გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210019002792102
საქმე №2/1-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,, სა---------–--------ი“;
წარმომადგენელი: თა----------–--ა;
მოპასუხე: ბე---------–----ი;
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ბე---------–----ს სს „სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 26 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების 32840,45 ლარის გადახდა.
1.2. ბე---------–----ს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 21587,75 ლარზე (სარჩელის მომზადების დღიდან 25.12.2018წ.) საპროცენტო სარგებლის წლიური 18,7%-ის და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.
1.3. გადაწყვეტილების აღსრულება ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №2-----------) რეალიზაციის გზით.
-
1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავას ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბე---------–----ის კუთვნილი სხვა ქონება.
1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე დარჩება საარსებო შემოსავლის წყაროს გარეშე, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას. ასევე, ითხოვა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო განაწილვადება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 26 ივლისს სს ,,სა---------–--------სა’’ და ბე---------–----ს შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150 000 აშშ დოლარის ოდენობით.
საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა ბე---------–----ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით (მდებარე ქ. ოზ---------------------ს ქუჩა №7, ს.კ 2-----------).
საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2017 წლის 26 ივლისს, კრედიტის №------- ხელშეკრულების საფუძველზე ბე---------–----მა ბანკისაგან მიიღო კრედიტი 22450 ლარი, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18,7%-ის დარიცხვით.
პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა 0.5% დღეზე. მსესხებლებს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულების დანართ გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 16-18).
- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 19-29).
- საკრედიტო ხელშეკრულების №------- (იხ. ს/ფ 35-40).
3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება (მდებარე:ქ. ოზ---------------------ს ქუჩა №7, ს.კ 2-----------) ეკუთვნის ბე---------–----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (იხ. ს.ფ 30-31;33).
3.2.3. ბე---------–----მა 2017 წლის დეკემბრიდან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-15).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- ამონაწერები ანგარიშებიდან და გადახდის გრაფიკები (იხ. ს/ფ 41-47).
3.2.6. 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ბე---------–----ს სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ ერიცხებათ დავალიანება 32 840,45 ლარი (ძირი 21587,75, პროცენტი 4304,72, ჯარიმა 6797,20, საკომისიო 150,78ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ 48).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები.
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 327-ე, 463-464-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებულ დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,სა---------–--------ის” მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი. მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის სრულად. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.7. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).
6.8. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 3 398.60 ლარი.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–--------ის’’ მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ბე---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე:ოზ---------------------ს ქუჩა №7, ს.კ 2-----------)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოვალემ ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–--------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ბე---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
6.11. სს ,,სა---------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს სს ,,სა---------–--------ის’’ წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეს ბე---------–----ის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელთა თანახმადაც განისაზღვრა, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მათ შორის, ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა მოვალის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
6.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე სს ,,სა---------–--------ის’’ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ,,უნდა-ყოფილიყო’’ და ,,არის მდგომარეობას’’ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, ბანკის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
6.13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც ძირ თანხაზე.
სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულ მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის’’ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისთვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასვე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც, ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
6.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხე თანხმობას აცხადებს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით შესრულოს სადაო სესხის ვალდებულება, ამასთან, ისინი თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 29 441.85 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების დროს დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ამის შესახებ უნდა მიუთითოს გადაწყვეტილებაში.
კანონის ეს დანაწესი არ ნიშნავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ეს საკითხი. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებით და გადაწყვეტილების აღსრულების წესი დაადგინოს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
მოპასუხე მისი მატერიალური მდგომარეობის გამო მოითხოვს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით შეასრულოს ვალდებულება.
მოპასუხე თანხის გადახდის განწილვადებას მოითხოვს ფინანსური სიძნელეების, არასაკმარისი შემოსავლების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზიანი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების (განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 (ერთი) წლამდე ვადით. დაკისრებული თანხის 29 441.85 ლარის 12 თვეზე განწილვადების შემთვევაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 2453.50 ლარი, ხოლო მოპასუხე მოითხოვს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით განწილვადებას. ასეთი ოდენობით გადახდის განწილვადებით მოპასუხეს თანხის გადახდა გაუნაწილდება 1 (ერთი) წელზე მეტი ვადით, რაც საქართველოს საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ამდენად, მოპასუხის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.15. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი ფაქტობრივად დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მოსარჩელე აღსდგება თავის კანონიერ უფლებებში. აღსრულების დაყოვნება მას არ მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს და არც გადაწყვეტილების აღუსრულებლობას არ გამოიწვევს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სარჩელზე - 985.21 ლარი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე ბე---------–----ს უნდა დაეკისროს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილის 883 ლარის და 25 თეთრის ანაზღაურება. სს ,,სა---------–--------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 101 ლარი და 96 თეთრი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი მოპასუხის ბე---------–----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბე---------–----ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 29 441.85 ლარის (ძირი თანხა - 21587.75 ლარი, პროცენტი - 4304.72 ლარი, ჯარიმა 3 398.60 ლარი, საკომისიო - 150.78 ლარი) გადახდა;
1.2. ბე---------–----ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2018 წლის 25 დეკემბრიდან (სასამართლოში სარჩელის შემოტანის თარიღიდან) 2017 წლის 26 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 21587.75 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური საპროცენტო სარგებლის 18.7% -ის გადახდა.
1.3. მოსარჩელეს მოთხოვნა ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეზე სოლიდარულად პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის ოდენობით თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხების გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე: ქ. ოზ---------------------ს ქუჩა №7, ს.კ 2-----------) რეალიზაციის გზით;
2.1. იმ შემთხვევაში თუ თუ იპოთეკის საგნის რეეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის - ბე---------–----ის კუთვნილი სხვა ქონება.
3. მოპასუხე ბე---------–----ს დაეკისროს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილის 883 ლარის და 25 თეთრის ანაზღაურება;
3.1. სს ,,სა---------–--------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 101 ლარი და 96 თეთრი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე