გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/104-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე რ----- მ------ა
წარმომადგენლები ზაზა ნაჭყებია
ფრიდონ კენკებაშვილი
მოპასუხე ზ----- მ------ი
წარმომადგენელი კობა ქრუმიძე
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----- მ------ასა და ზ----- მ------ს შორის 2017 წლის 7 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. ზ----- მ------ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 2------------ დაბადებული რაულ მ------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 450 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეები დაქორწინდნენ 2017 წლის 07 აგვისტოს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლს მიეკუთვნა მეუღლის გვარი-მ------ა. 2017 წლის 2------------ ცოლ-ქმარს შეეძინათ შვილი_რაულ მ------ი. შვილის დაბადების შემდეგ, ცოლ-ქმარს შორის დაიძაბა ურთიერთობა. ზ----- მ------მა გული აიცრუა ოჯახზე. გახშირდა კონფლიქტები. სიტუაცია დაამძიმა იმ გარემოებამაც, რომ შვილის დაბადებიდან რამდენიმე ხანში, რ----- მ------ამ მოიტეხა ფეხი. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და მოსარჩელის მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მკურნალობის დასასრულებლად. მოპასუხეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მეუღლის მკურნალობაში. ამჟამად მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. ზ----- მ------ი არ ეხმარება მოსარჩელეს შვილის მოვლასა და აღზრდაში. ამასთან, ის უარს აცხადებს ერთობლივი განცხადებით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი. დაეთანხმა განქორწინების მოთხოვნას და თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად ალიმენტი 80 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ალიმენტის 150 ლარის გადახდაზე.
(შესაგებელი ს.ფ. 04.04.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. რ----- მ------ა და ზ----- მ------ი აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილი რაულ მ------ი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე რ----- მ------ასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 28-4. ტომი 1)
3.1.2. რ----- მ------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. რ----- მ------ას ონკოლოგიური დაავადების გამო 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუკეთდა შპს მაღალი ტექნოლოგიების ცენტირს საინივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარდა ქირირგიული ოპერაცია, მარჯვენა წვივის სიმსივნური უბნის ამოკვეთა. მისი დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლის დისტალური ბოლოს კეთილთვისებიანი სიმსივნე (გიგანტურ უჯრედოვანი სიმსივნე, კისტოზური ფორმა.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (04.04.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- სამედიცინო ცნობის ასლი (ს.ფ. 20. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. რ----- მ------ასა და ზ----- მ------ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2017 წლის 7 აგვისტოს სააქტო ჩანაწერი N0----------. რ----- მ------ას და ზ----- მ------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი რაულ მ------ი.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება რ----- ნურიევას (პირადი N1----------) და ზ----- მ------ს (პირადი N6----------) შორის სააქტო ჩანაწერი N0----------. ქორწინების შედეგად რ----- ნურიევამ მიიღო მეუღლის გვარი „მ------ა“.
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, რაულ მ------ი დაბადებულია 2017 წლის 2------------. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა რ----- მ------ა, მამა – ზ----- მ------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18. ტომი 1).
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17. ტომი 1)
3.1.4. 3.2.2. მოპასუხე ზ----- მ------ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება იგი პერიოდულად სამუშაოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. იგი არ განიცდის სოციალურ გაჭირვებას.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს 150 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს საკმარისი შემოსავალი, საკუთრებაში არა აქვს უძრავი ქონება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზ----- მ------ს დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის წერილში მითითებულია, რომ ზ----- მ------ის საკუთრებად არ არის რეგისტრირებულია უძრავი ქონება.
სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ზ----- მ------ს არაერთხელ აქვს დატოვებული საქართველოს საზღვარი 2010-2019 წლებში სხვადასხვა სახელმიფოს მიმართულებით.
კერძოდ, 2010-2013 წლებში სისტემატიურად მიემგზავრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით. 2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოში დაბრუნდა რუსეთის ფედარაციიდან, რის შემდეგ კვლავ არაერთხელ გაემგზავრა აზერბაიჯანში.
2016 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში იგი ორჯერ ერთი დღით გადავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
2018 წლის 17 აპრილს გაემგზავრა სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო დაბრუნდა 2018 წლის 19 ნოემბერს. 2019 წლის 12 თებერვალს გაემგზავრა აზერბაიჯანში და დაბრუნდა 2019 წლის 21 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 25 თებერვალს გაემგზავრა თურქეთში სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მძიმეა. ამ გარემოების დადასტურებას საფუძვლად ვერ დაედება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017-2018 წლებში მოპასუხის დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. სასაზღვრო პოლიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----- მ------ი 2018 წლის 17 აპრილიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე იმყოფებოდა თურქეთში, მხარეთა განმარტებით მუშაობდა თურქეთში. სწორედ ამით არის გამოწვეული ის გარემოება, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურში მას შემოსავალი არ უფიქსირდება.
ამდენად, სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----- მ------ი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატიურად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მიზანია გარკვეული სამუშაოების შესრულება. საზღვარგარეთ გამგზავრების მიზანი რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება არ არის, მაგალითად მკურნალობა. მოპასუხის არ მიუთითებია, რომ მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოც დასაქმების შესაძლებლობა არა აქვს ან მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, იგი სისტემატიურად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება, რის გამოც შეუძლია შვილის რჩენისათვის საკმარისი თანხის ყოველთვიურად გადახდა. როგორც მხარეთა განმარტებით დასტურდება, ზ----- მ------ს სხვა არასრულწლოვანი შვილი არ ჰყავს, მის კმაყოფაზე ასევე არ არის ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 61. ტომი 1)
- საჯარო რეესტრის ინფორმაცია (ს.ფ. 62. ტომი 1)
- მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 69-72. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (04.04.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 300 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების მოთხოვნა, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- მ------ას და ზ----- მ------ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ მოთხოვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ალიმენტის შესახებ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესობას ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების და ბავშვის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მხარებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც არის 1 წლის 5 თვის ასაკის. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება და ეს ორივე მშობლის ვალდებულებაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. ბავშვი არის მცირეწლოვან ჩვილ ასაკში, რის გამოც მას მუდმივად მეთვალყურეობა და დედისგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ამის გამო მოსარჩელეს დასაქმების ობიექტური შესაძლებლობა ამჟამად არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი იმგვარად მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 150 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილის აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რაც მშობელს ეკისრება მისი უნარების, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის, შემოსავლის ოდენობის, შემოსავლის წყაროს და საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რომელიც არის 1 წლის და 5 თვის ასაკში. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით. შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.
ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)
მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, იგი ზრუნავს მოპასუხის მონაწილეობის გარეშე მცირეწლოვან შვილზე, რის გამოც უწევს მის სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება.
მოპასუხე ბავშვი აღზრდაში ჩართული არ არის და არც მატერიალურად მონაწილეობს შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მისი საქმიანობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა შვილის სარჩენად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 150 ლარზე მეტი თანხა. მოპასუხე სისტემატიურად იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ სამუშაოდ. იგი არ იღებს სოციალურ დახმარებას, არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მას სხვა არასრუწლოვანი შვილი არ ჰყავს, ასევე არ ჰყავს კმაყოფაზე შრომისუუნარო ოჯახის წევრები. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ შვილისათვის გადაიხადოს 150 ლარზე მეტი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 450 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი. შესაბამისად, საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 450 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.
მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, დასაქმებულია, რის გამოც აქვს შესაძლებლობა არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები მცირეწლოვანი შვილი. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მატერიალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, რის გამოც ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3600 ლარს. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 108 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და ამ დავაში შეადგენს 54 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა 150 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 50%, რის გამო მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 27 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რ----- მ------ას სარჩელი;
1.1. შეწყდეს რ----- მ------ასა (პირადი N 1----------) და ზ----- მ------ს (პირადი N6----------) შორის 2017 წლის 7 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი N0-----------
1.2. ზ----- მ------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 2------------ დაბადებული რაულ მ------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 18 იანვრიდან;
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ 150 ლარის ოდენობით;
2. ზ----- მ------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 27 ლარის გადახდა;
3. რ----- მ------ს დაუბრუნდეს 2019 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 (საგადახდო დავალება N19123086);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი