გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210017002047509
(2/629-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი. ქ. სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - თა----------–--ა
მოპასუხე - ვა---–---–-------ა
მოპასუხე - ზა----–-------ა
დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1. მოპასუხე - ვა---–---–-------ასა (პ/ნ 3----------) და ზა----–-------ასათვის (პ/ნ 3----------)) №18----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 018.38 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;
2. დავალიანების გადახდევინების მიზნით, ზა----–-------ას (პ/ნ 3----------), საკუთრებაში არსებული ქ. სენაკი, კ-----ს ქუჩა №4-ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4-.01.2-.1--) რეალიზაცია. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოვალეების/მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ვა---–---–-------ამ და ზა----–-------ამ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ:
№18----- სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი ჯამში 10200 აშშ დოლარის ოდენობით, არ ცნეს სარჩელი სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებელი; იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 03.06.2019 – 14:28:19)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 29 მარტს სს ”ს----------–--------სა” და ვა---–---–-------ას (პ/ნ 3----------) შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №0-----, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვა---–---–-------აზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, 120 (ას ოცი) თვის ვადით.
2014 წლის 20 იანვარს სს ”ს----------–--------სა” და ვა---–---–-------ას შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №18-----, რომლის სააფუძველზეც მოპასუხე ვა---–---–-------აზე გაიცა კრედიტი - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, წლიური 17%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №0-----
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი №18-----
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი
3.2.2.2013 წლის 29 მარტს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №0----- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №0------ა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული, ქ. სენაკში, კ-----ს ქუჩა №4-შიმდებარე უძრავი ქონება - საკადასტრო კოდი - 4-.01.2-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება -
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან -
3.2.3. 2014 წლის 20 იანვარს ვა---–---–-------ას საკრედიტო №18----- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის თაობაზე, ”ს----------–--------ს” განცხადებით მიმართა ზა----–-------ამ, იმავე დღეს, მასთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულება, რომლითაც ზა----–-------ამ, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ვა---–---–-------ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თავდებობის ხელშეკრულება;, თავდების განცხადება;
3.2.4. 2017 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით №18----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვა---–---–-------ას (პ/ნ 3----------) და ზა----–-------ას (პ/ნ 3----------), სოლიდარულმა საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 30 018,38 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 637,59 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 497,78 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 19 883,01 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ვა---–---–-------აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ვა---–---–-------ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ ”ს----------–--------სა” და ვა---–---–-------ას შორის 2014 წლის 20 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები ვა---–---–-------ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 30 018,38 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 637,59 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 497,78 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 19 883,01 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ვა---–---–-------ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ვა---–---–-------ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ვა---–---–-------ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ვა---–---–-------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვა---–---–-------ამ სს ”ს----------–-------საგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ვა---–---–-------ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს - 7 637,59 აშშ დოლარს რომელის ანაზღაურების ვალდებულება ვა---–---–-------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ვა---–---–-------ა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად: - ‘’მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი წლიური 17%-ის ოდენობით’’ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ვა---–---–-------ას უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 10 აგვისტომდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისას) შეადგენს - 2 497,78 აშშ დოლარს რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ თავად ვა---–---–-------ა მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2014 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 10 აგვისტომდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 19 883,01 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.
სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და №18----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 763,75 აშშ დოლარით. (ნაცვლად მოთხოვნილი 19 883,01 აშშ დოლარისა).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე ზა----–-------ამ (პ/ნ 3----------) მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ვა---–---–-------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვა---–---–-------ასთან ერთად ზა----–-------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი). ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 36 000 ოცდათექვსმეტი ათასი აშშ დოლარის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი), როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2013 წლის 29 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №0----- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №0------ა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქი სენაკი, კ-----ს ქუჩა №4-ში მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 4-.01.2-.1--.). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.1-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 10 200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (სახ. ბაჟი გადახდილია 19.06.2017 წელი, ეროვნული ბანკის კურსი 1 აშშ=2,3901 ლარი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 731,37 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (731,37 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.1-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 54,76 ლარს. დანარჩენი თანხა (1366,36 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 1991 -ე, 286-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს,,ს----------–--------ი“-ს (ს/ნ 2--------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ვა---–---–-------ას (პ/ნ 3----------) და ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 10 899,12 (ათი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი დოლარი და 12 ცენტი) აშშ დოლარი, (ექვივალენტი ლარში) ანაზღაურება, საიდანაც, კრედიტის ძირი თანხაა - 7 637,59 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 497,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 763,75 აშშ დოლარი.
3. დავალიანების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ზა----–-------ას (პ/ნ 3----------), საკუთრებაში არსებული, ქ. სენაკში, კ-----ს ქუჩა №4-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი - 4-.01.2-.1--. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების ვა---–----–--------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებებიდან.
4. მოსარჩელე სს ,, ს----------–--------“-ს (ს/ნ 2--------) ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 11.08.2017 წელს, №2--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 731, 37 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხეებს ვა---–---–-------ას (პ/ნ 3----------) და ზა----–-------ას (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მათ მიერ არაღიარებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 54,76 ლარის გადახდა.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია