გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210018002577610
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23430-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ნ---- მ----–----–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - ხ------- გ------–-–---–ი

მოპასუხე - შპს „დ--–-----------–--------ი“

მოპასუხის წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–ი

დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს „დ--–-----------–--------ის“ გადაწყვეტილება ნ---- მ----–----–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;

 

1.2. ნ---- მ----–----–--ე აღდგენილ იქნეს გაყიდვების სამსახურის უფროს მენეჯერად შპს „დ--–-----------–--------ში“;

 

1.3. შპს „დ--–-----------–--------ს“ მოსარჩელე ნ---- მ----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 14 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2 500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით;

 

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელე ნ---- მ----–----–--ის განმარტებით, 2017 წლის 15 მარტიდან მუშაობდა შპს „დ--–-----------–--------ის“ გაყიდვების სამსახურის უფროს მენეჯერად, 2018 წლის 13 მარტამდე. მხარეთა შორის არ გაფორმებულა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ იყო კომპანიის მუდმივი თანამშრომელი. მისი ხელფასი შეადგენდა ხელზე მისაღებ 2 000 ლარს.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 13 მარტს მოპასუხის დირექტორმა თ-------- ზ-------–---–მა მას განუცხადა, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან პირადი მოტივების გამო და აღარ გაეგრძელებინა მუშაობა. მხარე მიუთითებს, რომ მას გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიუღია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 14 მარტიდან აღარ გაუგრძელებია ნ---- მ----–----–--ეს შპს „დ--–-----------–--------ში“ მუშაობა და ბოლო, არასრული ხელფასი - 800 ლარი მას ჩაერიცხა 2018 წლის 26 მარტს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „დ--–-----------–--------ის“ წარმომადგენელმა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო და ნაწილობრივ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

კერძოდ, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ნ---- მ----–----–--ის დასაქმების ფაქტი კომპანიაში 2017 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ისევე როგორც დაადასტურა სარჩელში მითითებული ხელფასის ოდენობა - ხელზე მისაღები 2 000 ლარი.

 

მხარემ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომებზეც სადავოდ გახადა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განმარტა, რომ ხელშეკრულება იყო ვადიანი, კერძოდ 1 წლიანი და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ნ---- მ----–----–--ესთან აღარ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა. სწორედ ამ მიზეზით არ არსებობს ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.

 

შპს „დ--–-----------–--------ის“ წარმომადგენელი ასევე არ ადასტურებს სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ წერილობითი დასაბუთება მოითხოვა ნ---- მ----–----–--ემ კომპანიისგან და განმარტავს, რომ მსგავსი განცხადება კომპანიას არ ჩაბარებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ ნ---- მ----–----–--ეს და მეორეს მხრივ შპს „დ--–-----------–--------ს“ შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2017 წლის 15 მარტიდან.

 

ნ---- მ----–----–--ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 2 500 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 22-50)

 

3.1.2. ერთის მხრივ ნ---- მ----–----–--ეს და მეორეს მხრივ შპს „დ--–-----------–--------ს“ შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 14 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 27 მარტს ნ---- მ----–----–--ემ მიმართა შპს „დ--–-----------–--------ის“ დირექტორ თ-------- ზ-------–---–ს და მოსთხოვა მისი გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული განცხადება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 4 აპრილს.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა არ დაადასტურა განცხადების ჩაბარების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---- მ----–----–--ის წარმომადგენელმა წარმოადგინა მისი განცხადება (ს.ფ. 51) და TNT-ს საშუალებით წერილობითი კორესპონდენციის (ს.ფ. 52-53) 2018 წლის 02 აპრილს გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (0--------). შემდგომ, დამატებით, 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარემ ასევე წარმოადგინა შპს „ს----ს (TNT) მიერ გაცემული ინფორმაცია, სადაც ფოსტის ადმინისტრატორი ადასტურებს, რომ ნ---- მ----–----–--ის მიერ 2018 წლის 2 აპრილს გაგზავნილი გზავნილი (0--------) შპს „ს----ს საშუალებით შპს „დ--–-----------–--------ის“ დირექტორის სახელზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ყ--------------- #24ბ, სართული 1, 2018 წლის 4 აპრილს ჩაბარდა შპს „დ--–-----------–--------ის“ მარკეტინგის მენეჯერ ს--–---- კ-----–---–ს.

 

მოპასუხემ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოება, თუმცა იმ ფაქტს, რომ ს--–---- კ-----–---–ი კომპანიის თანამშრომელია, დაეთანხმა. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც უზრუნველყოფს სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ განცხადება ჩააბარა ადრესატს და წარმოადგინა ამის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, რისი საწინააღმდეგოც მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 4 აპრილს შპს „დ--–-----------–--------ს“ ჩაბარდა განცხადება ნ---- მ----–----–--ის გათავისუფლების თაობაზე წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით, რაზეც, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ 7 დღიან ვადაში დამსაქმებელმა დასაქმებულზე არ გასცა დასაბუთება.

 

3.2.2. ნ---- მ----–----–--ესა და შპს „დ--–-----------–--------ს“ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა კიდევ ერთი წლით.

 

მოსარჩელე მხარე მის მიერ წარმოდგენილ სარჩელში უთითებდა, რომ მასთან არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ არსებობდა უვადო შრომითსამრთლებრივი ურთიერთობა. ამასვე განმარტავდა მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას. მოპასუხე შპს „დ--–-----------–--------ის“ წარმომადგენელმა ეს ფაქტობრივი გარემოება არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო 1 წლის ვადით, რასაც ადასტურებს ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ამონაწერიდან, რომ ზუსტად 1 წლის განმავლობაში ერიცხებოდა ხელფასი და შეწყდა ურთიერთობა 1 წლის შემდეგ, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ამევე მუხლის 12 ნაწილით კი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმიდან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულება უნდა დაიდოს არანაკლებ ერთი წლით, თუ არ არსებობს ამავე მუხლის ამავე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები ან თუ მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა გრძელდება 30 თვეზე მეტი ვადით. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. უდავოა ასევე, რომ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გრძელდებოდა 2017 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით. ამასთან, მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელმა დასაქმებულს არ აცნობა გათავისუფლების კანონიერი საფუძველი და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ვადა გავიდა, რასაც არ დაეთანხმა დასაქმებული და მიუთითა, რომ მათ შორის იყო უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა კანონიერი საფუძვლით, არ არსებობს მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის კანონიერი ბრძანება ან გადაწყვეტილება, ასევე უდავოა რომ მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ აღემატება 30 თვეს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა ერთი წლით.

 

3.2.3. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელე ნ---- მ----–----–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი.

 

მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვან დანაწესს (კონვენციის მე-9 მუხლი „ა“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადვეა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014) და 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი, თუმცა, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის დაცვაც სწორედ იმას ემსახურება, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებზე, თან იმ პირობებში, რომ ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, დაადგინოს აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზეპირსიტყვიერად ეცნობა მას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რისი მიზეზიც გახდა პირადი მოტივები. მოპასუხე კი აღნიშნავდა, რომ შრომის ზეპირ ხელშეკრულებას გაუვიდა მოქმედების 1 წლიანი ვადა და აღარ მომხდარა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება დასაქმებულთან.

 

სასამართლო მიუთითებს დადგენილ პრაქტიკაზე, რაც მნიშვნელოვან როლს ანიჭებს დამსაქმებელს მტკიცების ტვირთის ნაწილში და აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაც მას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლის არსებობა.

ამდენად, ვინაიდან დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, მისი გადაწყვეტილება ნ---- მ----–----–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მითითების მიხედვით, აღარ არის ვაკანტური ის შტატი, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე, გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელეს მიეცეს კომპენსაცია. სასამართლო აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ გათავისუფლებიდან - 2018 წლის 14 მარტის შემდეგ წელიწადზე მეტია გასული და არაგონივრულიც იქნება დააბრუნოს დასაქმებული კომპანიაში.

 

სასამართლო მართალია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წამოუდგენია, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის განმარტებას, რომ აღარ არის ვაკანტური მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, რაზეც იგი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია მხარეთა ურთიერთობაც. თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა გააჟღერა სასამართლო სხდომაზე, რომ სურს აღდგეს მხარე თანამდებობაზე და შემდეგ მისი უფლებაა, პირადი განცხადებით დატოვოს სამსახური. ამასთან, პირად მოტივებზე საუბრობდა მოსარჩელე ჯერ კიდევ სარჩელში. ყველა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს, რამდენად გონივრული იქნება ნ---- მ----–----–--ის აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე და რა სახის რესტიტუციის ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დასაქმებულის უკანონოდ დათხოვნის პირობებში დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებისა და წესის დადგენა სასამართლოს დისკრეციაა. კერძოდ, სასამართლო წყვეტს, უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოს, თუ კომპენსაცია მისცეს. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.

 

განსახილველ დავაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნ---- მ----–----–--ის რესტიტუცია მოახდინოს კომპენსაციის გადახდის გზით ყველა ზემოთ მითითებული გარემოების გათვალისწინებით. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, სასამართლოს მოსაზრებით ნ---- მ----–----–--ის სასარგებლოდ შპს „დ--–-----------–--------ს“ კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 30 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა, რაც მისი ერთი წლის ანაზღაურების ტოლფასია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- მ----–----–--ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, რაც შეეხება მის რესტიტუციას, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მიეცეს კომპენსაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი;

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე მუხლები;

1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 როგორც საერთაშორისო, ასევ ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია შრომის უფლება და დასაქმებულთა გარანტიები.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

ევროპის სოციალურ ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციის (1944 წ.) თანახმად, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

შრომის თავისუფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

 

სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---- მ----–----–--ესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შპს „დ--–-----------–--------ის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება - როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილება მართლსაწინააღმდეგოა, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი. რაც შეეხება რესტიტუციის სახეს, მიზანშეწონილად მიიჩნია დასაქმებულს მიეცეს 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი კომპენსაცია, 30 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადებით, დაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. 270-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---- მ----–----–--ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა თანხის დაკისრების ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის უკანონო გათავისუფლება მოხდა დაახლოებით 1 წელზე მეტი ხნის წინ და როგორც მოსარჩელე განმარტავდა არის უმუშევარი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება მთლიანად დაკისრებული თანხიდან 7 500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) დაკისრების ნაწილში, რაც წარმოადგენს სწორედ 3 თვის ხელფასის ოდენობით თანხას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილია 120 ლარი, საიდანაც 100 ლარის ანაზღაურება მის სასარგებლოდ დაეკისრება მოპასუხეს, ხოლო ზედმეტად გადახდილი 20 ლარი დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრება 720 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის სახით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ---- მ----–----–--ის სარჩელი შპს შპს „დ--–-----------–--------ის“ წინააღმდეგ, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის დაკისრების თაობაზე;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი შპს „დ--–-----------–--------ის“ გადაწყვეტილება ნ---- მ----–----–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;

 

3. მოპასუხე შპს „დ--–-----------–--------ს“ მოსარჩელე ნ---- მ----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 30 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით;

 

4. მოპასუხე შპს „დ--–-----------–--------ს“ მოსარჩელე ნ---- მ----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

 

5. შპს „დ--–-----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ-------– გ------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან 20 ლარი, რომელიც გადახდილია 12.04.2018წ. სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით, #1 საგადახდო დავალებით, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150.

 

6. შპს „დ--–-----------–--------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 720 ლარის ოდენობით.

 

7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 7 500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) დაკისრების ნაწილში.

 

8. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური