გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9246-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’ (სს „ბანკი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - თ-------------ე
მოპასუხეები - მ---------------–---–ი, ს---–------------–--ე
წარმომადგენელი - ნ-----–------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–-------------რის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 26 844.09 ლარის, 2018 წლის 25 აპრილამდე დარიცხული სარგებლის - 3 422.14 ლარის და პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 25 აპრილიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 26 844.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13.94% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 311.83 ლარს.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2019 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმი):
1.1.1. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად იგი წარმოადგენს სს „ბანკი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს;
1.1.2. 2----–-–-------------ერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №0--------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 29 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.94%-ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2020 წლის 23 დეკემბრამდე;
1.1.3. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად;
1.1.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.5. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის ივნისის შემდეგ ვალდებულება აღარ შეუსრულებიათ. შესაბამისად, მათ ზედიზედ სულ მცირე ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას;
1.1.6. მოპასუხეების მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით ჯამში გადახდილია 4 056.20 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი დავალიანების თანხა - 2 155.91, სარგებელი - 1 846.11 ლარი და პირგასამტეხლო - 54.18 ლარი;
1.1.7. 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 36 493.15 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 26 844.09, სარგებელი - 3 422.14 და პირგასამტეხლო - 6 226.92 ლარი;
1.1.8. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნას წარმოადგენს გარდა დავალიანების ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა, მოპასუხეთათვის შემცირებული პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის გადახდის დაკისრება;
1.1.9. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა მის მიერ მისაღები წლიური სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში იგი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს და ვერც სარგებელს იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ იგი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც იგი ასვე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს (ს.ფ. 51-59).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 26 844.09 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.51-59; 2019 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.1. მოსარჩელეს ფაქტობრივად მიღებული აქვს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული თანხა და წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ითხოვს იმაზე მეტ თანხას, ვიდრე გაცემული აქვს მას ხელშეკრულებით;
2.1.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა, შესაბამისად იგი უნდა შემცირდეს;
2.1.3. არ არსებობს მისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად, სს ,,თ----------ი’’ წარმოადგენს სს „ბანკი რ-------–--ას’’ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 41-42)
3.1.2. 2----–-–-------------ერს მხარეებს შორის დაიდო №0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებზე გაიცა კრედიტი 29 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.94%-ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2020 წლის 23 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე 10 ლარი კრედიტის ვალუტაში და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულებები, დანართი №1, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 16-34)
3.1.3. 2----–-–-------------რის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეების მიერ ჯამში გადახდილია 4 056.20 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანების თანხა - 2 155.91 ლარი, სარგებელი - 1 846.11 ლარი და პირგასამტეხლო - 54.18 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 35)
3.1.4. მოპასუხეთა მიერ 2----–-–-------------რის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ბოლოჯერ შესრულებულია 2017 წლის ივნისში. შესაბამისად, 2017 წლის ივლისიდან მათ აღარ განუხორციელებიათ თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 35)
3.1.5. 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 36 493.15 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 26 844.09 ლარი, სარგებელი - 3 422.14 ლარი და პირგასამტეხლო - 6 226.92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 36)
3.1.6. 2018 წლის 09 მარტს მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები დავალიანების ნაბაყოფლობით გადახდევინების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინებები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 37-40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 25 აპრილამდე დარიცხული სარგებლის გადახდა 1 711.07 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.94%-ით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.
ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
ამრიგად, მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, 2----–-–-------------რის საბანკო ხელშეკრულებასთან მიმართებით ნაცვლად მოთხოვნილისა, უნდა განისაზღვროს მოთხოვნილი ოდენობის ნახევრით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 25 აპრილამდე დარიცხული სარგებლის გადხდა 1 711.07 ლარის ოდენობით.
3.2.2. მოპასუხის მიერ 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3 000 მაღალი და არაგონივრულია. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული - 500 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2----–-–-------------რის ხელშეკრულებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე 10 ლარი კრედიტის ვალუტაში და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხეებს 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 36 493.15 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 26 844.09, სარგებელი - 3 422.14 და პირგასამტეხლო - 6 226.92 ლარი. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით 3 000 ლარის გადახდის დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მიუხედავად მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა, მოპასუხეები ითხოვენ მის შემცირებას და მიუთითებენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2----–-–-------------რის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხეთა მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2----–-–-------------რის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.
3.2.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 2018 წლის 25 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დავალიანების ძირითად თანხაზე - 26 844.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 25 აპრილამდე წლიური 6.97% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 155.90 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საბანკო დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მიმართულია საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის მიღებაზე. სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით და აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებლებზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება.
ამასთან, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც ცხადია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელემ განიცხადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, საბანკო დაწესებულების შემთხვევაში განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ ბანკს შეეძლო ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო სარგებლის მიღება. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე შეძლებდა სარგებლის უცილობლად აღნიშნული ოდენობით მიღებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით მოხდებოდა თანხის ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2----–-–-------------რის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 2018 წლის 25 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დავალიანების ძირითად თანხაზე - 26 844.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 25 აპრილამდე, წლიური 6.97% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 155.90 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 26 844.09 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს ეკისრებათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება მათ შორის სარგებლის ნაწილში.
სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მათთვის სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ მოთხოვნილი ოდენობით სარგებლის დარიცხვა მიიჩნია არაგონივრულად, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარგებლის ოდენობა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლომ გონივრულად მიიჩნია საბანკო ხელშეკრულების დარღვევის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება 500 ლარამდე, შესაბამისად, მოპასუხეებს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროთ სწორედ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
6.5. სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 1 521.57 ლარი (ს.ფ. 47). მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, რომლის შედეგადაც სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა ჯამში განისაზღვრა 44 462.23 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 187.67 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე იგი ცნეს ნაწილობრივ (ცნეს სასარჩელო მოთხოვნიდან 26 844.09 ლარი). შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ასევე უნდა დაუბრუნდეს 805.32 ლარი მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო, ჯამში კი მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს - 992.99 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 122.5 ლარის ანაზღაურება თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - მ---------------–---–ის და ს---–------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - მ---------------–---–ს და ს---–------------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–-------------რის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 26 844.09 ლარის, 2018 წლის 25 აპრილამდე დარიცხული სარგებლის - 1 711.07 ლარის და პირგასამტეხლოს გადახდა 500 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს - მ---------------–---–ს და ს---–------------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 25 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დავალიანების ძირითად თანხაზე - 26 844.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 25 აპრილამდე, წლიური 6.97% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 155.90 ლარს;
4. მოპასუხეებს - მ---------------–---–ს და ს---–------------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 122.50 ლარის ოდენობით;
5. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 14/05/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 992.99 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება №7;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი