გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6352-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ზ----- გ------–-–---–ი
წარმომადგენელი - ვ-–-------- ტ--------
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ს--–---- მ--------–-
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სსიპ სპეციალურ პენიტენციური სამსახურს დაეკისროს ზ----- გ------–-–---–ის სასარგებლოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის 16 934 (თექვსმეტი ათას ცხრაასოცდათოთხმეტი) ლარისა და მორალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზ----- გ------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის №M------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, მოითხოვა, დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ----- გ------–-–---–ს წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩაეთვლება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ არგუმენტაციაზე მითითებით: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის №M------------- წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან არ წარმოშობს ან არ წყვეტს ზ----- გ------–-–---–ისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. შესაბამისად, სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მიჩნეული იქნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და ბათილად იქნება ცნობილი, იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ასევე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას - წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩაეთვალოს სწავლისა და განსაკურებულ პირობებში მუშაობის პერიოდი, რადგან აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. სამინისტროს უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება, განსაზღვროს პირთათვის სტაჟში სწავლის ჩათვლის საკითხი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№3/5----17 საქმეზე) ზ----- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის №M------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ----- გ------–-–---–ისთვის სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით ნამსახურობის ანგარიშის შედგენის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, მოსარჩელე ზ----- გ------–-–---–ის მოთხოვნა ეფუძნებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უარი იყო თუ არა კანონშესაბამისი. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ზ----- გ------–-–---–მა არაერთხელ განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება იმგვარად, რომ სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლოდა კომპენსაციის მისაღებად. სადავო გადაწყვეტილებით ზ----- გ------–-–---–ს უარი ეთქვა შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს, კომპენსაციის გაანგარიშება ხდებოდა საპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე, ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას ჰქონდა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ხოლო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი და აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში.
გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ: „საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება, ჩაითვალოს პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, ხოლო განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით“. საქმეში წარდგენილი მასალებისა საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტი - მოსარჩელე ზ----- გ------–-–---–ი სპეციალური წოდებით მსახურობდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემადგენლობაში, მათ შორის 1992-2004 წლებში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კალენდარული წლების ანგარიშის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის, 2013 წლის 16 იანვარს, ზ----- გ------–-–---–ის სპეციალური წოდებით მუშაობის წელთა ნამსახური შეადგენდა შეღავათიანი გაანგარიშების გარეშე 19 წელსა და 19 დღეს. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ შეღავათიანი გაანგარიშება ემატებოდა წელთა ნამსახურობას მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ, რის გამოც ზ----- გ------–-–---–ი არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული კანონით დადგენილ მოწესრიგებას. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე ზ----- გ------–-–---–ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი შეღავათიანი გაანგარიშებისა და სწავლის პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, აღემატება 20 კალენდარულ წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/5----17 საქმეზე (ს.ფ.13-24);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაგებელი №3/5----17 საქმეზე (ს.ფ.87-91).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება (№3/5----17 საქმეზე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო საჩივარში სამინისტრო მიუთითებდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე და ვინაიდან ზ----- გ------–-–---–ს წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 კალენდარულ წელს, დეპარტამენტი, შემდგომ სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა მასზე ნამსახურობის გაანგარიშება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სწავლა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურებაში შეიძლება, ჩაითვალოს კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით და არა წელთა ნამსახურების გაანაგრიშების მიზნით. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირმა, რომელმაც ისწავლა 5 წელი უმაღლეს სასწავლებელში, შემდგომ იმსახურა განსაკუთრებულ პირობებში რამოდენიმე წელი, ასეთ პირს საერთოდ არ სჭირდება ნამსახურობის 20 კალენდარული წელი და ამისთვის სულ მცირე 15 წელიც კი საკმარისი იქნება კომპენსაციის მისაღებად. ამ მსჯელობით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი და მოთხოვნა ნამსახურობის 20 კალენდარულ წელზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით (№3ბ/2----17 საქმეზე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე ემყარება აღნიშნული მუხლის მცდარ განმარტებას და არ გამომდინარეობს ნორმის ნამდვილი შინაარსიდან. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება, ამასთან, ორივე ზემოაღნიშნული ნორმა ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას.
განჩინების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, ასევე, პრინციპულად მიიჩნია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოუყენებლობის პირობებშიც კი არ რჩება შეფასების თავისუფლების ზღვარი, რამდენადაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტი განსაზღვრავს: სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და ჩათვალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული დადგენილების მიზანს წარმოადგენდა თანამშრომელთა დაინტერესება, მათი მოზიდვა და სისტემაში დასაქმება, რა მოტივითაც, რიგ შეღავათებთან ერთად, დაწესდა თანამშრომლებისათვის ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწადნახევრის ანგარიშით ჩათვლის სავალდებულობა. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპოვებული აქვს აღნიშნული უფლება, რაც იძლევა დადგენილების მოქმედების პერიოდში მისი ნამსახურობის წლების წელიწადნახევარზე გათვლით დაანგარიშების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 93-100);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება №3ბ/2----17 საქმეზე (ს.ფ. 25-40).
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება (№3ბ/2----17) საქმეზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ეყრდნობა შემდეგ არგუმენტაციას: „მოცემული კატეგორიის საქმეებზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არსებითად გადაწყდება დავა, იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მოცემული კატეგორიის საქმეებზე. სასამართლომ არ უნდა დაუშვას პრეცედენტები, რომ ნამსახურობის კალენდარული წელი და ნამსახურობის საერთო წელი გაიგივებულ იქნეს ერთმანეთთან ქვემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულებელყოფილ იქნა სპეციალური კანონი, რომელმაც დაარეგულირა სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ პირზე კომპენსაციის დანიშვნა, კერძოდ საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა კანონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის N3ბ/2----17 განჩინება არის უსაფუძვლო, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით (№ბს-469-469(კ-18) საქმეზე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება.
განჩინების თანახმად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა. კასატორმა საკასაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და დასკვნები. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განჩინების მიხედვით, საქმის მასალების შესაბამისად, ზ----- გ------–-–---–ი მსახურობდა სპეციალური წოდებით, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურიდან წარმოდგენილი კალენდარული წლების ანგარიშის მიხედვით დასტურდება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის (2013 წლის 16 იანვარი) ზ----- გ------–-–---–ის სპეციალური წოდებით მუშაობის წელთა ნამსახურობა, შეღავათიანი გაანგარიშების გარეშე, შეადგენდა 19 წელსა და 19 დღეს. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება, ამასთან ორივე ზემოაღნიშნული ნორმა ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას. შესაბამისად, არამართებულია კასატორის განმარტება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლთან მიმართებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი (ს.ფ.101-108);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით №ბს-469-469(კ-18) საქმეზე (ს.ფ. 41-44).
3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №04/2---- წერილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მთლიანად შეიცვლება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო ნამსახურობის წლების გაანგარიშების პრინციპები, ასევე სახელმწიფო გასაცემელზე უფლების განმსაზღვრელი პირობებიც. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი ავტომატურად გავრცელდება როგორც სასჯელაღსრულების სისტემის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (სასაზღვრო პოლიცია), სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის მოსამსახურეებზე და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახუიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მოსარგებლე სხვა კატეგორიაზეც.
წერილის მიხედვით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში შემთხვევით არ არის აქცენტი გაკეთებული სიტყვა „კალენდარულზე“, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტში - „საერთო წელთა ნამსახურობაზე“. მართალია მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ორივე ეს ნორმა ემსახურება ერთ საერთო მიზანს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, მაგრამ თავისი შინაარსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ეს ნორმები განსხვავებულია ერთმანეთისაგან. უფრო მეტიც, კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში საერთოდ არ არის საუბარი ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ სტაჟზე და მის შევსებაზე. მართალია, მითითებული ნორმები ცალსახად არეგულირებენ პირის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების პირობებს, თუმცა სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით უნდა ჩაითვალოს საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების და არა სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის. ამ შემთხვევაში, კანონის ნორმა (მ.8. პ.5) აქცენტს აკეთებს კალენდარული ნამსახურობის პერიოდის გამოთვლაზე და იმპერატიულად განსაზღვრავს კომპენსაციაზე უფლების მოპოვების პირობას, შესაბამისად, იგი მიუთითებს 20-წლიანი კალენდარული ნამსახურობის არსებობის აუცილებლობაზე საერთო წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მიზნებისათვის.
წერილის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ნამსახურობაში გარკვეული პერიოდების ჩათვლის საკითხებს აწესრიგებს მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი. უამრავია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს (სხვადასხვა ძალოვანი უწყების ყოფილ სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირებს) გააჩნიათ რამდენიმე სასწავლებლის დიპლომი, შესაბამისად, თუ სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელი წარმოადგენს 2 დიპლომს (სწავლის 10 ან 8 წელი), ამასთან, გავლილი ექნება სავალდებულო სამხედრო სამსახური (2 ან 1,5 წელი - ე.წ. ჯარი) და სიტყვა „კალენდარულს“ არ მივაქცევთ ყურადღებას, მისთვის კომპენსაციაზე უფლების მოსაპოვებლად საკმარისი იქნება სამხედრო სამსახურში, მხოლოდ 8 ან 10 კალენდარული წლის ნამსახურობა. მითუმეტეს, თუ მას ექნება წელთა ნამსახურობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონებში, რა პერიოდშიც, ერთი წლის ნამსახურობა სამხედრო მოსამსახურეებს ეთვლებათ სამ წლად, შესაძლებელია კომპენსაციაზე უფლება მოიპოვოს პირმა, რომელსაც სამხედრო სამსახურში ექნება, მხოლოდ 5 წლიანი კალენდარული ნამსახურობა (მათ შორის იქნება 2 ან 1,5 წელი ე.წ. ჯარი), დანარჩენ ნამსახურობის წლებს იგი შეივსებს სწავლის ან განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით და დაინიშნავს სახელმწიფო კომპენსაციას. ამდენად, თუ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მე-6 პუნქტი, 20-წლიან კალენდარულ ნამსახურობაში ითვალისწინებს სწავლისა და შეღავათიანი პერიოდების ჩათვლას, გაუგებარია რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სიტყვა „კალენდარულს.“ სხვა შემთხვევაში, კანონმდებელი, ამ ტერმინს გამოიყენებდა კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტშიც. კანონის ამ ჩანაწერის ასეთი უგულებელყოფის პირობებში და მსგავსი პრაქტიკის ჩამოყალიბების შემთხვევაში, წარმოიშობა გაუთვალისწინებელ შედეგები, ვინაიდან, ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობა, მოითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ხოლო ამ პირთა, როგორც რაოდენობის, ასევე მათი კომპენსაციისათვის საჭირო თანხების პროგნოზირება იქნება შეუძლებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №04/2---- წერილი (ს.ფ.84-85).
3.5. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 27 სექტემბრის №1-- ცნობის თანახმად, ზ----- გ------–-–---–მა ამბულატორიაში მიმართა 2015 წლის 14 მაისს. მის დიაგნოზად განისაზღვრა E13 შაქრიანი დიაბეტი II ტიპი, E05 ჰიპერთირეოზი (თირეოტოქსიკოზი), 111 ჰიპერტენზიური დაავადება გულის დაზიანების უპირატესობით. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებად განესაზღვრა შემდეგი: პაციენტი საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას, კვებითი რეჟიმის დაცვას. ცხოვრების რეჟიმის შეცვლას, მოერიდოს სტრესს, რომელიც ცუდად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 27 სექტემბრის №1-- ცნობა (ს.ფ.45).
3.6. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 28 სექტემბრის №4--- ცნობის თანახმად, ზ----- გ------–-–---–მა ექიმს მიმართა 2018 წლის 28 სექტემბერს. ზ----- გ------–-–---–ს დიაგნოზად განესაზღვრა შაქრიანი დიაბეტი I ტიპი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, პირველადი ჰიპოთირეოზი. ავადმყოფობის მიმდინარეობა არის ქრონიკული. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციად განესაზღვრა - ზ----- გ------–-–---–ს ესაჭიროება დანიშნული მედიკამენტოზით მუდმივი მკურნალობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 28 სექტემბრის №4--- ცნობა (ს.ფ.46).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველი ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ამ კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ზ----- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 16 934 (თექვსმეტი თას ცხრაასოცდათოთხმეტი) ლარისა და მორალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება.
მოპასუხის განმარტებით, ზ----- გ------–-–---–ის სარჩელის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდზე არის ხანდაზმული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე.
6.2. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რადგან თუკი დადგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის მითითება ხანდაზმულობაზე გამორიცხავს თუნდაც კანონიერი მოთხოვნის განხორციელებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართული ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი). ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/1/531, ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია: „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სწორედ ხანდაზმულობის ინსტიტუტის მოქმედება სამოქალაქო სამართალში, ვინაიდან შეუძლებელია, მოვალე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად იყოს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის წარდგენის მოლოდინში. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არარსებობა გამოიწვევდა კრედიტორების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და შედეგად - სამართლებრივად არასტაბილურ, განსაზღვრულობას მოკლებულ სამოქალაქო ბრუნვას.
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ.
ზ----- გ------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის №M------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, მოითხოვა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ----- გ------–-–---–ს წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩაეთვლება სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№3/5----17 საქმეზე) ზ----- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით (№3ბ/2----17 საქმეზე), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით (№ბს-469-469(კ-18) საქმეზე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ზ----- გ------–-–---–მა არაერთხელ, მათ შორის, 2017 წლის 5 ივლისს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება იმგვარად, რომ სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლოდა კომპენსაციის მისაღებად (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/5----17 საქმეზე (ს.ფ.13-24)), ამასთან, მოსარჩელემ, ასევე, სასარჩელო წესით მოითხოვა მისი უფლებების დაცვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებულ პერიოდში ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება, ჩაითვალოს შეწყვეტილად. შეწყვეტის საერთო ხანგრძლივობის დადგენა სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია, რადგან შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელებულიყო მაქსიმუმ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გამოტანის მომენტამდე. ამ დროისათვის მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ დადებითად გადაწყდა მის მიერ სადავოდ ქცეული აქტების ბათილად ცნობის საკითხი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გამოტანის თარიღი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის მომენტად. წინამდებარე სარჩელი კი აღძრულია 2018 წლის 10 ოქტომბერს. ამრიგად, დაუსაბუთებელია მოპასუხის არგუმენტაცია სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
6.3. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით, კანონშეუსაბამო მიზეზით, წელთა ნამსახურებაში სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლაზე უარის თქმაზე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულმა გამოიწვია ზ----- გ------–-–---–ისათვის ტანჯვა-წამების განცდა, მძიმე ემოციურმა მდგომარეობამ კი გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება, რითაც მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციით 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში - 2 წელი და 8 თვე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების (№3/5----17 საქმეზე) კანონიერ ძალაში შესვლამდე, ზ----- გ------–-–---–ი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განუვითრდა შაქრის დაავადება.
უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესები რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც, ასევე, აწესრიგებს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესსა და პირობებს. პირის უკანონო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან დასაცავად კანონმდებლობით შემოღებულია ადმინისტრაციული საჩივრისა თუ სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და მომზადების წესების ან კანონის მოთხოვნათა დარღვევისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია მოსარჩელის მიერ და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამრიგად, მოსარჩელეს, დღეის მდგომარეობით, საერთო ნამსახურების ვადაში ჩათვლილი აქვს სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდი და მისი განმარტებით, იღებს სახელმწიფო კომპენსაციას.
რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, მართალია, მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ უკანონო აქტების მოქმედების ფარგლებში, მათ გაუქმებამდე, იწვევდა მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას, თუმცა, ეს იმთავითვე არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არამედ _ მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბრალეულ მოქმედებას (უმოქმედობას).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტება გააკეთა, რომ საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, ხოლო განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არგუმენტაცია, რომ შეღავათიანი გაანგარიშება ემატებოდა წელთა ნამსახურობას მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის №M------------- გადაწყვეტილების გამოცემისას ემყარებოდა იმ დროისათვის არსებულ, დადგენილ პრაქტიკას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელი დარჩა როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით), რაც თავის მხრივ, წინასწარ ცნობილი ვერ იქნებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის. პირიქით, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოების განზოგადებული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №04/2---- წერილის შინაარსიც, ზ----- გ------–-–---–ის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებით ადმინისტრაციული ორგანო დაარღვევდა კონსტიტუციით გარანტირებულ საყოველთაო თანასწორობის პრინციპს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აკრძალვას.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანომ წინასწარი განზრახვით, უკანონოდ უარი უთხრა მას წელთა ნამსახურებაში სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა _ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბრალეული ქმედების განხორციელების ფაქტი.
სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრება არის ერთ-ერთი საფუძველი მოსარჩელისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მოპასუხეებს მინიჭებული ჰქონდათ კანონით და ამ უფლებით სარგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ იქნება მიჩნეული, მით უმეტეს _ იმ პირობებში, როდესაც საკითხი ეხებოდა სამართლის ნორმის ახლებურ განმარტებას, რომელიც განსხვავდებოდა ადმინისტრაციული ორგანოების დადგენილი პრაქტიკისგან და არსებობდა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენის საჯარო ინტერესი.
6.4. მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნამსახურების წლების განსაზღვრისას სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის გაუთვალისწინებლობა და შემდეგ სასარჩელო წესით აღნიშნული საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებით განიცადა ტანჯვა-წამება, დაუზიანდა ჯანმრთელობა და ამით მიადგა მორალური ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. საქმეში წარმოდგენილია „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 27 სექტემბრის №1-- ცნობა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ზ----- გ------–-–---–მა ამბულატორიაში მიმართა 2015 წლის 14 მაისს. მის დიაგნოზად განისაზღვრა E13 შაქრიანი დიაბეტი II ტიპი, E05 ჰიპერთირეოზი (თირეოტოქსიკოზი), 111 ჰიპერტენზიური დაავადება გულის დაზიანების უპირატესობით.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 28 სექტემბრის №4--- ცნობის თანახმად, ზ----- გ------–-–---–მა ექიმს მიმართა 2018 წლის 28 სექტემბერს. ზ----- გ------–-–---–ს დიაგნოზად განესაზღვრა შაქრიანი დიაბეტი I ტიპი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, პირველადი ჰიპოთირეოზი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა და ზ----- გ------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, რადგან განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროის მონაკვეთში ნერვიულობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დგინდება, ამდენად სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფიდლეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 808.2 (რვაასრვა ლარი და 20 თეთრი) ლარის ოდენობით, რაც ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ----- გ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ხაჟომია