრულებელს“ განაცხადი ვაგონების გამოყოფის თაობაზე არაუგვიანეს 10 დღისა ტვირთის მოცულობის ჩვენებით;

 

- ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავდაპირვალად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2012 წლის 26 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით გაგრძელდა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

- მოსარჩელე სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან მომსახურების გაწევაზე უარს უკავშირებს 2012 წელს მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას და განმარტავს, რომ სარკინიგზო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

- მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2012 წლის 30 მაისიდან (სარკინიგზო შემთხვევის დრო) 2012 წლის სექტემბრამდე პერიოდში სს ,,სა---------–-------------ა“ შპს ,,ელ----ი“-საგან ღებულობდა სარკინიგზო მომსახურების გასაწევად მოთხოვნა-განაცხადებს და შესაბამისი გადახდის შემდეგ ხორციელდებოდა სარკინიგზო გადაზიდვები, ჯამში 46 განაცხადი. აღნიშნულ პერიოდში შპს ,,ელ----მა“ შეასრულა სხვა კლიენტების 4 დავალებაც.

 

- სს ,,სა---------–-------------ა“-ს და შპს ,,ელ----ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ყველა მომსახურება განხორციელდა შპს ,,ელ----ი“-ს მხრიდან წერილობითი განაცხადის გაკეთების გზით.

 

- მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს, რომ 2012 წლის სექტემბრის თვემდე, მისი განმარტებით ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მომსახურების გაწევა ხდებოდა ზეპირი განაცხადის საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარკინიგზო შემთხვევის შემდგომაც ხორციელდებოდა სს ,,სა---------–-------------ი“-ს მხრიდან მომსახურების გაწევა, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის განმარტებას, რომლითაც სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან მომსახურების გაწევაზე უარს უკავშირებს 2012 წელს მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას.

 

მითითებული დასკვნისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო მოსარჩელე მხარის პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მის მიერ მოხდა მხოლოდ იმის მითითება, რომ სს ,,სა---------–-------------ი“-დან მომსახურების მისაღებად მოთხოვნა-განაცხადის გაკეთებისა და გადაზიდვის საფასურის გადახდის შემთხვევაშიც შპს ,,ელ----ს“ სს ,,სა---------–-------------ა“ მომსახურებას არ გაუწევდა, რადგან მომსახურების ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს ,,გაყინავდა“ შპს ,,ელ----ის“ მიერ უღიარებელი, სარკინიგზო შემთხვევით დამდგარი ზიანის 132 011 ლარის იძულებითი წესით სრულად ამოღებამდე.

 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.01.2014 წლის განჩინებით სს ,,სა---------–-------------ა“-სა და შპს ,,გი------“-ს შორის წარმოებული დავის ფარგლებში დაედო ყადაღა შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება გასაჩივრებული იქნა შპს ,,გი------ს” მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014 წლის განჩინებით შპს ,,გი------ს” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნა შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე 81330.93 ლარის ფარგლებში. შპს ,,გი------ს” საჩივარი შპს ,, გი------ს” ფულად სახსრებზე 50 680.07 ლარზე ყადაღის გაუქმების მოთხოვნის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა;

 

ამდენად, შპს ,,გი------ს“ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვის აკრძალვა მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და არა სს ,,სა---------–-------------ის“ მიერ ე.წ. ,,გაყინვის“ გზით, როგორც ამას მოსარჩელე მხარე უკავშირებს მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებში. თუმცა იმ პირობებშიც, თუკი შპს ,,გი------ს“ საბანკო ანგარიშზე იქნებოდა საკმარისი თანხა, ანუ სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური, სწორედ ამ თანხის ოდენობით (132 011 ლარი) იქნებოდა მოვალე შეზღუდული განეკარგა ფულადი სახსრები.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ საბანკო ანგარიშზე ყადაღის გამო გაუფუჭდა ურთიერთობა და დააკარგვინა ნდობა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის მსურველ პირებთან და დაკვეთებთან. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სარჩელში ამ ფაქტების დადასტურების მიზნით მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და ვერც მოსარჩელე ვერ მიუთითებს მათზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი, რომელიც ეხება მოპასუხის მხრიდან მომსახურების გაწევაზე უარის თქმას, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი მხრიდან მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით უნდა დადასტურებულიყო საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ელ----მა“ სადავო პერიოდში 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე, მიმართა სს ,,სა---------–-------------ა“-ს მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (პუნქტი 1.1. და 2.2.1.) და უარი მიიღო მოპასუხის მხრიდან, რაც სასამართლოს მისცემდა საშუალებას დაედგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშველოვანი ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელე აღნიშნული გარემოებების დადასტურებას ცდილობს მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველეყო ტვირთის თანმხლები დოკუმენტების დროული წარდგენა, რაც გულისხობს რომ მითითებული დოკუმენტის მომზადება ხდებოდა განაცხადის წარდგენის პერიოდში და თავის მხრივ ტვირთის საექსპორტო-სამპორტო, ადგილობრივ და ტრანზიტულ გადაზიდვასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია განაცხადის წარდგენამდე მზადდებოდა. მოსარჩელე მინიმუმ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენის გზით (მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დადგენილი ყოფილიყო მოცემული მოლაპარაკების წარმოების ფაქტი) უნდა ცდილობდეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავისი ახსნა-განმარტებითაც კი არ ახდენს სათანადოდ შედავებას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებას ადგილი ჰქონდა. შესაბამისად ამგვარი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში მოსარჩელის პოზიცია არადამაჯერებელია.

 

შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან დარღვეული იქნა მომსახურების ხელშეკრულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ელ----ი“-ს მიერ არ იქნა წარდგენილი ხელშეკრულების 1.1. და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მომსახურების გაწევამდე შეასრულა მის მიერ დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულება.

 

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ შპს ,,გი------“-ს (ამჟამინდელი შპს ,,ელ----ი“) მიმართ ზიანის ანაზღაურებიას შესახებ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 159-179), ამ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები, უნდა შეფასდეს გაუმართლებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ელ----ი“-ს სსსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს სს ,,სა---------–-------------ისაგან“ უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუმართლებელი გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღურება. თუმცა, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუამრთლებლობა, თავისთავად არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების შესახებ პასუხისმგებლობის გამოყენების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. მოსარჩელეს მართებს, დაადასტუროს ყველა იმ წინაპირობის არსებობა, რაც სკ-ის 992-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღურების შესახებ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის საკითხის გადაწყვეტამდე უნდა განისაზღვროს ზიანის მოცულობა.

 

შესაბამისად, მოსარჩელეს გარდა იმისა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები და დაემტკიცებინა იმგვარი გარემოება, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნილი ზიანის ოდენობა შედგება ერთის მხრივ სარკინიგზო გადაზიდვის მომსახურების შეწყვეტისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენების შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი/მიყენებული ზიანისაგან - 1 321 708.5 ლარისგან და ასევე მეორეს მხრივ უშუალოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გადაზიდვის ანგარიშზე არსებული თანხის 50 680.07 ლარის დაყადაღებით და შედეგად მისი გამოუყენებლობით მიღებული ზიანისგან - 290 650.17 ლარისგან. 1 321 708.5 ლარის ოდენობით ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, დათვლილია მომსახურების გაწევის შემთხვევაში ყოველთვიურად საშუალოდ მისაღები შემოსავლის 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით, იმ პერიოდზე რა პერიოდშიც განხორციელდა სს „ს---------–---------------“ მიერ შპს „ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე უარის თქმა და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (გადაზიდვის ერთიანი ანგარიშის დაყადაღება) გაუმართლებელი გამოყენება. კერძოდ, სარკინიგზო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა მთელი მითითებული პერიოდის განმავლობაში 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით, შესაბამისად გარემოებები რა პერიოდშიც მოქმედებდა ისინი გარკვეულწილად ფარავს ერთმანეთს. ზიანის ოდენობა ამ ნაწილში გაანგარიშებულია, როგორც ყოველთვიურად საშუალოდ მისაღები შემოსავლი შესაბამისი თვეების რაოდენობაზე გაანგარებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვერ იქნა მომსახურება მიღებული სს „სა---------–-------------ისაგან“. შესაბამისად გარკვეულ შემთხვევაში, მომსახურების გაწევაზე უარის თქმითა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენებით მიღებული ზიანის ოდენობა თვიურ ჭრილში ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა მხედველობაშია მისაღები შემდეგი მომენტი, რომ ორივე გარემოების დამოუკიდებლად არსებობის შემთხვევაში კომპანია ყოველთვიურად ერთი და იგივე ზიანის მიიღებდა. აქვე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენებით მიღებული ზიანის წილს თუ დავითვლით მხოლოდ 1 321 708.50 ლარიდან, ამ შემთხვევაში 2014 წლის იანვრიდან (და არა 2012 წლის სექტემბრიდან) 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, ანუ 34 თვეზე გაანგარიშებით ეს იქნება 26 434.17 ლარი * 34 = 898 756.00 ლარი. თუმცა, რეალურად მიღებულია 1 612 358.67 ლარის ზიანი, საიდანაც 1 321 708.50 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი (მოგება), რისი მიღებაც შეეძლო კომპანიას სარკინიგზო მომსახურების ჯეროვნად მიღების შემთხვევაში და რა ზიანიც მიადგა მას ერთის მხრივ როგორც სახელშეკრულებო დონზე პირობების დარღვევით მომსახურების შეწყვეტის შედეგად, ასევე მეორეს მხრივ საპროცესო ღონისძიების (სარჩელის უზრუნველყოფის) გაუმართლებელი გამოყენების შედეგად. ხოლო 290 650.17 ლარის ზიანი გულისხმობს იმ ზიანს მიუღებელი შემოსავლის (მოგების) სახით, რომელიც განიცადა კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, რკინიგზის გადაზიდვის ანგარიშზე კონკრეტული მომსახურების მისაღებად ჩარიცხული ფინანსური რესურსის 50 680.07 ლარის დაყადაღებით და შედეგად მისი გამოყენების უფლების იძულებითი წესით ჩამორთმევით, ანუ ეს არის ის შემოსავალი, რომლის მიღებაც შეეძლო კომპანიას კონკრეტულად ამ თანხის გამოყენებით, მისი ბრუნვაში მოქცევის შედეგად და არა სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებაზე ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან გამომდინარე მოსარჩელე უთითებს, რომ ზიანის გაანგარიშება ეყრდნობა იმ ფინანსურ დოკუმენტებს, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და რომელიც არის შემოწმებული და სათანადოდ დადასტურებული უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ხოლო თავისთავად გაანგარიშებაც არის ჩატარებული იმ მეთოდის მეშვეობით რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს რეალურად მიღებული ზიანის ოდენობის დადგენას.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელის შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ზიანის გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მის მიერ შედგენილი აქტი (ტომი V, ს.ფ. 208), სხვა დასაშვები მტკიცებულება კი, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი.

 

შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელემ ვერც იმ გარემოების დადასტურება შეძლო, რომ მის მიერ მოთხოვნილი თანხა 290 650,17 ლარი წარმოადგენს გაუმართლებელი უზრუნველყოფის პირდაპირ შედეგს. მოსარჩელეს ამ ნაწილშიც ზიანის გაანგარიშების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს, მხოლოდ ცალმხრივად მის მიერ შედგენილი აქტი. შესაბამისად ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერც ამ ნაწილში დაძლია მტკიცების ტვირთი.

 

3.2.3. რაც შეეხება მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას (სარჩელის საფუძვლიანობა), მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი სს ,,სა---------–-------------ის“ განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასა და ზიანს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას უნდა არსებობდეს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს.

 

3.2.4. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

ამავდროულად, კანონი განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებებითაა დასაშვები ამა თუ იმ გარემოების დადასტურება და ასეთად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტები; მოწმეთა ჩვენებები; ფაქტების კონსტატაციის მასალები; წერილობითი მასალები; ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ ზემოაღნიშნული წესის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ შეფასების წინაპირობებსაც, კერძოდ, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა მიერ საქმისათვის დართული ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.

 

,,დასაბუთების პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის (წანამძღვრის) ნამდვილობაში მოსამართლე უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ამ მტკიცებულების მეშვეობით მან დასადგენი ფაქტის ნამდვილობა ირწმუნოს. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა გამოკვლევა უკავშირდება არა მარტო დასადგენი ფაქტების ნამდვილობას (შედეგს), არამედ იმ მტკიცებულების ნამდვილობასაც, რომელშიც მოცემულია ფაქტის შესახებ ინფორმაცია (წანამძღვარი). ამ უკანასკნელის ნამდვილობა უზრუნველყოფილია პროცესუალური ფორმის დაცვით. კერძოდ, მტკიცებითი საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა საშუალებებით და კანონით დადგენილი წესების დაცვით. ანუ, ეს ის ფორმაა, რომლითაც შეზღუდულები არიან მტკიცებითი საქმიანობის სუბიექტები. ამ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაცია მოწმდება სხვა მტკიცებულებებთან კავშირში... ერთ შემთხვევაში ამ ინფორმაციის ნამდვილობის სარწმუნოობა შეიძლება იყოს ცალსახად განსაზღვრული (მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს), ხოლო მეორე შემთხვევაში, საკმარისია მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის არსებობის შესაძლო მაქსიმალური ალბათობა (მაგალითად, კეთილსინდისიერი მყიდველის შეფასებისას)“ (ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში. თეიმურაზ თორდია. 2010 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირზე მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.

 

3.2.5. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და განმარტავს, რომ სარკინიგზო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა მთელი მითითებული პერიოდის განმავლობაში 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებით რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის სწორად განსაზღვრას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარმოადგინა 2018 წლის 18 აპრილს, რითაც გაუშვა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 18 აპრილამდე არსებულ პერიოდზე. აღნიშნული დროისათვის, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 1004498,46 ლარს (50-12=38*26434,17; იხ. ზიანის ოდენობის გაანგარიშება, ტომი V, ს.ფ. 208). შესაბამისად მითითებული თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო 2015 წლის 18 აპრილიდან არსებული მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება ხანდაზმული არ არის.

 

რაც შეეხება, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,სა---------–-------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,გი------“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს ,,გი------ს“ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის 50 680,07 ლარის ფარგლებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სს ,,სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ იქნა სს ,,სა---------–-------------ის“ მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2016 განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული დროიდან - 2016 წლის 12 ოქტომბრიდან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 2019 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წლის 18 აპრილს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას ამ ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 199-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი;

მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება; და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, გაშვებული მოგების, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით მისი შრომისუნარიანობის შემცირების გამო და ა.შ. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ზიანის გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მის მიერ შედგენილი აქტი (ტომი V, ს.ფ. 208), სხვა დასაშვები მტკიცებულება კი, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი.

 

შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენელ ზემოაღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, რის გამოც, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ შპს ,,ელ----ი“-ს მიერ მომსახურების საფასურის დაკარგვა 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე პერიოდში გამოწვეულია სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან სარკინიგზო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კერძოდ მოპასუხის მიერ შპს ,,ელ----ისათვის“ მომსახურების გაწევაზე უარის თქმით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან დარღვეული იქნა მომსახურების ხელშეკრულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ელ----ი“-ს მიერ არ იქნა წარდგენილი ხელშეკრულების 1.1. და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მომსახურების გაწევამდე შეასრულა მის მიერ დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულება.

 

ამდენად, სასამართლო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა იმგვარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რითიც მოსარჩელეს, მიუღებელი შემოსავლისა და ფაქტობრივი სახით, ზიანი მიადგა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და დაადასტურა მისთვის მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

მოცემულ შემთხვავში, მოთხოვნის საფუძვლიანობის პირობებშიც არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, რადგან საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია, რადგან სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარმოადგინა 2018 წლის 18 აპრილს, რითაც გაუშვა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 18 აპრილამდე არსებულ პერიოდზე. აღნიშნული დროისათვის, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 1004498,46 ლარს (50-12=38*26434,17; იხ. ზიანის ოდენობის გაანგარიშება, ტომი V, ს.ფ. 208). შესაბამისად მითითებული თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო 2015 წლის 18 აპრილიდან არსებული მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება ხანდაზმული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ელ----ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა 1004498,46 ლარის დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ კანონის დარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

 

უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად), რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას _ ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული მუხლი უშუალოდ გამოხატავს მოვალის ინტერესებს და ათავისუფლებს მას ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეული პრინციპისათვის. ამიტომაც, აღნიშნული მუხლი უპირველესად ადგენს, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ეს უკანასკნელი ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონივრული ადამიანისათვის, კიდევ უფრო ზუსტად, ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ამდენად, ზიანის სავარაუდობა ობიექტური მასშტაბით ფასდება და არა კონკრეტული მოვალის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმისი ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო, ზიანი მისთვის გონივრულად უნდა იყოს სავარაუდო.

 

იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების სახით, უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს, ე.ი. არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და კრედიტორის ზიანს შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენისას უნდა არსებობდეს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს.

 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს გარდა იმისა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები და დაემტკიცებინა იმგვარი გარემოება, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ მოთხოვნილი თანხა 290 650,17 ლარი წარმოადგენს გაუმართლებელი უზრუნველყოფის პირდაპირ შედეგს. მოსარჩელეს ამ ნაწილშიც ზიანის გაანგარიშების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს, მხოლოდ ცალმხრივად მის მიერ შედგენილი აქტი. სხვა დასაშვები მტკიცებულება კი, რომელიც ზიანის ოდენობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.01.2014 წლის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე სასარჩელო მოთხოვნის 132 011 ლარის ფარგლებში. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება გასაჩივრებული იქნა შპს ,,გი------ს” მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014 წლის განჩინებით შპს ,,გი------ს” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნა შპს ,,გი------ს” ფულად სახსრებზე 81330.93 ლარის ფარგლებში. შპს ,, გი------ს” საჩივარი შპს ,, გი------ს” ფულად სახსრებზე 50 680.07 ლარზე ყადაღის გაუქმების მოთხოვნის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014 წლის განჩინებით დადგენილი იქნა შპს ,,გი------ს“ საჩივრის, 2014 წლის 20 იანვრის განჩინებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო 05 დღის ვადაში საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნა, თუმცა მითითებულ საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის გადაგზავნა არ მომხდარა და ზემდგომ სასამართლოს ხარვეზის გამო აღარ უმსჯელია საჩივარზე და ფაქტიურად აღნიშნული განჩინება შევიდა ძალაში.

 

მოსარჩელე თვლის, რომ შპს ,,ელ----მა“ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საპროცესო-სამართლებრივი საშუალება, რაც მოწმობს მის მიმართ გამოტანილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ დროისათვის შპს ,,ელ----ის“ ჰყავდა საკმაო რაოდენობის ავტო-სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც თავიდანვე შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული იქნებოდა უმტკივნეულო მოსარჩელისათვის თუკი ასეთის საჭიროება არსებობდა.

 

რაც შეეხება გამოსაყენებელი უზრუნველყოფის მოცულობასა და ფარგლებს, აღნიშნული საკითხი მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს მიერ ფასდება, რა დროსაც მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა მეორით, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუყენებია.

 

სასამართლო, უპირველესად აღნიშნავს, რომ სარჩელში ამ ფაქტების დადასტურების მიზნით ხსენებული დოკუმენტები (მოთხოვნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის შეცვლაზე) საქმეში არ მოიპოვება და ვერც მოსარჩელე ვერ მიუთითებს მათზე. მოსარჩელე სარჩელში აპელირებს გაუმართლებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებულ ზიანზე, თუმცა მას არც კი უცდია მოეთხოვა 2014 წლის 20 იანვრის განჩინებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრის ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნა, არათუ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც თავად მოსარჩელე აპელირებს, რომ მას არაერთი სატრანსპორტო საშუალება ჰქონდა საკუთრებაში და რომელიც თავიდანვე შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული იქნებოდა უმტკივნეულო მოსარჩელისათვის თუკი ასეთის საჭიროება არსებობდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ 12.02.2014 წლის განჩინებაზე 2014 წლის 28 იანვარს წარდგენილ საჩივარში შპს ,,ელ----ი“ (ყოფილი შპს ,,გი------“) არა მოსალოდნელი ზიანის დადგომის საფუძვლით, არამედ პროცესუალური საფუძვლით ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რადგან სს ,,სა---------–-------------ა“ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვდა 50 680,07 ლარის დაყადაღებას, ხოლო სასამართლომ 132 011 ლარის ფარგლებში დაადო ყადაღა საბანკო ანგარიშს. 2014 წლის 20 იანვრის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში არცერთი გარემოება რაზედაც წარმოდგენილ სარჩელს ამყარებს შპს ,,ელ----ი“, ნახსენები არ ყოფილა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები (მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის საჩივრის ზემოდგომ სასამართლოში გადაგზავნაზე, არ მოუთხოვია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა, იმ პირობებში როდესაც საკუთრებაში ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებები, წარდგენილ საჩივარში არცერთი გარემოება რაზედაც წარმოდგენილ სარჩელს ამყარებს შპს მოსარჩელე ნახსენები არ ყოფილა, არ დასტურდება ზიანის ოდენობა, კერძოდ მოთხოვნილი თანხა 290 650,17 ლარი, რომ წარმოადგენს გაუმართლებელი უზრუნველყოფის პირდაპირ შედეგს) სასამართლოს შინაგან რწმენას აყალიბებს სწორედ იმ მიმართებით, რომ ზიანის მიყენების ვარაუდის დაშვების საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს უშუალო მიზეზობრივი კავშირი შპს ,,ელ----ი“-ს მიერ მიუღებელ თანხებსა და ყადაღის არსებობას შორის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგილი არა აქვს, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად შპს ,,ელ----ი“-ს მიადგა ზიანი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ელ----ი“-ს სარჩელი სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე