გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3108-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - შპს „ბ--ნ“
წარმომადგენელი - ირ---–------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - შსს სა---------–-------–-–-------------------ი
წარმომადგენელი - გუ--------–-----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
შეგებებული სარჩელით დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. შპს „ბ--ნ“-ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.1. მოპასუხის შსს სა---------–-------–-–-------------------ისათვის შპს „ბ--ნ“-ის სასარგებლოდ 46 893,00 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. შსს სა---------–-------–-–-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.2.1. მოპასუხის შპს „ბ--ნ“-ისათვის შსს სა---------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ 3 108,00 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე შპს „ბ--ნ“ -მა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ბ--ნ“-სა და შსს სა---------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1--, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 7 000,00 ცალი საშემოდგომო შარვალი და 11 000,00 ცალი გრძელმკლავიანი პერანგი. ერთეული შარვლის ღირებულება შეადგენდა 22,50 ლარს, ხოლო ერთეული პერანგის ღირებულება - 21,00 ლარს. შესაბამისად, შპს „ბ--ნ“-ს მოპასუხისათვის მთლიანად უნდა მიეწოდებინა 385 500,00 ლარის ღირებულების საქონელი. მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა სა---------–-------–-–-------------------ის საწყობში (თბილისი, ქი----ის ქუჩა №5). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვარი. საქონლის მიწოდება დადასტურდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით.
მოსარჩელემ ხელშეკრულების შესრულება დაიწყო 2017 წლის 3 ნოემბრიდან და 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხეს აწვდიდა შეკვეთილ საქონელს, რის შესახებ ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. ამ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს მთლიანად მიაწოდა 338 607,00 ლარის ღირებულების საქონელი, სრულად 7 000 ცალი საშემოდგომო შარვალი და 8 767 ცალი გრძელმკლავიანი პერანგი.
ხელშეკრულების სრულად შესასრულებლად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 2 233 ცალი გრძელმკლავიანი პერანგი, საერთო ღირებულებით 46 893,00 ლარი. 2018 წლის 8 იანვარს შპს „ბ--ნ“-მა მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საქონლის მიღება შემსყიდველის მიერ, რომელმაც უარი განაცხადა მიწოდებული ხელშეკრულების საგნის მიღებაზე.
შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენელმა 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა (იხ,2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომა, 13:13:53).
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძველი:
შსს „სა---------–-------–-–-------------------სა“ და შპს „ბ--ნ“-ს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდებისას ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რითიც დადასტურებულია, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით.
საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რამაც მთლიანობაში (18 დღე) შეადგინა 3 496,50 ლარი, ხოლო საქონლის სრულად მიუწოდებლობის გამო, პირგასამტეხლომ შეადგინა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% - 19 425,00 ლარი. დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამურმა თანხამ შეადგინა 22 921,50 ლარი.
შსს სა---------–-------–-–-------------------ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3 496,50 ლარამდე (იხ, 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომა, 13:13:53), თუმცა საბოლოოდ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა და მოთხოვნა განსაზღვრა 3 108,00 ლარით (იხ, 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:25:58).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის შსს სა---------–-------–-–-------------------ის პოზიცია შპს „ბ--ნ“-ის სარჩელთან დაკავშირებით:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დადების დღიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება შესაბამის ვადაში, რის გამოც შემსყიდველმა ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად უარი განაცხადა დაგვიანებით მიწოდებული საქონლის მიღებაზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის გარკვეული რაოდენობის მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით, დანარჩენი ნაწილი საერთოდ არ იქნა მიწოდებული. შესაბამისად, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 22 921,50 ლარის ოდენობით.
2018 წლის 8 იანვრის წერილის პასუხად შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.6 პუნქტის საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო განეცხადებინა უარი დაგვიანებით მიწოდებული საქონლის პარტიის მიღებაზე.
2.2. შპს „ბ--ნ“-ის პოზიცია შსს სა---------–-------–-–-------------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
შპს „ბ--ნ“-ს პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის გამო. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით, თუმცა შეასრულა 2018 წლის 8 იანვარს. პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მიმწოდებელს შეიძლება რომ დაეკისროს პირგასამტეხლო, არის 2017 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრამდე.
შემსყიდველმა მიმართა სადაზღვევო კომპანია „ჯი-----------–---ნგ“-ს, რომელმაც შესრულების საგარანტიო თანხა 2018 წლის 9 მარტს სრულად გადაურიცხა შსს სა---------–-------–-–-------------------ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ბ--ნ“-სა (მიმწოდებელსა) და შსს სა---------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1--, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დანართი №1-ით განსაზღვრული კონკრეტული დასახელებისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე 7 000,00 ცალი საშემოდგომო შარვალი და 11 000,00 ცალი გრძელმკლავიანი პერანგი. ერთეული შარვლის ღირებულება შეადგენდა 22,50 ლარს, ხოლო ერთეული პერანგის ღირებულება - 21,00 ლარს.
მიწოდების ვადად განისაზღვრა 90 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან (დანართი №1). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა მიწოდების ადგილი - შსს სა---------–-------–-–-------------------ის საწყობი, თბილისი, ქი----ის ქუჩა №5.
ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 388 500,00 ლარით (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი).
ხელშეკრულება მოქმედებდა 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით (ხელშეკრულების 11.1 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-- (ს.ფ. 15-21).
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ №1 დანართში მითითებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო განეცხადებინა უარი დაგვიანებით მიწოდებული ან უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანხმლები დოკუმენტაციის მქონე საქონლის პარტიის მიღებაზე.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ, 7.1 ან/და 6.3 (მიმწოდებელი ვალდებული იყო შეთანხმებული პირობების შესაბამისად საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველეყო საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ისეთი საქონლის ან საქონლის პარტიის შეცვლა, რომელიც არ იქნებოდა 6.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი) პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-- (ს.ფ. 15-21).
3.1.3. 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრის ჩაათვლით მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები 2017 წლის 14 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნების შსს სა---------–-------–-–-------------------ის ქვეგანყოფილების უფროსის მიერ მიღების თაობაზე (სულ 178 245,00 ლარის ღირებულების საქონელი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 22-28).
3.1.4. მხარეები არ დავობ--, რომ მიმწოდებელს შეთანხმებული საგნები უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2017 წლის 13 დეკემბრისა.
2017 წლის 15 დეკემბერს, 2017 წლის 19 დეკემბერს, 2017 წლის 21 დეკემბერს, 2017 წლის 25 დეკემბერს, 2017 წლის 26 დეკემბერს, 2017 წლის 27 დეკემბერს, 2017 წლის 28 დეკემბერს, 2017 წლის 29 დეკემბერს შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლის მიერ დაგვიანებით მიწოდებული საქონელი, რაც დგინდება ამავე თარიღის მიღება-ჩაბარების აქტებით (სულ 146 322,00 ლარის ღირებულების საქონელი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 29-37).
3.1.5. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება შემსყიდველს არ შეუწყვეტია.
2018 წლის 8 იანვარს შპს „ბ--ნ“-მა შსს სა---------–-------–-–-------------------ს მიმართა განცხადებით და მოითხოვა 46 893,00 ლარის ღირებულების მისაწოდებელი საქონლის შემსყიდველის მიერ მიღება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
სა---------–-------–-–-------------------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 55-57).
2018 წლის 8 იანვრის შსს სა---------–-------–-–-------------------ის განცხადება (ს.ფ. 75-76).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც თავდაპირველი, ასევე შეგებებული სარჩელები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მუხლები: 477-ე, 352-ე, 405-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ბ--ნ“-სა (მიმწოდებელსა) და შსს სა---------–-------–-–-------------------ს (შემსყიდველს) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული დასახელებისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე სამოსი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 388 500,00 ლარით. მიმწოდებელს ნასყიდობის საგანი შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 13 დეკემბრისა. მხარეები შეთანხმდნენ მიწოდების ადგილზე - შსს სა---------–-------–-–-------------------ის საწყობი, თბილისი, ქი----ის ქუჩა №5.
მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შეთანხმებული ოდენობის საქონლის მიწოდება სრულად მხარეთა მიერ განსაზღვრულ ვადაში. 2018 წლის 8 იანვარს შპს „ბ--ნ“-მა შსს სა---------–-------–-–-------------------ს მიმართა განცხადებით და მოითხოვა 46 893,00 ლარის ღირებულების მისაწოდებელი საქონლის შემსყიდველის მიერ მიღება. 2018 წლის 8 იანვრის წერილის პასუხად შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო განეცხადებინა უარი დაგვიანებით მიწოდებული საქონლის პარტიის მიღებაზე, ხელშეკრულების 7.6 პუნქტის საფუძველზე. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება შემსყიდველს არ შეუწყვეტია, თუმცა საქონლის მიუღებლობას მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ასაბუთებს ხელშეკრულების 7.6 პუნქტზე მითითებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების გათვალისწინებით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესად მხედველობაში მიღებით.
ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებს მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლებას (სკ-ის 491-ე მუხლი) და უარის უფლებას საქონლის მიღებაზე (სკ-ის 493-ე მუხლი). მყიდველს ხელშეკრულების მოშლა შეუძლია ნივთის ნაკლის გამო სკ-ის 352-ე მუხლის შესაბამისად. უარის უფლება საქონლის მიღებაზე მყიდველს ენიჭება თუ გამყიდველი მას მიაწოდებს საქონელს იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ ითვალისწინებს სპეციალურ მითითებას მიწოდების ვადის გადაცილების გამო საქონლის მიღებაზე უარის უფლების შესახებ.
გასათვალისწინებელია ხელშეკრულების პირობები, რომლებზედაც მხარეები შეთანხმდნენ: შემსყიდველი უფლებამოსილი იყო განეცხადებინა უარი დაგვიანებით მიწოდებული ან უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე საქონლის პარტიის მიღებაზე (ხელშეკრულების 7.6 პუნქტი). ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ, 7.1 ან/და 6.3 (მიმწოდებელი ვალდებული იყო შეთანხმებული პირობების შესაბამისად საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველეყო საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ისეთი საქონლის ან საქონლის პარტიის შეცვლა, რომელიც არ იქნებოდა 6.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი) პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოყვანილი პირობების შინაარსობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვადის გადაცილებისათვის შემსყიდველის უფლება უარი განეცხადებინა პროდუქციის მიღებისას, შედეგობრივად იწვევდა და მიმართული იყო ხელშეკრულების შეწყვეტისაკენ (შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ). შემსყიდველს შეეძლო უარი განეცხადებინა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის მიწოდებაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ს, რაც შედეგობრივად იწვევდა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ის გამოანგარიშებოდა ვადის ამოწურვიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანამდე.
დანიშნულების ადგილზე 2018 წლის 8 იანვარს მიმწოდებელმა მიმართა შემსყიდველს და მოსთხოვა საქონლის მიღება, რაზედაც შემსყიდველმა განაცხადა უარი. ამ შემთხვევაში ვადის გადაცდენა უნდა განისაზღვროს 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4662,00 ლარს და რაც არ აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ს (5827,5 ლარს). ამდენად, სახეზე არ არის ხელშეკრულების 9.6. პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობა ვადის გადაცილების ხანგრძლივობის შესახებ.
ხელშეკრულების პირობების (7.6 და 9.5 პუნქტები) ერთობლივად ამგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლევა ასევე ისიც, რომ შემსყიდველს ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებია მკაცრად განსაზღვრული ვადა მიწოდებისა (რასაც ისიც ადასტურებს, რომ შემსყიდველმა ვადაგადაცილებით არაერთხელ მიიღო მიწოდებული საქონელი) და შესაბამისი ინტერესის არსებობა, რაც განაპირობებდა ვადის გადაცილების შემთხვევაში მისთვის ინტერესის დაკარგვას, რაც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავის მხრივ, მოექცეოდა სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში (შემსყიდველს ორმხრივი ვალდებულის დარღვევიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას მიანიჭებდა (სკ-ის 369-ე მუხლი)).
შსს სა---------–-------–-–-------------------ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის მიღებამ შესმყიდველისათვის დაკარგა აზრი და გახდა გამოუსადეგარი, ვინაიდან იმ დროს მთავრდებოდა სეზონი და პატრული შემოსეს (იხ, 2018 წლის 22 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი 13:46:21; 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:47:10; 13:53:07). ამასთან, შსს სა---------–-------–-–-------------------ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის ფორმების დიზაინი შეიცვალა 2018 წლის აგვისტოში (იხ, 2018 წლის 22 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი 17:26:56).
ხელშეკრულებისა და მისი დანართის თანახმად, მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა საშემოდგომო შარვალი და გრძელმკლავიანი პერანგი. საქმეში წარმოდგნილი მასალებით არ დგინდება დამატებით რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, იმის შესახებ, თუ რა პერიოდისთვის განიზრახავდნენ სამოსის გამოყენებას.
ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა უკვე შემოდგომით, 2017 წლის 14 სექტემბერს და ითვალისწინებდა 90 დღიანი მიწოდების ვადას, რაც იწურებოდა 2017 წლის ზამთარში, 13 დეკემბერს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმები იყო 2017 წლის შემოდგომისათვის გამოსაყენებლად განკუთვნილი, შემსყიდველს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ მიმწოდებელს თავად მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქონლის მისაწოდებლად 90 კალენდარული დღის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდა (2017 წლის 13 დეკემბრამდე) და საშემოდგომო სამოსის მიწოდება ზამთრამდე შესაძლოა არც განხორციელებულიყო. შესაბამისად, არც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი იმგვარ ვითარებას, რაც სკ-ის 405-ე მუხლის „ბ)“ ქვეპუნქტის თანახმად, გულისხმობდა ვითარებას, როცა ვალდებულების დროული შესრულება წარმოადგენდა კრედიტორის მიერ დათქმულ პირობას, რაზედაც დამოკიდებული გახდებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, შემსყიდველს საქონელი ვადაგადაცილებითაც ჰქონდა მიღებული და ესეც, თავისთავად, მეტყველებს შემსყიდველის ამგვარი ინტერესის არსებობის საწინააღდმეგოდ.
ხელშეკრულებების პირობების (7.1; 7.6; 9.5) ერთპობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მყიდველისა და გამყიდველის უფლებები გადანაწილდა გარკვეული შინაარსით იმ გარემოების გათვლისწინებით, რომ მკაცრად განსაზღვრული ვადა მიწდებისა ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული და მხარეები, ამავდროულად, შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ ვადის გადაცილებისას პირგასამტეხლოს გადახდაზე (რასაც ითხოვს კიდეც შემსყიდველი), ხოლო საქონლის მიღებაზე უარის თქმით ხელშეკრულების შეწყვეტა განსაზღვრული პერიოდის არსებობას მოითხოვდა, მიმწოდებლის მიერ ვადის გადაცილება შემსყიდველს უფლებამოსილებას ანიჭებდა დაეკისრებინა შემსყიდველისათვის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, საქონლის მიღებაზე კი უარის გაცხადების უფლება არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ვადაგადაცილებულ პერიოდზე დღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს (0.5%) ჯამური ოდენობა მეტი იქნებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ზე. სხვა შემთხვევაში შემსყიდველს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა საქონლის მიღებაზე (რაც შედეგობრივად იწვევდა ხელშეკრულების შეწყვეტას), არამედ, როგორც აღინიშნა, უფლება ჰქონდა მოეთხოვა გამყიველისაგან პირგასამტეხლოს გადახდა.
ხელშერკულების 7.6 და 9.5 პუნქტების საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში და ასევე იმ შემთხვევაში თუ, მივიჩნევდით, რომ შემსყიდველს ხელშეკრულებაზე უარის თქმა ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო ვადის გადაცილებისას (ინტერესის დაკარგვის დასაბუთების აუცილებლობის არ არსებობისას, მათ შორის), შემსყიდველს მაინც მოუწევდა 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელების მექანიზმის დაცვა, რაც ზოგადი პრინციპის თანახმად, გულისხმობს დამატებითი ვადის დაწესებას. მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელმა უარი განაცხადა ვადაგადაცილებული პროდუქტის მიღებაზე და მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკაცრად განსაზღვრული ვადა მიწოდებისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა (405.2 „ბ)“).
ამგვარი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მხარეთა მიერ დათქმული სპეციფიკური პირობაც, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვრამდე, რაც თავის მხრივ აღემატებოდა საქონლის მიწოდების ვადას (2017 წლის 13 დეკემბერი) და ემსახურებოდა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დამატებითი ვადით უზრუნველყოფის შესაძლებლობას (სწორედ ამიტომაც, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში (შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №19 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ... ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.“)
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებითი პირობები, ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების არარსებობისას, ეს არ უნდა გულისხმობდეს იმ ბალანსისა და მიზნის დაუცველობას, რასაც 405-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ორმხრივი ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით. ამგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლება დამატებით, სკ-ის 405-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა)“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. სკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვადის დაწესებისა და გამოყენების მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. სამოქალაქო კოდექსის ერთგვარი თავისებურებაა ის, რომ მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. სწორედ ამიტომ კრედიტორი ერთგვარად შებოჭილია დამატებითი ვადის გამოყენების ვალდებულებით. გამონაკლისი შემთხვევებისას, როცა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რეგულირების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს, შესაბამისი მიზნის მიღწევა კრედიტორის სპეციფიკური ინტერესის (405.2 „ბ)“) გამო დღის წესრიგში აღარც დგება.
შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია, მიმწოდებელს ნასყიდობის საგანი (სრულად) უნდა მიეწოდებინა შეთანხმებულ ვადაში, თუმცა შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა 9.5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას (რაც შედეგად ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით აღჭურავდა შემსყიდველს). სხვა შემთხვევაში, დამატებით ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს სპეციფიკური ინტერესი არ ჰქონია მკაცრად განსაზღვრული ვადისა, მყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო; მყიდველის მიერ საქონლის მიღებაზე უარის გაცხადებამ კი გამოიწვია გამყიდველისათვის ზიანის მიყენება.
შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შემსყიდველმის მიერ საქონლის მიღებაზე უარის თქმამ გამყიდველს მიაყენა ზიანი 46 893,00 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს მიმწოდებლის მიერ გაწეულ ხარჯს როგორც საქონლის შესაქმნელად, ასევე იმ მოგებას, რაც მას უნდა მიეღო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან საქონლის მიწოდების ანაზღაურებით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ზიანის ოდენობა.
ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებისმიერ სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი, რასაც მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი (იხ, სუსგ, საქმე №ას-167-163-2016, 01 ივლისი, 2016 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია (იხ, სუსგ, საქმე №ას-167-163-2016, 01 ივლისი, 2016 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 408-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყოანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.
სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, „მიუღებელი შემოსავალი“ არის სარგებელი, ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული და დაზარალებულს ობიექტურადაც უნდა მიეღო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
ზიანის მოთხოვილი ოდენობა, გარდა გამყიდველის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯისა მისაწოდებელი საქონლის შესაქმნელად, ასევე მოიცავდა იმ მიუღებელ შემოსავალს, რომლის მიღებაც პროგნოზირებადი იყო მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა მყიდველის მიერ საქონლის მიუღებლობამ გამოიწვია ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შედეგად მისაღები სარგებელის „აცდენა“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბ--ნ“-ის მიერ მოთხოვილი ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას სკ-ის 394-ე მუხლის მეორე ნაწილის, 408-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად 46 983,00 ლარის ოდენობით.
6.2. შს-------------–-------–-–-ა შეგებებული სარჩელით ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის (ვადის გადაცილებისათვის) პირგასამტეხლოს მიმწოდებლისათვის დაკისრებას, 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2014 წლის 29 დეკემბრამდე (იხ, 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17: 21:13 - 17:23:27), 3 108,00 ლარის ოდენობით, რასაც შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენელი ცნობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. ამდენად არსებობს ყველა პირობა პირგასმტეხლოს მიმწოდებლისათვის დაკისრებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებ-- საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებ-- გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ--ნ“-ის წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო შსს სა---------–-------–-–-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში (3 108,00 ლარი) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
შპს „ბ--ნ“-ის სარჩელთან დაკავშირებით, შპს სა---------–-------–-–-------------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 1406,79 ლარისა და შპს „ბ--ნ“-ის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 500,00 ლარის ოდენობით, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად (შპს „ბ--ნ“-ს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 22 იანვარს გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება (ადვიკატი ირ---–------------ე) და ირ---–------------ის სასარგებლოდ 2018 წლის 23 იანვარს შპს „ბ--ნ“ის მიერ 1500,00 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №1516692421, ს.ფ. 40-45).
შსს სა---------–-------–-–-------------------ის სარჩელთან დაკავშირებით, ვინაიდან შპს „ბ--ნ“-მა სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 46,62 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ბ--ნ“-ის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “ბ--ნ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე შსს სა---------–-------–-–-------------------ს მოსარჩელე შპს “ბ--ნ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 46 893,00 ლარის გადახდა.
2. შსს სა---------–-------–-–-------------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2.1. მოპასუხე შპს „ბ--ნ“-ს მოსარჩელე შსს სა---------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 3 108,00 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს სა---------–-------–-–-------------------ს მოსარჩელე შპს „ბ--ნ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 500,00 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე შპს ს----------–------–-–-------------------- მოსარჩელე შპს „ბ--ნ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1406,79 ლარის ანაზღაურება.
5. შპს „ბ--ნ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 46,62 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე