გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-295-19
(საქმე N190210019002868724)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ა---------– გო----–---–ი
წარმომადგენელი: ი--- ჩ--–-----ი
მოპასუხე: ნ---- ყვ--–-–---–ი
წარმომადგენელი: ო-–-- ღ---–--ე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის - ნ---- ყვ--–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს ა---------– გო----–---–ს. 1.2. ნ---- ყვ--–-–---–ს ა---------– გო----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა 2018 წლის 30 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნ---- ყვ--–-–---–ი ახორციელებს ამ ქონების ფლობას და სარგებლობას იურიდიული უფლების გარეშე. შესაბამისად, ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება საკუთრების უფლების შემადგენელი ელემენტების მფლობელობისა და სარგებლობის განუხორციელებლობაში, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ასევე ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მოპასუხისთვის 150 ლარის დაკისრებას.
2.მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. მოსარჩელე ა---------– გო----–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0--. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღირიცხა 2019 წლის 25 იანვრიდან. მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 14-16. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. უძრავ ქონებას მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0--, დღეის მდგომარეობით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ნ---- ყვ--–-–---–ი. მოსარჩელე ვერ ახერხებს სადავო ბინით სარგებლობას, რითაც იგი განიცდის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– გო----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ა---------– გო----–---–ს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს იმ შემთხვევაში არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება. ფლობის უფლებაში იგულისხმება მხოლოდ ნივთის მართლზომიერი ფლობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე არ არის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, რადგან ქონების მესაკუთრეს მოპასუხესთან არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არ წარმოშობია ვალდებულება, მოპასუხის საცხოვრებლად განისაზღვროს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოპასუხე სადავო ქონებას ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მოპასუხის მიერ სადაო ბინის ფლობის თმენის ვალდებულების არსებობას. ვინაიდან მოპასუხე არ არის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერი მფლობელი, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და სადავო ნივთის გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა მოითხოვოს. აქედან გამომდინარე, მესაკუთრის პრეტენზია მოპასუხის მიმართ დასაბუთებულია, რაც სადაო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნ---- ყვ--–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0-- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ა---------– გო----–---–ს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა 2018 წლის 30 მარტიდან საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამ მოთხოვნის საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრების წესები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოიყენება, თუ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ზემოაღნიშნული მუხლის გარდა, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია არაკეთილსინდისიერი მფლობელობის მოვალეობები. ამ ნორმის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება. ამ ნორმის მიხედვით, არაკეთილსინდისიერ მფლობელს ეკისრება უფლებამოსილი პირისთვის არა მარტო ნივთის გადაცემა, არამედ მიღებული სარგებლის, ნივთის ან უფლების ნაყოფის დაბრუნება. უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილ ვალდებულებას კონდიქციური ვალდებულება ეწოდება და მისი წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორისგან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. კონდიქციური ვალდებულების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაშიც იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორეს პირის ხარჯზე გამდიდრება, სამართლებრივი სიკეთის შეძენა, საკუთარი ქონების და ხარჯების დაზოგვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე აუცილებელია რომ გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე, რის შედეგად ერთი პირის ქონება იზრდება სხვა პირის ქონების შემცირების ხარჯზე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში. უსაფუძვლო გამდიდრების წესის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლების გამო არსებობს ხელყოფის კონდიქცია და შესრულების კონდიქცია, ხელყოფის კონდიქციის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მიმართულია მხოლოდ ღირებულების ანაზღაურებაზე, ხოლო როდესაც შესრულების კონდიქციის დროს მოთხოვნა პირველ რიგში მიმართულია დაბრუნებაზე ნატურით და მხოლოდ ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ღირებულების ანაზღაურებაზე. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება ხელყოფის კონდიქციით ანაზღაურებას, რადგან მოსარჩელე მოითხოვს მისი საკუთრების უფლების ხელყოფის გამო ანაზღაურებას იმ თანხის გადახდით, რაც ამ ბინით სარგებლობის ფასია, მისი გაქირავების ღირებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული 982-ე მუხლში მითითებული ზიანის არსი. 2015 წლის 25 მაისის განჩინებაში საქმეზე №ას-838-796-2013 განმარტებულია, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივიწონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა“. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა. იგი პირადი საჭიროებისათვის ვერ იყენებს ქონებას, ვერ ახერხებს ბინაში ცხოვრებას. ქონებისგან ასეთ სარგებელს იღებს მოპასუხე, რომელიც ცხოვრობს სადაო ბინაში, იყენებს მას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. 164-ე მუხლის მიხედვით, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უნდა დააბრუნოს მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლიან გამომდინარე ნივთის ნაყოფს წარმოდგენს ასევე ამ ნივთის დანიშნულების და თვისებებიდან გამომდინარე უპირატესობა, რაც ბინის შემთხვევაში არის მისი სარგებლობის, ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა. ასეთი „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ხოლო 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. ამდენად, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევეს ბინის არამართლზომიერი სარგებლობა, რომლის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია და სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა აანაზღაუროს ბინის სარგებლობის ღირებულება - ბინის გაქირავების ფასი, თანხის ოდენობასთან (150 ლარი ყოველთვიურად) დაკავშირებით მოპასუხეს საწინააღმდეგო არგუმენტებზე არ მიუთითებია. რაც შეეხება თანხის დაკისრების პერიოდს, მისი ათვლა უნდა მოხდეს 2019 წლის 25 იანვრიდან, როცა ა---------– გო----–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე (შეიძინა მესაკუთრის სტატუსი) და გაგრძელდეს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ სანამ გაგრძელდება ნ---- ყვ--–-–---–ის მიერ ამ ქონებით სარგებლობა. შესაბამისად , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნო სარჩელი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები 60 ლარის ოდენობით (საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის მოთხოვნასთან მიმართებით) და 162 ლარი ( ზიანის ნაწილში) დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელე ა---------– გო----–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300063150, რადგან სარჩელი განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რა დროსაც ბაჟის ოდენობა ნახევრდება .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განისაზღვრება მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები - მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოწესრიგებულია დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი. კერძოდ,დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 162 ლარის მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ა---------– გო----–---–ის სარჩელი ნ---- ყვ--–-–---–ის მიმართ .
2. ნ---- ყვ--–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, ჩეხოვის ქუჩა #6ა, ბინა #3, ს/კ 02.05.02.2--.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს ა---------– გო----–---–ს.
3. ნ---- ყვ--–-–---–ს ა---------– გო----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა 2019 წლის 25 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. ნ---- ყვ--–-–---–ს ა---------– გო----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 60 ლარის ანაზღაურება, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 162 ლარის გადახდა.
4. ა---------– გო----–---–ს უკან დაუბრუნდეს 26.02.2019წ. საგადახდო დავალება # 13, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300063150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი