გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
190210019002806702
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-62-19

(საქმე N190210019002806702)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: გ--- კ--–-------

წარმომადგენელი: მ------ ი-----–---–-

მოპასუხე: შპს "ჯ--------–ი"

წარმომადგენელი: დ-------- ხ-------

დავის საგანი: სახელფასო და საშვებულებო დავალიანების ანაზღაურება , კომპენსაციის გაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ--------–ს" მოსარჩელე გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის ოქტომბის თვის საშვებულებო თანხის ანაზღაურება 1.999.8 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ მოსარჩელე გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 დეკემბერს აღებული ნოემბრის თვის ხელფასის, ანუ მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სრულად ანაზღაურება, 1487,50 ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ მოსარჩელე გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის დეკემბრის თვის 18 რიცხვამდე ხელფასის გადახდა 389.9ლარის ოდენობით ( თანხა ამ მოთხოვნის მიმართ დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე).

1.4. მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ მოსარჩელე გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული, დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევისათვის დადგენილი, არანაკლებ 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის მოპასუხეზე გაცემა.

 

მოსარჩელე გ--- კ--–-------სა და კომპანია შპს „ჯ--------–ს“ შორის 2015 წლის 22 მაისს დადებული იქნა შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 12 თვის ვადით მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის შრომის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მმართველად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა პერიოდულად, ხოლო 2018 წლის 17 დეკემბერს კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ჯ--------–ი“-ს წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მხარეთა შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულება და მათ შორის ურთიერთობა არ უნდა მოწესრიდგეს შრომის კანონმდებლობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--- კ--–-------სა და კომპანია შპს „ჯ--------–ს“ (გენერალური დირექტორი ბ-ნ ბ. საჯივი) შორის 2015 წლის 22 მაისს დადებული იქნა მომსახურების ხელშეკრულება, LT363, რომლის თანახმადაც 12 თვის ვადით მოსარჩელე გ--- კ--–------- დაინიშნა კომპანიის შრომის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მმართველად.

 

მტკიცებულება: მომსახურების ხელშეკრულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე გ--- კ--–------ის ძირითადი მოვალეობები იყო: გზშ-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების დაკმაყოფილება; შრომის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის არსებულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, იმის უზრუნველყოფა, რომ კომპანია შესაბამისობაშია შრომის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებთან; გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ყველა სახის გარე თუ შიდა ინსპექტირებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაციის გაწევა; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან დაგეგმილი ჰესების მოწყობისათვის შესატყვისი კანონის პირობებისა და პროცედურების გათვალისწინებით საჭირო კავშირის დამყარება, ასევე საქართველოს შრომის დაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური ურთიერთობის სამინისტროსთან საჭირო კავშირის დამყარება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კანონის პირობებისა და პროცედურების დაცვის მიზნით.

 

მტკიცებულება: მომსახურების ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2016 წლის 22 მაისს მომსახურების ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2017 წლის 22 მაისამდე.

 

მტკიცებულება: ცვლილება გ--- კ--–-------სა და შპს „ჯ--------–ს“ შორის 2015 წლის 22 მაისს გაფორმებულ კონტრაქტში.

 

3.1.4. ვადაგაგრძელებულ ხელშეკრულებას 2017 წლის 22 მარტს გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2017 წლის 22 აგვისტომდე.

 

მტკიცებულება: ცვლილება გ--- კ--–-------სა და შპს „ჯ--------–ს“ შორის 2015 წლის 22 მაისს გაფორმებულ კონტრაქტში.

 

3.1.5. 2017 წლის 23 აგვისტოს დადებულ იქნა იგივე (მოქმედების ვადის გაგრძელების) შინაარსის ხელშეკრულება N405 და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდა 2019 წლის 23 აგვისტომდე.

 

მტკიცებულება: მომსახურების ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის ოქტომბერში მოსარჩელე გ--- კ--–------- გავიდა შვებულებაში, რის შესახებაც შეატყობინა კომპანიას, რაზეც მათ უარყოფითი პოზიცია არ ქონიათ. პირიქით, მოსარჩელემ მიიღო გზავნილი შემდეგი ტექსტით - შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ განვაახლოთ სკოპინგის ანგარიშზე მუშაობაო.

 

მტკიცებულება: ელექტრონული მიმოწერა.

 

3.2.2. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელე გავიდა შვებულებაში და გარკვეული თანხაც ჩაურიცხეს მას. პრობლემა მდგომარეობს ჩარიცხული თანხის ოდენობაში. ამ თანხას მოსარჩელე მიიჩნევს საშვებულებო თანხად, ვინაიდან შვებულებამდე გასვლამდე მან ამ ფაქტის შესახებ აცნობა კომპანიას. ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიამ ჩარიცხა 1866.67 ლარი.

 

მტკიცებულება: ნოემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვა; წერილი კომპანიისადმი; დამსაქმებლის 2018 წლის 15 დეკემბრის წერილი.

 

3.2.3. . 2018 წლის 05 დეკემბერს კომპანიამ ისევ დააკლო მოსარჩელეს ნოემბრის თვის სახელფასო თანხა ნაცვლად 4000 ლარისა ჩარიცხა 2 512,50 ლარი, ანუ კომპანიამ დააკლო 1487,50 ლარი.

 

მტკიცებულება: დეკემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვა.

 

3.2.4. 2018 წლის 15 დეკემბერს დამსაქმებლისგან მოსარჩელემ მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ რადგან ხელშეკრულებას ქვია „მომსახურების“ და არა - „შრომითი“, ამიტომ მოსარჩელე მათთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფება და შესაბამისად ამ ურთიერთობაზე არ ვრცელდება შრომის კანონმდებლობა.

 

მტკიცებულება: დამსაქმებლის 2018 წლის 15 დეკემბრის წერილი.

 

3.2.5. 2018 წლის 17 დეკემბერს კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. მოსარჩელემ მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეტყობინების მისთვის ჩაბარების მომენტიდან მასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად.

 

მტკიცებულება: დამსაქმებლის 2018 წლის 17 დეკემბრის წერილი.

 

3.2.6. 2018 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა კომპანიას და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება, რაზეც მას პასუხი არ მიუღია.

 

მტკიცებულება: წერილობითი მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებაზე.

 

3.2.7. დეკემბრის 15 რიცხვამდე მოსარჩელე გ--- კ--–------- ცხადდებოდა სამსახურში, მაგრამ იანვრის თვეში არანაირი ანაზღაურება კომპანიას მისთვის არ მიუცია.

 

3.2.8. შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელე გ--- კ--–-------მ მიიღო 2017 წლის 17 დეკემბერს. მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველის დასაბუთების მოთხოვნით დამსაქმებელს მიმართა იმავე წლის 20 დეკემბერს. დამსაქმებელმა ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 27 დეკემბრის ჩათვლით, არ უპასუხა მოსარჩელეს. შესაბამისად, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, 27 დეკემბრიდან მოსარჩელეს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომელიც მას აქვს - 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად მოსარჩელის მომართვა სასამართლოსადმი ხორციელდება კანონით დადგენილი ვადების დაცვით.

 

3.2.9. მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებას. შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნებით : შრომა (საქმიანობა ანაზღაურების სანაცვლოდ) , შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში სამუშაოს შესრულება დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის სასარგებლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ, ურთიერთობის წარმოშობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ეს არის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება. შრომითი ურთიერთობა ვერტიკალური ბუნებისაა, დამსაქმებელი წარმოადგენს ძლიერ მხარეს, შრომის ხელშეკრულება მომსახურების ხელშეკრულების ქვეტიპია, იგი სტანდარტული ხელშეკრულების სახეს ატარებს და ეს ნიშნები განასხვავებს მომსახურების ხელშეკრულებისაგან, რომელიც მხარეთა თანასწორობასა და ნების ავტონომიურობის პრინციპს ეფუძნება . მხარეთა ურთიერთობა მომსახურების დროს ჰორიზონტალურია.

ხელშეკრულების ტიპს განსაზღვრავს მისი შინაარსი, მისი არსებითი პირობები და არა სახელწოდება.

 

მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 22 მაისს მომსახურების ხელშეკრულება , რომელიც შემდგომში გრძელდებოდა, მიუხედავად მისი სახელწოდებისა , თავისი შინაარსით არანაირად არ არის მომსახურების ხელშეკრულება, გ--- კ--–------- ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა დასაქმებულს, ხოლო შპს '"ჯ--------–ი" დამსაქმებელს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული იყო გ--- კ--–------ის მოვალეობები, ფუნქციები, თანამდებობა, სამუშაო დრო, სამუშაო ადგილი, ანაზღაურება, ხელშეკრულება გრძელდებოდა ვადის ამოწურვის შემდგომ. ამდენად, გ--- კ--–-------ს, როგორც დასაქმებულს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად ეკუთვნოდა შვებულებაც, ხოლო დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლების დროს (გარკვეული საფუძვლით) კომპენსაციაც.

 

გ--- კ--–------ის შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ფიქსირებული სახით - თვეში 4000 ლარის ოდენობით, იგი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო კვირაში სამჯერ, იგი საშვებულებო პერიოდში 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ოქტომბრამდე არ გამოცხადდა სამსახურში 6-ჯერ, შესაბამისად, მისი საშვებულებო ანაზღაურება შეადგენს 1999.8 ლარს.

 

ხელფასთან მიმართებაში ნამუშევარი თანხა - ხელფასი - ხელშეკრულებით ნაზღაურდებოდა ნამუშევარი დღეების მიხედვით და არ საათობრივად, სადავო პერიოდებში (რაც სარჩელშია მითითებული) , მას ხელფასი აუნაზღაურეს საათობრივად, რაც არ ეფუძნება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დათქმებს.

 

გ--- კ--–------სთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, თუმც ვინაიდან დამსაქმებელი ამ ხელშეკრულებას მიიჩნევს მომსახურების ხელშეკრულებად, შესაბამისად დასაქმებულის მიმართვის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთებასთან დაკავშირებით, დამსაქმებლის მხრიდან არანირი საფუძველზე განმარტება შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმის მითითებით არ მიუღია დასაქმებულს. ვინაიდან დამსაქმებლის მხრიდან დაირღვა დასაქმებულის მიმართ წერილობითი ფორმით გაფრთხილების პროცედურა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია შრომის კოდექსი 38-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

 

ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ურთიერთობა , რაც მათ შორის არსებობდა, თავისი არსით შეესაბამება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას, სამუშაოს შესრულება - ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელემ შეძლო დასაბუთება მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, შვებულებისა და ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სრულად, ხოლო ამ ურთიერთობის შეწყვეტის დროს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გავთვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნა სამი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით უსაფუძვლოა, რადგან მითითებული ნორმა მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, მოსარჩელემ შეძლო დასაბუთება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა, სარჩელი ხელფასის, შვებულების თანხის და კომპენსაციის(ნაწილობრივ) დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ( ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 26-ე მუხლი) მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მაგრამ სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ დასაქმებული ერთგვარად დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ ურთიერთობაშია, ნებაყოფლობით თანხმდება დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ წესებს, შრომის დისციპლინას და შინაგანაწესს. „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.07.2016წ. განჩინება საქმეზე N ას-98-94-2016).

ამ თავისებურების გათვალისწინებით შრომის კოდექსი დამსაქმებლის უფლებების დამცავ მთელ რიგ ნორმებს შეიცავს და ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს. „შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელი ძლიერ მხარედ იმიტომ გამოდის, რომ თავად არის ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამთქმელი და შემთავაზებელი დასაქმებულისათვის, ეს უკანასკნელი კი საკუთარ უფლება-მოვალეობათა წონასწორობას ამგვარ არაკლასიკურ (დაქვემდებარებულ) ურთიერთობაში სწორედ სამართლიანობის პირობებში შეინარჩუნებს“ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინება საქმე №ას-1000-961-2016).

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის დანაწესის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

როგორც სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და არა მომსახურების ხელშეკრულება.

 

სშკ-ის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსთვის მოსარჩელეს შპს "ჯ--------–ი" ანაზღაურების სახით 4000 ლარის ოდენობით ფიქსირებულ თანხას უხდიდა ყოველთვიურად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

 

ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება შესრულებული არ აქვს იმ პერიოდისთვის, როცა მათ შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა.

 

სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. განსახილველ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა რომ, დამსაქმებელმა თავისი ქმედებებით, დაიცვა დასაქმებული პირის უფლებები და ქონებრივი ინტერესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო შესაგებლით და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა, ხოლო მომსახურების საფასური გადახდილი აქვს მოპასუხეს. თუმც დასაბუთება არ იყო სათანადო და დამაჯერებელი, ხელშეკრულება ანაზღაურებას ითვალისწინებს ფიქსირებული თანხით ნამუშევარი დღეების მიხედვით, ამდენად, მოსარჩელის პოზიცია გასაზიარებელია სასამართლოსთვის, როგორც არგუმენტირებული და დასაბუთებული.

 

6.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები. დეკლარაციით აღიარებულია შრომის უფლება და დასვენების უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

დეკლარაციის 24-ე მუხლით აღიარებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა დეკლარაციით შრომის უფლება და დასვენების უფლება აღიარებულია და დაცულია, როგორც ცივილიზებული თანამედროვეობის არსებობისა და ადამიანთა ყოფისათვის უმნიშვნელოვანესი უფლებები.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-2 მუხლის მიხედვით, შრომის სამართლიანი პირობებით უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1. დაადგინონ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული რაოდენობა და უზრუნველყონ სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდუქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები; 2. დააწესონ ანაზღაურებადი სახელმწიფო დღესასწაულები; 3. დაადგინონ არა ნაკლებ ოთხი კვირის ხანგრძლივობის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება; 4. აღმოფხვრან საშიში და არაჰიგიენური სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი საფრთხის აღმოფხვრა ან შემცირება, უზრუნველყონ სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება; 5. დაადგინონ ყოველკვირეული დასვენების დღეეები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებული დასვენების დღეს. 6. დასაქმების დაწყების თარიღიდან არა უგვიანეს ორი თვისა უზრუნველყონ მუშაკთა წერილობითი ფორმით ინფორმირება, კონტრაქტის ან შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტის შესახებ; 7. უზრუნველყონ ის მუშაკები, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ასეთი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით. სოციალური ქარტიის ეს ნორმა საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან. ამდენად, სოციალური ქარტიის ამ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ შრომის უფლების შინაარსში შედის არ მარტო დასაქმების და შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, არამედ დასვენების უფლება, შვებულებით სარგებლობის უფლება, რაც უნაზღაურდება დასაქმებულის ხარჯზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

 

ამავე კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

 

ამ ნორმის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ვადა შეადგენს სულ მცირე 24 სამუშაო დღეს. საქართველოს შრომის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილია დასაქმებულის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო საშიშ და მავნე პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ასევე დამატებითი შვებულებით. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დასაქმებულს აუნაზღაურდება გამოუყენებელი შვებულების თანხა, თუმცა უპირობოდ ყველა დასაქმებულისათვის ამ თანხის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს.

 

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით.

 

გ--- კ--–------- შპს "ჯ--------–"-ში დასაქმებული იყო 2016 წლის 22 მაისიდან, შესაბამისად, მას სარჩელში მითითებულ პერიოდში - 2018 წლის ოქტომბერში ეკუთვნოდა შვებულება, რაც მან გამოიყენა და რის თაობაზეც ინფორმირებული იყო დამსაქმებელიც. მიუხედავად მოპასუხის პოზიციისა, სასამართლომ მხარეთა შორის მიმოწერა ელექტრონული ჩათვალა ზემოაღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, კერძოდ:

დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

გ--- კ--–-------სთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით გაფრთხილებისა და ყოველგვარი დასაბუთების, მართლზომიერი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, შპს „ჯ--------–ს" გ--- კ--–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4000 ლარს).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102.3. მუხლის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება, ხელფასის , შვებულების თანხის და ორი თვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია ხელფასის, საშვებულებო თანხისა და კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 356,31 ლარს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 39-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ--- კ--–------ის სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ--------–ის" მიმართ.

 

2. შპს „ჯ--------–ს" გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის ოქტომბრის თვის საშვებულებო თანხის ანაზღაურება 1999,8 ლარის ოდენობით.

 

3. შპს „ჯ--------–ს" გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურება 1487,50 ლარის ოდენობით.

 

4. შპს „ჯ--------–ს" გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ანაზღაურება 398,9 ლარის ოდენობით.

 

5. შპს „ჯ--------–ს" გ--- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4000 ლარს).

 

6. შპს „ჯ--------–ს" დაეკისროს სახელწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 356,31 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი