გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
340210018002745488
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002745488

საქმე #2/1006-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

20.03.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“

წარმომადგენელი - ნო------------–---–ი

მოპასუხე - პა--------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

პა--------–----ეს დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 116 ლარი, პირგასამტეხლო - 864 ლარი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 27 ივლისს მოპასუხესთან გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს 44 დღის ვადით 500 ლარი გადასცა. სესხზე სარგებელი 116 ლარით განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოპასუხე ვადაში არ დააბრუნებდა სესხს და სარგებელს არ გადაიხდიდა, მას ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით დაეკისრებოდა. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და გაფრთხილების მიუხედავად თანხა არ დააბრუნა. მოპასუხის დავალიანებამ 1500 ლარი შეადგინა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - ძირითადი თანხის (500 ლარი) ნაწილში ცნო, ხოლო სარგებლის და პირგასამტეხლო დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა. პირგასამტეხლოს ნაწილში მიუთითა, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შპს ,,ემ------------სა“ და პა--------–----ეს შორის 2016 წლის 27 ივლისს №4----4 სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც პა--------–----ემ 44 დღის ვადით და 116 ლარის ოდენობით სარგებლის გადახდის პირობით 500 ლარი ისესხა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%.

3.1.2. მოსარჩელემ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასცა 500 ლარი.

3.1.3. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და სესხად გადაცემული თანხა 500 ლარი და შეთანხმებული სარგებელი 116 ლარი მოსარჩელეს არ გადაუხადა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ონლაინ განაცხადი (ს.ფ. 33);

- ონლაინ სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 34).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა 2016 წლის 27 ივლისს ონლაინ სესხის ხელშეკრულება დადეს, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 44 დღის ვადით და 116 ლარის სარგებლის გადახდის პირობით. თანხის დაბრუნება 2016 წლის 10 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულებით მხარეებმა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც გაითვალისწინეს.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, ფულის სესხი ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად განიხილება. გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას.

საქმეში წარმოდგენილია საგადახდო დავალება და ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით, მოპასუხეს სესხის სახით 500 ლარი გადაეცა. სესხი სარგებლიანი იყო და მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინა დარიცხული სარგებელი 116 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 44 დღით განისაზღვრა და თანხის დაბრუნება 2016 წლის 10 სექტემბერს უნდა მომხდარიყო. თუმცა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც თანხა დააბრუნა და არც შეთანხმებული სარგებელი გადაიხადა.

შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა, რაც გულისხმობდა გადაცემული თანხის და დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულებას. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 500 ლარის და სარგებლის 116 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით. ვინაიდან სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდევინება მოითხოვოს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან და დარღვევის გამომწვევი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებასაც წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა (მოპასუხის განამრტებით) სამსახურიდან გათავისუფლებამ და შემოსავლის გარეშე დარჩენამ გამოიწვია. ამავდროულად მოსარჩელის ინტერესი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა. ამასთან, გადასახდელი თანხის ოდენობა 616 ლარს შეადგენს და ამიტომ, ამ ოდენობით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით 864 ლარის დაკისრება, რაც თავად შესასრულებელ ვალდებულებას აღემატება, სცილდება უფლების მართლზომიერად სარგებლობის პრინციპს და იგი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ უნდა ჩაითვალოს. გამომდინარე აქედან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს, იგი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა 20 ლარით უნდა განისაზღვროს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ამავე კოდექსის 2571 მუხლის თანახმად, იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. ხოლო 365 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 1500 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება და იგი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე შედის.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზეა დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხის ოდენობით განისაზღვრება.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი 1500 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის 42 ლარი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 636 ლარის გადახდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებულმა ნაწილმა დავის საგანთან მიმართებით 42.4% შეადგინა. მოპასუხემ სარჩელი ცნო 500 ლარის ნაწილში, რაც დავის საგნის 33%-ს შეადგენს.

გამომდინარე აქედან:

· მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაეკისროს 4.7 ლარის ანაზღაურება.

· მასვე, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯიდან 42.4%-ის ანაზღაურება, რაც 19.08 ლარს შეადგენს.

· მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 16.5 ლარი.

· მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 33.5 ლარი ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სარჩელი მოპასუხე პა--------–----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე პა--------–----ეს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 636 ლარის გადახდა, საიდანაც 500 ლარი არის ძირი თანხა, 116 ლარი არის სარგებელი, ხოლო 20 ლარი პირგასამტეხლო.

3. მიპასუხე პა--------–----ეს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟიდან 4.7 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 19.08 ლარის ანაზღაურება.

4. მოსარჩელე შპს ,,ემ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 16.5 ლარი (საგადახდო დავალება 1--------; რეფერენსი 2---------; გადამხდელი ბანკი სს ,,თიბისი ბანკი“; გადამხდელი შპს ,,ემ------------ი“; გადახდილი თანხა 50 ლარი).

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე