გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2052 -17 (140210117002232775)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ნ-------------–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–---------–--ე
მოპასუხე - თ--------------–---–ი
წარმომადგენელი - თ----------–-–--ე
დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ--------------–---–ი ცნობილი იქნეს უღირს მემკვიდრედ 2017 წლის 01 ივნისს გარდაცვლილი ზ---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტებს და გარემოებებს:
მხარეები არიან დები. 2005 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა მხარეების მამა, გ------------–---–ი, ხოლო მათი დედა, ზ---------------–---–ი - 2017 წლის 01 ივნისს. ზ---------------–---–ს გარდაცვალების დროს გააჩნდა სამკვიდრო ქონება მდებარე ქ. გორი, მ–-------ის ქ. №29/45 (ს/კ: №66.55.06.001.01.045). მათი მშობლების პირველი რიგის მემკვიდრეები არიან ნ-------------–---–ი და თ--------------–---–ი, რომელმაც 2017 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილს გარდაცვლილი ზ---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. თ--------------–---–ს აწ გარდაცვლილმა გ------------–---–მა (მამამ), ჯერ კიდევ სიცოცხლეში, აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, გ---–---–ის ქ. №60-ში, რომელიც თ--------------–---–მა გაასხვისა 2005 წელს. აღნიშნული ქონების გასხვისების შემდეგ მოპასუხე თ--------------–---–ი თავისი ოჯახით ცხოვრობდა მშობლების ბინაში მდებარე გ--------–ის ქ. №5/34-ში, რომელზეც საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით წლების მანძილზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რამაც მათი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. ამასთან, მოპასუხე, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, სასამართლო დავების მიმდინარეობისას მშობლებს აყენებდა, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მოპასუხეზე მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა აწ გარდაცვლილი ზ---------------–---–ის ცემის ფაქტზე. მოპასუხე თ--------------–---–ს არათუ მშობლების მიმართ არ გამოუჩენია პატივისცემა და მზრუნველობა, არამედ სამძიმარზეც არ მისულა, მონაწილეობა არ მიუღია მათი დაკრძალვისა თუ საფლავის მოწყობის ხარჯებში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს არა მხოლოდ ქ. გორში მ–-------ის ქ. №29/45-ში მდებარე უძრავი ქონება, არამედ, ამავე ქუჩაზე №31-ში მდებარე უძრავი ქონებაც. ამასთან, თ--------------–---–ს დავა დედასთან (მამკვიდრებელთან), ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, როგორც ამას მოარჩელე უთითებს, არ ჰქონია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის. რაც შეეხება იმ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ცხოვრობს (გ--------–ის ქუჩაზე მდებარე ბინა) და რომელზეც მოსარჩელე აპელირებს, რომ მათმა მშობლებმა ამ სახლიდან წილი დაუთმეს თ--------------–---–ს, აღნიშნული წილის მისთვის დათმობა მოხდა თ--------------–---–ის მხრიდან 5500 აშშ დოლარის გადახდის გზით, კერძოდ; ზ---------------–---–სა და თ--------------–---–ს შორის გორის რაიონული სასამართლოს 09.12.2011 წ. განჩინებით, რომელიც აღსრულებულია, დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც ზ---------------–---–მა ქ. გორში, გ--------–ის ქ. №5ა/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ¾ წილზე თ--------------–---–ის სასარგებლოდ უარი თქვა ამ უკანასკნელის მხრიდან გორში, მ–-------ის ქ. №29/45-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კუთვლინი 1/6 წილზე ზ---------------–---–ისათვის დათმობის და ასევე მისთვის 5500 აშშ დოლარის 2012 წლის 01 აპრილამდე გადახდის სანაცვლოდ, რაც შეასრულა კიდეც. რაც შეეხება დედის დაკრძალვაზე მისვლას, ვერ შეძლო სწორედ დის, ნ-------------–---–ის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან მუქარის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-------------–---–ი და თ--------------–---–ი არიან დები, მათი მშობლები იყვნენ მამა - გ------------–---–ი, დედა - ზ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- ნ-------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);
- სასამართლოს გადაწყვეტილებები
3.1.2. გ------------–---–ი გარდაიცვალა 2005 წლის 02 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 18).
3.1.3. ზ---------------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 01 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17);
3.1.4. გარდაცვალების მომენტისათვის ზ---------------–---–ის სამკვიდრო ქონებას, შეადგენდა ორი უძრავი ნივთი მდებარე: 1) ქ. გორი, მ–-------ის ქ. №29/45, ს.კ. №66.05.06.001.01.045; 2) ქ. გორი, მ–-------ის ქ. №31, ს.კ. №66.45. 27.158.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 71 );
3.1.5. 2017 წლის 22 სექტემბერს თ--------------–---–მა მიმართა ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილს დედის ზ---------------–---–ის მემკვიდრედ ცნობის და მის კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.09.2017წ. განცხადება (ს.ფ. 20).
განცხადებაში თ--------------–---–ი უთითებს, რომ ზ---------------–---–ის მემკვიდრეები არიან თვითონ და მისი და-ნ-------------–---–ი.
3.1.6. 2017 წლის 17 ნოემბერს ნ-------------–---–მა მიმართა ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილს დედის ზ---------------–---–ის მემკვიდრედ ცნობის და მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.11.2017წ. განცხადება (ს.ფ. 19).
განცხადებაში ნ-------------–---–ი უთითებს, რომ ზ---------------–---–ის მემკვიდრე არის თვითონ.
3.1.7. მხარეებს შორის (ნ-------------–---–სა და მის დას თ--------------–---–ს შორის) ისევე, როგორც მამკვიდრებელსა და მოპასუხე თ--------------–---–ს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- 24.06.2005წ. სასარჩელო განცხადება და გორის რაიონული სასამართლოს 27.03.2009 წ. გადაწყვეტილება (საქმე№2/557) (ს.ფ. 27-28; 36-37);
- გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-32);
- გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 62-63);
- გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 09 დეკემბრის საოქმო განჩინება (ს.ფ. 68-70);
- ს.ს. საქმის მასალები;
- შემაკავებელი ორდერი;
- მოწმეთა ჩვენებები (23.07.2018 წ. და 06.08.2018წ;სასამართლო სხდომის ოქმები)
24.06.2005წ. სარჩელის მიხედვით, ზ---------------–---–ი ითხოვს თ--------------–---–ი თავის ოჯახთან ერთად გამოსახლდეს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან მდებარე ქ. გორი, გ--------–ის ქ. №5ა/34. აღნიშნული სარჩელი გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე ზ---------------–---–ის სარჩელი თ--------------–---–ის მიმართ, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გორი, გ---–---–ის ქ. 60 გ------------–---–სა და თ--------------–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, თ--------------–---–სა და გიორგი ვანიშვილს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმებისა და მიწის ფართობის მისთვის, როგორც გ------------–---–ის უფლებამონაცვლისათის დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ---------------–---–ის მიმართ, უძრავ ქონებაზე მდებარე გორი, მ–-------ის ქ. 29/45 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, უძრავი ქონების მესკუთრედ აღიარებისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, თ--------------–---–ი აღიარებული იქნა ქ. გორში, მ–-------ის ქ. 29/45-ში მდებარე ბინის 1/6 წილის მესაკუთრედ და საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე, ხოლო ზ---------------–---–ის აღნიშნული ქონებიდან გამოსახლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 09 დეკემბრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ზემბირი მდივნის სარჩელისა გამო მოპასუხე თ--------------–---–ის მიმართ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გორი, გ--------–ის ქ. 5ა/34 საზიარო უფლების გაუქმებისა და საერთო საკუთრების რეალიზაციის შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების გამო, კერძოდ, ზემბირ მდივნიშვილმა უარი განაცხადა გორში, გ--------–ის ქ. 5ა/34-ში მდებარე ¾ წილზე თ--------------–---–ის სასარგებლოდ, გორში მ–-------ის ქ. 28/45-ში მდე უძრავი ქონებიდან თ--------------–---–ის კუთვნილი 1/6 წილის მის საკუთრებაში გადაცემის და ასევე 5500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შესაბამისად, ქ. გორში, მ–-------ის ქ. 29/45-ში მდებარე ბინა მთლიანად აღირიცხა ზ---------------–---–ის სახელზე, ხოლო ქ. გორში, გ--------–ის ქ. 5ა/34-ში მდებარე ბინა - თ--------------–---–ის სახელზე.
ს.ს. საქმის მასალების მიხედვით 2006 წლის 24 მაისს გორის შს რაიონის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (ს.ს.საქმე №11060482), საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების პროცესში დაზარალებულად ცნობილი და დაკითხულია ზემფირა მდივნიშვილი, რომლის ჩვენების მიხედვით მას “გამეტებით სცემეს” თ--------------–---–მა და სიძემ გელა ფალელაშვილმა. გამოძიების პროცესში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემფირა მდივნიშვილს “ცხვირის მარცხენა ფრთაზე არსებულ მეჭეჭზე აღენიშნება ვერტიკალურად მდებარე ექსკორაცია, დაფარული ყავისფერი ფუფხით, სხვა დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნება და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. გამოძიების პროცესში თ--------------–---–ი არ ყოფილა ბრალდებულად ცნობილი და დაკითხული. გარდა ამისა, 2006 წლის 21 ივნისს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2009 წლის 17 იანვრის დადგენილებით ს.ს. საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა მიეკუთვნებოდა კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის სახეს, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება დაზარალებულის საჩივრით. განსახილველ საქმეზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის საჩივარი არ არსებობდა და ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა იყო გასული. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული დადგენილება არ გასაჩივრებულა.
საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, თ--------------–---–ის განცხადების საფუძველზე, შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2017 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელის შვილის, ემზარ საყვარელიძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №017722. აღნიშნული მასალების მიხედვით ემზარ საყვარელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ე.ი. ფსიქოლოგიურ ძალადობა განახორციელა თ--------------–---–ის და მისი შვილის, გვანცა ფალელაშვილის მიმართ, რის გამოც ემზარ საყვარელიძეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლებთან ურთიერთობა, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციაც. აღნიშნული ორდერი ემზარ საყვარელიძის მიერ არ გასაჩივრებულა. ამავე მასალებში წარმოდგენილი ემზარ საყვარელიძესთან გასაუბრების ოქმის მიხედვით, ემზარ საყვარელიძის განმარტებით, იგი გაბრაზდა დეიდამისზე, როდესაც ამ უკანაკნელმა დედის, ზ---------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ პრეტენზია გამოთქვა მის ქონებაზე და გაბრაზების მიზეზად მიუთითა, რომ დეიდამისს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა წილი სამკვიდროდან, ვინაიდან ისინი არაფრად აგდებდნენ ბებიას და თან უთხრა, რომ ისინი წილს ვერ გაიტანდნენ. აღნიშნული გარემოებები ემზარ საყვარელიძემ ასევე მიუთითა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას 9იხ. 23.07.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ამავე მასალებში მოთავსებული თ--------------–---–თან გასაუბრების ოქმითაც დასტურდება, რომ თ--------------–---–ს უთანხმოება ჰქონდა დედასთანაც და დასთანაც და ამ დაძაბულობის საფუძვლად იგი მიუთითებს მისი დის მხრიდან ყველაფრის მისაკუთრების სურვილზე.
რაც შეეხება დისკის სახით წარმოდგენილ ტელეკომპანია „დიას“ სიუჯეტს და მოწმეთა ჩვენებებს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისინიც ადასტურებენ მხარეებს შორის და ასევე მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, რასაც თავად მხარეებიც არ ხდიან სადავოდ. რაც შეეხება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მხარეთა შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთაგან პირდაპირ არავინ შესწრებია ასეთ ფაქტს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეები იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს და მხოლოდ მათი ჩვენებებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა თ--------------–---–ის უღირს მემკვიდრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სარჩელი უღირს მემკვიდრედ აღიარებისა და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1312-ე, 1317-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
6.3. სასამართლო განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადგენს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მემკვიდრისათვის, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.
ამდენად, უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონებიდან მემკვიდრეობის მიღების უფლება ორი პირველი რიგის მემკვიდრიდან, მხოლოდ მას აქვს, ხოლო მის დას არ აქვს უფლება მიიღოს მემკვიდრეობა იმ საფუძვლით, რომ იგი უღირს მემკვიდრეს წარმოადგენს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მხარემ ხელყო თუ არა მეორე მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე ნ-------------–---–ი ითხოვს მისი დის უღირს მემკვიდრედ ცნობას იმ საფუძვლით, რომ მასა და მამკვიდრებელს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ასევე ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან დედის ცემის ფაქტსაც. რაც შეეხება მოპასუხეს, იგი უარყოფს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებს დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო დედასთან დაძაბულობის მიზეზად თავად მოსარჩელე ნ-------------–---–ზე მიუთითა.
ზემოთ მითითებული მხარეთა პოზიციების შეჯერებისას უნდა დადგინდეს აქვს თუ არა უფლება თ--------------–---–ს მოითხოვოს სამკვიდრო, თუ იგი მართლაც წარმოადგენს უღირს მემკვიდრეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ზ---------------–---–ის გარდაიცვალებით, 2017 წლის 01 ივნისს გაიხსნა სამკვიდრო. ზ---------------–---–ის სამკვიდროს წარმოადგენს უძრავი ქონებები, მდებარე - ქ. გორი, მ–-------ის ქ. №29/45 და მ–-------ის ქ. №31.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მოცემულ შემთხვევაში ზ---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები: ნ-------------–---–ი და თ--------------–---–ი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონით გათვალიწინებულ პირებზე მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.
მოცემულ შემთხვევაში, ზ---------------–---–ს ანდერძი არ დაუწერია. ამდენად, მხარეები, ე.ი. როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე წარმოადგენენ კანონით მემკვიდრეებს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
6.8. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დადგენილია, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ შეუდგენია, პირველი რიგის მემკვიდრეები მისი შვილები არიან, რომლებმაც კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, თუმცა პირველი რიგის ერთერთი მემკვიდრე მეორე მემკვიდრეს უღირს მემკვიდრედ მიიჩნევს.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). (სუსგ 2014 წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-125-119-2014; სუსგ 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-347-330-2013; სუსგ 2012 წლის 25 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-786-739-2012; სუსგ 2010 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-266-251-2010;)
6.11. ამავე კოდექსის 1312-ე მუხლის შესაბამისად, გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლით დადგენილია უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა, კერძოდ, სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას. ამავე კოდექსის 1318-ე მუხლით, მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.
მოცემულ შემთხვევაში თ--------------–---–ისათვის დედის - ზ---------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, იწვევს ნ-------------–---–ისათვის ქონებრივ შედეგებს იმ თვალსაზრისით, რომ სამკვიდროდან თ--------------–---–ის კუთვნილი წილი, მისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, გადადის ნ-------------–---–ის საკუთრებაში. ამდენად, აღნიშნული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტა, ნ-------------–---–ს წარმოუშობს სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, ნოტარიუსის მეშვეობით დარჩენილი სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღებით საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხება მის საკუთრებაში. შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნული დავის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი), ამასთან დაცულია სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლით გათვალისწინებული უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა.
6.10. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ თ--------------–---–სა და მამკვიდრებელს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, მართალია წარმოადგენს ზნეობრივი თვალსაზრისით უკიდურესად გასაკიცხ ქმედებას, მაგრამ საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული ყველა გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ფაქტების ერთობლიობას, რაც მოპასუხის უღირს მემკვიდრედ აღიარების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, ვინაიდან აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ცნობილი იქნეს უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება, აუცილებელია იგი არამარტო მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ხელს უშლიდეს მამკვიდრებელს უკანასკნელი ნამდვილი ნების გამოვლენაში, არამედ იმავდროულად ამას უნდა სჩადიოდეს სამკვიდროს მიღების ან მასში წილის გაზრდის მიზნით. ასევე თუ პირი ხელს უშლიდა მოანდერძეს ანდერძის შედგენაში ან მამკვიდრებელს ისეთ ფაქტებს უმალავდა, რომელთა ცოდნის შემთხვევაში იგი სხვანაირად გადაწყვეტდა მემკვიდრეობის საკითხს; ან ჩაიდინა მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების წინააღმდეგ მიმართული ისეთი ქმედებები როგორიცაა ანდერძის დამალვა, შეცვლა, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ზ---------------–---–ს მიუხედავად იმისა, რომ მასა და ერთერთ შვილს, მოპასუხე თ--------------–---–ს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, რასაც ადასტურებს მათ შორის არსებულ არაერთი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო დავები, არ დაუწერია ანდერძი, ამდენად, არათუ თ--------------–---–ს აღიარებდა უღირს მემკვიდრედ, არამედ არც ანდერძით გამოუხატავს ნება იმისა, რომ თავის კუთვნილ ქონებას მთლიანად უანდერძებდა მეორე შვილს, მოსარჩელე ნ-------------–---–ს. შესაბამისად, მამკვიდრებლის, ზ---------------–---–ის მიერ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ქმედების ჩადენას ადგილი ვერ ექნებოდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ თ--------------–---–ის მხრიდან რაიმე ქმედება იყო განზრახ ჩადენილი და მიმართული დედის უკანასკნელი ნების საწინააღმდეგოდ ქონებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის და ასევე მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიზეზი და საფუძველი მხოლოდ თ--------------–---–ის მხრიდან არ არის გამოწვეული და თავად ზ---------------–---–ის არის ამის გამომწვევი.
აღნიშნული პოზიცია გამყარებულია თავად მხარეთა განმარტებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, უფრო კონკრეტულად მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის შვილმა ემზარ საყვარელიძემ მიუთითა, რომ იგი ბებიამისის გაზრდილია და მისთვის უნდოდა ყველაფერი და დეიდამისს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა სამკვიდრო, ვინაიდან დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება ზ---------------–---–ს, მასზე მიუთითა, რომ იგი პრინციპული ქალი იყო, მის გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერეოდა და ყველგან თავის პარადს წაიყვანდა, ხოლო ადვოკატმა კახა კალმახელიძემ, რომელიც ზ---------------–---–ის ინტერესებს იცავდა გარკვეული დროის განმავლობაში, დაადასტურა, რომ დედა-შვილს (იგულისხმება მოპასუხე თ--------------–---–ი) შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა იყო, რისი მიზეზიც ალბათ მათ შორის არსებული სამოქალაქო დავები იყო, ზ---------------–---–ს სურვილი ჰქონდა რომ თამარ ტატანაშვლი დაეტოვებინა ქონების გარეშე, რაზეც რჩევაც კი მისცა რომ უძრავი ქონება გაეფორმებინა ნ-------------–---–ის სახელზე, თუმცა ეს არ გააკეთა. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზ---------------–---–ი პრინციპული და ძლიერი ქალი იყო, მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენდა და მხოლოდ იმას გააკეთებდა რასაც თვითონ ჩათვლიდა მართებულად.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემობებს თ--------------–---–ის მხრიდან დედის ცემის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფარტებთან დაკავშირებით, რომლებმაც ზეგავლენა იქონია ზ---------------–---–ის უკანასკნელ ნებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები ვერ დადასტურდა საქმეზე გამოკვლელული მტკიცებულებებით.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოებების სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურება, რისი მტკიცების ტვირთიც მას აწევს.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმის შემდეგი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა წარმოადგინეს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, შესაბამისად, მოსარჩელეს მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე ზეპირი განმარტების გარდა უნდა წარმოედგინა უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები ვიდრე მისივე განმარტებაა, თუმცა მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ვერ გამოდგება მოპასუხე მხარის უღირს მემკვიდრედ ცნობისათვის და რომელთა ჩვენებებსაც საწინააღმდეგო არგუმენტები დაუპირისპირა მოპასუხე მხარემ.
ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ზ---------------–---–ის უკანასკნელი ნება იყო სადავო ქონება საკუთრებაში გადაეცა ნ-------------–---–ისთვის, თ--------------–---–მა იცოდა აღნიშნული გარემოების თაობაზე და განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს უკანასკნელი ნების განხორციელებაში მისი, როგორც სამკვიდროს ერთადერთ მემკვიდრედ აღიარების მიზნით. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, შედავებისას სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლების თანახმად, ვერ მიიჩნევა სადავო გარემოებების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად. ამ გარემოებებს ვერ ადასტურებს ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი არ შეიცავენ ინფორმაციას მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების თაობაზე, ამასთან მათი განმარტებებით ირკვევა, რომ მათთვის უცნობია მოტივი თუ რატომ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა მამკვიდრებელსა და მოპასუხეს, თუმცა თავად მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები (მოსარჩელის შვილი და მამკვიდრებლის ადვოკატი) ცალსახად მიუთითებენ მამკვიდრებლის მტკიცე ხასიათზე, რომ მის ნებაზე გავლენას ვერავინ მოხდენდა. რაც შეეხება ს.ს. საქმის მასალებს, ვერც აღნიშნული მასალები გამოდგება მოსარჩელის პოზიციის დასასაბუთებლად, ვინაიდან აღნიშნული მასალების მიხედვით, ორივე მხარე (დედაც და შვილიც) ურთიერთბრალდებებს უყენებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ ბრალდებული, შემდეგ კი მსჯავრდებული, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი არ გამოვლენილა.
რაც შეეხება მოსრჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ცდილობდა დედის საავადმყოფოში ყოფნისას მისგან მიეღო რაიმე სარგებელი, რის დასადასტურებლადაც მიუთითა საავადმყოფოს ექიმის ჩვენებაზე და ასევე ტელეკომპანია „დიას“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტზე (რომელიც დისკის სახით წარმოადგინა მიპასუხე მხარემ), სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა, ლადო კეპულაძემ აჩვენა, რომ ზ---------------–---–ის ოჯახის წევრებს პრეტენზია ჰქონდათ საავადმყოფოს მედპერსონალთან მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით (კონკრეტულად მიუთითა მოსარჩელის შვილზე), რაც შეეხება პაციენტის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დავას, მან იურისტისგან იცოდა, რომ პაცენტის ოჯახის წევრებს შორის არსებობდა დავა. რაც შეეხება ტელეკომპანია „დიას“ სიუჟეტს, აღნიშნული სიუჟეტის მიხედვით არ არის დაკონკრეტებული რომელი მხარე ცდილობდა უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისგან (დედისგან) უძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მიღებას, არამედ ეს სიუჯეტი ყველა მხარეზე მიუთითებს, რომ ისინი ცდილობდნენ მიეღოთ თანხმობა უგონო მდგომარეობაში მყოფი დედისგან..
ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა, შესაბამისად არ არსებობს თ--------------–---–ის უღირს მემკვიდრედ აღიარების სამართლებრივი საფუძველი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელე ნ-------------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. შესაბამისად, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში ნ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს თ--------------–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 400 ლარი, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით (საქმე №12/91-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-------------–---–ის სარჩელი თ--------------–---–ის მიმართ, უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება (საქმე №12/91-17) სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, რომლითაც შეჩერდა სანოტარო საქმის წარმოება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი