გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002650918
საქმე №2/665-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.02.2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე: მე--------------–---–ი
მოპასუხე: მა---------–-–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა---------–-–---–ს მოსარჩელე მე--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 100 (ოთხი ათას ასი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 31 ივლისს მა---------–-–---–სა და სს ,,ლ-------- ბანკს “ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მან კრედიტორისაგან მიიღო თანხა 3 500 ლარი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N14-----------------. მა---------–-–---–მა ბოროტად ისარგებლა ნდობით და სესხის აღების შემდგომ უარი განაცხადა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა გამოეტანა სესხი ,, საქართველოს ბანკიდან “ და სრულად შეესრულებინა ვალდებულება სს ,, ლ-------- ბანკის “ წინაშე. ჯამში მის მიერ გადახდილი იქნა 4100 ლარი. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა მკურნალობისათვის, ხოლო მოპასუხე არ უბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მა---------–-–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ნაწილში და განაცხადა რომ მას გადახდილი აქვს სს ,, ლ-------- ბანკისათვის “ სესხის ნაწილი 1661 ლარის 62 თეთრი. 3 525 ლარი აქვს გადახდილი მოსარჩელეს მისი ვალის დასაფარავად და რატომ ამტკიცებს მოსარჩელე, რომ ვითომ 4100 ლარი შეიტანა ბანკში გაუგებარია.
სს ,, ლ-------- ბანკის “ წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის ჩვენება და განმარტა, რომ მე--------------–---–მა, რომელიც იყო მა---------–-–---–ის თავდები, ვალის დასაფარავად სს ლ-------- ბანკში შეიტანა მხოლოდ 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი, რაც საკმარისი იყო ვალდებულების შესასრულებლად. სს ,, ლ-------- ბანკის “ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, საიდანაც დასტურდება მოსარჩელის მიერ 3 525 ლარის შეტანა და ვალის სრულად დახურვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 31 ივლისს მა---------–-–---–სა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მან კრედიტორისაგან მიიღო თანხა 3 500 ლარი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მე--------------–---–ს და სს ,, ლ-------- ბანკს “ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N14-----------------. თავდების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრება 3 605 (სამი ათას ექვსას ხუთი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- თავდებობის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. მა---------–-–---–ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა და აღარ შეუსრულებია ვალდებულება. შესაბამისად, მისი სოლიდარული თავდების მე--------------–---–ის ასაკის პენსიიდან იფარებოდა მა---------–-–---–ის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– თავდებობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. მოსარჩელე მე--------------–---–მა, როგორც თავდებმა საბანკო ვალის დასაფარავად სს ლიბერტი ბანკში შეიტანა 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი და ეს საკმარისი იყო ვალდებულების სრულად დასაფარავად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
-ბანკის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 891-ე, 892-ე, 899-ე, 905-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამრიგად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
ამავე კოდექსის 905-ე მუხლის მიხედვით: თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ, როგორც თავდებმა დაფარა ძირითადი მოვალის ფულადი ვალი და შესაბამისად მასზე გადავიდა ბანკის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ დაფარული თანხის ოდენობის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოსარჩლის მიერ არ იქნა წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან მოპასუხის ვალის დასაფარავად გადაიხადა 4100 ლარი. პირიქით, მოპასუხე მხარემ უტყუარად დაამტკიცა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი და ეს თანხა მოპასუხემ ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ნაწილში და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ეს თანხა სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი 575 (ხუთას სამოც და თხუთმეტი) ლარის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე მე--------------–---–მა, როგორც თავდებმა საბანკო ვალის დასაფარავად სს ლ-------- ბანკში შეიტანა 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი და არა 4100 ლარი, როგორც ეს სარჩელშია მითითებული. ამრიგად, ამ დარჩენილი 575 ლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 123 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 3 525 ლარი, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 105 ლარი. დარჩენილი ბაჟის თანხა 18 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.მოპასუხე მა---------–-–---–ს მოსარჩელე მე--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის გადახდა.
3. დარჩენილი მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
4. მოსარჩელე მე--------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი, კერძოდ 105 (ას ხუთი) ლარი.
- საგადასახადო დავალება № , თარიღი: 27.02.2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლ-------- ბანკი “, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300523150, გადასახადის გადამხდელის დასახელება : მე--------------–---–ი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე