გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33137-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2019წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე: ა-–---------------------ი
წარმომადგენელი: ლა–-------------ი
მოპასუხე: სსიპ ს-----------------ი მ---–---ელი
წარმომადგენელი: დი----------------–---–ი
დავის საგანი: ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 30 ივნისის N--- შრომითი ხელშეკრულებების 2.4. მუხლის მე-2, მე-3, მე-4 წინადადებები;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის 2017 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანება;
1.3. სსიპ ს----------------- მ---–---ელს დაეკისროს მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (არაუგვიანეს 2018 წლის მარტისა).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 30 ივნისს, მოსარჩელესა (დასაქმებული) და მოპასუხეს (დამსაქმებელი) შორის, დაიდო შრომითი ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე, პროექტზე "ლ---–---" იკავებდა რე–-------ს თანამდებობას.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 5,000 ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 მარტამდე.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტი, შეიცავს შემდეგ ფიქტიურ ჩანაწერს: შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
მოსარჩელის მითითებით, მასთან ხელშეკრულების დადებას წინ უძღვოდა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად. მოპასუხეს 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული ჰქონდა, მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევი კონკურსი. კონკურსის შერჩევისას პირდაპირ იყო გაწერილი, საკონკურსო დავალება, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა შესარჩევ კანდიდატს.
მოსარჩელის კანდიდატურამ, 40-მდე კანდიდატს შორის გაიმარჯვა, შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობა ლოგიკურია, რომ წინასწარ იყო დადგენილი, თუნდაც მხოლოდ ამ კონკურსებიდან გამომდინარე.
მოსარჩელემ მიიღო მხოლოდ ივლისის თვის ანაზღაურება, მას არ მიუღია შემდგომი თვეების ანაზღაურება და ასევე მასთან ყოველგვარი შეტყობინებისა, საფუძვლის თუ დასაბუთების გარეშე, მოპასუხემ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.
2017 წლის 21 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს, მოპასუხემ გადასცა 2017 წლის 01 აგვისტოს თარიღით დათარიღებული N----- ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ ალ-------------------ი გათავისუფლდა სამუშაოდან. აღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების რეალური საფუძველი და მისი დასაბუთება.
2016 წლის 28 ივნისს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული იყო შრომის ხელშეკრულება N------, სადაც მოსარჩელე ტელესერიალ დღ----ს და ღა-----ს შემოქმედებით ჯგუფში იკავებდა რე–-------ს თანამდებობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
შესაგებლის საფუძვლები:
2.1.1. შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, მოპასუხის აპელირება მასზედ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ფიქტიურია, საფუძველს მოკლებულია.
სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის მიერ გამოცხადდა სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის ახალი საეთერო სეზონური მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევი კონკურსი. საკონკურსო პირობების თანახმად მოთხოვნილი იყო მხოლოდ სრული სერიალის კონცეფციის (არაუმეტეს 500 სიტყვისა) ერთი ეპიზოდის სცენარის დიალოგებით და სარეჟისორო ხედვის წარმოდგენა.
სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის საკონკურსო კომისიის 23.05.2017 წლის ოქმით დასტურდება, რომ საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების მიუხედავად, კომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ შერჩეულ პროექტებზე წარმოებაში ჩაშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტებზე მოსამზადებელი სამუშაოების დრო გახანგრძლივებულიყო ორი თვით. ანუ კონკურსში გამარჯვება არ ნიშნავდა იმას, რომ მოსარჩელე აპრიორი დააკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც მას განესაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით, რამაც განაპირობა შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადება.
მოპასუხის მითითებით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა შემდეგი გარემოება, კერძოდ, წარმოდგენილი სიუჟეტი გასცდა სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს და მისი განთავსება ს-----------------ი მ---–---ლის ეთერში ანუ სერიალის რეალიზების შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა საეთერო ბადეში განსათავსებლად. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროექტი ,,ლ---–---ს“ 2017 წლის 1 აგვისტოდან დახურვის შესახებ.
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 1 აგვისტოდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 ივნისს, სსიპ ს----------------- მ---–---ელსა და ა-–---------------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე, პროექტზე "ლ---–---" იკავებდა რე–-------ს თანამდებობას.
ხელშეკრულებით დასაქმებული თანახმა იყო განეხორციელებინა ამ თანამდებობით განსაზღვრული შრომითი საქმიანობა იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებითა და დამსაქმებლის ორგანიზაციაში მოქმედი შინაგანაწესით (1-ლი მუხლი).
ხელშეკრულების 2.1. მუხლით დასაქმებულის სამუშაო ადგილად განისაზღვრა სსიპ ს-----------------ი მ---–---ელი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, კო----------- დასაქმებული უნდა შეუდგეს თავისი შრომითი მოვალეობების შესრულებას 2017 წ. 1 ივლისიდან (2.2. მუხლი).
ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია:
- სეზონური სამუშაოს შესრულების ვადით;
- დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს (ფუნქციების) აღწერილობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით (2.4. მუხლი).
- შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 6 - თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდეგ თუ დასაქმებული აგრძელებს შრომითი მოვალეობების შესრულებას, გამოსაცდელი ვადა ითვლება წარმატებით დასრულებულად და წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ხელშეკრულების 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით.
- გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ოდენობით და წესით.
- დამსაქმებელს უფლება აქვს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 5,000 ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 30.06.2017 წლის N--- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.24-27).
3.1.2. სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის 2017 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანებით მედია წარმოების ბლოკის ქართული ფილმების გარე წარმოება, შერჩევა-მონიტორინგის სამსახურის პროექტ ,,ლ---–---ს“ რე–------- ა-–---------------------ი საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა სამუშაოდან.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბრძანება (ს.ფ.31);
3.1.3. 31.07.2017 წლის მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებით ბარათში (სატელევიზიო სერიალ „ლ---–---ს“ პროექტის განვითარების შეფასება), რაც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას, აღნიშნულია, რომ საქართველოს ს-----------------ი მ---–---ლის მენეჯმენტთან შეთანხმების თანახმად - წარმოდგენილი პირველი ხუთი ეპიზოდის სცენარი არ შეესაბამება მ---–---ლის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებსა და მოლოდინს. შეფასების ავტორმა შეუძლებლად მიიჩნია მ---–---ლის მიერ დადგენილ ბადეში ამ პროექტისთვის განსაზღვრულ ზოლში (20 :30 სთ) მისი ჩვენება კვირაში სამჯერ.
სიუჟეტი სცდება სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს. მოქმედი პერსონაჟები გამონაკლისის გარეშე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი გმირები არიან - 15 წლის გოგონა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებს, ერთობა კლუბებში, სადაც ამ ასაკის გოგონებს არაფერი ესაქმებათ. გოგონას მეგობარი კლაბერი პედოფილი, უპასუხისმგებლო მამა, გაბოროტებული დედა რომელიც სიუჟეტის პერსპექტივაში ნარკოდილერი ხდება.. და ა.შ.. სცენარში უხვად არის გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა და ეროტიული სცენები, ზოგადად უადგილო და ხელოვნური ეპატაჟი, რაც - სერიალის რეალიზების შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას ქმნის ბადის ხსენებულ ზოლში მის განსათავსებლად.
სცენარის კონცეფციის შეცვლა, თუ კი ეს საერთოდ შესაძლებელია, მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, რაც შეუძლებელს ხდის უახლოეს ხანში ფილმის წარმოებაზე ისედაც დაგვიანებული ტენდერის გამოცხადებას, რაც იწვევს გადაღებების, დაწყების თარიღის გადაწევას და შესაბამისად ახალი სეზონის დასაწყისისთვის სერიალის პირველი 12 ეპიზოდის დასრულებას.
მოხსენებითი ბარათის ავტორმა მიიჩნია, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს.
მ---–---ლის მხრივ არამიზანშეწონილი იქნებოდა მსგავსი ძვირადღირებული რისკის აღება.
ავტორებს უნდა მიეცეთ წინადადება, სურვილის შემთხვევაში, იმუშაონ სცენარის ს-----------------ი მ---–---ლის ეთიკასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და მხოლოდ შემდეგ განახლდეს 48 ეპიზოდიან სერიალის რეალიზებაზე ახალი მოლაპარაკებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.62-63);
3.1.4. სსიპ ს-----------------ი მ---–---ელის 2017 წლის 1 აგვისტოს მიღებული იქნა N----- ბრძანება მედია წარმოების ბლოკის ქართული ფილმების გარე წარმოება, შერჩევა-მონიტორინგის სამსახურის პროექტი ,,ლ---–---“ 2017 წლის 1 აგვისტოდან დახურვის თაობაზე. საფუძვლად მითითებულია მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ.64);
3.1.5. სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის გენერალური დირექტორის 2017 წლის 13 აპრილის N-- ბრძანებით დამტკიცებული კომისიის 2017 წლის 13 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა 2017 წლის 13 აპრილს გამოცხადებული კონკურსი სსიპ „ს-----------------ი მ---–---ლის“ 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების ორ ჟანრში - მძაფრსიუჟეტიანი ან დეტექტიური და მელოდრამა - სცენარების შესარჩევად (შემდგომში - “შერჩევა“), რომლის ფარგლებში სცენარების წარმოდგენა ხორციელდებოდა ელექტრონულად, მ---–---ლის ვებ გვერდზე -ww-------e განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით.
სსიპ “ს-----------------ი მ---–---ლის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 13 აპრილის N-- ბრძანებით დამტკიცდა წარმოდგენილი სცენარების შერჩევის პროცედურა, რომლის თანახმად შეიქმნა შესაბამისი კომისია 9 წევრის შემადგენლობით (შემდგომში - “კომისია“) (სსიპ „ს-----------------ი მ---–---ლის“ გენერალური დირექტორის 13.04.2017წ. N-- ბრძანება), ხოლო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა პა--------------ე.
კომისიის 2017 წლის 23 მაისის სხდომაზე შეჯამდა შერჩევის მეორე ეტაპის შედეგები, რომლის თანახმად:
შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული 15 სცენარიდან: მძაფრსიუჟეტიან/დეტექტიურ ჟანრში - 10 და მელოდრამატულ ჟანრში - 5, - კომისიის წევრების მიერ შერჩევის პროცედურით განსაზღვრული ღია კენჭისყრის შედეგად ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: - სა------------------ი/ბა----------–---–ი ,,ლ---–---“- 6 ხმა.
შერჩევის მეორე ეტაპზე ღია კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით შესარჩევი კომისიის წევრებმა სსიპ „ს-----------------ი მ---–---ლის“ 2017 -2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების ორ ჟანრში - მძაფრსიუჟეტიანი ან დეტექტიური და მელოდრამა - სცენების შერჩევის შედეგად საუკეთესო პროექტებად დასახელდნენ: ჟანრი: მელოდრამა - სა------------------ი /ბა----------–---–ი ,,ლ---–---“ – 6 ხმა.
კომისიამ გასცა რეკომენდაცია, შერჩეულ პროექტებზე წარმოებაში ჩაშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტებზე მოსამზადებელი სამუშაოების დროის ორი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.05.2017 წლის სხდომის ოქმი (ს.ფ.59-61);
3.1.6. 2017 წლის 4 ოქტომბერს ა-–---------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ ს----------------- მ---–---ელს და მოითხოვა 2017 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ხოლო 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადებით მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ს-----------------ი მ---–---ელის ბრძანების ჩაბარება.
სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის 21.11.2017წლის N------- მომართვით ა-–---------------------ს ეცნობა, რომ მხარეთა შორის 30.06.2017 წელს N--- შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2017 წლის 01 აგვისტოდან.
ამავე მომართვით მოსარჩელეს გაეგზავნა სსიპ ს-----------------ი მ---–---ელის 01.08.2017 წლის N----- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-2017 წლის 4 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 28);
-2017 წლის 14 ნოემბრის განცხადება (ს.ფ.29);
-2017 წლის 21 ნოემბრის მომართვა (ს.ფ.30).
3.1.7. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ გარდა 30.06.2017წ. შრომით ხელშეკრულებისა, არსებობდა კიდევ ერთი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული იყო 2016 წლის 28 ივნისს, ტელესერიალ „დღ----ს და ღა-----ს“ შემოქმედებით ჯგუფში რე–-------ს თანამდებობაზე საქმიანობის განსახორციელებლად, აღნიშნული ხელშკრულების მოქმედება გრძელდებოდა 2016 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 3 ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 28.06.2016 წლის N------ შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.34-36).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ისეთ პირობებში, როდესაც არსებობს პროექტის „ლ---–---“ 2017 წლის 1 აგვისტოდან დახურვის თაობაზე გამოცემული ბრძანება, ასევე, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ამავე თარიღის ბრძანება, 1 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შრომითი მოვალეობების შესრულების ფაქტი, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.
საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც 2017 წლის 01 აგვისტოს შემდომ პერიოდში მოსარჩელის მიერ 30.06.2017წ. შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ მ---–---ელში შრომითი მოვალეობის შესრულების ფაქტს დაადასტურებდა, უდავოა, რომ ამავე პერიოდიდან მას არ ერიცხებოდა ხელფასი. სერიალის წარმოდგენილი 5 ეპიზოდიც შექმნილია 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში. ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ, მიუთითებს გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 1 აგვისტოდან (ბრძანებაში მითითებული თარიღი), რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მითითებას, რომ იგი ბრძანების ჩაბარებამდე მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და იგი აგრძელებდა შრომით საქმიანობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლით შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამასთან, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. შრომის კოდექსის მოხმობილი დებულებები განსაზღვრავენ ამ ურთიერთობისათვის მახასიათებელ გენერალურ დათქმებს, როგორიცაა: ხელშეკრულების ორმხრივი, სასყიდლიანი ბუნება, რომლის ფარგლებშიც თანასწორობის პრინციპი, განსხვავებით ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან, სრულყოფილად ვრცელდება წინასახელშეკრულებო პერიოდზე - მხარეებს უფლება აქვთ, თავისუფლად გადაწყვეტიონ შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი. მართალია, შრომითი ურთიერთობისათვის კანონი ადგენს თანასწორობის პრინციპს და იმპერატიულად მოითხოვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თუმცა, თავად შრომითი ურთიერთობის არსი ხდის ამ ურთიერთობას დაქვემდებარების პრინციპზე დამყარებულს, რამეთუ სამუშაო სრულდება დამსაქმებლის მითითებების შესაბამისად და მის სასარგებლოდ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. სწორედ ამგვარი თავისებურების, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით დაცული სიკეთეების რეალიზაციის მიზნით (შრომის თავისუფლება, თავისუფალი მეწარმეობა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა), ორგანული კანონი - შრომის კოდექსი ადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და კოდექსის ნორმებიც სწორედ ამ სტანდარტის ფარგლებში უნდა იქნას განმარტებული.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად (მე-4 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს: კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას, მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობაში დამოკიდებულიაიმაზე, თუ საპრობაციო პერიოდში რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა, რაც უთუოდ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის შესწავლა-დაკვირვებას და მისი დასკვნის (მოსაზრების) მნიშვნელობას შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესატყვისობის თაობაზე. საპრობაციო პერიოდში დასაქმებული პირის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ დამსაქმებლის დადებითი მოსაზრება, შესაძლოა საფუძვლად დაედოს, ამ უკანასკნელის მხრიდან დროებით (გამოსაცდელი ვადით) დასაქმებული პირისადმი შეთავაზებას შემდგომ ვადიან/უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე. „...გამოსაცდელი ვადა არ არის დამოუკიდებელი შრომითი ხელშეკრულება, იგი უფრო გამოცალკევებული სახელშეკრულებო დებულებაა. გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა განისაზღვრება, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს პირობა წარმოშობს მხარეთა საზიარო მოლოდინს მომდევნო შეფასებით პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მათ შორის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გაანალიზდეს“.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისს, სსიპ ს----------------- მ---–---ელსა და ა-–---------------------ს შორის, დაიდო შრომითი ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე, პროექტზე "ლ---–---" იკავებდა რე–-------ს თანამდებობას.
ხელშეკრულებით დასაქმებული თანახმა იყო განეხორციელებინა ამ თანამდებობით განსაზღვრული შრომითი საქმიანობა იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებითა და დამსაქმებლის ორგანიზაციაში მოქმედი შინაგანაწესით (1-ლი მუხლი).
ხელშეკრულების 2.3. მუხლით წინამდებარე ხელშეკრულება დადებული იყო:
- სეზონური სამუშაოს შესრულების ვადით;
-დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს (ფუნქციების) აღწერილობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით (2.4. მუხლი).
-შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 6 - თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდეგ თუ დასაქმებული აგრძელებს შრომითი მოვალეობების შესრულებას, გამოსაცდელი ვადა ითვლება წარმატებით დასრულებულად და წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ხელშეკრულების 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით. აღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ მათივე ნების საფუძველზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო საქმის მასალებით არ დასტურდება.
სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ. შრომითი ხელშეკრულების დადებისას, ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სსკ-ის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში. მოხმობილი ნორმის თანახმად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 ივნისს, სსიპ ს----------------- მ---–---ელსა და ა-–---------------------ს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად - წერილობითი ფორმითა და კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობა და კონკურსში გამარჯვება გახდა შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობა, არ წარმოადგენს გამოსაცდელ ვადაზე მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველს. გამოსაცდელი ვადის მიზნიდან გამომდინარე, რასაც შესასრულებელ სამუშაოსთან მუშაკის შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს, შრომის კოდექსი არ ადგენს რაიმე შეზღუდვას კონკურსის საფუძველზე დასაქმებულ თანამშრომელთან შრომითი პირობების განსაზღვრისას და არ კრძალავს, მათ შორის, მასთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას. გამოსაცდელ ვადაზე მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა სხვა 2016 წლის 28 ივნისის შრომითი ხელშეკრულება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იყო სრულიად სხვა პროექტში საქმიანობის მიზნით, ამასთან, მცირე - 5 დღემდე მოქმედების ვადით (2016 წლის 28 ივნისიდან 2016 წლის 3 ივლისამდე). ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულების პირობები არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის გამო, დამსაქმებელს აღარ ჰქონდა თანამშრომლის დასაკავებელ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის შეფასების საფუძველი, რაც გამორიცხავდა გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს 2017 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების 2.4. მუხლის მე-2, მე-3, მე-4 წინადადებების ბათილად ცნობის საფუძველი და სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სსიპ ს-----------------ი მ---–---ლის 2017 წლის 1 აგვისტოს #----- ბრძანებით მედია წარმოების ბლოკის ქართული ფილმების გარე წარმოება, შერჩევა-მონიტორინგის სამსახურის პროექტ ,,ლ---–---ს“ რე–------- ა-–---------------------ი საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა სამუშაოდან. ამდენად, მხარეთა შორის შეწყდა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება.
მ---–---ლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მიხედვით ს-----------------ი მ---–---ელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; ბ) უზრუნველყოს ს-----------------ი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, ს------------------პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის; თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები; ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას;
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოდან, სსიპ ს-----------------ი მ---–---ელის N----- ბრძანებით, მედია წარმოების ბლოკის ქართული ფილმების გარე წარმოება, შერჩევა-მონიტორინგის სამსახურის პროექტი ,,ლ---–---“ 2017 წლის 1 აგვისტოდან დაიხურა, მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 2017 წლის 1 აგვისტოდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან.
31.07.2017 წლის მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებით ბარათში (სატელევიზიო სერიალ „ლ---–---ს“ პროექტის განვითარების შეფასება), რაც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას, აღნიშნულია, რომ საქართველოს ს-----------------ი მ---–---ლის მენეჯმენტთან შეთანხმების თანახმად - წარმოდგენილი პირველი ხუთი ეპიზოდის სცენარი არ შეესაბამება მ---–---ლის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებსა და მოლოდინს. შეფასების ავტორმა შეუძლებლად მიიჩნია მ---–---ლის მიერ დადგენილ ბადეში ამ პროექტისთვის განსაზღვრულ ზოლში (20 :30 სთ) მისი ჩვენება კვირაში სამჯერ.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, სიუჟეტი სცდება სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს. მოქმედი პერსონაჟები გამონაკლისის გარეშე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი გმირები არიან - 15 წლის გოგონა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებს, ერთობა კლუბებში, სადაც ამ ასაკის გოგონებს არაფერი ესაქმებათ. გოგონას მეგობარი კლაბერი პედოფილი, უპასუხისმგებლო მამა, გაბოროტებული დედა რომელიც სიუჟეტის პერსპექტივაში ნარკოდილერი ხდება.. და ა.შ.. სცენარში უხვად არის გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა და ეროტიული სცენები, ზოგადად უადგილო და ხელოვნური ეპატაჟი, რაც - სერიალის რეალიზების შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას ქმნის ბადის ხსენებულ ზოლში მის განსათავსებლად.
სცენარის კონცეფციის შეცვლა, თუ კი ეს საერთოდ შესაძლებელია, მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, რაც შეუძლებელს ხდის უახლოეს ხანში ფილმის წარმოებაზე ისედაც დაგვიანებული ტენდერის გამოცხადებას, რაც იწვევს გადაღებების, დაწყების თარიღის გადაწევას და შესაბამისად ახალი სეზონის დასაწყისისთვის სერიალის პირველი 12 ეპიზოდის დასრულებას.
მოხსენებითი ბარათის ავტორმა მიიჩნია, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს.
მ---–---ლის მხრივ არამიზანშეწონილი იქნებოდა მსგავსი ძვირადღირებული რისკის აღება.
ავტორებს უნდა მიეცეთ წინადადება, სურვილის შემთხვევაში, იმუშაონ სცენარის ს-----------------ი მ---–---ლის ეთიკასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და მხოლოდ შემდეგ განახლდეს 48 ეპიზოდიან სერიალის რეალიზებაზე ახალი მოლაპარაკებები.
როგორც საკასაციო პალატამ მის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სშკ-ის მე-9 მუხლით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის არსებობის ნორმატიული რეგულირების მიზანი. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის მე-9 მუხლი ადგენს, რომ დამსაქმებელი არ არის შეზღუდული და შებოჭილი სშკ-ის 38-ე მუხლის გამოყენებით, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინასწარი ინფორმირებისა და გარკვეული კომპენსაციის გაცემის წესებს შეიცავს, თუმცა, ნათელია, რომ გამოსაცდელი ვადის „წარუმატებლად“ გავლის თაობაზე დასაბუთების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს თავად გამოსაცდელი ვადის საკანონმდებლო განმარტებიდან, რომლის მიხედვით, შეზღუდული ვადით დასაქმების მიზანია შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენა. შესაბამისად, საგამოცდო ვადის გასვლამდე, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაშიც, დამსაქმებელმა უნდა მიუთითოს ის არგუმენტები, რის გამოც, დასაქმებულმა ვერ დააკმაყოფილა შესასრულებელი სამუშაოსათვის დაწესებული მოთხოვნები, რადგან ამ დროს, დასაქმებულს არ ეძლევა ამ ვადის დასრულების, მისი პროფესიული შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. საგულისხმოა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულის გათავისუფლება დამსაქმებლისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები, ხოლო არადამაკმაყოფილებლობის დამადასტურებელი გარემოებების მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხე დამსაქმებლის მხარეზეა.
სშკ-ის მე-9 მუხლის მიხედვით, რომელიც საუბრობს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომის ხელშეკრულების დადება - არდადებაზე, აკონკრეტებს, რომ არსებობს შრომის ხელშეკრულების არდადების მხოლოდ ერთი საფუძველი - პირის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობასთან პირის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეუსაბამობას.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 37-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, სშკ-ის მე-9.4 მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე ასევე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას.
სშკ-ის მე-9 მუხლიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობის შესახებ კანონმდებელი დამსაქმებლისაგან ითხოვს მხოლოდ შეფასების წარდგენას, რაც მოცემულ საქმეში დამსაქმებელმა განახორციელა შესაგებლით. მოპასუხის შესაგებელში მოცემული ახსნა-განმარტება და დასაბუთება საკმარისია მტკიცების იმ სტანდარტისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ არის მოთხოვნილი. სასამართლო განმარტავს, რომ გამოსაცდელი ვადით დასაქმებული პირის გათავისუფლებისას არ მოქმედებს ის საფუძვლები და მტკიცების ის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით. მოპასუხის მითითებით და წლის მედია წარმოების დირექტორის პა--------------ის მოხსენებითი ბარათით, სიუჟეტი სცდება სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს, რაც გახდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება კი დასაქმებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ავტორების, რეჟისორებისათვის წინადადებებისა და მითითებების მიცემას შესაძლოა მათ შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევა გამოეწვია და არ იქნებოდა თავსებადი კონსტიტუციით აღიარებულ შემოქმედების თავისუფლების პრინციპთან. საქართველოს კონსტიტუციის 20.2.-ე მუხლით შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელს უფლება ჰქონდა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეწყვიტა წინამდებარე _ ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს შრომა ანაზღაურდებოდა ნამუშევარი დროის შესაბამისად (2.4. მუხლი). ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა შრომითი ანაზღაურება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 5,000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა მხარეთა შორის გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება. რაც თავის მხრივ გამორიცხავს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე სსიპ ს-----------------ი მ---–---ელის 2017 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის მარტის დროის მონაკვეთში.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა-–---------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა