გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002771175
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36585-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელეები - მ-------------–---–ი, შპს ,,პ-----------------------ი’’

წარმომადგენელი - ნ-----–------------–---–ი

მოპასუხე - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ა------------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 40 000 ლარის წლიური 12%-ის გადახდა 2017 წლის 25 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 2-20; დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 101-119)

1.1.1. 2017 წლის 03 ივლისს მოსარჩელე შპს ,,პ-----------------------ს’’ და მოპასუხე სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ შორის დაიდო უბედური შემთხვევის დაზღვევის P--------- ხელშეკრულება;

1.1.2. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ იკისრა შპს ,,პ-----------------------ის’’ თანამშრომელთა დაზღვევა უბედური შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით;

1.1.3. 2017 წლის 25 ივლისს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, ვ---------------------------ის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა კ-------------------–---–ი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა;

1.1.4. სსიპ ლ----------------–--------–-------------------------------–--------ოს 2018 წლის 07 ივლისის დასკვნის თანახმად, კ-------------------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრამვა, ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 4 საათისა. ამავე დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;

1.1.5. კ-------------------–---–ი იყო შპს ,,პ-----------------------ის’’ თანამშრომელი და შედიოდა უბედური შემთხვევის დაზღვევის P--------- ხელშეკრულების დანართის მიხედვით დაზღვეულ პირთა სიაში;

1.1.6. უბედური შემთხვევის დაზღვევის P--------- ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას გადასახდელი აქვს 50 000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ 2018 წლის 12 ნოემბრის წერილით თანხმობა განაცხადა მხოლოდ 10 000 ლარის გადახდაზე;

1.1.7. მოპასუხემ თავდაპირველად გადაიხადა 2 000 ლარი, მოგვიანებით კი გადაიხადა დამატებით 8 000 ლარი;

1.1.8. მოპასუხე უარს აცხადებს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილი თანხის - 40 000 ლარის ანაზღაურებაზე;

1.1.9. 2018 წლის 14 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ-------------–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი კ-------------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს;

1.1.10. გარდა ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი 40 000 ლარისა, მოპასუხეს გადასახდელი აქვს პროცენტი ძირითად თანხაზე წლიური 12%-ის ოდენობით 2017 წლის 25 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 78-87; დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 140-150).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მართალია მასსა და მოსარჩელე შპს ,,პ-----------------------ს’’ შორის დაიდო უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა თავისი არსით ხსენებული ხელშეკრულება შინაარსობრივად წარმოადგენდა მესამე პირების (დამზღვევის თანამშრომლები) სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას;

2.1.2. ხელშეკრულებით ცალ-ცალკე განისაზღვრა სადაზღვევო თანხა, როგორც ერთ დაზღვეულზე, ასევე ჯამურად ერთ შემთხვევაზე და მთლიანობაში ხელშეკრულების ფარგლებში;

2.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-5 მუხლში ერთ დაზღვეულზე სადაზღვევო თანხის განსაზღვრაში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა და განსხვავებულად იყო ასახული სადაზღვევო თანხა ციფრობრივად და სიტყვიერად: კერძოდ: ,,სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს 2 000 (ათი ათასი) ლარს’’;

2.1.4. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადება და შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გაანგარიშება განხორციელდა კონკრეტული სადაზღვევო თანხის - 2 000 ლარის გათვალისწინებით, დავისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მან მიიღო საგამონაკლისო გადაწყვეტილება თავდაპირველად გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებასთან ერთად, დამატებით 8 000 ლარის ოდენობით თანხის დაზღვეულის მემკვიდრისათვის გადახდის შესახებ;

2.1.5. შესაბამისად, მის მიერ მოსარჩელე მ-------------–---–ისთვის, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 000 ლარისა, ანაზღაურებულია 10 000 ლარი;

2.1.6. უსაფუძვლოა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა როგორც 40 000 ლარის, ასევე ყოველდღიური პროცენტის გადახდის თაობაზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევას, მაშინ როდესაც მისაღებ თანხაზე ყოველდღიური პროცენტის გადახდას მოსარჩელე ითხოვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ნორმებზე დაყრდნობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.2017 წლის 03 ივლისს შპს ,,პ-----------------------სა’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ შორის დაიდო უბედური შემთხვევის დაზღვევის P--------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ იკისრა დამზღვევის მიერ განსაზღვრული თანამშრომლებისათვის - დაზღვეულებისათვის მისი ქონებრივი და პირადი ინტერესის დასაცავად, სადაზღვევო შენატანის გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვალდებულება, დაკავშირებული დაზღვეულის უბედური შემთხვევის დაზღვევასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებითა და პირობებით.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, დაზღვეულის მუდმივი სრული შრომისუუნარობისა და გარდაცვალების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სადაზღვევო თანხის 10%-ს.

ხელშეკრულები 2.1 პუნქტის თანახმად, დაზღვეულ პირთა სია - დანართი 2 დამზღვევის მიერ მზღვეველს წარედგინება წერილობით, რომელშიც მოცემული იქნება მზღვეველის მიერ განსაზღვრული, დაზღვევის პროცედურებისათვის სავალდებულო დეტალები. დანართი №2-ის ფორმა თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2017 წლის 7 ივლისის 00:00 საათზე და მოქმედებს 2018 წლის 06 ივლისის 00:00 საათამდე.

ხელშეკრულების დანართი №1-ის - ,,სადაზღვევო წესების’’ პირველი პუნქტის თანახმად, სადაზღვევო თანხა არის პოლისით გათვალისწინებული მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა.

დაზღვევის პირობების მე-5 პუნქტის თანახმად, დაზღვევის საგანია დაზღვეულის ან მისი მოსარგებლის ფინანსური ინტერესები, დაკავშირებული უბედური შემთხვევის შედეგად შემოსავლის დროებით ან მუდმივ შემცირებასთან, დაზღვეულის შრომისუნარიანობის დაკარგვასა და გარდაცვალებასთან. წინამდებარე პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად განიხილება უბედური შემთხვევით გამოწვეული - დაზღვეულის გარდაცვალება.

ამავე პუნქტის თანახმად, სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს 2 000 (ათი ათასი) ლარს; სადაზღვევო ლიმიტი ერთ შემთხვევაზე შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო სადაზღვევო თანხა მთლიანობაში შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს.

სადაზღვევო პირობების თანახმად, უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება დაზღვეულის კანონით განსაზღვრულ მემკვიდრეზე/მემკვიდრეებზე.

სადაზღვევო პირობების მე-7 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხა წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც შეიძლება გადახდილ იყოს ამ პოლისის მიხედვით. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისას, მზღვეველის პასუხისმგებლობა მცირდება გადახდილი თანხების ოდენობით და შემდგომი სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას ასანაზღაურებელი თანხა მიმდინარე სადაზღვევო თანხიდან გამოითვლება. თითოეულ პიროვნებაზე ანაზღაურების გამოთვლისას ხდება მიმდინარე სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების მთლიანი მოცულობის გათვალისწინება. თუ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების მოცულობა მიმდინარე თანხას აღემატება, ანაზღაურება თითოეულ დაშავებულზე შემცირდება მიმდინარე სადაზღვევო თანხის გაცხადებული პრეტენზიების მოცულობასთან შეფარდების პროპორციულად.

ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, კოლექტიური დაზღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მზღვეველის მიერ აღიარებულ იქნება სადაზღვევო შემთხვევა, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად მას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა წარედგინოს მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ორიგინალი ან მემკვიდრის პირადობის მოწმობა.

სადაზღვევო პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პოლისის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს: დაზღვეულის გარდაცვალების შემთხევაში - პიროვნებაზე სადაზღვევო ლიმიტის 100%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, სადაზღვევო პირობები, დანართი 2 (ს.ფ. 21-36)

 

3.1.2. შპს ,,პ-----------------------ს’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ შორის გაფორმებული უბედური შემთხვევის დაზღვევის P--------- ხელშეკრულების დანართი №2-ის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ პირს წამოადგენდა კ-------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, სადაზღვევო პირობები, დანართი 2, სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა (ს.ფ. 21-36; 54-55)

 

3.1.3. 2017 წლის 25 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაიცვალა კ-------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 37)

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 38-53)

 

3.1.4. 2018 წლის 14 თებერვალს გაცემული №--------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად კ-------------------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე მ-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 58-60)

 

3.1.5. 2018 წლის 05 ივლისის №1--------- საგადახდო დავალებით მოპასუხის მიერ მოსარჩელე მ-------------–---–ისთვის გადახდილია 2 000 ლარი, ხოლო 2018 წლის 09 ნოემბრის №7-------- საგადახდო დავალებით - 8 000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 88, 89)

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 89)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 40 000 ლარის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოსარჩელე შპს ,,პ-----------------------სა’’ და მოპასუხეს შორის უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტი. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთ დაზღვეულ პირს წარმოადგენდა კ-------------------–---–ი. დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები კ-------------------–---–ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების და იმ ფაქტის თაობაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა უბედური შემთხვევის შესახებ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელ სადაზღვევო შემთხვევას. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებით სადავო გარემოებას წარმოადგენს ანაზღაურების მოცულობის დადგენა. სარჩელი ემყარება მოსარჩელის მიერ სადაზღვევო პირობების იმგვარ განმარტებას, რომლის შესაბამისადაც იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ეკისრება მის სასარგებლოდ 50 000 ლარის ანაზღაურება, მოპასუხე კი ხელშეკრულების ამავე ჩანაწერის განმარტებით მიუთითებს, რომ მის მიერ გარდაცვლილის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე მ-------------–---–ისათვის გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 2 000 ლარით, არსებული ტექნიკური უზუსტობის გამო მან გარდაცვლილის მემკვიდრეს უკვე აუნაზღაურა 10 000 ლარი, შესაბამისად, მის მიერ ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მტკიცების ტვირთის მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის-,,სადაზღვევო წესების’’ მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს 2 000 (ათი ათასი) ლარს; სადაზღვევო ლიმიტი ერთ შემთხვევაზე შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო სადაზღვევო თანხა მთლიანობაში შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს’’.

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად ერთ დაზღვეულზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის თაობაზე ხელშეკრულებაში არსებული ბუნდოვანებისა, რაც გამოიხატება რიცხვობრივად და სიტყვიერად მითითებული თანხების განსხვავებაში, ვინაიდან მოპასუხის მიერ თავისი ნებითვეა ანაზღაურებული 10 000 ლარი, აღნიშნული საკითხი სასამართლოს მიერ დამატებით შესაფასებელ გარემოებას აღარ წარმოადგენს. არსებითია იმ გარემოების დადგენა, მოპასუხეს ევალებოდა მხოლოდ უკვე გადახდილი 10 000 ლარის ანაზღაურება, თუ მას ჯამში ასანაზღაურებელი აქვს მოსარჩელისთვის 50 000 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტვითი აზრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ადგენს სადავოობისას დავის გადასაწყვეტად ნების გამოვლენის გონივრული განსჯის სტანდარტს. ამასთან, განმარტების მიზანი არ არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა.

ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა, სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული (იხ. სუსგ. საქმე ბს-463-451 (კ-13, 18 თებერვალი, 2014წ.).

სასამართლო მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როცა გამოვლენილი ნება ბუნდოვანი, არაზუსტი და ორაზროვანია და გარიგების მონაწილეებს განსხვავებულად ესმით მისი შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სხვადასხვა აღქმას/განმარტებას და შესაბამისად განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს სწორედ სადაზღვევო პირობების დათქმა ანაზღაურების ოდენობის თაობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სადაზღვეო პირობების ჩანაწერის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ისე ლოგიკური, აზრობრივი და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი სადაზღვევო პირობები პირდაპირ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რას შეადგენს სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე და მიუთითებს ასევე სადაზღვევო ლიმიტის მოცულობას ერთ შემთხვევაზე და განსაზღვრავს მთლიანობაში განსაზღვრულ სადაზღვევო თანხის მოცულობასაც. შესაბამისად, ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს თითოეულ დაკონკრეტებულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხების მოცულობას და მითითება იმის თაობაზე, რომ ერთ დაზღვეულზე თანხა შეადგენს ათი ათას ლარს (როგორც აღინიშნა ეს გარემოება არ გამხდარა დამზღვევის მიერ დავის საგანი), გულისხმობს იმ მაქსიმალური თანხის ოდენობას, რისი ანაზღაურებაც ევალება დამზღვევს მოცემულ შემთხვევაში. სადაზღვევო ლიმიტი ერთ შემთხვევაზე კოლექტიური დაზღვევის ხელშეკრულებისას კი გულისხმობს ერთი შემთხვევისას რამდენიმე დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში დამზღვევის მიერ გასაცემი თანხის მაქსიმალურ ოდენობას, შესაბამისად, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამზღვევის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი. შესაბამისად, წარმოდგენილი სადაზღვევო პირობების მოსარჩელისეული განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის პირობების პირდაპირ დათქმას, რომლითაც განსაზღვრულია ერთ დაზღვეულზე ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა. ამასთან, განმარტების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, არალოგიკური ხდება სადაზღვევო პირობების ზემოაღნიშნული დათქმები და მათი განსაზღვრა ცალ-ცალკე პუნქტებად. თუ მხარეთა შეთანხმება გულისხმობდა ერთ დაზღვეულზე სადაზღვევო კომპანიის მიერ პირდაპირ 50 000 ლარის ანაზღაურებას, მაშინ აზრს მოკლებულია ამავე პირობებში ერთ დაზღვეულზე ასანაზღაურებელი თანხის მოცულობის ცალკე გამოყოფა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დაკონკრეტება. ამასთან, წარმოდგენილი სადაზღვევო პირობების და, ზოგადად, დაზღვევის ხელშეკრულების არსის წინააღმდეგობრივ განმარტებას წარმოადგენს მოსარჩელის პოზიცია ასევე იმის თაობაზეც, რომ ვინაიდან ერთი დაზარალებული ჰყავს ამ კონკრეტულ სადავო სადაზღვევო შემთხვევას, მოპასუხემ უნდა იხელმძღვანელოს არა ერთ დაზღვეულზე სადაზღვევო თანხის ოდენობის თაობაზე სადაზღვევო პირობებში არსებული ჩანაწერით, არამედ მის მიერ უნდა ანაზღაურდეს 50 000 ლარი - სადაზღვევო ლიმიტი ერთ შემთხვევაზე.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების პირობების ისე განმარტება, როგორც ეს გათვალისწინებული არ არის თავად ამ ხელშეკრულებით, ეწინააღმდეგა სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ - კეთილსინდისიერების პრინციპს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა 40 000 ლარის დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევის საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების სადავო პირობების განმარტების შედეგად არ დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 40 000 ლარის გადახდა.

 

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 2017 წლის 25 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 40 000 ლარის წლიური 12%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოდგენილ განჩინებას (ს.ფ. 120-132), მოთხოვნას კი ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლზე. შესაბამისად, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმისა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოდგენილი მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უმთავრესი წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულების - სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევის ფაქტი, რაც თავისთავად გამორიცხავს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი და მხოლოდ მისგან ნაწარმოები მოთხოვნის - მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მოპასუხისთვის.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 854-ე, 844-ე, 361-ე, 820-ე, 821-ე, 361-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 854-ე მუხლის თანახმად, უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებიდან.

6.2. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. 821-ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოპასუხის მიერ სწორედ ამ ხელშეკრულების ფაქტის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში კი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. წარმოდგენილი ხელშეკრულების და ანაზღაურების პირობებს განმარტების შედეგად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 40 000 ლარის გადახდა. ძირითადი მოთხოვნის უსაფუძვლობა განაპირობებს მისგან ნაწარმოები მოთხოვნის - მიუღებელი შემოსავლის (განსახილველ შემთხვევაში ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის) დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობას. შესაბამისად, ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 2017 წლის 25 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 40 000 ლარის წლიური 12%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში (ს.ფ. 71, 135).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ-------------–---–ის და შპს ,,პ-----------------------ის'' სარჩელი სს ,,ს--------------------------------------–-----ის'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი